‍რაფიელ ერისთავი (1824- 1901)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0053 erisრაფიელ ერისთავი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო არა მარტო ამ პერიოდის ქართულ მწერლობას, არამედ გარკვეული კვალი დაამჩნია საზოგდოებრივ ცხოვრებასაც.

დაიბადა რაფიელ ერისთავი 1824 წელს დედულეთში, ქართლის სოფელ ჭალაში, თუმცა ბავშვობის საუკეთესო წლები მამისეულ სახლში, კახეთის სოფელ ქისტაურში გაატარა. პოეტის დედა, ნინო, ქართლელი თავად ავთანდილ ამილახვრის ასული იყო. არისტოკრატიული წარმომავლობის გამო რაფიელმა თავისი სოციალური მდგომარეობისა და იმ დროისათვის შესაფერისი განათლება მიიღო. მამა, ქისტაურის მემამულე, დავით ერისთავი , აქტიურ მონაწილეობას იღებდა შვილის სწავლა-განათლების საქმეში. მას იგი ჯერ თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანია, თუმცა იქ ქართული ენისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, შუამთის მონასტერში გადაუყვანია და იქაური ბერებისთვის მიუბარებია. აქ რაფიელის მასწავლებელი ყოფილა 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულების ერთ-ერთი თვალსაჩინო მონაწილე, ,,აკტი გონიურისა“ და საიდუმლო ანბანის შემქმნელი, ფილადელფოს კიკნაძე, რომელიც თურმე პატარა რაფიელს ლექსების თხზვაშიც ავარჯიშებდა. შეთქმულების გამჟღავნების შემდეგ მოძღვრის გარეშე დარჩენილი შეგირდი გორში გადაიყვანეს. ამის შემდეგ სწავლება გრძელდება თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (თბილისის გიმნაზიაში), რომელსაც რაფიელ ერისთავი 1845 წელს ამთავრებს. სხვათა შორის, ამავე დროს მისი თაობის გიმნაზიელები იყვნენ: ი. კერესელიძე, ნ. ბარათაშვილი, კ. მამაცაშვილი და სხვ.

რაფიელ ერისთავი, თავისი დის, ბარბარე ჯორჯაძის, მსგავსად (უპირველესად ასაკის გამო) მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი აზრის რეფორმატორების, ,,თერგდალეულთა“ სახელით ცნობილი მოღვაწეების, იდეური მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო. თუმცა იგი არა მარტო მათი თანამოაზრების, არამედ უშუალო მოკავშირეთა ბანაკში აღმოჩნდა. მეტიც, მონაწილეობას იღებდა ყველა მათ წამოწყებაში. მაგ. განაგებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფინანსურ საქმეებს და ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წლების მანძილზე იმუშავა. მიუხედავად თავდაპირველი სირთულეებისა, საქმე ისე გამართა, რომ საზოგადოებამ წიგნების გამოცემა დაიწყო, რაც მომგებიანი აღმოჩნდა. შესაძლებელი გახდა პრემიების დარიგება და სხვა დანახარჯების გაწევა.

რაფიელ ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ებმება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ურთიერთობა ქართველოლოგ მარი ბროსესთან სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. საგულისხოა, რომ მათი მიმოწერა მე-19 საუკუნის 50-იანი წლების

საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურული ვითარების ამსახველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.

რუსული ენის კარგი მცოდნე რაფიელი 1847 წელს თუშ-ფშავ-ხევსურეთში თარჯიმნად იწყებს მუშაობას. აქ და საქართველოს სხვა კუთხეებში სამსახურის პერიოდში იგი იწყებს მცხოვრებთა წეს-ჩვეულებების შესწავლას. 1849 წელს გადაჰყავთ სამუშაოდ ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც 1857 წელს მაგიდის უფროსის მოადგილედ ინიშნება. 1852 წელს ჟურნალ ,,ცისკარში“ (#7) იბეჭდება ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები: ,,დარიგება“ და ,,ყვავილს“. რაფიელ ერისთავი აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალ ,,კავკაზთან“, სადაც მისი მიმოხილვანი და ეთნოგრაფიულ-ისტორიული ხასიათის წერილებია გამოქვეყნებული.

