პეტრე ჭარაია (1861-1919)
მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის პირველ ორ ათეულ წლებში ვისაც ქართულ სკოლაში უმუშავია, ან კიდევ ქართული აზროვნების განვითარებისადმი გულისხმიერება გამოუჩენია და ქართული პერიოდული პრესისათვის თვალყური უდევნებია, მისთვის უეჭველად ნაცნობი და მახლობელი იქნება პეტრე ჭარაიას (ფსევდონიმი – გიორგიძე) სახელი.
უპირველეს ყოვლისა, ის იყო ერთი საუკეთესო მოწინავე ქართველი მასწავლებელთაგანი, თავის დროისათვის საკმაოდ გამოჩენილი პედაგოგი – დაუცხრომელი მებრძოლი მშობლიური ენის უფლებისა და სიწმინდის დაცვისათვის, რამდენადაც ეს ცარიზმის წამლეკავ ატმოსფეროში იყო შესაძლებელი. ამავე დროს, პეტრე ჭარაია იყო მწერალი, ჟურნალისტი, ნიჭიერი მკვლევარი ქართული ენისა, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიისა, ქართული ლიტერატურის კრიტიკოსი და საკმაოდ კულტურული და გავლენიანი მოქალაქე, დიდი საზოგადო მოღვაწე.
პეტრე გიორგის ძე ჭარაია დაიბადა 1861 წლის 12 (24) ივნისს, სოფელ ეშქეთში (ახლა ოჩამჩირის რაიონი).
მშობლების ადრე გარდაცვალების გამო პეტრე იძულებული გახდა თბილისის სასულიერო სემინარიის მეხუთე კლასიდან გამოსულიყო. როგორც მისი ამ პერიოდის საბუთები მოწმობენ, ის მუდამ ბეჯითი და წარჩინებული მოსწავლე ყოფილა.
ასეთივე ბეჯითობითა და წარჩინებით განაგრძო ნიჭიერმა ახალგაზრდამ თვითგანვითარება და მუშაობა. ის განუწყვეტლივ მასწავლებლობდა სამურზაყანოს სკოლებში (მოქვი, გუფუ, ფოქვეში, გალი და ა. შ.). ამ სკოლებში ის ყველგან იცავდა ქართულ ენას.
პეტრე, როგორც მოწინავე პედაგოგი და ნიჭიერი ჟურნალისტი, ბევრჯერ მიუწვევიათ ქუთაისში ან თბილისში სამუშაოდ, მაგრამ ის მუდამ სამურზაყანოში არჩევდა დარჩენას და მუშაობას, რადგან დარწმუნებული იყო, იქ მეტს გააკეთებდა, მისი შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი იქ იყო საჭირო, როგორც ადგილობრივი და მკვიდრი ავტორიტეტული სახალხო მასწავლებელი, რომელიც იმ ხანებში გლეხისათვის იყო არა მხოლოდ მასწავლებელი მისი შვილებისა, არამედ მრჩეველი, დამცველი, ყოველგვარი გაჭირვების დროს დამხმარე და მისი უნუგეშო მდგომარეობიდან გამომყვანი.
როგორც მასწავლებელი, იგი იაკობ გოგებაშვილის ერთგული მოწაფე, მოწინავე იდეებით აღჭურვილი და ახალი, ეროვნული სკოლისათვის მებრძოლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანებში აფხაზეთის ეპარქიის ფარგლებში ქართული ენის სწავლება ყველგან და ყველა ტიპის სკოლაში სასტიკად აკრძალული იყო, პეტრე მაინც არ იშლიდა თავისას. მას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან” მოსდიოდა წიგნები და მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა”, რომელსაც ის უფასოდ ურიგებდა თავის მოსწავლეებსა და აგრეთვე, ახლობელ სკოლებსაც აწვდიდა.
პეტრე ჭარაიას, როგორც მასწავლებელსა და აღმზრდელს, კლასში დისციპლინის დასამყარებლად არასოდეს გამოუყენებია პალიატივი, გარდა მოსწავლეთა შეგნებისა. მისი ყოველი გაკვეთილი იმდენად მიმზიდველი, დამაინტერესებელი და ყურადღების გამტაცებელი იყო, რომ მოსწავლეებს წუთიც არ რჩებოდათ წესრიგის დარღვევისათვის. ამავე დროს, პეტრეს დამოკიდებულება ბავშვებისადმი იმდენად სათუთი, შთამაგონებელი და ადამიანისადმი პატივისცემის გრძნობით იყო გაჟღენთილი, რომ მოსწავლეები ერთიმეორეს არიგებდნენ და უსწორებდნენ საქციელს იმ მოტივით, რომ „პეტრეს ეწყინებაო”.
