ილია ჭავჭავაძე (1837-1907)
ილია ჭავჭავაძე ქართული კულტურის ერთ-ერთი, ან იქნებ ყველაზე, გამორჩეული ფიგურაა. მის მიერ მონიშნული გზა, მისი იდეეები დღესაც არ კარგავენ აქტუალობას. ის, რაც ამ ერთმა ადამიანმა გააკეთა, ჩვეულებრივ, პროგრესისტთა მთელი არმიისა და სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ ხორციელდება. ამიტომაც ითქვა მის შესახებ: ,,ილია ჭავჭავაძემ შექმნა მე-19 საუკუნე და კიდეც დაკირა იგი თავისი სისხლით“. ტიციან ტაბიძის ეს მოსაზრება მთელი სისრულით იტევს იმ ფასდაუდებელი ღვაწლის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ილიასა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობას ჰქონდა.
დღეს სკოლებში ფართოდ ისწავლება ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მატიანე. დღის სინათლეზე ამოვიდა ბევრი ფაქტი, რომელიც საბჭოურ პერიოდში იყო მიჩქმალული. მაგალითად, გამოიკვეთა 1907 წლის წიწამურის ტრაგედიის ბევრი დეტალი, აშკარა გახდა, რომ ეს მკვლელობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ იყო შეკვეთილი; ითქვა იმ ინსინუაციების შესახებ, რომლებსაც, ვთქვათ, აწყობდა 1905 წელს ჟურნალი ,,მოგზაური“, უფრო სიღრმისეულად იქნა განხილული მოთხრობა ,,სარჩობელაზედ“ ან პოემა ,,განდეგილი“ , განსხვავებულად შეფასდა ბანკში მუშაობის პერიოდი, გაჩნდა საფუძვლიანი არგუმენტაცია ილიას მოღვაწეობის საქართველოში განმანათლებლური იდეების გავრცელებასთან დასაკავშირებლად და სხვ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც, მიუხედავად ათასგვარი აკრძალვებისა, მაინც სახეზეა, ილიას განკერპებას შეეხება. ყველასთვის ცხადი ხდება, რომ, სანამ ჩვენ ამ უარესად რეზონანსულ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს უსიცოცხლო ძეგლად, მკვდარ კლასიკად აღვიქვამთ, შეუძლებელი ხდება მისი ნამდვილი სახის დანახვა და რაც მთავარია, გვერთმევა მისივე ტექსტების სწორად წაკითხვისა და ახლებური ინტერპრეტაციის საშუალება.
ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია მიზანმიმართული, ძლიერი სულისა და გონების მქონე ადამიანის ცხოვრების მოვლენებით დატვირთული ქრონიკაა. ადრე დაობლებული ყმაწვილი (14 წლის ასაკში მას უკვე დედ-მამა არ ჰყავდა, რასაც უფროსი და უმცროსი ძმების სიკვდილიც დაერთო), თავისი მზრუნველი მამიდა მაკრინეს ამარა დარჩენილი, მხნეობას არ ჰკარგავს და თბილისში ჰაკეს (სინამდვილეში სასწავლებლის დამაარსებელი არა ჰაკე, არამედ რაევსკი იყო) სახელით ცნობილი პანსიონის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში მიემგზავრება. გამოსასალმებელ ლექსში ,,ყვარლის მთებს“, რომელსაც ყმაწვილი ილია 1857 წელს წერს, კარგად ჩანს, რომ ავტორს არაერთი სხვა ქართველი თავადიშვილისგან განსხვავებით არა თუ ერცხვინება, ეამაყება კიდეც ქართველობა (,,აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ , დაბადება თქვენს შორისა მხვდა , თქვენის ვარ შვილი...“) და შორეულ ქვეყანაში არა მოგზაურობის სურვილს, არამედ ,,წუთისოფლის ვალს“ წაუყვანია (,,და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთისოფლის, / მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა..). 