ჰაიდარ აბაშიძე (1893-1965)
ჰაიდარ აბაშიძის ღვაწლი აჭარაში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველების უფლებების დაცვისა და დანარჩენ საქართველოსთან მათი უმტკივნეულო დაახლოებისთვის თავდადებულ ბრძოლას უკავშირდება.
სანჯაყბეგთა გავლენიანი ოჯახის შთამომავლის, ალი სალიხის ძე აბაშიძის, ოჯახში დაბადებული ჰაიდარისა და მისი ხუთი ძმისთვის ადვილი არ იყო დედასამშობლოსთან ახლადშემოერთებული, თუმცა ოსმანთა და რუსთა ორი დიდი იმპერიის მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფი კუთხის შვილობა, როდესაც ცნობიერების გამთლიანება რელიგიური განსხვავებულობის საფუძველზე აღმოცენებული გაუცხოების ურთულეს პირობებში უხდებოდათ. ჰაიდარის ბიოგრაფიას კარგად ატყვია მაშინდელი კულტურულ- პოლიტიკური ვითარების კვალი. თავდაპირველად სწავლობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, კერძოდ კი უშუალოდ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, დაარსებულ ბათუმის ქართულ სკოლაში (დირექტორი ღვაწლმოსილი პედაგოგი ივლიანე გოგოლაშვილი გახლდათ). ეს სასწავლებელი 1881 წელს გაიხსნა და მისი მიზანი, როგორც იაკობ გოგებაშვილი განმარტავდა, მაჰმადიან ქართველთა მშობლიურ ენასთან დაახლოება, მათში ქართული წიგნისადმი სიყვარულის გაღვიძება იყო. ივ. მაჩაბელიც, მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, განუხრელად იცავდა კონკრეტულად ამ სკოლის შენარჩუნების იდეას: ,,ბათუმის სკოლა, მართალია, ძვირად უჯდება საზოგადოებას, მაინც უნდა დარჩეს, რადგან ეს სკოლა ისეთი დანიშნულებისაა, რომლის სარგებლობა ფულით არ აიწონება“. ამიტომ, ბუნებრივია, ის ყურადღებაც, რასაც ცნობილი მოღვაწეები იქ გამართული შეხვედრებისადმი იჩენდნენ. ჰაიდარ აბაშიძის მოგონებებში სკოლის საზეიმო საღამოების მონაწილეებად, უფრო სწორად კი, საპატიო სტუმრებად, დასახელებულნი არიან ილია, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი.
შემდეგ კი, 1905 წელს, ჰ. აბაშიძეს მშობლები სამი წლით თურქეთში აგზავნიან, როგორც თავად ამბობს, ,,ოსმალური ენის შესასწავლად“. დაბრუნებისთანავე იგი სწავლას ბათუმის მრავალეროვან საქალაქო სასწავლებელში აგრძელებს, რომლის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს ქართულ სკოლაში თურქულის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ამ დროისათვის (1915) უკვე დაწერილია მისი მეტად მნიშვნელოვანი სადებიუტო სტატია ,,ვინ ვარ მე“, რომელშიც ახალგაზრდა ჰაიდარ აბაშიძე თავისი ვინაობისა და რელიგიურ-ეროვნული წარმომავლობის გარკვევას ცდილობს. ბათუმში ქართველებისთვის თათარია, რუსებისთვის - ,,ტუროკი“, ხოლო ოსმალებისთვის - გურჯი. საბოლოოდ იგი რწმუნდება იმ მარტივ ჭეშმარიტებაში , რომ მაჰმადიანი ქართველია და რომ სწორედ ამ ნიშნით მოუწევს ცხოვრება.
,,ბათუმის გაზეთში“ გამოქვეყნებული თამამი და საქმიანი წერილებით (ერთ-ერთ მათგანში იგი თავის უშუალო წინამორბედ ზ. ჭიჭინაძესაც კი ეკამათება) ჰაიდარ აბაშიძე ,,ქართველ მუსლიმთა ერივნული გამოფხიზლების მოციქულისა“ და მათი ,,ეროვნული დარაჯის“ სახელს მოიპოვებს, რითაც არა მარტო გაანაწყენებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ მათ ,,ბათუმის გაზეთსაც“ დაახურინებს. ბეგებისა და ხოჯების მიერ ბათუმიდან გამოძევებული პატრიოტი თავს ქუთაისში მცხოვრებ მეგობრებს: ი. ეკალაძეს, ი. ოცხელს, ს. ხუნდაძეს შეაფარებს. სწორედ აქ გამოეცნაურება მას აკაკი, რომელიც მის საპატივცემლოდ გამართულ საღამოზე უბილეთოდ დარჩენილ ჰაიდარს თეატრში შეიყვანს და საკუთარ ლოჟაში დასვამს. ამ ყურადღებამ , პუბლიცისტ ილია ბახტაძის სიტყვებით, ჰაიდარ აბაშიძეს თურმე ფრთები შეასხა. ქუთაისშივე უახლოვდება იგი ადგილობრივ პედაგოგიურ საზოგადოებას (ალ შარაშენიძე, ი. მიქელაძე), რომლის დახმარებით რამდენიმე აჭარელ ახალგაზრდას სწავლის გაგრძელებასა თუ დასაქმებაში ეხმარება.
