ლავრენტი ჩიმაკაძე (1868-1937)
ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე დაიბადა 1868 წლის 14 თებერვალს სოფელ მათხოჯში (ქუთაისის მაზრა), ხელმოკლე მედავითნის ოჯახში. ქართული წერა-კითხვა მან შინ შეისწავლა. 1875 წელს მიაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1883 წელს დაამთავრა. სასულიერო სასწავლებლის დამთავრებისთანავე ლავრენტი მიიღეს ხონის სამასწავლებლო სემინარიაში სახელმწიფო ხაჯზე, რომელიც 1887 წელს დაამთავრა და მაშინვე დანიშნეს ოზურგეთის მაზრის სოფელ აკეთის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად.
ლავრენტი ჩიმაკაძე მისვლის პირველი დღიდანვე შეუდგა სკოლის ახალი შენობის აგების პროპაგანდას. სულ მოკლე დროის განმავლობაში სკოლაში მიიზიდა ბავშვები, დააკომპლექტა სამი ჯგუფი 80 ბავშვითა და მეცადინეობა დაიწყო ორ ცვლად.
ლავრენტი ჩიმაკაძის დაუღალავი ზრუნვის შედეგად 1888 სასწავლო წლისათვის მეცადინეობა ახალ შენობაში დაიწყო. სკოლას აგრეთვე ჰქონდა ეზო და საბოსტნე ადგილი.
ლავრენტი ჩიმაკაძემ 1890 წელს აკეთის სკოლასთან დააარსა საყმაწვილო ბიბლიოთეკა. პირველად ბიბლიოთეკისათვის წიგნები შემოწირულების საშუალებით გროვდებოდა, ხოლო შემდგომში გამოინახა ხელისმომწერები და სახსრები.
1892 წელს აკეთში დაარსდა პირველი ბიბლიოთეკა, რომლის ინიცაიტორი და ერთ-ერთი მოთავე ლავრენტი ჩიმაკაძე იყო.
1894 წელს ლავრენტი ჩიმაკაძე მუშაობს მასწავლებლად ს. წყალტუბოში. მან აქაც განიზრახა ბიბლიოთეკის დაარსება. მალე მიიღო ნებართვაც. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულების სახით წყალტუბოს ახალგახსნილ ბიბლიოთეკას გაუგზავნა რამდენიმე ათეული წიგნი.
1895 წელს ლავრენტი ჩიმაკაძე გადაიყვანეს მშობლიური სოფლის ნახახულევის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად, სადაც 1904 წლამდე იმსახურა. იგი დაუღალავად მუშაობდა მშრომელი ხალხის საკეთილდღეოდ. თავი მშობლიურ სოფელსი ლავრენტიმ დიდი ზრუნვის შედეგად დააარსა პირველი კოოპერატივი (1899), საკრედიტო ამხანაგობა, სამკითხველო, აბრეშუმის პარკის სახმობი ფარდული, საზოგადო ბეღელი, საფუძველი ჩაუყარა სახალხო სახლს და ა. შ.
მათხოჯის კოოპერატივი პირველი რევოლუციის წინა წლებში სახალხო მოღვაწეობის ცენტრი იყო. ამ კოოპერატივში ნოქრად მუშაობდა კ. მელაძე, რომელიც ენერგიულად იღვწოდა რევოლუციური აზრების გავრცელებისათვის. მეფის მოხელეებმა მალე გაიგეს ეს და ლავრენტი ჩიმაკაძეს გადასახლება დაუპირეს, მაგრამ საამისო ხელმოსაკიდი საბუთები არ ჰქონდათ და იგი სამსახურიდან დაითხოვეს. 1907 წლამდე ლავრენტი ჩიმაკაძეს არსად უმუშავია, ის მიჩნეული იყო არაკეთილსაიმედო პიროვნებად.
1907 წელს ლავრენტი ჩიმაკაძე დაინიშნა ქუთაისის (დაბა ხონში) სამასწავლებლო სემინარიასთან არსებულ საჩვენებელი სკოლის გამგედ, სადაც 1915 წლამდე დაჰყო. აქედან გადაიყვანეს თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად, ხოლო 1919 წლიდან ქალაქ ბათუმში დანიშნეს ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. აჭარაში მოღვაწეობის 18 წლის მანძილზე იგი სხვადასხვა დროს იყო სკოლის გამგე-დირექტორი, ინსპექტორი, აღმზრდელ-მასწავლებელი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და სხვ.
ლავრენტი ჩიმაკაძე ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის 1934 წლის 10 აგვისტოს აჭარის ასსრ ცაკის დადგენილებით მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუის დადგენილებით 1935 წლის 26 ნოემბერს ლავრენტი ჩიმაკაძეს შრომის გმირის წოდება მიანიჭეს, 1936 წელს მას დაენიშნა გაზრდილი პენსია და თავი დაანება პედაგოგიურ მოღვაწეობას.