1858 წელს ილია სწავლას იწყებს პეტერბურგის უნივერსიტეტის კამერალური განყოფილების იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სრული კურსის ნაცვლად მხოლოდ ოთხ წელს დაჰყოფს. დროის ნამდვილ შინაარსზე მწერალი ,,მგზავრის წერილებში“ გვესაუბრება და შემეცნების ამ რთულ პერიოდს ,,სიბნელესა და სინათლეს შუა გადებულ ბეწვის ხიდს უწოდებს“. პეტერბურგში ყოფნის დროს პროფესორ დავით ჩუბინაშვილის დახმარებით თავმოყრილი ძველი ქართული მწერლობის ძეგლების საფუძვლიან შესწავლასთან ერთად ილიას ეძლევა ბედნიერი შემთხვევა სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან, შეხვედრისა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, ილია ჭავჭავაძესა და კოხტა აფხაზს ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფიულ რვეულს გადასცემს. ზედმეტი არ იქნება იმის თქმა, რომ ბარათაშვილის სახით ილია ქართული მწერლობის განვითარების ახალ ეტაპს ეცნობა, თუმცა ტექსტის მაღალმხატვრულობასთან ერთად ის ეზიარება ,,ბედი ქართლისაში“ თუ ,,სუმბულში“ გახმოვანებულ თავისუფლების იდეას. ეს იდეა თავად ბარათაშვილს, უთუოდ, თავისი მასწავლებლისგან, სოლომონ დოდაშვილისგან, ჰქონდა ათვისებული. ასეთი დონის ქართველი პოეტის აღმოჩენით აღფრთოვანებული ილია (კ. აფხაზის გადმოცემით, იგი პირდაპირ ბოდავდა ამ ლექსებით), ამ შემთხვევაში ხდებოდა ორი საეტაპო მნიშვნელობის მოღვაწის (დოდაშვილისა და ბარათაშვილის) სულიერი მემკვიდრე და ახლა სწორედ მას, ახალ სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში აღმოცენებულ ძლიერ ინდივიდს, უნდა ებრძოლა ამ იდეის ხორცშესასხმელად. ,,ყრმაო, პოეტო, უღმრთო იყო შენი სიკვდილი! ვინ უწყს რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა...“ - ასე მიმართა ილიამ თავის რჩეულს ლექსში ,,ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“.
1861 წელს სამშობლოში დაბრუნება და მასთან შეხვედრის ,,მზიან-ჩრდილიანი“ სიხარული ახალგაზრდა ილიამ ,,მგზავრის წერილებში“ გადმოგვცა. ქვეყნისთვის ,,ღვიძლი სიტყვის“ თქმა და გულგრილობის ნაცვლად მისგანაც მცირეოდენი თანაგრძნობის მიღება - აი, სულ ეს იყო, რაც მას სჭირდებოდა. ამავე ტექსტში ავტორმა წამოაყენა მთელი თავისი შემდგომი საქმიანობისთვის ფუძემდებლური ორი იდეა: მოძრაობისა (,,მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა...) და დამოუკიდებლობისა (,,ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“). უკომპრომისო ბრძოლა სამწერლო მოედნის, როგორც სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი სარბიელის, არაკვალიფიციური ელემენტებისგან დაცლის მოტივით, აისახა პირველივე პუბლიცისტურ წერილში ,,რამდენიმე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის მიერ კოზლოვის ,,შეშლილის თარგმანზედა“. წერილმა წინა თაობის წარმომადგენელთა სრულიად არაორაზროვანი შეშფოთება გამოიწვია, რაც თაობათა ბრძოლის პირველ ეტაპადაა მიჩნეული.
1863 წელს ახალი ჟურნალის ,,საქართველოს მოამბის“ დაარსების პერიოდში ილია აქვეყნებს ,,კაცია-ადამიანს“, რომელსაც ქართველი თავადაზნაურობა გაუგონარ მკრეხელობად და პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. ავტორს უჩნდება ხანჯლით შეიარაღებული მოწინააღმდეგები, რომლებიც იმუქრებიან: ამის დამწერს ხმლით ავკუწავთო. (ამიტომაც დაჰყვება ,,პირადი დაცვა“ მისი მეგობრის ილია წინამძღვრიშვილის სახით). ამ პერიოდში დაწერილი ,,ჩემო კალამო“, ფაქტობრივად, პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას და ,,კაცია-ადამიანის“ ავტორის ,,ქცევის მოტივაციას“ წარმოაჩენს: ,,ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია“.
