‍ივანე მაჩაბელი (1845-1898)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0102 machილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები თქმული ახალგაზრდა ივანე მაჩაბლის შესახებ: ჩვენ ეს კაცი ძალიან გვეიმედებაო, ადასტურებს არა მარტო ჩვენი მოღვაწეების მიერ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში განათლებასა და აქტიურ საზოგადოებრივ პოზიციაზე აღებული ორიენტაციის სისწორეს, არამედ მეტყველებს ამგვარი შეფასების ადრესატზეც, რომელმაც თავისი ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით თვით ილია ჭავჭავაძის ყურადღება მიიპყრო. მართლაც, ივანე მაჩაბელი იმთავითვე გამოირჩეოდა ქვეყნის მომვლისთვის ძალზე საჭირო მოღვაწის პიროვნული თვისებებითა და ინტელექტუალური შესაძლებლობებით, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.

მამამისი, გიორგი მაჩაბელი, (რომელიც გონიერ და მხნე სომხის დაბაღის ქალზე, ნატალია ერევანცოვაზე, იყო დაქორწინებული) , მეტსახელად ,,პრადალა“, უფრო გიორგი ერისთავის პიესების პერსონაჟებს ჰგავდა, ვიდრე სამაჩაბლოს უკანასკნელი მთავრის, 1832 წლის შეთქმულების მონაწილის (დაკითხვებზე თურმე მას ვერაფერი წამოაცდევინეს) სვიმონ მაჩაბლის შვილს, რომლის ეზოში შვილიშვილების გასახარად ჯერ კიდევ იდგა თეიმურაზ მეორისეული და იმავდროულად კრწანისის ომგამოვლილი ზარბაზანი. დაბაღის ქალიც იმიტომ შეურთავს, რომ ამით, სხვა ქართველი თავადების მსგავსად, მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებას ვარაუდობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მოტყუვდა, ამიტომაც ხალხმა ასეთი სატირული ლექსი გამოუთქვა: ,,მაჩაბელო, ფესაო / თვალი დაგიდგესაო, / დაბღის ქალი ცოლად შეგრთეს,/ ფული არ მოგცესაო“. გიორგი ქეიფისა და დროსტარების მოყვარული ყოფილა (მეტწილად ქალაქში იყო, ,,ცოლ-შვილში ყოფნა არ უყვარდაო“), ამიტომაც მისი ვაჟების, ვასილისა და ივანეს, სწავლისაკენ განსაკუთრებულ მიდრეკილებას, მამის დამსახურებას ვერ მივაწერთ. მეტიც, სწავლაზე ორიენტირება უფრო მშობლის ცხოვრების წესისგან რადიკაურად განსხვავებული გზით სიარულის სურვილმა განპირობა. თუმცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს გიორგი მაჩაბელს მაინც გამოუჩენია თავი. იგი ჩაწერილა გენერალ-ლეიტენანტ ივანე-მალხაზ ანდრონიკაშვილის რაზმში და 1854 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც მესამე შვილი შეეძინა, ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ, მამაცობისთვის გიორგის ჯვარიც კი მიუღია. თამარაშენში, საგვარეულო სახლში, სპეციალურად გამოუტარებია გენერლის ვაჟი, არჩილი, რომლისთვისაც ახალშობილი მოუნათვლინებია და მისთვის ივანე ანდონიკაშვილის საპატივცემლოდ ივანე დაურქმევია.

ბოლოს, გიორგი გორის ერთ-ერთ დუქანში გარდაცვლილა. მედუქნე კი ჭირისუფალს ცხედარს მანამ არ აძლევდა თურმე , სანამ ივანე და ვასილი მამის მიერ დაგროვილ ვალს არ გადაიხდიდნენ.

ვანო მაჩაბელი 1863-70 წლებში თბილისის გიმნაზიიის წარჩინებული მოსწავლეა. მისი გონებრივი მისწრაფებების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს ქართულის მასწავლებელი პეტრე უმიკაშვილი. ამავე პერიოდში იგი გატაცებულია თეატრითაც და აქტიურად მონაწილეობს გორისა და თბილისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. ერთხანს რეპეტიტორობს კონსტანტინე მამაცაშვილის ოჯახშიც, ხოლო 1871 წლიდან სწავლას აგრძელებს პეტერბურგის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე (იქ ამ დროს უკვე სწავლობს მისი ძმა, ვასილი), შემდეგ კი გერმანიისა (ოპენჰაიმის) და საფრანგეთის (სორბონის) უნივერსიტეტებში ეუფლება აგრონომიის, სოფლის მეურნეობის, იურისპუდენციის საკითხებს. პარალელურად გატაცებით კითხულობს ჰეგელს, კანტს, ბოკლს, ფურიეს, პრუდონს, სენ-სიმონს, შტრაუსს, სრულყოფილად ეუფლება რამდენიმე ევროპულ ენას. პეტერბურგში ყოფნის დროს, 1873 წელს, მაჩაბელი ხვდება ბანკის საქმეებზე იქ მივლინებულ ილია ჭავჭავაძეს. ისინი ერთობლივად თარგმნიან შექსპირის ,,მეფე ლირს“. პიესის პირველი მოქმედების მაჩაბელ-ჭავჭავაძისეული ვარიანტი იმავე წელს იბჭდება კიდეც ჟურნალ ,,კრებულში“ და მოწინავე ქართული საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