1855 წელს რაფიელ ერისთავი ქუთაისში გადაჰყავთ განსაკუთრებულ დავალებათა უფროსის მოადგილედ. თბილისიდან ქუთაისში მგზავრობის და იმერეთის შთაბეჭდილებანი აღწერა სტატიების სერიაში ,,წერილები იმერეთიდან“ (,,კავკაზი“, 1857). 1857 წლიდან 1867 წლამდე იგი ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობს და ხელმძღვანელობს სამეგრელოში გლეხთა რეფორმის გატარებას. საგულისხმოა, რომ იგი უტუ მიქავას მეთაურობით აჯანყებულ გლეხებს თანაუგრძნობს, ლექსაც კი აქვეყნებს მათ მხარდასაჭერად. მხოლოდ ფსევდონიმით, რადგან ღიად ასეთი გრძნობების გამოხატვა მეტად სარისკო იყო. სწორედ რაფიელს ჩაუწერია ის სიტყვა, რომელიც უტუ მიქავამ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ნიკოლოზ კოლუბიაკინის საპასუხოდ წარმოთქვა. ცნობილია გლეხების დაცვის სურვილით ნაკარნახევი ერთი ეპიზოდი, რომელიც უშუალოდ რაფიელის ბიძაშვილს, კიაზოს, უკავშირდება. ეს კიაზო თავგასული მებატონე ყოფილა. ერთხელ გლეხებისგან ჯარიმის სწრაფად ამოღების მიზნით მათი საქონელი დაუმწყვდევია და მოურავისთვის უბრძანებია, არავისთვის მიეცა ხმის ამოღების უფლება, სანამ ჯარიმა გადახდილი არ იქნებოდა. რაფიელს თელავიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი ფოტოგრაფისთვის ამ ფაქტის ამსახველი სურათი გადაუღებინებია და დამუქრებია კიაზოს, რომ სურათს ხელმწიფეს გაუგზავნიდა (ასე მიუმართავს მისთვის, მარტო ტვიდის შარვლის ჩაცმა არ გიშველის, საქმეს ტვინიც უნდა დაატანო ხოლმეო), რის შემდეგაც პირუტყვი გამოუშვიათ. რაფიელი ენამოსწრებული , მომლხენი ადამიანი ყოფილა. აი, როგორ უდღეგრძელებია მას ქართული ბანკის დირექტორი ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, რომელიც ქუთაისის დუმის (საბჭოს) დეპუტატად აურჩევიათ: ყოველთვის კაი ლუკმის შოვნაზე ოცნებობდი, აგიხდა ეს ნატვრა, ახლა ქალაქის ,,დუმა“ გიჭირავს ხელშიო.

სამეგრელოში ყოფნის დროს რაფიელ ერისთავი უახლოვდება ჯერ კიდევ თბილისის გიმნაზიიდან მისთვის ნაცნობ ივანე კერესელიძეს. მათ ერთად დაუწყიათ ზრუნვა ჟურნალის გამოცემაზე. რაფიელის მხარდაჭერაზე მეტყველებს ფრაგმენტები ივანეს მიერ მეგობრისადმი განკუთვნილი წერილებიდან: ასე, ჩემო საყვარელო რაფიელ, ჩემო ერთგულო თანამშრომელო!... უნდა მომცე დარიგება, როგორც უმცროს ძმას და დამაყენო რიგიან გზაზე... როგორ გამოვცემდი, თუ შენისთანა კაცები არ ზრუნავდნენ და არ მეხმარებოდნენ... და ა. შ. სწორედ ,,ცისკარში“ დაბეჭდა რაფიელმა თავისი პირველი ლექსები. მისი , როგორც ორიგინალური ხელწერის მქონე შემოქმედის სახე გამოჩნდა ჯერ ,,ცისკარში“, შემდეგ კი ,,ივერიაში“. 1881 წელს ,,ივერიაში“ გამოქვეყნებულმა ლექსმა ,,სამშობლო ხევსურისა“ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