1863 წელს, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე დაქორწინების შემდეგ, უსახსროდ დარჩენილი ილია ქუთაისსა და დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ იწებს მუშაობას. თუმცა ამ პერიოდს მალე ჩაანაცვლებს მისი მარავალმხრივი და ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ის ხანა, რომელიც მისსავე მკვლელობამდე გრძელდება. გარდა გაზეთ ,,ივერიის“ რედაქტორობისა, ილია მუდმივად წერს უმნიშვნელოვანეს პუბლიცისტურ წერილებს ( ,,საქართველოს მოამბეზედ“, ,ზოგიერთი რამ“, ,,წერილები მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე“, ,,აკაკი წერეთელი და ,,ვეფხის-ტყაოსანი’“, ,, ერი და ისტორია“, ,,ქვათა ღაღადი“, ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“, ,,ხიზნების საქმე“, ,,ოსმალოს საქართველო“, ,,ძველი და ახალი ეკონომიურ ცხოვრებაში“, ,,ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“, ,,კატკოვის პასუხად“, ,,მეცხრამეტე საუკუნე“ და მრავალი სხვა), რომელთა გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორია, არამე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების, მათი ცნობიერების მთლიანობის შენარჩუნება.
თავისი უფროსი მეგობრის საინტერესო პორტრეტს ხატავს იაკობ მანსვეტაშვილი: ,,როგორი იყო ილია კერძო ცხოვრებაში? არ იყო მედიდური, გვარეულობით თავი არ მოჰქონდა. უბრალო, მდაბიური ცხოვრება მოსწონდა, შინ ჯდომა უყვარდა, დარბაზობა, ეგრედწოდებულ ვიზიტებზე სიარული სძულდა. შინ კი ბლომად მოსდიოდნენ ნაცნობნი, თავისი თუ ცოლისა, მაგრამ მათი დახვედრა, მათი მიღება ევალათ მის მეუღლესა და დას, რომელიც მასთან ცხოვრობდა. ცოტა უკმეხი იყო. ხშირად მთელი საათობით უძრავად იჯდა ჩაფიქრებული. გაცოცხლდებოდა ხოლმე კამათის დროს. თუ ვისმე დაიახლოვებდა, მაშინ ოხუნჯობდა...თუმცა აქაც საბელი ხელში ეჭირა...“
ილია დიმიტრი ყიფიანთან ერთად ერთ-ერთი ორგანიზატორია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისა, რომლის შესახებაც იგი წერდა: ,,იმისთანა მაღალმნიშვნელოვანი საზოგადოება ჩვენში ჯერ არ დაბადებულა. მისი მიზანია ერის განათლება, ემსახუროს მთელ ერს, ქართველობას, მისი ასპარეზია მთელი ქვეყანა“. იაკობ გოგებაშვილმა კი აღნიშნულ საზოგადოებას ,,ჩვენი სამეცნიერო აკადემია, ეროვნული თავშესაფარი“ უწოდა. მართლაც, ქართული ენისა და ქართველთა თვითშეგნების გადარჩენა მეტწილად სწორედ ამ ტიპის მოღვაწეობით ხერხდებოდა.
ამასთან ილია განაგებს თეატრალურ საზოგადოებას, სასკოლო კომიტეტს, ქართულ ბანკს, ეხმარება ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელიც მის სახელს არ უკავშირდება. ამიტომაც გერონტი ქიქოძემ ილია ჭავჭავაძეს ქართული აზრის დიქტატორი უწოდა. ეს კი შინ თუ გარეთ ძალიან ბევრს არ მოსწონდა და ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ როგორც რეფორმისთვის, ისე რეფორმატორისთვისაც.