ლავრენტი ჩიმაკაძე გარდაიცვალა 1937 წლის 27 ოქტომბერს.
ლავრენტი ჩიმაკაძის პედაგოგიური მოღვაწეობა მრავალმხრივაა საყურადღებო. ის მოზარდი თაობის აღზრდას მოითხოვდა შეგნებული დისციპლინის საფუძველზე. თეორიული სწავლება არ არის საკმარისი აღსაზრდელისათვის, საჭიროა მათ მიეცეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების ჩვევები. მას სწამდა, რომ მასწავლებლის მოვალეობას მარტო სწავლება არ შეადგენს, არამედ, მისი მოვალეობაა მიიღოს მონაწილეობა ადამიანის ფორმირებაში.
ლავრენტი ჩიმაკაძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მშობლიური ენის სწავლებას და მოითხოვდა, რომ რუსული ენის სწავლება შემოღებული ყოფილიყო მეორე კლასიდან. მას ჭეშმარიტად სჯეროდა, რომ მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას მოსწავლე მშობლიურ ენაზე უნდა დაეუფლოს, რაც მას დაეხმარება სხვა ენის შესწავლაში.
პედაგოგიური მუშაობის პარალელურად ლავრენტი ჩიმაკაძე საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმის წამოწყების ინიციატორი და მოთავე იყო. 1888 წელს, როცა ის აკეთის სკოლაში მუშაობდა, პირველად გაიცინა აბრეშუის ჭია და მოწაფეების დახმარებით უფლიდა.
აღსანიშნავია ლავრენტი ჩიმაკაძის მუშაობა 1905 წლის რევოლუციის წლებში, როცა ის კოოპერატივს ხელმძღვანელობდა. 1917 წელს იგი აირჩიეს ამიერკავკასიის კოოპერატივების რწმუნებულთა ყრილობის დელეგატად.
ლავრენტი ჩიმაკაძის ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა იწყება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 1921 წლიდან აჭარის სახალხო განათლების განყოფილების დავალებით იგი ხელმძღვანელობდა სკოლამდელი აღზრდის სექტორს და მონაწილეობას იღებდა წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზოგადოების მუშაობაში.
1922 წლიდან ლავრენტი ჩიმაკაძე გადაჰყავთ ქობულეთში შვიდწლიანი სკოლის გამგედ და რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორად.
1923 წელს იგი სამუშაოდ გადავიდა ქ. ბათუმის პედაგოგიურ ტექნიკუმში აღმზრდელ-მასწავლებლის თანამდებობაზე.
ორმოცი წლის პედაგოგიური სტაჟის მქონე ლავრენტი ჩიმაკაძე მთელი ენერგიით იღვწოდა ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმისათვის. იგი მოსწავლეებს უნერგავდა სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობას.
ლავრენტი ჩიმაკაძე საზოგადოებისათვის ცნობილია როგორც დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების ავტორი. მის კალამს ეკუთვნის პირველი და მეორე კლასების სახელმძღვანელოების რამდენიმე გამოცემა.
1927 წლის 3 ივნისს ლავრენტი ჩიმაკაძემ სახალხო განათლების კომისარიატისაგან მიიღო დავალება სახელმძღვანელოს „პირველი სხივის” გადამუშავების შესახებ, რაც მან ჩინებულად შეასრულა და წარუდგინა სახელმძღვანელოების გადამსინჯველ კომისიას, რომელმაც მოიწონა და მიიღო სახელმძღვანელოს გადამუშავებული ვარიანტი. ამის შემდეგ ლავრენტი ჩიმაკაძემ კიდევ შეადგინა დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები: „ცოდნის წყარო”, „პირველი ნაბიჯი” (ორ ნაწილად), „ქართული ენა” (პირველი კლასის სახელმძღვანელო) და სხვ. იგი სისტემატურად ზრუნავდა სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისათვის, რათა ისინი მოსწავლეთათვის მისაწვდომი და მიმზიდველი გამხდარიყო.
ასეთი მუშაობის შედეგი იყო ლავრენტი ჩიმაკაძისა და ი. ჟღენტის სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლის პირველი კლასებისათვის „ქართული ენა” (1936).
ლავრენტი ჩიმაკაძემ გრ. გორგაძესთან ერთად დასაბეჭდად მოამზადა პირველი საფეხურის შრომის სკოლის მეორე კლასის სახელმძღვანელო „ცოდნის წყარო” 91929).
პედაგოგიურ-აღმზრდელობით დარგში ლავრენტი ჩიმაკაძემ თავისი ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება მთლიანად მოახმარა აჭარის პედაგოგიურ ტექნიკუმს. იგი, როგორც აღმზრდელ-მასწავლებელი, ყოველთვის თავს დდასტრიალებდა აღსაზრდელებს, იყო უაღრესად კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე პედაგოგი.