ანა მესხი (1851-1919)
„... დაუფასებელი ღირსება აქვს ქალს, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელს საზოგადოებრიობას, როდესაც იგი სცხოვრობს ცხოვრებითა გონიერებითა“, – აცხადებდა გაბრიელ ქიქოძე.
ანა მესხი მეხუთე შვილი იყო სიმონ მესხისა და მაგდალინა მარჯანიშვილის მრავალრიცხოვან ოჯახში. მას დედამ ბავშვობიდანვე ჩაუნერგა „ვეფხისტყაოსანის“ სიყვარული, რადგან იმ დროს და უფრო ადრეც ქართულის მცოდნის სასწორად შოთას ნაწარმოები ითვლებოდა.
„დედამ „ანბანზე“ იცოდა „ვეფხისტყაოსანი“... ასე გაწაფული იყო ანაც. მახსოვს, ანა მონაწილეობას იღებდა იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს აშალაშინებდა“, – წერდა თავის მოგონებაში დავით მესხი.
XIX საუკუნის ოთხმოციანი წლების დამდეგს, საქართველოში ჩამოვიდა, ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი, ლერმონტოვის პოემის „დემონის“ ილუსტრაციების დასახატად. ამ დროს გიორგი ქართველიშვილის ხარჯით მზადდებოდა პოემის ახალი გამოცემა. ქართველიშვილმა მოწინავე საზოგადოებასთან ერთად ისარგებლა ზიჩის ჩამოსვლით და მას დაუკვეთა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.
მიხაი ზიჩმა შეისწავლა „ვეფხისტყაოსანი“, საქართველის ისტორია, ყოფა-ცხოვრება. პოემის დახატვის მიზნით მან თბილისში უჩვენა პოემის ცალკეული ცოცხალი სურათები. 1884 ზიჩმა ქუთაისშიც „სამეფო სახლის“ ეზოში ასევე ორჯერ დადგა პოემიდან ცოცხალი სურათები, სადაც რუსთაველის სახე განასახიერა პოეტმა მამია გურიელმა, ტარიელის – გიორგი შერვაშიძე, თინათინის – ნინო წერეთელმა. სურათების ჩვენებას წინ უძღვოდა აკაკი წერეთლის ლექცია „ვეფხისტყაოსანზე“.
ამ დროს ანა მესხმა „ვეფხისტყაოსნის“ კომისიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ისეთ უნიკალურ და გენიალურ ქმნილებაზე მუშაობა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნების დიდ ტაძარში, ღრმა, ფუნდამენტალურ ცოდნას, დიდ ერუდიციას, სერიოზულ, გააზრებულ და ფაქიზ მიდგომას მოითხოვდა.
ანა მესხმა ამ კომისიაში მუშაობას მოწინავე ქართველი საზოგადოების ფიქრი და გრძნობა ჩააქსოვა. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა მაშინ ივანე მაჩაბლის თაოსნობით შედგა და კომისია მოქართულე პირებისაგან დაკომპლექტდა.
ანამ რამდენიმე „დამაჯერებელი მახვილი შენიშვნა მისცა კომისიას“, – აღნიშნავდა დავით მესხი.
„ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის საშვილიშვილო საქმეებთან ერთად, ანა მესხი მწერლობაშიც სინჯავდა თავის კალამს.
იგი იყო ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალის „ქართული ბიბლიოთეკის“ რედკოლეგიის წევრი.
„ანა დარბაისელი, გონიერი მოუბარი იყო. ქართულ მწერლობაშიც მონაწილეობდა. ქუთაისიდან სერგეის „დროებას“ აწვდიდა მასალებს. ქუთათურ ქალთა მიერ გამოცემულ ჟურნალში დაიბეჭდა მის მიერ რუსულიდან თარგმნილი „არა დამნაშავე, არაა“...
ანა მესხის თარგმანები დაიბეჭდა ასევე წიგნში „მოთხრობანი ქართველი ქალებისაგან ნათარგმნი“.
იგი, როგორც ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემგროვებელი, თანამემამულეებს საუკეთესო მაგალითს აძლევდა. მან ჩაწერა და გამოაქვეყნა მრავალი ხალხური ლექსი, თქმულება, ანდაზა და სხვა.
„XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხალხური შემოქმედების შეკრება-შესწავლის ინიციატორებთან ერთად ანა მესხიც ქართველი ხალხის აღორძინების, ცხოვრების წინსვლისათვის ბრძოლის, ახალი აზრის გამოჭედვისა და განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს იარაღად ქართულ ფოლკლორს თვლიდა. იგი გაზეთ „დროებას“ სისტემატიურად უგზავნიდა ქუთაისიდან ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს დასაბეჭდად.
ანა მესხი პირველი ქართველი ქალი იყო, რომელი 1870 წლიდან ქუთაისის სცენისმოყვარეთა წრეში ირიცხებოდა. იმ დროს თითქმის არც ერთი ქალი არ თანხმდებოდა სცენაზე გამოსვლას. პატრიარქალურ საზოგადოებაში სცენაზე თამაში ჯერ კიდევ ჯამბაზობად ითვლებოდა და ყველა ერიდებოდა ამ ასპარეზს.