1871 წელს ილია წერს თავის ცნობილ ,,გამოცანებს“, რომელშიც ეროვნული ინტერესის ღალატს (უნივერსიტეტის ნაცვლად თავადაზნაურობის წარჩინებულმა ნაწილმა იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნა რომ სთხოვა) არავის, თვით გრიგოლ ორბელიანსაც კი არ პატიობს. იწყება მამათა და შვილთა ბრძოლის მეორე ეტაპი, რომელიც ,,თერგდალეულებად“ წოდებული ახალგაზრდობის მეტად სერიოზული მიზნებისა და შესაფერისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს. (,,ჩვენ ვლეთ რუსეთი, მაგრამ არც ერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია...“,
1873 წელს პროვინციიდან თბილისში გადმოსული ილია მოწინავე ქართველი ინტელიგენციის თხოვნით ქართულ სათავადაზნაურო ბანკს უდგება სათავეში. ეს სარბიელი საკმაოდ რთული აღმოჩნდება და უკომპრომისო და პრინციპულ ილიას მტრებს კიდევ უფრო გაუმრავლებს. (რად ღირს თუნდაც დაპირისპირება ივანე მაჩაბელთან და მის მომხრეებთან). პარალელურად მიმდინარეობს გამუდმებული ბრძოლა სკოლების, ბიბლიოთეკების გახსნისთვის, თეატრის შენარჩუნებისთვის, ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეგროვებისთვის, რის გამოც ილია ბეჭდავს სპეციალურ პროგრამას და ხალხში ავრცელებს. ამასთან იგი წ.კ. გ. საზ-ის ბაზაზე აარსებს ქართული ხელნაწერების სიძველეთსაცავს, რომელსაც ფონდის გასამდიდრებლად თავიანთი ბიბლიოთეკები შესწირეს სამეგრელოს ყოფილმა მთავარმა ნიკო დადიანმა (ილია თვითონ ჩავიდა გორდში ამ მასალის ჩამოსატანად), პროფ. დ. ჩუბინაშვილმა, ისტორიკოსმა დ. ბაქრაძემ, მ. მესხიშვილმა (ამ კოლექციაში აღმოჩნდა უძველესი ქართული მატიანე ,,მოქცევაი ქართლისა“) და სხვ.
რუსიფიკატორული პოლიტიკის გააქტიურების პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს ზრუნვა ქართულ გიმნაზიაზე, რომელიც ქართული ენის გადარჩენის ერთ-ერთი (მწერლობასთან და თეატრთან ერთად) უმთავრესი კერაა. განათლების მაშინდელი მზრუნველის კ. იანოვსკის წინააღმდეგ მიმართული ილიასეული პათოსიც (,,ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“) განათლების ხალხის სასარგებლოდ და არა მისი სულიერი დამახინჯებისთვის გამოყენების მხარდაჭერისკენაა მიმართული. ასეთივეა გამოხმაურება რუსი ჟურნალისტის კატკოვის თუ სომეხი მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც სრულიად დაუსჯელად ამცირებდნენ ისედაც დამონებულ ქართველობას. ილია აქ მთელი ერის აქტიურ და, რაც მთავარია, გონიერ გამომსარჩლებლად გვევლინება.
ილიას მოღვაწეობა განსაკუთრებით მრავალფეროვანი მე-19 საუკუნის 900-იან წლებში ხდება. ამ დროს, როგორც მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი პავლე ინგოროყვა წერს, გამოვლინდა მისი დიდი ტალანტის უნივერსალობა. ილია ამ პერიოდში გვევლინება როგორც პუბლიცისტი, ეკონომისტ-სოციოლოგი, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საგარეო პოლიტიკის მიმომხილველი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. განსაკუთრებით საინტერესოა მისი დამოკიდებულება ეკონომიკური პრობლემატიკისადმი. წერილებში ,,ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი“ (1893) და ,,ძველი და ახალი ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში“ (1897) ილია აანალიზებს საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ისტორიას, მის ახლანდელ მდგომარეობას და ამ მდგომარეობიდან თავდაღწევის გზებს სახავს. იგი პროფესიონალურ დონეზე განიხილავს მევენახეობისა და მეღვინეობის, ბამბეულისა და პურეულის, მელიორაციისა და მესაქონლეობის დარგებს და ანალოგიურ სფეროში ევროპული ქვეყნების გამოცდილებას წარმოაჩენს. ყველაფერი რის განმარტებასაც ილია ესწრაფვის ქართველი კაცის, ილიასებურად კი ,,ახალი ქართველის“, აქტიურ, მოქმედ ხასიათს, მის მაღალ შრომით კულტურას, რაციონალიზმსა და ოპტიმიზმს უნდა დაეყრდნოს. ნირშეცვლილი დროის მოთხოვნით თავადაზნაურობამ პირწმინდად უარი უნდა თქვას წოდებრივ ეგოიზმზე, დურბინდით, ანუ ცოდნით შეიარაღებული მიუბრუნდეს გლეხობას და მხოლოდ მასზე დაყრდნობით გაიტანოს ცხოვრების უღელი. სწორედ ამ პრობლემას მხატვრულად ამუშავებს ილია თავის ბოლო პროზაულ ნაწარმოებში ‘’ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ათვალსაჩინოებს ,,ჩატეხილი ხიდის“ გამთლიანების, ანუ ქვეყნის გადასარჩენად წოდებათა მორიგების იდეას.
