‍ალექსი ჭიჭინაძე (1851-1917)

ავტორი: ვარლამ ქაჯაია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

chichinadze al23ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ მანდიკორში 1851 წლის 29 მარტს. ქართული წერა-კითხვა მან ოჯახში შეისწავლა. 1860 წელს 9 წლის ალექსი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. გიმნაზიის კურსი ალექსი ჭიჭინაძემ საუკეთესო დაამთავრა და 1870 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა უმაღლესი განათლების მისაღებად.

რუსეთში ალექსი ჭიჭინაძე საფუძვლიანად გაეცნო 60-იანი წლების რევოლუციონერ-დემოკრატთა მოძღვრებას და, მათი მაღალი იდეებით აღფრთოვანებული, უნივერსიტეტის კრუსის დამთავრებისთანავე სამშობლოში გამოემგზავრა იმ მიზნით, რომ პედაგოგიურ დარგში განეხორციელებინა რუსეთში შეთვისებული პროგრესული იდეა მისწრაფებანი.

1875 წელს ალექსი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი ქართული სკოლა ქუთაისში (ორკლასიანი კერძო სასწავლებელი პანსიონით), რომელმაც უმოკლეს დროში მოიპოვა დიდი ავტორიტეტი საზოგადოებაში.

1880 წელს ქუთაისში დაარსდა სათავადაზნაურო სასწავლებელი. უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილი ალექსი ჭიჭინაძე მოწვეულ იქნა ამ სასწავლებლის ინსპექტორად. მან თავისი კერძო სასწავლებელი დახურა და მოსწავლეებიანად ახალ სასწავლებელში გადავიდა. „შვიდი წლის განმავლობაში ალექსი დაუღალავი დარაჯი იყო სააზნაურო სასწავლებლის კეთილდღეობის: დაიწყო I-II განყოფილებით და აიყვანა IV პროგიმნაზიულ კლასამდე. ამ ხნის განმავლობაში აუარებელ ახალგაზრდას გაუთბო გული ნამდვილ ადამიანურ გრძნობათა გაღვივებით; ბევრი გამოუცდელი გაიწვრთნა და განვითარდა მის ხელში”.

1886 წელს ალექსი ჭიჭინაძე გადაყვანილ იქნა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც 1894 წლამდე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1894-1900 წლებში ალექსი ჭიჭინაძე მუშაობდა თერგის ოლქის სახალხო სკოლების ინსპექტორად.

1900 წელს ალექსი ჭიჭინაძე ერევნის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორად დაინიშნა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე ალექსი ჭიჭინაძემ 1905 წლამდე იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში მან მცირე ენერგია როდი დახარჯა მის გამგებლობაში მყოფ სახალხო სკოლათა მუშაობის გარდასაქმნელად და ჯანსაღ პედაგოგიურ პრინციპზე დასამყარებლად.

იაკობ გოგებაშვილი ძალიან წუხდა, რომ ისეთი გამოცდილი, ნიჭიერი და თავადდებული საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი, როგორიც იყო ალექსი ჭიჭინაძე, მეფის მთავრობამ სამშობლოს მოაშორა და სადღაც „სპარსეთის საზღვრების ახლოს” გადაისროლა. იაკობ გოგებაშვილი 1905 წელს თავის წერილში „შევიწროება ქართულის ენისა და ქართველებისა სწავლა-განათლების სფეროში” გულნატკენი წერდა: საერო სკოლების დირექტორთა შორის მხოლოდ ერთია ქართველი და ისიც მსახურობს არა სამშობლო ქვეყანაში, საცა უმეტესის სარგებლობის მოტანა შეეძლო ხალხის სწავლა-განათლებისათვის, არამედ სადღაც შორს სპარსეთის საზღვრების ახლოს, მისთვის სრულიად უცხო წრეში, უცხო გარემოებათა შორის”.

