ალექსანდრე როინაშვილი (1846 -1898 )
,,ქართველები ვამბობთ ხოლმე: ვინც მოკვდა - თავსა მოუკვდაო... ალექსანდრე როინაშვილი თავის- თავს კი არ მოუკვდა, მოუკვდა თავისს ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედობა თავის საკუთარ ბედად და უბედობად გაიხადა და ამის გარე სხვა საგანი ცხოვრებისა არა ჰქონია...“- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, მესურათხატის ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალებას. ასეთი შეფასების დამსახურება, ცხადია, შემთხვევითი არ ყოფილა. დუშეთში ღარიბი ხელოსნის ოჯახში დაბადებულმა ყმაწვილმა მაშინდელ საზოგადოებას აჩვენა არა მარტო გარჯისა და მხნეობის მაგალითი (რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი იყო), არამედ, როგორც ილიავე შენიშნავდა, ,,ის გრძნობაც, რომელსაც მამულიშვილურ სიყვარულს ეძახიან“ და ,,რომელიც დედაა, მშობელია გარჯისა და მხნეობისა და... იქა ჰსადგურობს, საცა უბრყვილო, უანგარო და პატიოსანი გულია...“
ალექსანდრე როინაშვილი 1846 წელს დაიბადა. მამა , სოლომონი, უნაგირების ოსტატი ყოფილა, დედა , მარინე, - მემაქმანე. 14 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე ლუკმაპურის საშოვნელად თბილისში ჩამოდის და ფოტოგრაფ ვ. ხლამოვს უდგება შეგირდად. ნიჭიერი შეგირდი, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მალე იქცევს ოსტატის ყურადღებას. მართლაც ალექსანდრე ხელობის ათვისების საქმეში ისეთ წარმატებას აღწევს, რომ 1865 წლიდან დამოუკიდებლად იწყებს ფოტოგრაფობას და უკვე 1875 წელს ხსნის საკუთარ ფოტოსახელოსნოს, სახელწოდებით ,,რემბრანდტი“. ამით უთუოდ იმის ხაზგასმა სურს, რომ იგი არა მხოლოდ სურათების მექანიკურად გადამღები, არამედ ამ პროცესის ხელოვნების დონეზე ამყვანი სპეციალისტია. მიღწეულ წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ 1889-1898 წლებში თბილისში როინაშვილის კიდევ ორი ფოტოსტუდია იხსნება: ,,სასურათხატო“ და ,,ამხანაგობა“. ეს უკანასკნელი ნახევრად საქველმოქმედო დაწესებულებაა. აქ პროფესიას ახალგაზრდები ეუფლებიან, ბევრი მათგანი კი მეპატრონის ხარჯზე ცხოვრობს. შემონახულია ფოტო, სადაც როინაშვილი თავის სხვადასხვა ასაკის მოსწავლებთანაა გადაღებული. ჩვენამდე ზოგიერთი მათგანის გვარ-სახელმაც მოაღწია: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლომოური, ვ. როინაშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვ.
ალექსანდრე როინაშვილის ფენომენი არა მარტო მაღალ პროფესიონალიზმს ეფუძნება, არამედ დროის მოთხოვნასთან მისი პროფესიული ჩვევების შეთავსების არაჩვეულებრივ უნარს, რასაც, ცხადია, მასშტაბურობას ამ შრომისმოყვარე და ენერგიული ადამიანის ალღოიანობა და შორსმჭვრეტელობა ანიჭებდა. ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ჩვენი მეხსიერება, რომ არა ქართველ მწერალთა პორტრეტების როინაშვილის მიერ შესრულებული სერია: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა და ალ. ყაზბეგი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვ. რად ღირს თუნდაც შოთა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომელიც ხალხში ათასობით გავრცელდა. ამ ნამუშევრებმა ქართულ ოჯახებში დაიდეს ბინა და დიდად შეუწყვეს ხელი ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შედეგიც, რომელიც როინაშვილის მიერ ფოტოაპარატის ნატურაზე გატანას მოჰყვა. გარდა იმისა, რომ იგი საქართველოს მთასა და ბარში მოგზაურობდა, ფეხით მოიარა დაღესტანიც და თემირ-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაგსკი) რვა წელიწადი დაჰყო, სადაც ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა უაღრესად საინტერესო გეოგრაფიულ თუ ეთნოგრაფიულ მასალას ზოგიერთი მისი ფოტო კი ერთგვარი ჩანახატია, რეალობის მხატვრულად გააზრებული ფრაგმენტია.
ალექსანდრე როინაშვილი, როგორც თავისი ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარი, მწვავედ გრძნობდა ქართულ სიძველეთა მუზეუმის დაარსების აუცილებლობას. აი, რას წერდა იგი გაზეთ ,,ივერიაში“: ,,რუსეთის იმპერიაში თითქმის არც ერთი ერი არ მოიპოვება, რომ საკუთარი სახლი ანუ მუზეუმი არ ჰქონდეს. ჩვენ კი, რომელთაც უპირატესობა გვაქვს წარსულის დიდებით , ხელოვნებით, მწიგნობრობით, აზრადაც არ მოგვდის დავაარსოთ ამგვარი ეროვნული სახლი, რათა დაინახოს მომავალმა თაობამ თავისი წარსული, თავისი დიდება“. სწორედ ამ თემაზე წერილობით ესაუბრება და უზიარებს თავის გეგმებს როინაშვილი ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს თუმცა ეროვნული მუზეუმის გახსნის იდეა განუხორციელებელი აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, 1887 წელს როინაშვილი ქმნის ფოტოგრაფიის მოძრავ მუზეუმს და 1887-89 წლებში კავკასიისა და რუსეთის მრავალ ქალაქში (პეტერბურგში, მოსკოვში, სარატოვში, ასტრახანში, სამარაში) მართავს წლების განმავლობაში შეკრებილ სიძველეთა და უძვირფასეს ფოტოსურათთა გამოფენას. საქართველოს სიძველეთა ამსახველ მრავალ ფოტოგრაფიულ და სტერეოსკოპულ ფოტოსურათებთან ერთად გამოფენილი იყო ძველებური იარაღი და სამხედრო აღკაზმულობა, სპილენძისა და ვერცხლის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური კოლექცია და სხვ. ქართული და აღმოსავლური კულტურის ამსახველი ნიმუშები. გამოფენას დიდი წარმატება ხვდა წილად.