მესხების ოჯახს თეატრის დაარსება დიდ ეროვნულ საქმედ მიაჩნდა. მისი უფროსი „თერგდალეული ძმები ანასა და ქართველ ქალებს მოუწოდებდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ. ანა მესხი ტიპიური წარმომადგენელი იყო იმ ქართველი ქალებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ სუფთა და ამაღლებული მორალური ცხოვრებით და მოწინავე პროგრესული იდეების დამკვიდრებისათვის ხშირად კი თავსაც სწირავდნენ.“
„ქუთაისში აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ სცენისმოყვარეთა პატარა დასში ანა მესხიც მონაწილეობდა ელენე ლორთქიფანიძის, ეფროსინე კლდიაშვილისა და მარიამ ხელთუფლისიშვილის გვერდით.
ესენი სინჯავდნენ აქ თავის ნიჭსა და ძალას. სდგამდნენ პიესებს: „ყვარყვარე ათაბაგი“, „მზის დაბნელება“, „ფიგაროს ქორწინება“, „სკაპენის ოინები“, „დავა“, „ქოროღლი“, „ქმარი ხუთი ცოლისა“ და სხვა.
კირილე ლორთქიფანიძე იყო მათი მოკარნახე. თუმცა, ჩვენ, ბავშვები არ ვესწრებოდით იმათ წარმოდგენებს, მაგრამ მე ეს პიესები ყველა წაკითხული მქონდა“, – წერდა თავის დაზე ეფემია მესხი.
1875 წლისათვის ქუთაისში სცენისმოყვარეთა მუდმივ წრეში უკვე ირიცხებოდა ანა მესხი. წრემ ერთი წლის განმავლობაში 12 წარმოდგენა გამართა. სცენისმოყვარეთა წარმატებებისათვის ანა მესხი კირილე ლორთქიფანიძეს თეატრალური კომიტეტის ჩამოყალიბებას სთხოვდა:
„კირილე ბეჟანის ძევ!
ქუთაისის ქართულმა ტრუპპმა გადაწყვიტა კომიტეტის დაარსება, რომლის წევრებათ აგირჩიათ თქვენ, ივანე მესხი, მოსე ქიქოძე, ნიკოლოზ ყიფიანი და დიმიტრი ნაზაროვი და უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ შრომა თქვენს თავზე შემდეგი: პიესების ამორჩევა, ქართული რეპერტუარის გაუმჯობესება და მათი რეჟისორებისადმი გადაცემა და ყოველ-გვარი ტრუპპის უთანხმოების გარჩევა“
ამ დოკუმენტიდან ჩანს თუ როგორ ზრუნავდა თეატრალური მესხების თითოეული წევრი ქართული თეატრის აღორძინებისათვის.
ღირსეული მეუღლე, დედა, საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურისა და მწერლობის მოტრფიალე, მთარგმნელი, მსახიობი ანა მესხი ბრწყინავდა ყველგან არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ სულიერადაც. იგი მთელი არსებით გულწრფელად კვალავდა იმ უვალ გზას, რომელზედაც მას შემდეგ ბედნიერ და თავისუფალ ქართველებს უნდა გაევლოთ. ის იყო დიდი ბუნების ადამიანი, დაჯილდოებული იმ მადლით, რომელსაც ასე იოლად ვერ შეხვდებით ცხოვრებაში.
სამართლიანად აღნიშნავდა მასზე გამოჩენილი ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე: „მესხის ოჯახი ქართული კულტურის მთელი ხომლია, რომლის ყოველი სანთელი მეტ-ნაკლების სიძლიერით, მაგრამ ერთგვარის ურყევობით იწვოდა მრავალი წელი.
მე არ ვეხები მათ ნიჭსა და მიმართულებას – ეს დღეს, საფლავის წინ, ადგილს უთმობს კაცურ-კაცობას, სიწრფელეს და მისწრაფებით გატაცებას.
... უცნაური ოჯახია! ყოველ წევრს შინაგანი დემონი მიიზიდავდა კულტურული საქმიანობისაკენ.
დღეს მიწას მიბარებული ანნა მესხის ასული მხარში ედგა თავის და-ძმას, როგორც მწერლობაში ისე სცენაზე. ის პირველი ქალთაგანი იყო ქუთაისის მუდმივ დასში, რომ შევიდა 1870 წელს და, როცა სცენას ჩამოშორდა, მის თანაგრძნობას, დახმარებას და წაქეზებას ხშირად შეუმსუბუქებია ქართველი მსახიობისათვის ნაღვლიან გზაზე სვლა. ჟურნალ-გაზეთებში გაბნეულ და ცალკე წიგნებათ გამოცემულ მრავალ თარგმანთა გარდა, იგი აგროვებდა ხალხურ სიტყვიერების ნაწარმოებს“.
ანნა მესხის იმ ღირსეულ ქართველ ქალთა პლეადას ეკუთვნოდა, რომელთა მოღვაწეობაში აღბეჭდილი იყო სულის დიადი სწრაფვა, დიადი სილამაზისა და ძალის გონება... მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ერთი თაობის მიერ მეორე თაობისათვის დატოვებული სულიერი ანდერძია...
მისი ანდერძი იყო ოცნება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოზე. ოცნებანი კი თავისთავად აძლევენ ქვეყნიერებას ინტერესსა და აზრს. მითუმეტეს თუ ისინი თანმიმდევრული და გონივრულია.