ეფემია მესხი (1862-1941)
სიცოცხლეში ყოველი ადამიანი არაერთი არჩევანის წინაშე დგება. ეფემია იყო მესხების ოჯახიდან პირველი საზოგადო მოღვაწე ქალი, რომელმაც ქუთაისის კულტურულ და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას ღრმა კვალი დაატყო.
ეფემია მესხს სამი დიადი პრინციპი ამოძრავებდა: სისადავე, სიმართლე და ბუნებრიობა. მას, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლ მესხების ოჯახის შვილსა და ეროვნულ-დემოკრატიული იდეების გარემოცვაში აღზრდილს იმთავითვე შეგნებული ჰქონდა ხელოვნების, როგორც გონებრივი მოძრაობისა და ბრძოლის ორგანოს დიდი მისია: არ ეცრუა, ქვეყნის საჭიროებასთან გაჰყოლოდა, ჩასულიყო ცხოვრების მდინარის ძირში და იქ მოენახა, როგორც დიდი ილია ამბობდა: „შინ-მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის“...
მისი პირველი სასცენო დებიუტი 1882 წლის იანვარს შედგა თბილისში, სადაც ეფემია მესხმა ითამაშა პარიზელი ბიჭის როლი. იმავე წელსვე მას მოჰყვა „ჟან ბოდრი“, სადაც ქალიშვილის როლი შეასრულა. შინაგანი გრძნობა კარნახობდა ეფემია მესხს, რომ იგი ტრაგიკოსი მსახიობი დადგებოდა და ასეც მოხდა.
„მრავალ დამცირებასა და შეურაცხყოფას უძლებდნენ ჩვენი სცენის მსახიობები. „სამშობლოსათვის“ პიესის შესაფერი ახალი ტანისამოსი იყო საჭირო. გადაწყვიტეს დიდ მუხრან-ბატონისათვის ეთხოვათ ფული. როდესაც ვასო აბაშიძე მივიდა მასათან, ჯერ დიდხანს ალოდინა, სანამ მიიღებდა. როდესაც გაიგო ვინც იდგა იმის წინ მორიდებით და შიშით, მას სიცილი წასკდა: „შენ ის კომედიანტი ხომ არ ხარ, იმ დღეს რო ხტუნაობდი? – აბა, ერთი კიდევ შეხტი შენებურად, კიდევ, კიდევ“... ვასო შეხტა რამოდენიმეჯერ, თავადს სიცილისაგან უთრთოდა მსუქანი მუცელი. ასეთი დამცირებით მიიღო მან 500 მანეთი მილიონერისაგან“, – გულისტკივილით წერდა მოგონებათა წიგნში ეფემია მესხი.
და მიუხედავად ამ სიძნელეებისა, დამცირებისა, სიღატაკისა ეფემია მესხს კარგად ესმოდა, რომ ხელოვნების ამოცანა იყო არა ყოფა-ცხოვრების შემთხვევითობანი, არამედ ის საერთო იდეა, რომ გააკეთილშობილოს ადამიანები.
ეფემია მესხის მიერ განსახიერებულ როლთა რაოდენობა ორასამდე აღწევდა. ეს პიესები და როლები იყო: „მარგარიტა გოტიე“ – მარგარიტა, „ქეთევან წამებული“ – ქეთევანი, „სამშობლო“ – ქეთევანი, „თამარ ცბიერი“- თამარი, „პატარა კახი“ – ტურფა, „დედა და შვილი“ – დედა, „ირინეს ბედნიერება“ – ეკა, „ქრისტინე“ – მაკრინე, „მეზობლები“ – ტასო, „ხანუმა“ – ხანუმა, „და-ძმა“ – მარინე, „მედეა“ – მედეა, „ვაი ჭკუისაგან“ – სოფიო, „პატიოსნება“ – ელეონორა, „ვიდრე ხვალ უფალო“ – პოპეა და სხვა.
ქუთაისისა და თბილისის თეატრების სცენებზე ამ დაუვიწყარი სახეების შექმნით ნათლად გამოიკვეთა, რომ ეფემია მესხს დავიწყების ფარდის მიღმა მოხვედრა არასოდეს არ ეწერა.
საქართველოს გარდა ეფემია მესხმა ქართული სასცენო ხელოვნების განვითარების საქმეში ასევე დიდი როლი შეასრულა მისი ბაქოში მოღვაწეობით.
„ძალიან მაწუხებდა სცენისათვის თავის დანებება, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ბაქოშიც განვაგრძე თეატრში მუშაობა. იქ იყო სცენისმოყვარეთა წრე, სადაც მე დავიწყე მუშაობა. ეს წრე რაც შეიძლება გავაფართოვეთ. შევმატეთ ახალი ძალები და სისტემატურად ყოველ კვირაში ერთხელ ვმართავდით წარმოდგენებს.“ ეფემიას ბაქოში მოღვაწეობას დიდად აფასებდა იქ მყოფი ქართველობა. ათი წელი ეფემია მესხის ბაქოში მოღვაწეობა აღვსილი იყო საუკეთესო მოგონებებითა და შთაბეჭდილებებით.
