‍გრიგორ არწრუნი (1845-1892)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0011 artsსაზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი გრიგორ არწრუნი ძირძველი არისტოკრატიული წარმომავლობის მქონე სომხური ოჯახის წარმომადგენელია. ეს გვარი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სომხეთის ისტორიაში სომხეთის სამეფოს არსებობის ხანაში, მაგრამ ირანის ქვეშევრდომობაში ყოფნისას ტიტული და პრივილეგიები დაკარგეს. გრიგორ არწრუნის პაპა 1813 წელს გადმოსახლებულა საქართველოში თურქეთიდან (ვანიდან), მამა – ერემია არწრუნი – რუსეთის არმიის გენერალი იყო და 1866-1868 წლებში თბილისის ქალაქის თავად (მერად) იყო დანიშნული. პაპაც და მამაც შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ და თანამემამულეთა შორის საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდნენ.

გრიგორ არწრუნი მოსკოვში დაიბადა, დაწყებითი განათლება რუსულ და ფრანგულ ენებზე მიიღო, ხოლო სომხურის შესწავლას 12 წლის ასაკიდან შეუდგა. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჯერ მოსკოვისა და პეტერბურგის, შემდეგ კი ციურიხის, ჟენევისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ჰაიდელბერგში მიიღო ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის დოქტორის ხარისხი.

პუბლიცისტური მოღვაწეობა 1865 წელს დაიწყო. ლიბერალური მსოფლმხედველობის მქონე, პროგრესულად მოაზროვნე ჟურნალისტი იყო, ზრუნავდა მოსახლეობის დაბალ ფენებში განათლების ფართოდ გავრცელებისა და ქალთა ემანსიპაციისთვის. 1872 წელს თბილისში დააარსა სომხურენოვანი ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი „მშაკ“ („მუშა“), რომელიც 1920 წლამდე გამოდიოდა. გაზეთში, რომელმაც ჩქარა მოიპოვა პოპულარობა, ქვეყნდებოდა სტატიები ეკონომიკის, რელიგიის, განათლების, კულტურული ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე. მოწინააღმდეგენი გრიგორ არწრუნს ადანაშაულებდნენ კოსმოპოლიტიზმში, სომეხი ხალხის თავისებურებებისა და ტრადიციებისათვის ანგარიშის გაუწევლობაში.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ასეთი ფაქტი:

1876 წელს ქალაქის გამგეობას, რომლის წევრთა (დეპუტატთა) უმეტესობა სომეხი იყო, ქალაქის თავი უნდა აერჩია (ეს ქალაქის თავის პირველი არჩევნები იყო – მანამდე ქალაქის თავები ინიშნებოდნენ). ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს: ერემია არწრუნი და დიმიტრი ყიფიანი. ქალაქის თავად დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს, რომელმაც მეტოქეზე ერთი ხმით მეტი მიიღო. ხმოსანთა შორის გრიგორ არწრუნიც იმყოფებოდა, რომელმაც ხმა დიმიტრი ყიფიანს მისცა. მის ამ საქციელს გრიგორ არწრუნის დემოკრატობით ხსნიან – მამამისი მდიდართა, ე. წ. პირველი კლასის ხმოსანთა, კანდიდატი იყო, ბობოლათა, რომლებსაც ბდაბიოთა გასაჭირი გულთან არ მიჰქონდათ.

გრიგორ არწრუნს ქარვასლაც ჰქონდა იმ ადგილას, სადაც ამჟამად გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრია. 1879 წელს ამ ქარვასლის ერთი ნაწილი ქართული თეატრალური დასის მესვეურთა თხოვნით გრიგორ არწრუნმა თეატრად გადააკეთა, რომელიც ქართული თეატრალური დასის მუდმივ კერად გადაიქცა.

