კოტე მესხი (1857-1914)
ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში მიიღო სასცენო ნათლობა ქართულ სპექტაკლში კოტე მესხმა. 1867 წელს, აკაკი წერეთლის თაოსნობით გამართულ სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში, მან პირველად ითამაშა ზურაბ ანტონოვის კომედიაში „ქმარი ხუთი ცოლისა“.
პირველ როლს შემდეგ მოჰყვა ასევე ქუთაისის სცენაზე დადგმული ოსტროვსკის ნაწარმოები „შემოსავლიანი ადგილი“, სადაც მან ჟადოვის რთული და საპასუხისმგებლო როლის შესრულებით ნიჭიერი და საყვარელი მსახიობის სახელი მოიპოვა. მშობლებს სურდა, რომ იგი ბუჰხალტერი გამხდარიყო და ამ მიზნით ოდესაში კურსების გასავლელად გაამგზავრეს. კოტე მესხმა თავი საფრანგეთში ამოჰყო და საფუძვლიანად შეისწავლა ევროპის მოწინავე თეატრალური კულტურა, რომელიც შემდგომ ქართულ თეატრში დანერგა. მისი თეატრალური ესთეტიკა ემიჯნებოდა პირობითი თეატრის პრინციპებს. კ. მესხისათვის მთავარი იყო „განცდის თეატრი – არისტოტელეს ესთეტიკურ მრწამსზე დაფუძნებული თეატრი, რომლითაც შეეძლო შეეღწია მას ადამიანის სულის სიღრმეში და ამოეცნო მისი რთული სამყარო.
კოტე მესხმა 1885 წელს შეადგინა ქუთაისში მუდმივი დასი და დაიწყო მუდმივი წარმოდგენების გამართვა. იგი იყო მსახიობი და რეჟისორი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქუთაისის თეატრს. მან გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი, ჩაატარა დიდი რეჟისორულ – ორგანიზატორული მუშაობა, აამაღლა რეპეტიციების კულტურა, გააღმავა კავშირი მწერლობასა და თეატრს შორის, გამოავლინა ახალი აქტიორული ძალები, შემოიღო საგასტროლო სისტემა, მსახიობებს დაუნიშნა გადაჭრილი ხელფასი. კოტე მესხი მუდამ მოუსვენარი და ახლის მაძიებელი ხელოვანი იყო.
პირველად კოტე მესხის ხელმძღვანელობით დაიდგა ქუთაისში ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნი „ოტელო“. ერთი წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მთარგმნელი „ოტელოს თარგმნის დამთავრებამდე კ. მესხს ცალკეულ მოქმედებებს უგზავნიდა და ასე ხორციელდებოდა წარმოდგენის მომზადება.“ სპექტაკლში ოტელოს როლს კოტე მესხი ასრულებდა.
კოტე მესხმა გზა გაუხსნა ახალგაზრდა აქტიორთა მთელ თაობას, მათ შორის იყო მისი ბიძაშვილი 21 წლის კოტე მარჯანიშვილი, რომლის დებიუტი პირველად ქუთაისის სცენაზე შედგა ალექსანდრე დიუმას „ცოდვის შვილში“.
კოტე მესხმა სასცენო შემოქმედების გზა დაულოცა ასევე შემდგომში დიდ თეატრალებს ნუცა ჩხეიძესა და შალვა დადიანს.
იგი ყოველთვის ახალგაზრდებს გვერდში ედგა და ისინი განახლებული თეატრის ბურჯად მიაჩნდა.
კოტე მესხის ხანძლივი მოღვაწეობა, როგორც სათეატრო, ისე საერო ყოველთვის ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობდა. იგი განათლებული და მოაზროვნე ხელოვანი იყო, რომელმაც გაბედულად შეუტია შტამპებს. იგი წერდა პიესებს „რუსთაველი“, „ბაგრატ-მე-4“, „თამარ ბატონიშვილი“, აქვეყნებდა სტატიებს, ფელეტონებს. თარგმნიდა კლასიკურ მწერალთა ნაწარმოებს. მას კ. ანდრონიკაშვილმა უწოდა – „მამა ეხლანდელი თეატრისა ქუთაისში“.
