ლადო ბზვანელი (ნაცვლიშვილი) (1871-1953)
ლადო ბზვანელი (ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ნაცვლიშვილი) დაიბადა 1871 წლის 12 (24) აპრილს ქუთაისის მაზრის სოფელ ბზვანში, სახალხო მასწავლებლის ოჯახში. პირველდაწყებითი მომზადება მან ადგილობრივ სამრევლო სკოლაში მიიღო. 1880 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის უმცროს მოსამზადებელ კლასში, ოჯახური ხელმოკლეობის გამო ლადო ბზვანელმა გიმნაზიის კურსი ვერ დაამთავრა. 1888 წელს მან ჩააბარა გამოცდები გიმნაზიის ექვსი კლასის დამთავრების მოწმობის მისაღებად და შეუდგა თვითგანვითარების გზით ცოდნის შეძენას. ორი წლის საგანგებო მეცადინეობის შემდეგ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და მიიღო საქალაქო სკოლის მასწავლებლის წოდება. 1890 წელს ლადო ბზვანელი დაინიშნა მასწავლებლად სოფელ მერევის (შორაპნის მაზრა) სამინისტრო სასწავლებელში, სადაც სამი წელი იმსახურა ნაყოფიერად. 1893 წელს იგი გადაიყვანეს სოფელ ნიკორწმინდის (რაჭის მაზრა) სასწავლებელში. 1895 წელს მასწავლებლად დანიშნეს სოფელ ეწერში (ქუთაისის მაზრა), ხოლო 1897 წელს სოფელ ტობანიერის ორკლასიანი მასწავლებლის ზედამხედველად, სადაც სრული ათი წელი იმუშავა.
1907 წელს ლადო ბზვანელი, ოჯახური მდგომარეობის გამო, სამუშაოდ ქ. ქუთაისში გადავიდა და შეუდგა მასწავლებლობას საქალაქო სასწავლებელში, სადაც ათი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდობის სწავლა-განათლების საქმეს. როდესაც ჩვენში უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლები ჩამოყალიბდა და ქართული ენა გადაიქცა სავალდებულო საგნად, ლადო ბზვანელმა ჩააბარა საჭირო გამოცდები და მოიპოვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის უფლება.
1921 წლიდან 1949 წლამდე ლადო ბზვანელი თავის ცოდნასა და გამოცდილებას პატიოსნად და ენერგიულად ახმარდა საბჭოთა სკოლაში მოზარდი თაობის კომუნისტური სწავლა-აღზრდის განხორციელების დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს. იგი იყო ქ. ქუთაისის მეოთხე შვიდწლიანი სკოლის გამგედ (1925 წლამდე), ილია ჭავჭავაძისა და ს. ორჯონიკიძის სახელობის საშუალო სკოლების მასწავლებლად, სადაც გულმოდგინედ უნერგავდა მოსწავლეებს უდიდეს სიყვარულს მშობლიური ენისა და ლიტერატურისადმი.
სახალხო განათლების დარგში 50 წლის ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საბჭოთა სკოლის წინაშე დამსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით ლადო ბზვანელს (ვლ. ნაცვლიშვილს) მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება და დაენიშნა პერსონალური პენსია.
ლადო ბზვანელი გარდაიცვალა 1953 წელს.