1879 წელს ივანე მაჩაბელი სამშობლოში ბრუნდება. მცირე ხანს მუშაობს სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად, შემდეგ კი ,,ივერიის“ თანამშრომელი, 1882-83 წლებში კი მისი მეორე რედაქტორიც ხდება. პუბლიცისტური წერილები, რომლებიც იმდოინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ყვ ელა საჭირბოროტო საკითხს ეხება, წარმოაჩენს ივანე მაჩაბელს, როგორც ,,თერგდალეულთა“ იდეებისა და მიზნების ერთგულ მიმდევარს, ილიას ღირსეულ მემკვიდრეს. 1883-85 წლებში გაზეთ ,,დროებას“ რედაქტორობს. ამ გაზეთის დახურვას უკავშირდება პირველი დაპირისპირება ილიასა და მაჩაბელს შორის. პოლემიკურ წერილებში მაჩაბელი ავლენს აზრის მყარად არგუმენტირებისა და პრობლემურ საკითხებთან პრინციპული მიდგომის უნარს. 1879 წლიდან არაერთი სხვა მოწინავე ქართველი მოღვაწის მსგავსად ისიც ერთვება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში და ჯერ მისი გამგეობის წევრი, მოგვიანებით კი თავმჯდომარის მოადგილე ხდება. ამასთან მაჩაბელი ქართული მუდმივი თეატრალური დასის მზრუნველი და მონაწილეა (1879), სათეატრო კომიტეტის წევრია, ,,ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერული გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორია. ივანე მაჩაბლის მაღალი კვალიფიკაცია ძლიერ სჭირდებოდა ქართულ საადგილმამულო ბანკსაც. ამიტომ ილია მას სამუშაოდ იწვევს. იგი ბანკის მოლარე და შემდეგ დამფასებელი ხდება. სწორედ ამ პერიოდში იწყება ცნობილი დავა ბანკის საკითხების გარშემო ილიასა და ივანე მაჩაბელს შორის, რომელიც ,,ბანკობიის“ სახელითაცაა ცნობილი. 1883 წელს მაჩაბელი საბოლოოდ ჩამოშორდება ბანკს. მას ობოლთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირჩევენ. 1892 წელს კვლავ მწვავდება ბრძოლა ილია ჭავჭავაძესთან, რომლის ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენს ანონიმურად გამოცემული წიგნი ,,ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“. ავტორი ყველასთვისაა ცნობილი. იგი ივანე მაჩაბელია. ამ საბედიწერო დაპირისპირებას ,,ბრწყინვალედ“ იყენებენ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომლებსაც მაჩაბლის კარგად დაგეგმილი მკვლელობით, მოსყიდული მოწმეებითა და ფაქტების ოსტატური არევ-დარევით უმტკივნეულოდ შეუძლიათ ჩირქი მოსცხონ ყველაზე ფხიზელ და თვალსაჩინო მოღვაწეებს, ისეთებს,როგორებიც არიან ილია და აკაკი წერეთელი, რომელთა აქტიური პოზიცია ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას ემსახურება. გარეგნულად არაკეთილმოსურნეთა ეს სწრაფვა ასე გამოიხატა: 1898 წლის 26 ივნისს, მაშინ, როდესაც მდინარე მტკვარი საგრძნობლად ადიდებულია (ესეც ერთ-ერთი დამაბნეველი ფაქტორი, რადგან იყო ვერსია მისი მტკვარში თავის დახრჩობის შესახებ), შუაღამისას ივანე მაჩაბელი სახლიდან გადის და უკვალოდ იკარგება.

ივანე მაჩაბლის მასშტაბის ძლიერი და გამორჩეული ფიგურა, მართლაც, ძალიან სჭირდებოდა მაშინდელ საქართველოს. გარდა ფართო და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, იგი ახალი ქართული სალიტერატური ენის ფუძემდებელიც გახდა, რადგან დიდი სიღმითა და სიზუსტით თარგმნა შექსპირის პიესები: ,,ჰამლეტი“ (1886), ,,ოტელო“ (1888), ,,მაკბეტი“ (1892), ,,რიჩარდ მესამე“ (1833), ,,იულიუს კეისარი“ (1896), ,,ანტონიო და კლეოპატრა“ (წიგნად - 1928), ,,კორიოლანოსი“ (1898). სპეციალისტების აზრით, მაჩაბელი მიიზიდა ამ ნაწარმოებებში ასახულმა ჰუმანური იდეალებისა და უხეში სინამდვილის ტრაგიკულმა შეუსაბამობამ, რაც მისთვისაც, როგორც ჩანს, ახლობელი თემა იყო. მაჩაბელმა შეძლო შექსპირის ტრაგედიათა ქვეტექსტში ჩახედვა, რამაც მისი, როგორც მთარგმნელის, დიდი წარმატება განაპირობა.

ივანე მაჩაბლის პირობითი საფლავი მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონშია მოწყობილი, ხოლო რაც შეეხება მის სახლ-მუზეუმს სამაჩაბლოში, ოსურმა მხარემ იგი ძირფესვიანად დაანგრია.

 


ლიტერატურა:

ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია (მე-19 ს),1959

ვ. ჭელიძე, ივანე მაჩაბელი, თბ. 1968

ქართული მწერლობა, წიგნ. 1, თბ. 1984

შ. მჭედლიშვილი, მაჩაბელი ლეგენდების გარეშე, თბ. 2007