‍ზაქარია ჭიჭინაძე (1854-1931)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0035 chicიოსებ იმედაშვილი თავის მემუარებში აღწერს ზაქარია ჭიჭინაძის მთაწმინდაზე მდებარე სახლაკს და მასში მუდმივად მოთუხთუხე სამოვარს, რომელიც იმდენად ძველი ყოფილა, რომ ,,ბოროტი ენები“ იმპერატრიცა ეკატერინე მეორის მიერ ერეკლე მეფისთვის ნაბოძებად მიიჩნევდნენ. სწორედ ეს ,,ისტორიული“ სამოვარი იყო მუდმივად პატივში და კეთილი მასპინძლის ნებით მის ურიცხვ სტუმრებს გულს უამებდა. ,,ვის არ უცხოვრია ამ ბინაზე, ვის არ შეუფარებია თავი მის ჭერქვეშ? ქართველ მწერლებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს, დევნილ რევოლუციონერებს“ , დირექციისგან თავზარდაცემულ სემინარიელებს. არსებობს ზესტაფონში მეგობრისთვის გაგზავნილი ეგნატე ნინოშვილის წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: ,,ჩამოვედი ქალაქსა სატახტოსა და დავემკვიდრე სახლსა შინა ზაქარიასასა...“ ,,რას არ იპოვიდით აქ? დაწყებული გერცენის ,,კოლოკოლით“ გათავებული მარქსის ,,კაპიტალით“. არ იყო წიგნი ან ჟურნალ-გაზეთი, რომ ზაქარიას არ ჰქონოდეს თავის წიგნსაცავში“(ლ.ასათიანი, რჩ. ნაწ. ტ. 1, თბ.1958). სამოვართან მიმსხდარ ახალგაზრდებს აი, რას ჩასჩიჩინებდა უცნაური მასპინძელი: ,,მუქთახორობა არ გამოდგება, არც ზარმაცობა... თვალი გაახილეთ... მთელი საქართველო დაანაწილეს: ზოგი სჯულით ჩამოგვაცილეს, ზოგი - შერნჩემობით... აჭარა-ქობულეთში თურქის მოლები ისლამის გესლს ანთხევენ... გლეხობა სიბნელეში ირჩვება... ქართლის მებატონენი ქართველ გლეხობას მამულ-დედულს არ ამუშავებინებენ, წაგვედავებიან, ვერ გავრეკავთო, ოს ხიზნებს ისახლებენ, როცა მოვინდომებთ - გავყრითო... და, აი... ნახავთ, რა დაემართოთ: საკუთარი ყელის გამოსაჭრელი დანა ილესება...“ (ი. იმედაშვილი, ჩემი ცხოვრების წიგნი, თბ. 1978).

ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრება წიგნის სიყვარულით დაკვალიანებული და გადარჩენილი ადამიანის ისტორიაა. იგი ხომ ამგვარი საქმიანობისთვის სრულიად შეუფერებელ გარემოში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში, დაიბადა 1854 წელს. განათლებაც თავისი წარმომავლობისთვის შესაფერისი მიიღო: შვიდი წლის ასაკში ქაშვეთის სამრევლო სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ მთაწმინდის სამრევლო, მცირე ხნით კი ერეკლე ბატონიშვილის სკოლებშიც დადიოდა. თუმცა ცამეტი წლის უკვე სასწავლებლის გარეთაა დარჩენილი და მთელი მისი განათლება წერა-კითხვის ცოდნით ამოიწურება. იწყება ობოლი ყმაწვილის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის რთული წლები. ქალაქს მოდებული ზაქარია ძირითადად ეცნობა ხელოსნების, მუშების ცხოვრებას, ხედავს იმ სოციალურ ,,ფსკერსაც“, რომელიც მისთვის მეტად მტკივნეულ კონტრასტს ქმნის. იგი მუშაობას იწყებს ჯერ თამბაქოს ქარხანაში მუშად, შემდეგ ხელზე მოსამსახურედ სასტუმროში.