ამგვარი დისციპლინის შედეგად პეტრე იმას აღწევდა, რომ მის კლასში ყველა მოსწავლე გაკვეთილს კარგად ამზადებდა, ყველა ბეჯითობდა, არც საეჭვო გაკვირვებას იწვევდა ზოგიერთ „მოჩინოვნიკო” პედაგოგსა და მათ მესვეურებში, რომლებიც ცდილობდნენ ხშირად დასწრებოდნენ და „გაესინჯათ” მისი გაკვეთილი.
ერთ-ერთი მისი ყოფილი მოსწავლის გადმოცემით, პეტრე ჭარაიამ გალის სკოლის მოსწავლეებისათვის, სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ქართული ბიბლიოთეკა მოაწყო. ამასაც არ დასჯერდა, რეგულარულად იძენდა ქართულ გამოცემებს და უგზავნიდა ალექსანდრო-გრუშევსკის სასწავლებლის ქართველ მოსწავლეებს. ამგვარად, ქართველ მოსწავლეებს პეტრეს დახმარებით რუსეთშიც კი ჰქონდათ საშუალება, არ მოსწყვეტოდნენ მშობლიურ მწერლობას, სამშობლო ქვეყნის ვითარებათა მიმდინარეობას.
პეტრე ჭარაია მრავალგვარ ხერხს მიმართავდა ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდაც ქართული საქმე გაკეთებულიყო. 1900-იანი წლების ერთ პერიოდში, როცა მეფის მოხელეებმა ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს მიზანს იმით, რომ სოხუმის ოლქის (აფხაზეთ-სამურზაყანო) ფარგლებში სავსებით გააუქმეს ქართული ენის სწავლება, პეტრე დასაბუთებულ მოხსენებას უდგენს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”, რომელსაც უმტკიცებს, რომ საქმის შემოვლა კიდევ შეიძლება. იმგვარ ადგილას უნდა გაიხსნას ქართული სკოლა, სადაც სამურზაყანოელ ბავშვებსაც შეეძლებათ მისვლაო. მაგალითისათვის იგი ასახელებს ზუგდიდის მაზრას, ენგურის პირად მდებარე რომელიმე სოფელს, სადაც პატარები ადვილად შეძლებდნენ გაღმიდან გამოსვლას, თუკი სათანადო ხიდიც იქნებოდა გადებული.
“წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის მეცადინეობით 1915 წლის შემოდგომიდან საზოგადოების ხარჯით გალის სკოლაში შემოღებულ იქნა ქართული ენის სწავლება, როგორც საგნისა. მასწავლებლად გამწესებულ იქნა ქართულ ლიტერატურაში ცნობილი პეტრე ჭარაია”.
“ქართულ ლიტერატურაში ცნობილი” ეს პეტრე ჭარაია სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ მოშორებია დასახელებულ სკოლას.
ჯერ კიდევ სასწავლებელში მუშაობის დაწყებამდე პეტრემ საჯაროდ გაილაშქრა სოხუმის ოლქის სკოლებში ქართული ენის დევნის წინააღმდეგ. მან ამხილა აპრქიის ხელმძღვანელთა და სამოქალაქო უწყების ადმინისტრაციის შეთანხმებული უმართებულო საქციელი მშობლიური ენისადმი.
პეტრე ჭარაია მხოლოდ პრაქტიკულ საქმიანობასა და სახალხო განათლების გავრცელებისათვის მოღვაწეობაში როდია გართული. იგი დაუცხრომელი თვითგანვითარების გზით იძენს და ივსებს ცოდნას.
პეტრეს კალმით მოღვაწეობაზე აქ არ შევჩერდებით, ის ცალკე თემის საგანია, მაგრამ აქვე არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ერთი მისი ნაშრომი „დედაენის ზოგიერთ სიტყვათა განმარტება”, რომელსაც შესაფერი წვლილი აქვს შეტანილი სახალხო განათლების საქმეში დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელო-სამურზაყანო-აფხაზეთის პირობებში.
წიგნი, რომელიც გამოცემულია 1910 წელს, ჯერ კიდევ „დედაენის” ავტორის იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლის დროს, ცხადია, დიდი ქართველი პედაგოგის მიერ მოწონებულია. ეს ნაშრომი, მოკლედ რომ ვთქვათ, „დედაენის” ლექსიკონია, მასში მოთავსებულ ზოგიერთ სიტყვათა განმარტება.
ეს „განმარტებითი ლექსიკონი” რომ „დედაენას” ესაჭიროებოდა, ამას ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება, მისი ენის კილოკავური სიუხვე და დიალექტების განსხვავებულობა ადასტურებს.