პირველი მსოფლიო ომის დროს მოუსავლიანობის მიუხედავად ჰაიდარ აბაშიძისა (,,კვლავ მოწოდება“, 1915) და მწერალი ქალის, დომინიკა ერისთავის (განდეგილი), მოწოდებით ქართველობა უკიდურსად შეჭირვებულ აჭარას ეხმარება: რედაქციებში გროვდება გარკვეული თანხა, ტანსაცმელი, სიმინდი. მოგვიანებით ამის შესახებ ჰაიდარის ბიძაშვილი მემედ აბაშიძე დაწერს: ,,საქართველოში მოუსავლიანობის გამო შიმშილობა იყო, მარა საქართველომ თვით მოიკლო ლუკმა და ჩვენ მოგვაწვდინა... არაფერს იშურებდნენ... ქალიშვილები, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ, ნაწნავებს იჭრიდნენ და ყიდდნენ ჩვენს დასახმარებლად...“ 1916 წელს ჰაიდარი ორჯერ იმყოფებოდა ლაზეთში, სადაც ფუთობით სიმინდი ჩაიტანა. ამ დახმარებამ სულზე მოუსწრო მოსახლეობას, რომელიც უსიმინდობის გამო ხილით იკვებებოდა და, ფაქტობრივად, შიმშილობდა.
დახმარების პროგრამით საქველმოქმედო საზოგადოებამ (თავმჯ. მ. მაჩაბელი, მოადგ. პართენ გოთუა (მწერალ ლევან გოთუას მამა - ნ.კ.), ხაზინადარი ვ. ყიფიანი, მდ. პ. საყვარელიძე) აჭარაში მოკლე ხანში გახსნა 6 სკოლა. ჰ. აბაშიძემ სოფელ ყოროღლის სკოლისთვის საჩუქრად გადასცა დედისეული სახლი. ამან ძველი მტრების გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით აქტიურობდა თურქული პრესა, რომელიც ქართული სკოლების გახსნაში აჭარის გაქრისტიანების საფრთხეს ხედავდა, რაზედაც ოპონენტებს ჰ. აბაშიძემ ასე უპასუხა: თუ თურქულ სკოლებს გავხსნით, ვინ არის თავდები, რომ აჭარა არ გათურქდება? ჰ. აბაშიძის ამ წერილს გაზ. ,,საქართველოში“ ,,ლელიანის“ ფსევდონიმით გამოეხმაურა გ. ქიქოძე, რომელმაც მოიწონა ავტორის სწორი პოზიცია.
1916 წელს ქ. გომში ჩატარდა მაჰმადიან სასულიერო მოღვაწეთა და თურქული ენის მასწავლებელთა ყრილობა, რომელსაც როგორც ბათუმის დელეგატი, ესწრებოდა ჰ. აბაშიძეც. იგი სიტყვით გამოვიდა და ყრილობას პანისლამიზმსა და პანთურქიზმში დასდო ბრალი, რის შემდეგაც დატოვა ყრილობა. ამ გაბედულ ნაბიჯს მოჰყვა ჰ. აბაშიძისთვის მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევა და აჭარიდან გაძევება.
1918-20 წლებში ჰაიდარ აბაშიძე ,,სამუსლიმო საქართველოს“ განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრია, რომლის თავმჯდომარე მემედ აბაშიძე იყო. 1918 წელს ყადირ შერვაშიძესთან ერთად ჰაიდარიც აწერს ხელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. აჭარის ორო სახელოვანი წარმომადგენელი, მემედ აბაშიძეც და ჰაიდარ აბაშიძეც, დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წევრები ხდებიან. სწორედ ამ პერიოდში ოსმალეთის მთავრობა განიზრახავს აჭარისთვის ავტონომიის მინიჭებას. ჰ. აბაშიძე მაშინვე გამოეხმაურა ამ მოვლენას (გაზ. ერთობა, 1918, ,,სამუსლიმანო საქართველო და ოსმალეთი“) და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენს ხალხს ოსმალეთის ავტონომია არც სჯერა და არც სჭირდება. წერილის ავტორის აზრით, ავტონომია მისაღებია მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში. მართლაც, მთელი რიგი პერიპეტიების შემდეგ, რომელთა შორის სამცხე-ჯავახეთსა და ბათუმზე პრეტენზიების მქონე სომხეთთან ხანმოკლე ომიც კი იყო, 1919 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სამუსლიმანო საქართვლოს ავტონომია გამოაცხდა და ამ მნიშველოვანი მოვლენის ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანაც მოასწრო.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ ჰ. აბაშიძეს, ბუნებრივია, იმედგაცრუება მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის რწმუნებულს , ბოლშევიკები პიროვნულ და ქონებრივ ხელშეუხებლობას ჰპიდებოდნენ. (თუმცა ბინის დაბრუნების დაპირება ვერ შეუსრულეს. ამიტომ ოჯახი დიდხანს ცხოვრობდა ვაშლოვანის ქ. #6-ის ერთ პატარა ოთახში, სანამ მწერალთა კავშირმა კეთილმოწყობილი ბინა არ გამოუყო, რომლის ჰაიდარ აბშიძეზე ადრე მიღებაზე უარი განაცხადა აჭარელმა პოეტმა ფრიდონ ხალვაშმა). ჰაიდარი ჩამოსცილდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1960 წელს გამოიცა მისი წერილების კრებული, რამაც მხცოვანი მოღვაწე ძალიან გაახარა. სწორედ მაშინ უწოდა ლევან გოთუამ ,,ჩვენი ეროვნული მთლიანობის ხევისბერი, ჩვენი სამხრეთელი ხალხის ჭირისუფალი“. გარდაიცვალა ჰაიდარ აბაშიძე 1965 წელს . დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა:
ა. სურგულაძე, ცხოვრება და ღვაწლი ჰაიდარ აბაშიძისა, ბათუმი, 1994
თ. კომახიძე, ჰაიდარ აბაშიძე, ბათუმი, 1994
ჰ. აბაშიძე, წერილები , თბ. 1963