ლადო ბზვანელი, როგორც აღვნიშნეთ, მებრძოლი პედაგოგი იყო. იგი 1894 წლიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და მოურიდებლად ამხელდა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერ მხარეებს, განსაკუთრებით ააშკარავებდა მთავრობის ყველა ცდას, რომელიც მიმართული იყო სკოლებიდან ქართული ენის განდევნისაკენ. იგი იმ დროსაც ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას, როდესაც ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლებს ცნობილი რუსიფიკატორი ლევიტსკი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ლადო ბზვანელი არამცთუ ემხრობოდა მის „მუნჯურ მეთოდს”, არამედ რამდენადაც შეეძლო, ებრძოდა კიდეც. ლადო ბზვანელი მოხდენილად იყენებდა კავკასიის სასწავლო ოლქის დებულებებსა და ინსტრუქციებს და თავის საყურადღებო წერილში „მწარე ფიქრები” ულმობლად ამათრახებდა იმ პედაგოგებს, რომელთაც არავინ აძალებდა „მუნჯური მეთოდით” მუშაობას, მაგრამ მაინც ნერგავდნენ მას. ასეთი პედაგოგების შესახებ იგი წერდა; „საკვირვეილა, მასწავლებლები ნეტავ რად იწუხებენ თავს და ძევლებურის „მუნუჯური მეთოდით” კიდევ რად აწვალებენ ბავშვებს?” მან მკაცრად ამხლა ანტიპედაგოგიური „მუნჯური მეთოდის” სამრევლო სკოლებში დანერგვის მოგვიანებული ცდაც, რომელსაც კ. მკურნალი ამ სკოლების მასწავლებელთა ქუთაისის კურსებზე ახორციელებდა.
ლადო ბზვანელი სასტიკად იცავდა სკოლებში დედაენაზე სწავლების უფლებას. იგი წინ აღუდგა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორ კრუპსკისა და მისი ინსპექტორის გროზდოვის ცდას, რომელნიც არ იცნობდნენ მეფის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ხელახლა აღდგენილ 1881 წლის სასწავლო გეგმას, რომლითაც რუსული ენის სწავლება მხოლოდ სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. ლადო ბზვანელმა პრესაში საჯაროდ ამხილა როგორც დირექციის მოქმედება, ისე ქუთაისის სახალხო სკოლათა გამგეებიც, რომლებიც მასწავლებელთა დასტურის გარეშე დაეთანხმნენ ამ ანტიპედაგოგიურ განკარგულებას. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ კავკასიის სასწვლო ოლქის მზრუნველის რუდოლფის განკარგულებით ლადო ბზვანელი 1913 წლის 15 თებერვალს დაითხოვეს სამსახურიდან. მებრძოლი პედაგოგი მაინც არ დაცხრა. მან ახლა კიდევ უფრო ფართოდ გამოააშკარავა ქართული ენის მოძულე მტრების ფარული ზრახვები თავის სტატიაში „რა დავაშავე?”, რომელიც პირველად გამოქვეყნდა „სახალხო გაზეთში და უცვლელად გადმობეჭდა გაზეთმა „თემმა”. სახალხო მასწავლებლის ასე აბუჩად აგდებას მკაცრად გამოეხმაურა ჟურნალი „განათლება”, რომელმაც „შინაური მიმოხილვა” მთლიანად მიუძღვნა „მასწავლებლების ვლ. ნაცვლიშვილისა და ა. ოდიშარიას თავგადასავალს”. წერილს ჯურნალმა შემდეგი სარედაქციო შენიშვნა გაუკეთა; „ამის დაბეჭდვით ჩვენ გვსურს, ჩვენი მკითხველის ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, თუ ხშირად რა უსამართლობა, ძალმომრეობა და სიბრიყვე არსებოსბ დღეს ჩვენში ზოგიერთი თავაშვებული მოხელეების წყალობით. მაგრამ ბ-ნი ნაცვლიშვილისა და ოდიშარიას მტკიცე პოზიცია იმედს გვისახავს გულში, რომ არც ისე ლაჩრები ვყოფილვართ და თითოოროლა პატიოსანი მებრძოლი ჩვენებურ სახალხო მასწავლებელთა შორისაც ყოფილა და ყველა მასწავლებელი რომ ასე მტკიცედ იცავდეს მოზარდ თაობათა ინტერესებს, მაშინ კიდევ არა გვიშავდა რა”. სახალხო მასწავლებლებს რუსეთის პროგრესული პრესაც გამოეხმაურა. პეტერბურგის პედაგოგიურმა ჟურნალმა „Школа и Жизнь” აღნიშნა ქართველ სახალხო მასწავლებელთა გააფთრებული ბრძოლა თავიანთი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქმეში ჩაერია ქუთაისის ქალაქის გამგეობა, რომელსაც სკოლა ეკუთვნოდა, ქალაქის თავი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და რვა თვის ბრძოლის შემდეგ სახალხო მასწავლებლები ისევ აღდგენილ იქნენ თავიანთ უფლებებში.