“დედაენა” შეიცავს დიდ ლექსიკურ მასალას, და ეს გარემოება, – წერს პეტრე ჭარაია, – უნდა ჩაითვალოს ამ სახელმძღვანელო წიგნის უმთავრეს ღირსებად.
1895 წლის ჟურნალ „მოამბეში” პეტრე ჭარაიამ დასვა საკითხი „ქართული სალიტერატურო ენისა და მართლწერის” ჩამოყალიბების შესახებ. ის ამ საკითხის დასმას მომწიფებულად თვლიდა იმ ქვეყანაში, სადაც გაზეთი „დროება” ოც წელიწადს გამოდიოდა, შემდეგ გაზეთი „ივერია” და ჟურნალები: „კვალი” და მოამბე” სისტემატურად იბეჭდებოდა.
პეტრე ჭარაია კატეგორიულად მოითხოვდა: „საჭიროა „კვალის”, „ივერიისა” და „მოამბის” წარმომადგენლები და ენის სხვა მცოდნენი შეიკრიბონ, დაიიწყონ ყოველგვარ პირადი ანგარიშები და მიიღონ ერთი, ახლანდელი ქართული ენის მდგომარეობის შესაფერი ორთოგრაფია”. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ჩვენს მწერლობაში, ე. წ. „მამათა და შვილთა” პაექრობის შემდეგ, ლიტერატურული ენის ნორმების ხელახლა გადასინჯვის საკითხის დასმის საჭიროება პირველად პეტრე ჭარაიამ წამოაყენა.
1901 წელს ქუთაისში გამოიცა ცნობილი პედაგოგისა და გრამატიკოსის სილოვან ხუნდაძის ვრცელი ნაშრომი „სალიტერატურო ქართულის” სახელწოდებით. ამ შრომამ საკმაო გახმაურება ჰპოვა პრესაში პროფესორ ალ. ხახანაშვილისა და პეტრე ჭარაიას რეცენზიების სახით.
პეტრე ჭარაია თვლიდა რა სილოვან ხუნდაძეს ქართული ენის დიდ მცოდნედ, არ იზიარებდა მის ზოგიერთ დებულებას. მას, პირველ რიგში, მიუღებლად მიაჩნდა სილოვან ხუნდაძის მიერ სახელმძღვანელოდ მიღებული ორი პრინციპი სიტყვისა და სიტყვის ფორმის ამორჩევისა – კეთილხმოვანება და სიტყვის უმართებულოდ გამარტივება.
“კეთილხმოვანება, – წერს პეტრე ჭარაია, – მეტად განუსაზღვრელი რამ არის. რაც ბ-ნ სილოვან ხუნდაძეს კეთილხმოვნად მიაჩნია, ის შეიძლება სხვას არაკეთლხმოვნად მოეჩვენოს. ენის გამარტივება-გაუბრალოება ძირითადად მისაღები კრიტერიუმია, მაგრამ, მოგეხსენებათ, ენა აზროვნების ორგანოა და მისი მთავარი დანიშნულება მდგომარეობს აზრთა გადაცემა-გაგებინებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი ენა არა ყოველთვის ადგია გამოთქმის გაადვილებისა და გამარტივების გზას”.
როგორც ვხედავთ, პეტრე ჭარაია ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საკითხთა გაშუქებაში სწორ პოზიციაზე დგას. მისი ზოგიერთი მოსაზრება დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას.
რამდენიმე მოხდენილი და დამაჯერებელი ილუსტრაციის შემდეგ ის დაასკვნის, რომ „ჩვენი ნებით არ ძალგვიძს ერთი ფორმა მოვსპოთ და მეორე გავავრცელოთ (იგულისხმება კეთილხმოვანი და არაკეთილხმოვანი სიტყვები – ს. ც.), მაგრამ ენობრივ მოვლენებში, როგორც სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენებშიც, ერთი რაიმე კი შეგვიძლია, თუ ვიცით, რომელი საიდან მოდის და რომელი გზით საით მიილტვის, ჩვენ ეს მსვლელობა ცოტად თუ ბევრად დავაჩქაროთ”.
აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა თავის კაპიტალურ შრომაში (“ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა”) საკმაო ადგილი დაუთმო პეტრე ჭარაიას, რომლის მთელი რიგი მოსაზრებანი შეიწყნარა და ღირსეულადაც შეაფასა.
პეტრე ჭარაიას ეკუთვნის აგრეთვე მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, გამოკვლევა და კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატია, რომლებიც ქართულ პერიოდიკაშია გაფნტული.
განუწყვეტელი შრომითა და ბრძოლით გატეხილი პეტრე ჭარაია გარდაიცვალა 1919 წლის 2 დეკემბერს.