გრიგოლ ბურჭულაძე 1861-1941)
სახალხო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ბურჭულაძე დაიბადა 1861 წელს გურიაში, სოფელ ზედა გომში, ყმის ოჯახში. სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ, 1873 წელს გრიგოლი მშობლებმა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც 1879 წელს წარმატებით დაამთავრა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მან აიყვანა მოსამზადებლად მოწაფეები, რითაც გაიჩინა ლუკმა-პური, ხელი მიჰყო თვითგანვითარებას, გამოიწერა ქართული ჟურნალ-გაზეთები (შემდეგში თვითონაც ათავსებდა პატარ-პატარა კორესპონდენციებს გაზეთ „ივერიის” ფურცლებზე). დაუახლოვდა ოზურგეთის მოწინავე ინტელიგენციას და მათი უშუალო დახმარებით ჩაება საზოგადოებრივ მუშაობაში.
1881 წლის დასაწყისში გრიგოლი ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის მოსამზადებელი განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვიეს.
1882 წლის აგვისტოში გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა მისაღები გამოცდები და ინსტიტუტში ჩაირიცხა. გრიგოლი გულმოდგინედ სწავლობდა, რათა მომავალში სახელმწიფო ხარჯზე გადაეყვანათ, როგორც კარგი მოსწავლე. მაგრამ მდგომარეობა მის საწინააღმდეგოდ შებრუნდა: გაზეთ „დროების” რედაქციაში შესულ რომელიღაც სტუდენტის წერილში დაწვრილებით იყო ჩამოთვლილი ინსტიტუტის დრექტორის კოლოვიჩის „კაი კაცობა”. გაზეთ „დროების” ცენზორმა წერილი სასწავლო ოლქის მზრუნველს იანოვსკის გადაუგზავნა გასაცნობად, როდესაც ინსტიტუტის დირექტორს პასუხი მოსთხოევს, განრისხებულმა დირექტორმა ეჭვი გრიგოლ ბურჭულაძეზე მიიტანა, აითვალწუნა და მცირეოდენი დახმარებაც შეუწყვიტა.
ლუკმა-პურზე ფიქრმა გირგოლს ვერ წაართვა თვითგანვითარებისადმი მისწრაფება. იგი დაუახლოვდა მოწინავე სტუდენტებს, გაეცნო რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების ნაწერებს. გრიგოლ ბურჭულაძემ გულწრფელად შეიყვანა რუსიფიკატორთა წინააღმდეგ მებრძოლი და ქართული ენის დამცველი პედაგოგი გიორგი იოსელიანი. ამ შესანიშნავი პედაგოგისაგან ისწავლა მან სამშობლოს სიყვარული და ხალისადმი უანგარო სამსახური.
1886 წელს გრიგოლმა დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი, მაგრამ დირექტორ კოლოვიჩის დევნის გამო მეტად გაუჭირდა სამუშაოს შოვნა. 1887 წელს იგი დანიშნეს თელავის საქალაქო სასწავლებელში მოსამზადებელი განყოფილების მასწავლებლად. ახალგაზრდა მასწავლებელი ვერ ურიგდებოდა ცარიზმის მიერ სახალხო სკოლების საშუალებით რუსიფიკატორული პოლიტიკის გაძლიერებას და წინ აღუდგა სასწავლებელში გამეფებულ რეჟიმს, რისთვისაც რუსი ბიუროკრატებისაგან არა ერთხელ დაისაჯა სხვადასხვა ადგილზე გადაყვანით.
1889 წელს სახალხო სკოლების დირექტორის დარსკის რევიზიის შედეგად გრიგოლ ბურჭულაძე თელავიდან ზაქათალის საქალაქო სასწავლებელში გადაიყვანეს. ამ სასწავლებეშიც გრიგოლმა თავისებურად ააწყო მუშაობა. სასწავლებლის ინსპექტორმა მიტრევსკიმ სხვაგვარი თვალით შეხედა ახალგაზრდა მასწავლებლის დამოუკიდებელ მოქმედებას და გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება.
1891 წლის ივლისში სასწავლო ოლქის მზრუნველის ბრძანებით გრიგოლ ბურჭულაძემ ახალციხის საქალაქო სასწავლებელში გადაიყვანეს.