იაკობ გოგებაშვილის სურვილი მალე ასრულდა. 1905 წელს ალექსი ჭიჭინაძე გადმოყვანილ იქნა ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად. აქ კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის სარბიელი. იგი გულმოდგინედ შეუდგა სახალხო სკოლებისათვის ახალ პრინციპებზე აღზრდილი პედაგოგების მომზადებას. შემოიკრიბა თავის ირგვლივ საუკეთესო პედაგოგიური ძალები და დარაზმა ისინი მაღალი პედაგოგიური იდეების განსახორციელებლად.

ხონის საოსტატო სემინარია, სადაც ალექსი ჭიჭინაძე 1914 წლამდე მოღვაწეობდა, მისი ენერგიული ხელმძღვანელობით საუკეთესო პედაგოგიურ სასწავლებლად გადაიქცა. იგი რევოლუციამდელ საქართველოში კვალიფიციური სახალხო მასწავლებლების სამჭედლო იყო.

1914 წელს მხცოვანი პედაგოგი ალექსი ჭიჭინაძე გადმოყვანილ იქნა თბილისში და დაინიშნა ქართული გიმნაზიის დირექტორად. მან საპროგრამო სიტყვით მიმართა გიმნაზიის მოსწავლეებს, რომელშიაც მკვეთრად ჩამოაყალიბა ქართული გიმნაზიის ძირითადი პედაგოგიური ამოცანები.

როგორც დირექტორი და მასწავლებელი, ალექსი ჭიჭინაძე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქართულ გიმნაზიას საუკეთესოდ განეხორციელებინა მისი ძირითადი ამოცანები, რომ გიმნაზიის მოსწავლეები საფუძვლიანი ცოდნა-მომზადებითა და სანიმუშო დისციპლინით საუკეთესოთა შორის მოწინავენი ყოფილიყვნენ. მიუხედავად ომიანობის მძიმე პირობებისა, ალექსი ჭიჭინაძის დაუღალავი და შეუნელებელი შრომა-მეცადინეობის მეოხებით, თბილისის ქართული გიმნაზია ბრწყინვალედ ახორციელებდა თავის ამოცანებს.

დიდებულ პედაგოგს არ დასცალდა თავის პედაგოგიური გეგმების ბოლომდე მიყვანა ქართულ გიმნაზიაში. სამშობლო ქვეყნის წინაშე საკმარისად ვალმოხდილი საზოგადო მოღვაწე, გამოცდილი და მაღალნიჭიერი პედაგოგი ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე უეცრად გარდაიცვალა 1917 წლის 9 თებერვალს.

ალექსი ჭიჭინაძე არა მარტო დიდი პრაქტიკოსი მოღვაწე და სახალხო განათლების გამოცდილი და უნარიანი ხელმძღვანელი იყო, არამედ, ამავე დროს, პედაგოგიკის თვალსაჩინო თეორეტიკოსიც საქართველოში. ალექსი ჭიჭინაძის მრავალმხრივ საინტერესო პედაგოგიკურ-დიდაქტიკური მოძღვრება ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის (კომენსკი, რუსო, პესტალოცი) და განსაკუთრებით რუსეთის პედაგოგ-მოაზროვნეების (ჩერნიშნევსკის, დობროლუბოვის, უშინსკის) პროგრესულ პედაგოგიკურ შეხედულებათა საფუძევლზე და უშუალოდ პასუხობდა ჩვენში სწავლა-აღზრდის განვითარების აქტუალურ ამოცანებს.

ალექსი ჭიჭინაძის პედაგოგიკური თეორიის ძირითად ამოსავალ დებულებას წარმოადგენდა ბავშვთა ბუნებრივი ძალების ყოველმხრივი განვითარების უზრუნველყოფა სწავლა-აღზრდის ერთიან პროცესში და ამ გზით საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნა. „პირველყოვლისა, საჭიროა ადამიანისათვის, – წერდა იგი, – გონებრივ ძალთა განვითარება, გაღვიძება მის გულში და გაწვრთნა კეთილშობილურ გრძნობათა და მისწრაფებათა, რომ იგი შეიქმნეს ადამიანად”.

ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის ძირითადი მიზანი, ალექსი ჭიჭინაძის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ მივცეთ მას „ნამდვილი განათლება, ჭეშმარიტი გამდიდრება გონებისა მეცნიერულის ცოდნით და გაწრთვნა საქმიანობაში, შრომაში. აქედან გამომდინარეობს პედაგოგიური მოღვაწეობის მთავარი ამოცანა: „აღვზარდოთ ჯანსაღი, გონებაფხიზელი, შრომის მწყურვალე და მტკიცე ნებისყოფის მქონე ახალგაზრდობა”. ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდისა და პედაგოგიური შრომის ამ ძირითადი ამოცანის განხორციელება მხოლოდ სასკოლო პირობებში არის შესაძლებელი. „სკოლა, – წერდა ალექსი ჭიჭინაძე, – ერთი უმთავრეს საშუალებათაგანია საღი სხეულისა და გონების აღაზრდელად და მტკიცე ხასიათის შესამუშავებლად”.

სკოლამ უნდა მისცეს ახალგაზრდობას სრულყოფილი მომზადება და განავითაროს მისი ძალები. როდის შეძლებს სკოლა ამის მიღწევას? მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მიზნად დაისახავს, პირველ რიგში, მოსწავლეთა შეიარაღებას ზოგადი განათლების საფუძვლებით. ალექსი ჭიჭინაძე სასტიკად ებრძოდა ყველა იმას, ვინც ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდაში სპეციალურ-ტექნიკური ცოდნის მიღებას აძლევდა უპირატესობას.

სკოლა თავის დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დანიშნულებას, ალექსი ჭიჭინაძის აზრით, მხოლოდ მაშინ განახორციელებს ხეირიანად და რაციონალურად, როდესაც სწავლება სკოლაში მშობლიურ ენაზე იწარმოებს. „სამშობლო ენა არის ის წმინდა, მეტად ნაზი ძაფები სულისა, რომელიც მასზე მოლაპარაკეთ ბუნებრივად აკავშირებს ერთმანეთთან, უხილავად აერთებს. სამშობლო ენაზე ნათქვამი ღრმად სწვდება მოსაუბრეთა გულს და იწვევს თანაგრძნობას და აზრთა თანხმობას”, – ამბობდა ალექსი ჭიჭინაძე თავის მიმართვაში თბილისის ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისადმი.

მშობლიურ ენაზე სწავლება სწავლა-აღზრდის ძირითადი პირობაა. „თუ სწავლება მშობლიურს ენაზე იწარმოებს, – წერდა ალექსი ჭიწინაძე, – მაშინ ქართველ მოსწავლეებს დიდად შეუმსუბუქდებათ მძიმე ტვირთი სწავლისა. შეგნებულება იმატებს, იმატებს სწავლის ხალისიც და ეს გარემოება კეთილს გავლენას იქონიოებს საერთოდ სწავლა-აღზრდის მსვლელობაზე” და კერძოდ, რუსული ენის შეთვისებაზედაც, რადგანაც არამშობლიურ (რუსულ ენაზე) „საგნებსი ცოდნა დამყარებულია მხოლოდ მეხსიერების ვარჯიშობაზე და ამის გამო სასწავლებო მასალის დამუშავებას არა აქვს ის დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანისათვის მეცნიერების საფუძვლების გაცნობას”.

შეგნებული სწავლების განხორციელების ერთ-ერთ არესბით საშუალებად და სწავლების ზოგად დიდაქტიკურ პრინციპად ალექსი ჭიჭინაძე თვალსაჩინოებას თვლის.