დრამატურგი და მსახიობი ავქსენტი ცაგარელი იგონებს:

„მოახლოვდა სეზონის დაწყების დრო და ჩვენც მოვიყარეთ თავი თეატრის დარბაზში. მაშინ „საზაფხულო თეატრს“ ეძახდნენ, მტკვრის პირზე რომ თეატრი იყო – რასაკვირველია, ყველას კარგათ ეხსომება. დიდი ხანი არ არის, რაც დაანგრიეს. იქ დავიწყეთ წარმოდგენების მართვა და განვაგრძეთ, ვიდრე აწ განსვენებული გრიგოლ არწრუნი თავის ქარვასლაში თეატრს გააკეთებდა. მაშინ კი იმის თეატრში გადავედით, სადაც დიდი შეღავათიანი პატივისცემაც გვქონდა არწრუნისაგან. მახსოვს, რამდენჯერმე, როდესაც შემოსავალი ნაკლებად გვქონდა, არწრუნი ან სულ გვაპატიებდა თეატრის ქირას, ან არადა მარტო განათების საფასურს აიღებდა ხოლმე. ჩვენი არტისტებისათვის რამდენჯერმე ფულითაც გაუმართია ხელი, ბენეფისებში თეატრის ქირა შეუწირავს არტისტებისათვის. განსვენებული ჭკვიანი და შორს გამჭვრეტი კაცი იყო“ (ა. ცაგარელი, „მოგონებანი. მუდმივი ქართულ დრამატიულ სცენის დაარსებიდან“).

გრიგორ არწრუნი 47 წლისა გარდაიცვალა. მთელმა თბილისმა გააცილა იგი სამუდამო განსასვენებლისაკენ.

თბილისელი თვითნასწავლი მხატვრის კარაპეტ გრიგორიანცის (1866–1943) მოგონებებში ვკითხულობთ:

“გრიგორ არწრუნი არ იყო მეფე ანუ შემძლე დიდი თავადი, მაგრამ იმის მზგავსად კავკასიაში, არცა რუსეთში არავინ არ დასაფლავებულა. ამას ვამბობ იმ საბუთით, რომ ალექსანდრე მესამეზე იყო 300 გვირგვინი, მაგრამ არწრუნზე იყო 1000 გვირგვინი” (კარაპეტ გრიგორიანცი, “ძველი თბილისის იშვიათი ამბები”, ლიტერატურის მუზეუმის გამოცემა, 2011).

იქვე მოგონების ავტორი გადმოგვცემს ერთ ფაქტს, რომელიც ნათლად მეტყველებს, რაოდენ პატივს მიაგებდნენ ქართველები გამოჩენილ სომეხ პუბლიცისტს:

“როდესაც ცხედარი შუა აღმართიდან უნდა ალექსანდრეს ბაღისკენ მიებრუნებინათ ფოშტის ქუჩაზე გასატარებლად, ქართველი მამულიშვილებმა წინ გადაეღობნენ და რუსთაველის პროსპეკტით (იმ დროს გოლოვინის პროსპექტით. – ლ. ბ.) სასახლის წინ (მთავარმართებლის ანუ მეფისნაცვლის სასახლე იგულისხმება, ახლანდელი მოსწავლეთა სასახლე. – ლ. ბ.) ძალით გაატარეს. რადგანაც წინასწარ იცოდნენ, რომ სასახლის წინ გატარება არ შეიძლება, მაგრამ მაინც გაატარეს”.

კარაპეტ გრიგორიანცის სიტყვით, “გრიგორ არწრუნი ქართველი მეზობლებში ძალიან იყო მიღებული”. მის ახლო მეგობართა შორის იგი ასახელებს ვანო მაჩაბელს, გიორგი წერეთელს, აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ჯაბადარსა და სხვებს.

 


ლიტერატურა:

1. Григор Арцруни и его "Мшак". http://kamavor.livejournal.com/13526.html

2. Арцруни Григорий. http://www.rulex.ru/01010721.htm

3. ავქსენტიცაგარელი. მოგონებანი (მუდმივი ქართული დრამატული სცენის დააარსებიდან). http://biblioteka.litklubi.ge/print.php?id=10502

4. კარაპეტ გრიგორიანცი. ძველი თბილისის იშვიათი ამბები. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი, 2011.