ცოდნის დაუცხრომელი სურვილით შეპყრობილი თავისი მცირე ხელფასით იწერს იმხანად სერგეი მესხის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ ,,დროებას“. სასტუმროს წინ მდგარ და სწორედ ამ გაზეთის კითხვით გართულ ახალგაზრდას შენიშნავს ქართველ მოღვაწეთა ერთ ჯგუფთან ერთად ქუჩაში მიმავალი სერგეი მესხი. იგი სასიამოვნოდაა გაოცებული , მით უფრო იმით, რომ ამ უცნაურ ყმაწვილს ,,დროება“ გამოწერილი ჰქონია. (გაზეთის ხელისმომწერთა რიცხვი მთელ საქართველოში მაშინ 100 კაცამდე თუ იქნებოდა). რედაქტორი იახლოვებს ახალგაზრდას და მალე, ანუ 1872 წლიდან, ,,მთაწმინდელის“ ფსევდონიმით გაზეთში პატარა წერილებს უბეჭდავს კიდეც. პირველი პუბლიკაცია თბილისის ისტორიას შეეხებოდა და ასე იყო დასათაურებული - ,,ყეენობის აღწერა“.

მოულოდნელად საცენზურო კომიტეტში ადგილის შოვნის შემდეგ მას საშუალება ეძლევა გაეცნოს ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებს - აკრძალულ ლიტერატურას. ზაქარია, მართალია, უსისტემოდ, მაგრამ თითქმის ყველაფერს კითხულობს.

1875 წლიდან ზაქარია ჭიჭინაძე იწყებს წიგნების გამოცემას. აი, რას წერს იგი თავის იმჟამინდელ განწყობაზე: ,,ჩემი თვალების გახელის დროს მე ვიყავი ძლიერ დაღონებული და გული დარდით მქონდა სავსე, რომ ქართველებს ქართული წიგნი სულ არა გვქონდა. ვიყავით დატუქსული, ქართული ენა იდევნებოდა. წიგნების გამრავლება და გამოცემა მიმაჩნდა ჩვენი ეროვნების აღდგენის მალამოდ და ამიტომ დღედაღამ ამ იმედით ვსულდგმულობდი“(გ. ტაბიძე, ტ. 12, თბ. 1975). სხვა სიტყვებით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წიგნის გამოცემის საქმე ჯერ კიდევ ერთ-ერთ ურთულეს წამოწყებად ითვლებოდა. ბრწყინვალე წოდება ქართულად კითხვას თაკილობდა, ფაქტობრივად, ეს ფენა დეგრადაციას განიცდიდა.,,თერგდალეულები“, განსაკუთრებით კი აკაკი, ამგვარ მდგომარეობას სატირული ლექსებით ეხმიანებოდა, რომელთა შორის გესლიანობით ,,აპელაციის მცოდნე“ გამოირჩევა. ღარიბი მოსახლეობა ყოველდღიური საზრდოს საშოვარზე იყო გადაგებული. მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ მინიმალური ინფორმაციის გათავისებას. ამ ფონზე ქართული წიგნის ბაზარიც, ცხადია, შეზღუდული იყო. თუმცა ზაქარია ჭიჭინაძე არ უშინდება ამ გარემოებას. იგი თვითონ ხდება დამწერიც, ამწყობიც, მბეჭდავიც და გამსაღებელიც. წიგნების გამოცემას არ კმარობს და თვითონ ხსნის პატარა წიგნის მაღაზიას, რომელიც კვირაობით შუა ბაზარში საგანგებოდ გაშლილ მაგიდაზე გადმოაქვს. სწორედ აქ გაიცნობს მას ახალგაზრდა იოსებ იმედაშვილი და მალე ამ უცნაურ ენთუზიასტში, დინჯად რომ უდგას თავის ,,საგანძურს“, უახლოეს მეგობარსა და თანამოაზრეს იპოვის. წიგნის გასაღების მიზნით ზაქარია ქართულ ქალაქებსა და სოფლებშიც მოგზაურობს. არიგებს, ყიდის, ავრცელებს. ამიტომაც იგივე ლ. ასათიანი მის ძალისხმევას ერკმან-შატრიანის ,,გლეხკაცის ისტორიის“ პერსონაჟის, მემწვანილე შოველის შემართებას ადარებს და ასეც უწოდებს - ,,ქართველი შოველი“.

