დავით ჩხეიძე (თურდოსპირელი) (1888-1948)
ავტორი: სოლომონ ცაიშვილი დავით თურდოსპირელი (ჩხეიძე) დაიბადა 1888 წლის 16 (28) აპრილს თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბანში. მამით ადრე დაობლებული პატარა დათიკო უფროს ძმასთან, შემდეგ ცნობილ პოეტ გიორგი ქუჩიშვილთან ერთად, თბილისში იზრდებოდა. დედა მრეცხავად მუშაობდა, ხოლო მცირეწლოვანი გიორგი და დათიკო მოჯამაგირრედ ხან მენავესთან, ხან ბაყალთან, ხან მენახშირესთან და ამგვარად მოპოვებული სახსრებით დედამ მაინც მოახერხა ორივე ვაჟის სასწავლებელში მიბარება. წარმოუდგენელი სიღარიბისა და გაჭირვების მიუხედავად, რასაც დედის უდროოდ სიკვდილიც დაერთო, დავითმა მაინც შეძლო ქართული გიმნაზიის კურსის დამთავრება 1911 წელს და კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შესვლა, რომლის კურსიც 1915 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ გიმნაზიის მოსწავლე იყო, როცა სამწერლო სარბიელზე გამოვიდა. მისი პირვლეი მოთხრობა „თავისუფლების მსხვერპლი” გამოსვლისთანავე (1907) აკრძალა ჟანდარმთა სამმართველომ. “ჯერ კიდევ 1906 წელს ჩავები არალეგალურ მუშაობაში, – წერს დავითი თავის ავტობიოგრაფიაში, – ჩემს ძმა გიორგისთან ერთად ბევრჯერ შევუპყრივართ და მაგრად მივუბეგვივართ. ჩვენს ბინას ჟანდარმერია ხშირად ჩხრეკავდა”. ახალგაზრდა დავითი ამ რეპრესიებს არ შეუშინებია, 1908 წლიდან იგი უფრო აქტიურად ჩაება ქართულ პერიოდულ პრესაში და თურდოსპირელი იმდენად განმტკიცდა და პოპულარული შეიქმნა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი – დავით ჩხეიძე – იშვიათად თუ იხსენიებოდა. იგი პედაგოგიურ მუშაობას ადრე, 1907 წლიდან შეუდგა. მუშაობდა კერძო მასწავლებლად, რადგან სხვა წყარო არ გააჩნდა უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად. დავით თურდოსპირელი უნივერსიტეტის კედლებშიც განაგრძობდა ლიტერატურულსა და რევოლუციურ მოღვაწეობას. სხვათა შორის, სტუდენტ პარმენ დათეშიძის ბინაშე დავითის ხელმძღვანელობით შაპიროგრაფზე ბეჭდავდნენ მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციებს და ავრცელებდნენ კიევის ქუჩებში. დავითისავე ხელმძღვანელობით კიევში დაარსებულ იქნა ეგნატე ნინოშვილის სახელობის პირველი არალეგალური წრე. 1915 წელს დავითი სრულიად რუსეთის ერობათა კავშირის წევრი გახდა და ამავე კავშირის სკოლების ინსტრუქტორი იყო ოქტომბრის რევოლუციამდე. 1917 წელს ბოლშევიკებმა დავით ჩხეიძე აირჩიეს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ჯარისკაცთა, მუშათა და მოსამსახურეთა რევკომის პრეზიდიუმის წევრად, იმავე დროს მონაწილეობდა კიევში ქართველთა სათვისტომოს მიერ პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის ჟურნალ „ზარიას” გამოცემაში, რომელიც შაპიროგრაფზე დაბეჭდილი ვრცელდებოდა მოსკოვში, ოდესაში და სხვაგან. 1918 წელს დავით ჩხეიძე უკრაინაში შემოჭრილ გერმანელ ოკუპანტებს ჩაუვარდათ ტყვედ, მაგრამ მალე დააღწია თავი ტყვეობას და კვლავ განაგრძო აქტიური ბრძოლა კიევში „ხლებორობების” მიერ წამოსკუპებულ სკოროპადსკის მთავრობის წინააღმდეგ. ამავე 1918 წლის ბოლოს დავით თურდოსპირელი საქართველოში დაბრუნდა და მთლიანად სამწერლო და პედაგოგიურ მუშაობაში ჩაება. იგი მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატში როგორც სკოლების ინსპექტორი და სახალხო განათლების სექციის ხელმძღვანელი. 1921-25 წლებში დავით თურდოსპირელი მუშაობდა თბილისის საშუალო სკოლებში ქართული და დასავლეთ ევროპის ლიტერატურის მასწავლებლად. 1926 წელს იგი მიიწვიეს თელავის ათწლედის გამგის მოადგილედ და პედაგოგიური ტექნიკუმის პედაგოგიკისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1929 წლიდან იგი სხვადასხვა ადგილას მუშაობდა სახალხო განათლების დარგში: 1930 წლამდე – კახეთის ოლქის განათლების განყოფილების ინსპექტორად, 1931 წლიდან თბილისის მუშფაკში და საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატში სამეცნიერო სექციასთან არსებულ მხარეთმცოდნეობის ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარედ. 1933 წელს დავითი მიიწვიეს ველისციხის საშუალო სკოლის დირექტორად და სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ახლად დაარსებულ სკოლას. ამავე დროს იგი ამავე სოფლის საბჭოს წევრი და კულტურული მუშაობის სექციის ხელმძღვანელი იყო. დავით ჩხეიძის სწორი და ენერგიული ხელმძღვანელობის შედეგად ველისციხის საშუალო სკოლამ პირველი ჯილდო მიიღო სკოლების რესპუბლიკურ კონკურსში კარგი აკადემიური წარმატებისათვის. სამხარეთმცოდნეო მუშაობის გაშლის მიზნით 1936 წელს დავითი სამუშაოდ გადავიდა ქვემო სვანეთში – ლენტეხის საშუალო სკოლის დირექტორად, ხოლო 1939 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა იგი გადაიყვანა ნაფარეულის საშუალო სკოლის დირექტორად. 1939 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძნაებულებით სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მას მიენიჭა სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება და დაენიშნა პერსონალური პენსია. იგი რამდენიმე შესანიშნავი შრომისა და მხატვრული ნაწარმოების ავტორია. გამოქვეყნებულია დავით თურდოსპირელის ორი მოზრდილი წიგნი (პედაგოგიურ და სამხარეთმცოდნეო საკითხებზე), მოთხრობებისა და ლექსების მცირე მოცულობის 17 წიგნი და მის მიერ შეკრებილი ქართული ანდაზების კრებული. მან შექმნა საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების მთელი სერია, რომლის ერთი ნაწილ ი1950 წელს იქნა გამოცემული. მანვე დაწერა მემუარული ხასიათის ნაწარმოები „დღენი ჩემი ცხოვრებისა”, რომელიც არ გამოქვეყნებულა. დასაბეჭდად გამზადებული დარჩა აგრეთვე საბავშვო მოთხრობათა ორი კრებული და ერთიც დრამატული ნაწარმოები: „მაინც ბრუნავს”. დავით თურდოსპირელი გარდაიცვალა 1948 წლის 23 დეკემბერს თბილისში.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968