სწორედ ეს მოსაზრება გახდა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების მიზეზი ამ დროისათვის უკვე მარქსისტებად ანუ სოციალ-დემოკრატებად და ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრეებად გახლეჩილ ქართულ საზოგადოებაში. მაშინდელი ერთი პუბლიცისტის დაკვირვებით, ,,ჩვენს ცხოვრებას ცალმხრივად გაგებული სოციალისტური იდეების მღვრიე ნაკადი შეერია“. მათ გადაუდებელ მიზნად დაისახეს ,,გაქსუებული თავადაზნაურობისა და რეაქციონერ-მემამულეების“ მიერ მოგონილი თავისუფალი საქართველოს მირაჟის ,,სამუდამოდ“ გაქარწყლება, ე.ი. საზოგადოებრივი აზრის სულისჩამდგელის, ილია ჭავჭავაძის, ფიზიკური განადგურება. მოვლენათა ამ ჭრილში ტრაგიკულ ელფერს იძენს 1906 წელს სახელმწიფო სათათბიროში არჩეული ილიას მიერ პეტერბურში გამართული შეხვედრა სოციალ-დემოკრატებთან. იგი ილიას თხოვნით რესტორან ,,ევროპაში“ მოაწყო დავით სარაჯიშვილმა. მე ახალი (ავტონომიის) იდეის წამოყენებას ვაპირებ და პირობა მომეცით, რომ ხელს არ შემიშლითო. ისინიც უსიტყვოდ დაეთანხმნენ, თუმცა ამ დროისთვის ილიას მკვლელობა უკვე გადაწყვეტილიც კი ჰქონდათ. დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმათი სახელების ცოდნას, ვინც ეს შემზარავი მკვლელობა ჩაიდინა. ისინი უმეცრების ბნელეთის ტყვეობიდან ვერდახნილი, ტლუ და გაუგებარი გლეხები იყვნენ. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ორგანიზატორებზე, რომლებსაც ვაჟა ფშაველას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, რომ შესძლებოდათ, მთელ საქართველოს მოკლავდნენ.
სამწუხაროდ, მასაში, უბრალო ხალხში ვერ გამომუშავდა ის მოწინავე პროგრესისტული აზრები, რომელსაც ილია და მისი თანამოაზრენი ქადაგებდნენ. გლეხობის დიდმა ნაწილმა შორეულ პერსპექტივას, როდესაც მათი სისიტემატური შრომის შედეგად ,,მომავლის ბაღები“ აყვავდებოდა, ,,სოციალისტური სამოთხე“ არჩია და მიენდო კიდეც დემაგოგიას უზრუნველი, თანასწორი და სამართლიანი ცხოვრების შესახებ. ჩვენმა ქვეყანამ უარყო ილიას გზა და მთელი არსებით ჩაერთო სხვა ზნის, სხვა ჩვეულების, განსხვავებული მისიის მქონე ქვეყნის ისტორიაში და 70 წლით წაიშალა მსოფლიო რუკიდან. ეს ძალზე სამწუხარო ფაქტია, თუმცა თუ წარსულის შეცდომებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, გადავრჩეთ კიდეც. და ამაში კვლავ დიდ დახმარებას გაგვიწევს ის გამოცდილება, რომელსაც ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი გვაძლევს.
ლიტერატურა:
ქართული მწერლობა, წიგნ. 1, 198
პ. ინგოროყვა, ილია ჭავჭავაძე, (ნარკვევი), თბ., 1957
ი. მანსვეტაშვილი, ნახული და გაგონილი, თბ., 1985
ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი ორ ტომად. თბ., 1977