საინტერესოა მისი პირადი ცხოვრების შემდეგი დეტალები: ახალგაზრდობაში სატრფოსგან უარი მიუღია, ამიტომ გაწბილებულს გადაუწყვეტია, ცოლი საერთოდ არ შეერთო. უთუოდ ასეც იქნებოდა, რომ არა შეხვედრა ახალგაზრდა თეოდოსია ერისთავთან სამეგრელოში, რამაც რადიკალურად შეცვალა მისი გადაწყვეტილება. ამ ქალბატონის სათნოებითა და სილამაზით მოხიბლულმა რაფიელმა გადაწყვიტა ლექსი მიეძღვნა მისთვის, რამაც თეოდოსიას მოწონება დაიმსახურა. ქალმა გაიზიარა პოეტის სიყვარული. არაფრად ჩააგდო მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა და ცოლად გაჰყვა. მათ ხუთი ქალიშვილი ეყოლათ. 1869 წელს თეოდოსია თბილისში ჩამოსულმა მიხაი ზიჩიმ ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებისას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, კერძოდ კი ნესტანის, პროტოტიპად გამოიყენა. შემდეგ მხატვარმა ლერმონტოვის ,,დემონში“ თამარის სახეც თეოდოსიას გარეგნობის მიხედვით შექმნა. კიდევ ერთი ცნობა მისი ბიოგრაფიიდან, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ ტიპურ ქართულ ისტორიად იქცა და რომლის შესახებაც გვიყვება თედო სახოკია თავის მემუარულ წიგნში ,,ჩემი საუკუნის ადამიანები“. ესაა უკვე ასაკოვანი რაფიელის ჩაბმა ვაჭრობაში. თავისი უხეირო კომპანიონის, ვინმე სიკო გრძელიშვილისა, და განსაკუთრებით მისი ბაყბაყდევივით გაუმაძღარი ნათესავის, მეტსახელად ბუამღვდლის, ,,დახმარებით“, რაფიელმა თითქმის მუქთად ასვა ნახევარ თბილისს თავისი ჩინებული ახმეტური ღვინო და, ცხადია, ზარალის მეტი ვერაფერი ნახა. სწორედ ამის შემდეგ 1889 წლიდან 1896 წლამდე რაფიელ ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურშია, კერძოდ, კავკასიის საცენზურო კომიტეტის ცენზორია. მაშინ ცენზორობა პრესტიჟული საქმიანობა ნამდვილად არ ითვლებოდა. ლუკა ისარლოვის ცენზორობის სუსხი ქართულ ლიტერატურას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დავიწყებული. თუმცა, როგორც თედო სახოკია აღნიშნავს, სულთამხუთაობასა და ადამიანის გონების ჯალათობასთან გათანაბრებულ ამ ხელობას უსახსროდ დარჩენილმა ასაკოვანმა პოეტმა მაინც მოჰკიდა ხელი და მეტად ლიბერალური ცენზორიც გახდა.

წლების მანძილზე იგი ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობასაც ეწევა.. შედგენილი აქვს ლექსიკონები ,,შემოკლებული ლათინური, რუსული და ქართული მცენარეთა ლექსიკონი“ და ,,მოკლე ქართულ, რუსულ-ლათინური ლექსიკონი მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდგან“. დღეს ეს წიგნები დაცულია რ. ერისთავის პირად კოლექციაში, რომელიც თავის დროზე პოეტმა ანდერძით გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებულ წიგნსაცავ-მუზეუმს. მასში ათასზე მეტი ეგზემპლარი იყო თავმოყრილი. მათ შორის ძველნაბეჭდი წიგნები და ხელნაწერები. მამის ნაქონ ბიბლიოთეკას რაფიელი დიდი ხნის მანძილზე ავსებდა. აქ არის 1712 წლის ე.წ. ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი“, 1817 წელს დაბეჭდილი მინიატიურული ,,სახარება“, 1824 წელს მოსკოვში გამოცემული ,,დავითიანი“ და სხვ.

1896 წელს რაფიელ ერისთავი ასრულებს თავის ნაშრომს სვანეთის შესახებ და ,,ნოვოე ობოზრენიეში“ აქვეყნებს. ჯანმრთელობის შერყევის გამო ტოვებს სამსახურს და საცხოვრებლად მშობლიურ ქისტაურში ბრუნდება, თუმცა შემოქმედებით მუშაობას კვლავ განაგრძობს. წერს ლიბრეტოს ოპერისთვის ,,ნუგზარი“, რომელსაც ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებს. 1899 წელს 77 წლის ასაკში რაფიელ ერისთავი გარდაიცვალა. იგი ჯერ ქისტაურში დაკრძალეს, თუმცა მოგვიანებით გადაასვენეს თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში.

 


ლიტერატურა:

ნ. ვახანია, ჩვენი მე-19 საუკუნე, თბ, 2012

კ. აბაშიძე, ეტიუდები (მე-19 ს. ქართული ლიტერატურის ისტორიიდან),თბ. 1962