1891 წლის სექტემბერში გრიგოლი ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოებამ მდივნად აირჩია, დაავალა ქალთა ქართული სკოლის ხელმძღვანელობა და ოფიციალური პასუხისმგებლობა მთავრობის წინაშე სასკოლო საკითხებში. ახალციხის ქალთა ქართული სკოლა ორგანყოფილებიანი ყო. გრიგოლის თაოსნობით სკოლა გაიზარდა და გახდა ოთხწლიანი. სკოლის პროგრამა მან დაუახლოვა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების პროგრამას.
1896 წლის გაზაფხულზე გრიგოლ ბურჭულაძის თაოსნობით ახალციხის ქართველმა საზოგადოებამ დაიწყო სკოლისათვის შენობის აგება. ერთი წლის თავზე ახალციხის ქალთა ქართულ სკოლას უკვე ოთხოთახიანი, მაღალჭერიანი, ფართოაივნიანი საკუთარი ბინა ჰქონდა.
ამ საქველმოქმედო საქმაინობაში გრიგოლს გვერდში ედგნენ „საქველმოქმედო საზოგადოების” წევრები: მარიამ გამრეკელი, კონსტანცია და მიხეილ მეფისაშვილები, ნიკო შიუკაშვილი, ლიზა მირიანაშვილი, ევგენია ასათიანი, ანა ხახუტაშვილი და სხვანი.
ახალციხის ქართულმა სკოლამ სასწავლო ოლქის მზრუნველისა და სახალხო სკოლების დირექტორის ყურადღება მიიქცია. მოინდომეს ქართული სკოლის სახალხო სკოლების დირექციისათვის გადაცემა. დიდი ბრძოლა დასჭირდა გრიგოლ ბურჭულაძეს, რომ ქართული სასწავლებელი დირექციისათვის ხელიდან გამოეგლიჯა. გრიგოლმა ახალციხის ქართველობას სკოლა შეუნარჩუნა.
გრიგოლ ბურჭულაძემ ახალციხის ქართველობას მდიდარი სამკითხველი – წიგნსაცავი დაუტოვა. მისი მოხსენების საფუძევლზე „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” რაბათში გახსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო. დიდი ამაგი დასდო გრიგოლმა რაბათის ბიბლიოთეკას. მან შემოიღო მკითხველთა და ხელისმომწერთა წიგნები, ბევრი ქართული წიგნი შეუძინა და ჟურნალ-გაზეთი გამოუწერა, შეუდგინა სისტემატური კატალოგი და სხვა.
ათი წელიწადი იმუშავა გრიგოლ ბურჭულაძემ ახალციხეში და თავის საქმის გულწრფელად მოყვარულმა პედაგოგმა მოსწავლეთა და საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
1901 წლიდან ბურჭულაძე ერევნის საქალაქო სასწავლებელში მუშაობდა. აქ იგი დაუახლოვდა ერევნის ქართველ საზოგადოებას და მისთვის ჩვეული ენერგიით შეუდგა მოღვაწეობას: უსასყიდლოდ ასწავლიდა საკვირაო სკოლაში არითმეტიკას, სისტემატურად ესწრებოდა ალექსი ჭიჭინაძის მიერ სახალხო მასწავლებლებისათვის გამართულ კურსებზე ლექციებს და კითხულობდა მოხსენებებს სახალხო განათლების საკითხებზე.
1906 წელს გრიგოლ ბურჭულაძე გადავიდა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მათემატიკის მასწავლებლად. მან მალე დაიმსახურა სემინარიელების ნდობა და სიყვარული, დაუახლოვდა მათ, აწვდიდა არალეგალურ ლიტერატურას.
გრიგოლი უსასყიდლოდ განაგებდა ხონში არსებულ სახალხო ბიბლიოთეკას და წიგნების მაღაზიას. ასწავლიდა ივანე შარაშიძის მიერ ღარიბ ქალთათვის დაარსებულ სკოლაში და საკვირაო სკოლაში. აქტიური წევრი იყო „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ხონის განყოფილებისა.