„ეფემიას ჩამოსვლამ ბაქოში უცბად შეასხა ფრთები ჯერ კიდევ მცირერიცხოვან ქართველობას, რომელნიც ქალაქის სხვადასხვა კუთხეში იყო დასაქმებული. იგი შეუდგა მათ შეერთებას და თავისი საყვარელი საქმის – თეატრის ორგანიზაციას. არამარტო თავისი ძალღონით, არამედ მატერიალური დახმარებითაც. მის მიერ იქნა დაარსებული ქართული კლუბი და თეატრი, სადაც ყოველ სეზონში იმართებოდა წარმოდგენები“, – იგონებდა ე. ამირეჯიბი.
ბაქოში ეფემია მესხმა პირველად რუსულ ენაზე ითამაშა ალ. სუმბათაშვილის პიესაში „შევარდნები და ყორნები“.
ასევე წარმატებები ხვდა სპექტაკლებს: „ბორკილები“, „მეორედ გაყმაწვილება“, „ტალანტები და თაყვანისმცემელნი“ და სხვა.
ეფემია მესხი იყო არამარტო მაღალნიჭიერი მსახიობი, არამედ საფუძვლიანი განათლების მქონე აქტიური საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღრმა სიბერემდე დაუზარებლად იღწვოდა ქართული კულტურის, კერძოდ – თეატრის განვითარებისა და წინსვლისათვის. მისი სტატიები თეატრის შესახებ ბევრ საინტერესო თეორიულ მოსაზრებას შეიცავდა. ისინი გამსჭვალული იყო ერთი პრინციპით – თეატრის დიდი სახალხო აღმზრდელობითი დანიშნულებით. იგი წერდა: „ჩვენს თეატრს დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის გათვითცნობიერებისათვის, გარდა კულტურული მნიშვნელობისა, ის წარმოადგენს, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, თავდაცვის იარაღს ნაციონალური თვითშეგნებისა.“
„დროების რედაქცია მესხებისათვის განათლების შესანიშნავი სკოლა იყო. იმ საზოგადოების გავლენით, რომელიც იქ იყრიდნენ თავს. ეფემიამ მესხმა თავისი ნიჭი ლიტერატურაშიც გამოავლინა. მან ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ რუსული გაზეთიდან გადმოაქართულა ფრანგული ფელეტონი „პეპისტრელო“, რომელიც „დროებაში“ დაიბეჭდა. მაშინ აკაკიმ ურჩია: „ეცადე ბევრი წერო, თარგმნო და შეიძლება შენგან კარგი მწერალი ქალი გამოვიდესო“...
ქართული კულტურის განვითარების საქმეს ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ეფემია მესხი. თავისუფლებისა და კავკასიელ ხალხთა გაერთიანების მიზნით მან პირველმა გამოთქვა სურვილი ჩამოეყალიბებინა კავკასიელ ქალთა საზოგადოება და მოლაპარაკებოდა კავკასიელ ქალთა საზოგადოებას მასში ქართულ ავტონომიურ სექციებზე შესვლისათვის.
ყრილობამ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ მართალია აირჩია ეფემია მესხი, მაგრამ მისი იდეის წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრა დომენიკა ერისთავმა. ე. მესხმა უარი განაცხადა საზოგადოების თავმჯდომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ეფემია მესხი იყო საქართველოში ქართველი ქალების პირველი საზოგადო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატორი.
ასევე დიდი იყო ეფემია მესხის წვლილი საქართველოში სინემატოგრაფიის ჩამოყალიბების საქმეში. მისი უშუალო ჩარევით და ინიციატივით მეუღლემ ივანე გეპნერმა ბაქოში თავის კინოთეატრის მექანიკოსად ვასილ ამაშუკელი დანიშნა.
1908 წელს მისი რჩევით ივანე გეპნერს ფირმა „გომონის“ მიერ გამოშვებული კინო-აპარატის შესაძენად ქუთაისელი ვასილ ამაშუკელიც მოსკოვში თან გააყოლა, სადაც შეისწავლა გადამღები აპარატის ყველა საიდუმლო. ეფემია მესხის ხელშეწყობით მოსკოვიდან დაბრუნებულმა ვ. ამაშუკელმა ჯერ ბაქოში დაიწყო მიკრო დოკუმენტური ფილმების გადაღება, რაც საბოლოოდ საქართველოში სინემატოგრაფიის პირველი დოკუმენტური ფილმის აკაკი მოგზაურობით რაჭა-ლეჩხუმში დაგვირგვინდა.
ეფემია მესხი პირნათლად ემსახურებოდა საქართველოში ქართული კულტურის განვითარების საქმეს.