1914 წლის 1 ივლისის კანონით ქართულ ენას მეტი უფლება მიეცა ჩვენს სკოლებში, მაგრამ ლადო ბზვანელი ამითაც არ კმაყოფილდებოდა. მას სწავლა-განათლების მშობლიურ ენაზე განხორციელება სწადდა. თავის წერილში „ქართული ენის პროგრამა და საყმაწვილო ბიბლიოთეკები” იგი წერდა, რომ „ქართული ენის სწავლების საქმე ჩვენში ჯერჯერობთ მეტად ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მთავრობისა და უფლებიან კერძო სასწავლებლებში. ამ საგანს დათმობილი აქვს თითოეულ კლასში კვირა ორჯერ მეხუთე და მეექვსე 40-წუთიანი გაკვეთილები, როდესაც მოსწავლეები ფიზიკურად დაქანცულნი არიან და სახლში გაქცევა ეჩქარებათ... სწავლების ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა გონებრივი განვითარების ნორმალურად წარმართვას და საფუძვლიანი ცოდნის მიღებას სხვა საგნებშიაც, რადგან გამოცდილ და მეცნიერ პედაგოგთა აზრით, ბავშვის გონება თავისუფლად მაშინ განვითარდება, როდესაც ის სამშობლო ენას კარგად შეისწავლის, მაშინ დედაენის საშუალებით უცხო საგნებსაც უფრო კარგად ითვისებს”.
სამშობლოს ენის უფლების დასაცავად ბრძოლას, სკოლის განახლებისათვის ზრუნვას ესაჭიროება ნამდვილი, მებრძოლი სახალხო მასწავლებლების მტკიცე კოლექტივი. „შემთხვევით და ჩინოვნიკი მასწავლებლები, რომლებიც არავითარ კულტურულ დაწესებულებაში მონაწილეობას არ იღებენ, ჟურნალ-გაზეთებს არ კითხულობენ, თვით განათლებას არ ეძებენ, კარიერას უფრო პატივს სცემენ, ვიდრე საზოგადო საქმეს”, ვერ გამოდგებიან იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც სახალხო მასწავლებელთა წინაშე დგას. ამიტომ მოუწოდებდა ლადო ბზვანელი წერილში „სამართლიანი თუ უსამართლო საყვედური” თავის კოლეგებს, რომ შეეგნოთ მათ გონებრივი და ზნეობრივი ამაღლების მნიშვნელობა, შეექმნათ ურთიერთშორის მტკიცე კავშირი. ამავე მიზნის მისაღწევად იგი მხურვალე მონაწილეობას იღებდა „დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა დამხმარე საზოგადოების” დაარსებაში, რაც განხორციელებულ იქნა 1915 წელს. ამავე მიზნით ჩაუდგა იგი სათავეში ამ საზოგადოების ორგანოს ჟურნალ „სკოლა და ოჯახს”, რომელიც მისი რედაქტორობით გამოდიოდა 1916 წელს (სულ გამოვიდა ექვსი ნომერი). თავის სიტყვაში სახალხო მასწავლებელთა ყრილობაზე 1915 წლის 28 დეკემბერს ლადო ბზვანელი ამბობდა: „დღევანდელი ჩვენი მასწავლებლობა როგორც მატერიალურად, ისე უფლებრივი მდგომარეობითაც დაბეჩავებულ-დაქვეითებულია”. უნდა შევაგნებინოთ საზოგადოებას, რომ „სახალხო მასწავლებელიც ადამიანია და თავის ნარ-ეკლით მოსილ ასპარეზზე მოღვაწეც; ვაცნოთ ყველას, რომ იგი ერის კეთილდღეობას ემსახურება და პატივისცემის ღირსია”. საზოგადოების ჟურნალის ამოცანაც ანალოგიურად განსაზღვრა მისმა რედაქტორმა: „ჟურნალს მიზნად ექნება დასახული მჭიდრო და ცოცხალი კავშირი იქონიოს ოჯახთან სწავლა-აღზრდის საქმეში, ემსახუროს მასწავლებელთა ინტერესებს და შეეხოს მათ საჭირბოროტო საკითხებს”, რომ „ისინი განთავისუფლდნენ სხვისი ოპეკუნობისაგან, გამოჩნდნენ საზოგადოებაში და შეაგნებინონ ყველას, რომ სახალხო მასწავლებლებიც თავის ასპარეზზე მოღვაწენი არიან, რადგან ერის გათვითცნობიერების საქმეს ემსახურებიან”. ასე იბრძოდა ლადო ბზვანელი მასწავლებელთა საზოგადოებრივი ავტორიტეტისა და პროფესიული ინტერესების დასაცავად რევოლუციის წინა პერიოდში.
