‍ზურაბ ანტონოვი (1820-1854)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0007 antoზურაბ ანტონოვი მე-19 საუკუნის შუახანებში გიორგი ერისთავის ინიციატივით აღორძინებული ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისმა ორიგინალურმა თუ ნათარგმნმა პიესებმა საგრძნობლად გაამდიდრა თეატრის რეპერტუარი და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა ამ ნიჭიერი შემოქმედის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა, რამაც იმდროინდელი საზოგადოების გულგრილობა და სისასტიკე გამოავლინა.

დაიბადა ზურაბ ანტონოვი 1820 წელს, გორში, სომეხი ვაჭრის ნაზარ ანტონოვის ოჯახში. ნაზარი, როგორც ჩანს, ერთობ ჩამორჩენილი ადამიანი იყო, რადგან შვილის მიერ ჯერ მღვდელთან წერა-კითხვის სწავლების დროს, შემდეგ კი გორის სამაზრო სასწავლებელში გამოვლენილმა ნიჭიერებამ, სასწავლო მასალის ათვისების არაჩვეულებრივმა უნარმა (ზურაბმა ვადამდე დააასრულა პირველი და მეორე კლასები) იგი დააფრთხო და მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველმა საგანგებოდ ურჩია, ყმაწვილი უმაღლესის გარეშე არ დაეტოვებინა, რატომღაც გაბრაზდა და პატარა ზურაბი საერთოდ გამოიყვანა სასწავლებლიდან. ეს იყო, ალბათ, ის საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელმაც მომავალი დრამატურგის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ასე დარჩა ზურაბ ანტონოვი ოჯახში მთელი ათი წლის განმავლობაში და შვებას თვითგანვითარებაში, ლექსების თხზვასა და ხატვაში პოულობდა. 1838 წელს 18 წლის ასაკში იგი მუშაობას იწყებს გორის სამაზრო სამმართველოში მდივან-მწერლად იმ იმედით, რომ მის ნიჭიერებას დააფასებენ და დააწინაურებენ. თუმცა ოთხი წლის შემდეგ იმედი საბოლოოდ უცრუვდება და განაწყენებული ტოვებს სამსახურს. მამის გარდაცვალებისთანავე ზურაბი მდიდარი ბიბლიოთეკის შეძენის თავის სანუკვარ ოცნებას ისრულებს, რათა ბევრი იკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ ძმასთან, ნიკოლოზთან, ერთად იწყებს მუშაობას მამისეულ სავაჭროში. თუმცა შემოქმედებითი ნატურა არასოდეს ყოფილა ვაჭრობაში წარმატების მიღწევის საწინდარი. ძმები ანტონოვებიც მალე ზარალს ნახულობენ და მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად ცნობილი გორელი მევახშის მირონ ამიროვის მახეში ებმებიან. ამიროვი სამაზრო სასამართლოში პროკურორად იყო ნამუშევარი, ამიტომ კარგად იცოდა მსგავს სიტუაციებში მოქმედების ტაქტიკა. იგი თავისი მევალეებისთვის ხან ვენახის, ხან კიდევ ანტონოვთა ერთადერთი შემოსავლის წყაროს, ხევისთავის მამულის, წართმევას ცდილობს, რის გამოც ზურაბის მხრიდან ხშირად არაადეკვატურ წინააღმდეგობებს აწყდება (მაგ. ნიჩბით მევახშის მოგერიებას, საგანგებოდ გათხრილ საფლავებში ამიროვის ოჯახის წევრების დასაფლავების იმიტირებას და სხვ). ამიროვთან დავა ძმებს ისე გააღარიბებს, რომ ნიკოლოზი სხვის კარზე მოსამსახურედ დადგება, ზურაბი კი იძულებულია შემწეობა ერთხანს ნაცნობებს თხოვოს. საბოლოო ჯამში, გულმართალი და პირდაპირი ზურაბ ანტონოვი მირონ ამიროვის სახით საშიშ მტერს შეიძენს, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებაში უარყოფით როლს ითამაშებს.

1850 წელს მევახშისგან გათელილი და ხელმოცარული ,,ვაჭარი” თავს გიორგი ერისთავის მიერ განახლებულ თეატრს შეაფარებს. თავდაპირველად იგი ბედს სამსახიობო ხელოვნებაში ცდის, მაგრამ აქ თავს განსაკუთრებულად ვერაფრით გამოიჩენს, სამაგიეროდ ძალიან მარჯვე აღმოჩნდება პიესების გადმოქართულებასა (ზურაბ ანტონოვი ქართულენოვანი სომეხი იყო) და შეთხზვაში. ასე დაიბადა კომედიები: ,,მინდა კნეინა გავხდე“, ,,მზის დაბნელება საქართველოში“, ,,ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“ (ამ პიესისითვის ავტორს თვით მეფისნაცვალ ვორონცოვისგან საჩუქრად ოქროს საათი მიუღია); დრამა ,,ქორწილი ხევსურთა“; ვოდევილები: ,,განა ბიძიამ ცოლი შეირთო“, ,,ქმარი ხუთი ცოლისა“. ეს პიესები ქართული თეატრის საყრდენად იქცევაა და ავტორს დიდ პოპულარობაც მოუტანს.