1911 წლის აგვისტოში გრიგოლ ბურჭულაძე ხონის სამასწავლებლო სემინარიიდან გაანთავისუფლეს. იგი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობამ გრიგოლი საზოგადოების საქმეთა მწარმოებლისა და მდივნის თანამდებობაზე დანიშნა, ხოლო 1914 წლის იანვრიდან სკოლებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელ-მეთვალყურეობა მიანდო. ერთგულად და ენერგიულად ასრულებდა გრიგოლი მასზე დაკისრებულ მოვალეობას. გრიგოლის შრომამ კეთილი ნაყოფი გამოიღო და საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების რიცხვი თვალსაჩინოდ გაიზარდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნდობის სავსებით გამართლების, ერთგული და ნაყოფიერი მუშაობისათვის გრიგოლს მადლობა გამოუცხადეს.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გრიგოლ ბურჭულაძე კვლავ უბრუნდება სკოლას.
1925-1933 წლებში გრიგოლი მუშაობდა თბილისის რკინიგზის მე-9 სკოლის გამგედ. 1933 წელს დანიშნეს თბილისის რკინიგზის სკოლის ინტერნატში აღმზრდელ-მასწავლებლად. 1937 წლიდან ხანდაზმულმა, პატიოსანი და ნაყოფიერი შრომით დაღლილმა პედაგოგმა თავი დაანება პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობას.
გრიგოლ ბურჭულაძეს სპეციალურად პედაგოგიურ საკითხებზე დიდი გამოკვლევები არ გააჩნია, მაგრამ ზოგიერთ მტკივნეულ საკითხზე, რაც სახალხო სკოლას შეეხებოდა, იგი ყოველთვის აგმოთქვამდა თავის აზრს.
1896 წელს გრიგოლ ბურჭულაძემ გამოაქვეყნა წერილი „ზოგიერთი შენიშვნები „დედა ენის” შესახებ”, რომელშიც მოითხოვდა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” სახელმძღვანელოდან ამოღებულიყო არაქართული სიტყვები: „კარანდაში”, „სტოლი”, „სტაქანი”, „შკაფი”, „კრესლო” და სხვა.
იაკობ გოგებაშვილმა სათანადო ყურადღება მიაქცია გრიგოლ ბურჭულაძის შენიშვნებს და 1896 წლის ჟურნალ „მოამბეში” ვრცელი პასუხი დაბეჭდა სათაურით „შენიშვნები შენიშვნებზე (პასუხად ახალციხელ კრიტიკოსს)”.
იაკობ გოგებაშვილს ახალციხელი კრიტიკოსის „შენიშვნებიდან” ბევრი რამ არ მიუღია, მაგრამ, როგორც მისი პასუხიდან ირკვევა, „შენიშვნებს” მცირე სარგებლობა მაინც მოუტანია: „თუ მკითხველი ამ პასუხის წაკითხვის შემდეგ ახალციხელის ავტორის წერილს სრულიად უნაყოფოდ ჩათვლის, უსამართლოდ მოიქცევა, ყველაფერი როდია უსაფუძვლო და შეუწყნარებელი. „კრესლო” შევცვალეთ „სავარძელზე”, მივიღეთ წმინდა ქართული ტერმინი „დგამი”... ზოგიერთი რთული ანდაზა ანბანიდან გამოვტოვეთ და ერთი კარექტორის მიერ ორი კარექტორი ავუჩინეთ მეთორმეტე გამოცემას...”
თავის ვრცელსა და მეტად საინტერესო პასუხს იაკოგ გოგებაშვილი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „თუ გავიხსენებთ, რომ რაც კი წერილები დაიბეჭდა „დედა-ენის” წინააღმდეგ ამ ოცი წლის განმავლობაში, სულ ბზისა და ბეჩოსაგან შედგებოდა, ჩვენ მადლობელი დავრჩებით ახალციხელის ავტორისა, რომელმაც რამდენიმე საღი პურის მარცვალი შეგვმატა”.
1901 წლის ზაფხულში გრიგოლ ბურჭულაძემ პირადად გაიცნო იაკობ გოგებაშვილი. მათ შორის კეთილი განწყობილება და ახლო დამოკიდებულება დამკვიდრდა.
გრიგოლ ბურჭულაძემ თავისი გულწრფელი, ჩუმი, პატიოსანი და ნაყოფიერი შრომით გარკვეულ ადგილი მოიპოვა ქართველ მოწინავე მასწავლებელთა შორის.
გრიგოლ ბურჭულაძე გარდაიცვალა 1941 წელს თბილისში.