ზაქარია ჭიჭინაძეს დახმარებას უწევდნენ ისეთი ქველმოქმედნი, როგორებიც იყვნენ დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, იაკობ მანსვეტაშვილი და სხვ. აი, რას წერს მის შესახებ პოეტი კოტე მაყაშვილი: ,,მხოლოდ რამდენიმე თავგამოდებული მამულიშვილი სცდილობდა დაერღვია ქართველ საზოგადოების ლეტარგია და კრიჭაში უდგა ყველა მტერს და ინსინუაციას. ამ თავგამოდებულთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს ზაქარია ჭიჭინაძეს. მას წიგნის გამოცემა და გამრავლება საქართველოში მიაჩნია დიდ კულტურულ და ეროვნულ საქმედ. ამ საქმეს შეუდგა იგი თავისი საოცარი ენერგიით და შეასრულა კიდევაც პირნათლად...“. მის მიერ გამოცემულ წიგნთა შორისაა დ. ბაქრაძისა და მ. ჯანაშვილის ცალკეული შრომები, მოსე ხონელის ,,ამირანდარეჯანიანი“, იოანე ბატონიშვილის ,,კალმასობა“, პლ. იოსელიანის ,,ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, თეიმურაზ პირველის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, გრ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილისა და სხვათა ლექსები.

ზაქარია თვითონაც ნაყოფიერი ავტორი იყო. მას 250-ზე მეტი წიგნი ჰქონია დაწერილი, აქედან მხოლოდ ნახევარი თუა გამოცემული. თანამშრომლობდა თითქმის ყველა იმდროინდელ ბეჭდვით ორგანოში. მისი ინტერესის სფერო იმდენად ფართოა, რომ მოიცავს საქართველოს ისტორიას, ეთნოგრაფიას, ქართველ კათოლიკეთა და ქართველ მაჰმადიანთა, პირველ მეწარმეთა და ქველმოქმედთა ცხოვრება-მოღვაწეობას, ქართული სტამბისა და მესტამბეების, ქართული წიგნის თავგადასავალს. ქართველთაგან პირველია, ვინც ახსენებს პრუდონს, ლუი ბლანს, რობერტ ოუენს, სენ სიმონს, ფურიეს. თუმცა ამ მრავალფეროვნებას ნაკლოვანებაც აღმოაჩნდა: ეს იყო მასალის ზედაპირული დამუშავება და სათანადო მეცნიერული საფუძვლის უქონლობა.

იოსებ იმედაშვილი განსაკუთრებულად მიიჩნევს ჭიჭინაძის ღვაწლს ქართველ მუსლიმთა დედასამშობლოსთან დაახლოების საქმეში. იგი თურმე აქ არა მარტო ხშირად მოგზაურობდა, წიგნებს ავრცელებდა და ამ მეტად მტკივნეულ საკითხზე გაზეთ ,,ივერიაში“ საინტერესო კორესპოდენციებს ბეჭდავდა, პარალელურად სცემდა კიდეც სამუსლიმანო საქართველოს შესახებ წიგნებს, არამედ მუსლიმებთან დაახლოების მიზნით მეჩეთშიც დადიოდა, მუხლზე დაჩოქილი არაბულ ლოცვებს წარმოთქვამდა და თავის ამ საქციელს შემდეგნაირად ხსნიდა: ,,სჯული, სარწმუნოება სხვაა, ეროვნება სხვა. სარწმუნოებით შეიძლება სხვადასხვა ვიყვნეთ, ეროვნებით კი ერთი ოჯახის შვილნი ვართ და უნდა ასეთადაც დავრჩეთო“. ამიტომაც არაბულ ლოცვებს ქართულად ბეჭდავდა, აქვე ურთავდა ანბანს, ქართველ მუსლიმთა ხალხურ ლექსებს და უფასოდ ავრცელებდა.

1922 წელს, როდესაც გადაწყდა ზაქარია ჭიჭინაძისთვის იუბილეს გადახდა, ჟურნალი ,,ლომისი“ წერდა: ,,იგი ერთადერთი ადამიანია, რომელიც პირადად იცნობდა ყველას უძველესი ქართული ჟურნალიდან ,,ცისკარი“. იგი გაპიროვნებული ტრადიციაა ჩვენი მე-19 საუკუნის კულტურისა. იგი მუდამ სუნთქავდა ქართული წიგნის მაღაზიების ჰაერით. მისი, ტიპიური ბიბლიოფილის, სახე მუდამ ანთებულია ქართული წიგნისადმი სიყვარულით. თვითონაც წიგნია ცოცხალი“.

ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931 წელს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში .

 


ლიტერატურა:

ლ. ასათიანი, რჩ. ნაწერები, ტ.1, თბ. 1958

ი. იმედაშვილი, ჩემი ცხოვრების წიგნი, თბ. 1978

ლ. ნანიტაშვილი, ქართული წიგნის ამაგდარნი, თბ.