როგორც ,,ცისკრის“ რედაქტორი ივანე კერესელიძე იგონებს, გიორგი ერისთავს სჩვეოდა თურმე მორიდებული და საწყალი აქტიორების დაწერილი პიესების თავისთვის დაჩემება (ამის გამო ცენზორობიდანაც კი გაუთავისუფლებიათ - ი. კ.), თუმცა ეს ანტონოვს ვეღარ გაუბედა, რადგან იგი გრძნობდა მაყურებლის მხარდაჭერას და თავი ამაყად ეჭირაო. საგულისხმოა, რომ ვაჭართა ფენის მამხილებელ ანტონოვს ხშირად სწორედ ვაჭართა ოჯახებში ეპატიჟებოდნენ. სტუმარი თურმე ბევრს ხუმრობდა და კალამბურებსაც გამოსთქვამდა. ქალები აღტაცებულნი იყვნენ, თუმცა ხშირად შეშფოთებით წამოიძახებდნენ ხოლმე: ,,დაჩუმდით, გენაცვალეთ, დაგვწერსო“. მიუხედავად წარმატებისა, ახალბედა დრამატურგი ფრიად ხელმოკლედ ცხოვრობდა. ,,ზამთარ-ზაფხულ ეცვა მახოხის ფერი ზაფხულის პალტო, ცალ ფეხზე პალტოსავე ფერის პოლსაპოჟკა და მეორეზედ ჩექმა, უქონლობის გამო, - ერთი სიტყვით, ვისაც რა ეჩუქებინა ან გზაზე სადაც ეპოვნა“ (ივ. კერესელიძე, ჩვენი დრამატურგი ზურაბ ანტონოვი, ,,ივერია“, 1893,#17).

1853 წელს ვორონცოვი ახალმა მეფისნაცვალმა მურავიოვმა ჩაანაცვლა. მფარველობის გარეშე დარჩენილმა გიორგი ერისთავმა ვერ შეძლო თეატრის გაძღოლა და 1854 წელს იძულებული გახდა ამ საქმისთვის თავი დაენებებინა. თეატრის დასმა ახალ მმართველად ანტონოვი აირჩია, თუმცა მხოლოდ წარმოდგენების შემოსავლით თავის გატანა შეუძლებელი იყო. ანტონოვმა ახლა ნაცნობი მედუქნეების დახმარებით დაიწყო თავისი პიესების ბეჭდვა. ბოლო პიესის ,,ცრუპენტელას“ გამოქვეყნებისთვის კი, რომელიც იმავე ივანე კერესელიძის სიტყვებით, ადრე დაწერილ პიესათა შორის საუკეთესო იყო, ანტონოვმა თბილისის მაშინდელ გუბერნატორს, ივანე ანდონიკაშვილს, ათი თუმანი გამოსთხოვა. თუმცა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან სწორედ გუბერნატორისგან გამოსულს ქუჩაში ძაღლი გამოუვარდა და დაგლიჯა. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც შემზარავ დეტექტიურ მოთხრობაში. ამბობენ, რომ მირონ ამიროვი, რომელმაც იცოდა მასზე დაწერილი ანტონოვის პიესის ,,კიზიროკის“ არსებობა, შემთხვევას ეძებდა გასწორებოდა თავის აბეზარ შემფასებელს. მას მოუსყიდია პოლიცია, რათა ძაღლის მიერ დაკბენილი ანტონოვი ცოფიანად გამოეცხადებინათ და ფიზიკურად გაენადგურებინათ. ამ მიზნით მცირე ხნით დააჭერინა იგი და ციხეშივე მოაწამვლინა. განთავისუფლების მეორე დღეს შინ დაბრუნებული ზურაბ ანტონოვი გარდაიცვალა. ხმა კი გაავრცელეს: ,,გაცოფდა და მოკვდაო“. ხალხმაც დაიჯერა (აღალო თუთაევი, დრამატურგი ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი, ჟ. თეატრი და ცხოვრება, 1910, #12). ასეა თუ ისე ზურაბ ანტონოვი ფრიად საჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და თუ მართალია ის, რომ საკუთარ ბინაში პოლიციის მიერ გარედან ჩაკეტილი, იხვეწებოდა, არა ვარ ცოფიანი, კარი გამიღეთ, მოიღეთ მოწყალება და ჭიქა წყალი დამალევინეთო, ეს მეტ-ნაკლებად ჩრდილს აყენებს ყველას, ვინც იმ დროს მის სიახლოვეს იმყოფებოდა.

დასაფლავებულია მაშინდელი ვერის სასაფლაოზე, თუმცა საფლავი დაკარგულია. ზურაბ ანტონოვის ბიბლიოთეკა (წიგნები და ხელნაწერები) პოლიციამ ჩაიბარა და გაანადგურა. დაკარგულია პიესები ,,ცრუპენტელა“ და ,,კიზიროკი“. 1876 წელს ვარაუდით მისმა ძმამ, გრიგოლმა, ავტორისეული გამოცემის შემდეგ კვლავ გამოსცა ანტონოვის შვიდი გადარჩენილი პიესა, რომელსაც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი შესავალი წერილიც წარუმძღვარა. ამ ნიჭიერი დრამატურგის ხანმოკლე (სულ ოთხწლიანმა) შემოქმედებითმა აქტივობამ ქართულ თეატრს დიდი სამსახური გაუწია და შთამომავლობას მაშინდელი ქართული საზოგადოების წინააღმდეგობრივი ცხოვრების ამსახველი ცოცხალი სურათები დაუტოვა.

 


ლიტერატურა:

ნ. ვახანია, ჩვენი მე-19 საუკუნე, თბ. 2012

ივ. კერესელიძე, ჩვენი დრამატურგი ზურაბ ანტონოვი, ,,ივერია“, 1893, #17