კოტე მესხი დიდი დიაპაზონის მოღვაწე იყო. მისი ხელმძღვანელობით, მსახიობური და რეჟისორული ოსტატობით ბაქოს ქართულ თეატრში ახლებურად აჟღერდა ევროპული, ქათული და რუსული დრამატურგია. მან ძირეული ცვლილებები მოახდინა სცენისმოყვარეთა თეატრში. იკისრა რეჟისორობა, პროფესიულ დონეზე ატარებდა რეპეტიციებს, რომლის დიდი გამოცდილება ქუთაისში პროფესიული თეატრის დაფუძნებიდან მოჰყვებოდა.
კოტე მესხი ორი წელი ხელმძღვანელობდა ბაქოს ქართულ თეატრს და იგი ქართული პროფესიული თეატრის ბურჯად აქცია.
ბაქოში მოღვაწეობის დროს კოტე მესხის ინიციატივით ქუთაისელი ვასილ ამაშუკელმა 1908 წელს დაიწყო კინო-სურათების გადაღება.
იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო მავნე, სულელური კომედიები და პორნოგრაფიული კინო-სურათები.
კოტე მესხი დიდი მტერი გახლდათ ასეთი სურათების. „მე კინო ხალხის აღსაზრდელად მინდა და არა გასარყვნელადო“, – ამბობდა იგი.
„იყო შემთხვევა, – როცა მეზობელი კინოთეატრის მეპატრონეები დაგვცინოდნენ: „ვის რად უნდა ნავთით დასვრილი ადამიანების ჩვენებაო“, – წერდა ვასილ ანაშუკელი.
„ვისაც ხალხის ნამდვილი ცხოვრების ნახვა სურს, – მოვა, ვისაც არა, – მისი ნებაა, ძალას არავის ატანს“, – აცხადებდა კოტე მესხი.
ხალხის ნამდვილი ცხოვრების ნახვის მსურველი ძალზე ბევრი აღმოჩნდა, – ჩვენი პატარა კინოთეატრი მუდამ სავსე იყო ხალხით“...
კოტე მესხის რჩევით 1908-1909 წლებში ვასილ ამაშუკელმა ბაქოში გადაიღო და მაყურებელს უჩვენა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები: „ქართული სცენის მოღვაწენი: „ეფემია მესხი, კოტე მესხი და სხვები ქალაქის პარკში“, „მუშაობა რამიშვილის სტამბაში“, „ნავთობის ჭაბურღილზე მუშაობა“, „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“, „ბაქოს ხედები“, „ლულა ქაბაბის გამყიდველები“, „კასპიის ზღვის სანაპირო“ და სხვა.
ქუთათურები თავის ქალაქში კინო-თეატრის ახალ შენობაში კინო დანადგარისა და ეკრანის მოწყობის საქმეს ეფემია და კოტე მესხებს უნდა უმადლოდნენ. მშობლიურ ქალაქში საზოგადოებრივ მნიშვნელობის კინო დაწესებულების შექმნა მათი თავგადადებული ძალისხმევით განხორციელდა. კინო-თეატრ რადიუმის მფლობელებს ტიხონ ასათიანსა და პავლე მეფისაშვილს პირველად ეფემია მესხის მეუღლემ ივანე გეპნერმა ჩამოუტანა ფირმა „გომონის“ ახალი კინო გადამღები აპარატი.
კოტე მესხის ყველა ნახელავს, წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც ღრმად მოაზროვნე კაცის ხელი აჩნდა. 1906 წელს მან დაარსა ყოველდღიური გაზეთი, რომელიც „პატარა გაზეთის“ სახელწოდებით გამოდიოდა. გაზეთი ცოცხალი და პროგრესული შინაარსისა იყო, რომელსაც საზოგადოება დიდი ინტერესით კითხულობდა.
ერთ დღეს გაზეთი მიკეტეს და კ. მესხი პასუხისგებაში მისცეს.
მთელი 30 წლის მანძილზე ხან ანტრეპრენიორი, ხან რეჟისორი და მსახიობი კოტე მესხი სხვებთან ერთად ქართული თეატრის აღორძინებისათვის უბადლო ჭაპანს სწევდა. მან 300-ზე მეტი როლი ითამაშა. თარგმნა და გადმოაკეთა 20-ზე მეტი დრამატული ნაწარმოები. ყოველი მოქმედება კოტე მესხისა, ყოველი მისი ნაბიჯი საზოგადოებრივი იყო.