ახალი საბჭოთა სკოლის შექმნის პირველი დღეებიდანვე ლადო ბზვანელი როგორც თავის პრაქტიკულ-პედაგოგიური მუშაობით, ისე პედაგოგიკურ-მეთოდიკური სტატიებითა და ნარკვევებით ყოველთვის დროულად ეხმარებოდა ჩვენი სკოლის აქტუალურ საკითხებს. მას ეკუთვნის მრავალი საყურადღებო სტატია, რომლებიც საბჭოთა პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებშია მოთავსებული.
ლადო ბზვანელი არა მარტო პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, არამედ მწერალიც იყო. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პატარა პროზაული ესკიზი. მანვე „სახალხო გაზეთის” რედაქციის დავალებით მშვენივრად აღწერა „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, რომელიც „სახალხო გაზეთში” გამოქვეყნების შემდეგ ცალკე წიგნადაც გამოიცა 91912). მას ლექსებიც აქვს დაწერილი. ამათგან მნიშვნელოვანია მისი „სალამი ვაჟა-ფშაველას (ყოფილ სახალხო მასწავლებელს)”, რომელშიც ავტორი გულწრფელად გადმოგვცემს სახალხო მასწავლებლის განცდას.
დიდმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ მას უპასუხა ლექსით „ლადო ბზვანელს”, რომელშიც აღნიშნა სახალხო მასწავლებლის მწარე ხვედრი და უუფლებობა, მაგრამ მაინც ანუგეშა ისინი:
“რა უყოთ, მასწავლებელი
დღეს თუ არ ფასობს ჩვენშია.
თუმცა ხსნა ჩვენის ერისა
მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია:
სული გასუქდეს ბევრად სჯობს,
ვიდრე გასუქდეს ლეშია”.
ლადო ბზვანელმა სახალხო მასწავლებლის მეტად სახელოვანი გზა განვლო. მან უშუალოდ განიცადა სახალხო მასწავლებლის ის საშინელი მდგომარეობა, რომელსაც ლენინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. თვითონ ლადო ბზვანელიც შეულამაზებლად გადმოგვცემს იმ შავბნელ პერიოდში მასწავლებლის მეტად დუხჭირ მდგომარეობას: „მე თვითონ გამომიცდია და გადამიტანია ყოველივე ოცდახუთი წლის განმავლობაში ნარ-ეკლით მოფენილ ასპარეზზე სამსახურით. სახალხო მასწავლებელს ბევრი ოპეკუნი ჰყავდა. იმის უფროსი და მბრძანებელი იყვნენ ინსპექტორ-დირექტორებს გარდა სოფლის მამასახლისი, კანცელარიის მოხელე, სკოლის მზრუნველი, უსწავლელი გლეხი, რომელიც თავის თავს „პოპეჩიტელს” უწოდებდა, ბოქაული, მაზრის უფროსი და სხვა, რომელთა ყოველთვის შეეძლოთ მასწავლებლის დაჩაგვრა და დასათხოვნად წარდგენა. საბრალო მასწავლებელი კი იყო უტყვი, მუნჯი, მას არ შეეძლო ხმის ამოღება, რადგან გამოსარჩლებას არავისგან მოელოდა მიყრუებულ სოფელში”.