შეგნებული სწავლებისა და თვალსაჩინოების პრინციპის განხორციელების ძირითად საშუალებად ალექსი ჭიჭინაძეს ევრისტული მეთოდი მიაჩნია. სასკოლო სწავლების ამ პრინციპებისა და მეთოდების განხორციელება აძლიერებს მოსწავლეთა ინტერესსა და ყურადღებას, ხოლო „სადაც ინტერესი არ იყო, – წერდა ალექსი ჭიჭინაძე, – ყურადღებაც სუსტდებოდა და სუსტი ყურადღებით, რასაკვირველია, ცოდნასაც ვერ შეიძენდნენ, ვერ შეითვისებდნენ მტკიცედ. სადაც ყურადღება არ იყო ცოდნის შეძენისათვის და აზროვნება არ წარმოებდა, იქ ხალისიც არ იღვიძებდა მოსწავლეთა სულში და იგინი ვერ იძენდნენ იმ ძვირფას თვისებას, რომელსაც ძიების წყურვილი ჰქვია და რომელიც ჰქმნის მისწრაფებას მეცნიერებისადმი”.

სწავლა-განათლების ამ ზოგადი თეორიის საფუძველზე აგებდა ალექსი ჭიჭინაძე ცალკე სასწავლო საგანთა სწავლების ძირითად წესებს და არკვევდა ამ საგანთა მნიშვნელობას მოსწავლეთა საერთო განვითარებასა და აღზრდაში.

ალექსი ჭიჭინაძე ზოგად განათლებასთან ერთად ყოველთვის უდიდეს ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის საკითხებს. მისი აზრით, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტ ფიგურას მასწავლებელი წარმოადგენს. მასზეა დამოკიდებული მოსწავლის სულიერი ჩამოყალიბების მთელი პროცესი. ამიტომ არიან მასწავლებლები „პასუხისმგებელი შთამომავლობის წინაშე”. ამ დიდი ამოცანის განხორციელება შეუძლებელია, თუ „აღმზრდელთა და მოწაფეთა შორის აღარ არის მშობლიური დამოკიდებულება”.

ალექსი ჭიჭინაძე სწავლა-აღზრდის სისტემის საფუძვლიანი გაუმჯობესებისათვის იბრძოდა ენერგიულად. იგი ქართული სკოლის ჯანსაღ პედაგოგიურ საფუძვლებს ამკვიდრებდა ქართულ რევოლუციამდელ პედაგოგიკურ ლიტერატურაში და სხვებსაც მოუწოდებდა სახალხო განათლების დარგში ჩვენი ეროვნული უფლებების დაცვა-განმტკიცებისაკენ.

ყოველი საზოგადოებრივ-პედაგოგიური საკითხი ალექსი ჭიჭინაძეს პრინციპულ სიმაღლემდე აყვავდა და თავისი დროის შესაფერის მეცნიერულ დასაბუთებასაც აძლევდა მათ თავის პრაქტიკულ შემოქმედებით პედაგოგიურს, საზოგადოებრივსა და თეორიულ სამეცნიერო-პედაგოგიკურს მუშაობაში. ალექსი ჭიჭინაძე დროულად ეხმაურებოდა ჩვენში მოწინავე საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებს და თავისი ზეპირი თუ ლიტერატურული გამოსვლებით ყოველთვის ააშკარავებდა როგორც იმათ ცდებს, ვისაც სურდა ჩვენი ეროვნული გადაგვარება, ისე სახავდა იმ ნათელ პერსპექტივასაც, რომელსაც იგი სჭვრეტდა და რომლისკენაც მოუწოდებდა თანამემამულეებს.

ალექსი ჭიჭინაძის პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩვენთვის არა მარტო ისტორიული მნიშვნელობა აქვს, არამედ მისი პრაქტიკულ-პედაგოგიური მუშაობა და თეორიული პედაგოგიკურ-დიდაქტიკური მოძღვრებაც ბევრ ისეთ ჯანსაღ პრინციპებსა და წესებს შეიცვს, რომ ისინი ამჟამადაც გამოდგება სახელმძღვანელო დებულებებად ჩვენი სკოლის სადღეისო აქტუალური ამოცანების გადასაწყვეტად.