მოგვიანებით, 1983 წელს იქმნება თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება, რომლის დამფუძნებელი კრება როინაშვილისვე ატელიეში ცატარდა. საზოგადოების მიზანი იყო ფართო პოპულარიზაცია გაეწია ფოტოგრაფიისთვის. გაზეთი ,,კავკაზი“ სისტემატურად ბეჭდავდა ცნობებს ამ საზოგადოების საქმიანობაზე. საზოგადოების ინიციატივით 1897 წლის 23 აპრილს თბილისში ისტორიული მუზემის სენობაში (ამჟამად სამხატვრო გალერეა რუსთაველზე) გაიხსნა გამოფენა. გამოფენაზე ფოტონამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიული აპარატები და მოწყობილობები. გამოფენის მონაწილეები საექსპორტო კომისიამ დააჯილდოვა.
როინაშვილის ფოტოატელიე, როგორც მთელ ევროპაში, თბილისშიც ერთგვარ კულტურულ ოაზისს წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით მას ფრანგი ნადარის ფოტოატელიესაც კი ადარებენ, სადაც თავის დროზე თავი შეაფარეს საზოგადოებისგან მარგინალიზებულმა იმპრესიონისტებმა. როინაშვილიც დიდხანს უთმობდა თავის ფოტოატელიეს აქვსენტი ცაგარელს, რათა შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ქართველ მსახიობებს რეპეტიციები ჩაეტარებინათ. ამის გამო იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც დიდად შეუწყვეს ხელი ჩვენში მუდმივი თეატრალური დასის შექმნის საქმეს, აქვსენტი ცაგარელი როინაშვილსაც ასახელებდა. მსახიობების გარდა, ფოტოატელიეში თავს იყრიდნენ მაშინდელი ქართული კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლები.
ალექსანდრე როინაშვილი იმდროინდელ თბილისში მოქმედი ყველა კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი იყო. თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთანაც. ,,ბუნების კარსა“ და ქართველთა ში იბეჭდებოდა მისი პუბლიცისტური წერილები, თეატრალური რეცენზიები. როინაშვილი უფასოდ უგზავნიდა წიგნებს სოფლის ბიბლიოთეკებს და სკოლებს.
ალექსანდრე როინაშვილი გარდაიცვალა 52 წლის ასაკში, 1898 წელს. მისი დაკრძალვის დღეს რატიშვილი დიდ წუხილს გამოთქვამდა უპირატესად იმის გამო, რომ მას არაერთი ჩანაფიქრი და გეგმა დარჩა განუხორციელებელი. მართალია, თავისი ქონება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა, მის ფოტოატელიეს კი ერთხანს ვასილ როინაშვილი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა (ვასილი რატომღაც საცხოვრებლად თელავში გადავიდა და თან აპარატურის ნაწილი წაიღო), საზოგადოება ჯეროვნად ვერ გაუძღვა აწყობილ საქმეს და ფოტოსალონის დახურვის შემდეგ ნეგატივების უმრავლესობა გაიყიდა. რაც შეეხება ასეთი რუდუნებით ნაგროვებ ექსპონატებს, ისინი სხვადასხვა მუზეუმს გადაეცა. მალე როინაშვილის ფოტონამუშევრების უდიდესი ნაწილი ცნობილმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა შეიძინა. ეგ კიდევ არაფერი, რომ არა ერთი გარემოება: ფოტოებიდან ალექსანდრე როინაშვილის ხელმოწერა გაქრა. ამიტომაც ბევრი ფოტო, რომელიც სინამდვილეში როინაშვილს ეკუთვნოდა, წლების განმავლობაში ერმაკოვის ნამუშევრად იყო მიჩნეული და ქართველი ფოტოგრაფიც ჩრდილში მოექცა (სხვათა შორის, როინაშვილს ილიამ ,,ჩრდილში მდგომი კაცი“ უწოდა). ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით და ქართველი მრეწველის აკაკი ხოშტარიას ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის შეძენა, თანაც როინაშვილის ნეგატივებთან ერთად. მოგვიანებით ეს ძვირფასი მასალა ისტორიის მუზეუმს გადაეცა, სადაც მათი დიფერენცირება მოხდა.
თანამედროვე ფოტოგრაფიის ექსპერტები ერთხმად მიანიშნებენ როინაშვილის ნამუშევრების მაღალ პროფესიულ დონეზე და აცხადებენ, რომ ქართველი ფოტოგრაფი სრულად იყენებს და ავითარებს მაშინდელი ევროპული ფოტოგრაფიის მიღწევებს.
ლიტერატურა:
ალ. როინაშვილი - დიდი ალბომი, 2007
ილია ჭავჭავაძე - ალექსანდრე როინაშვილი, თხზ. ორ ტომად, 1977