‍ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0069 henrმხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი, საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ქუთაისში დაიბადა 1869 წელს. მამა ადრე გარდაეცვალა და დედასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. ხატვას და არქიტექტურას ევროპაში სწავლობდა (არქიტექტურას გერმანიაში ეუფლებოდა, კარლსრუეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში), 1898 წელს საქართველოში დაბრუნდა და სიკვდილამდე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სახელოვნებო ცხოვრებაში, როგორც მხატვარი, არქიტექტორი და პედაგოგი. ხატვას ასწავლიდა კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში, 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პროფესორად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც იგი იყო, ეკავა დეკანისა და პრორექტორის თანამდებობებიც.

დიდი დამსახურება მიუძღვის ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვისა და მათი ჩანახატების შესრულების საქმეში. აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის შეფასებით, „ეს ჩახატები მნიშვნელოვანია არა მარტო მაღალი მხატვრული ღირსებით (ჰრინევსკი ბრწყინვალე აკვარელისტი იყო), არამედ დოკუმენტური სიზუსტითაც“, ვინაიდან იგი „საფუძვლიანად იცნობდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, კერძოდ, ქვაზე ნაკვეთ უმდიდრეს ჩუქურთმებს“.

1912 წელს არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად გაიმარჯვა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობის (ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი) პროექტისათვის გამოცხადებულ კონკურსში. მისი მოხატულია ამ ნაგებობის ინტერიერი.

ჰენრიკ ჰრინევსკის მოხატულია ქაშვეთის ტაძრის ერთი ნაწილიც.

ქართული პოლიგრაფიის და, საზოგადოდ, ქართული კულტურის ისტორიაში დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხეილ გედევანიშვილისეული დიდებული ილუსტრირებული გამოცემა, რომელიც 1914 წელს განხორციელდა. ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ჰენრიკ ჰრინევსკის დაავალა ამ გამოცემისთვის ილუსტრაციების შექმნა და მთელი კრებულის მხატვრული გაფორმება. ეს დავალება მან ბრწინვალედ შეასრულა. დახატა 35-მდე ილუსტრაცია, საიდანაც გამოცემაში შევიდა 16 (ილუსტრაციების გარდა ამ გამოცემისთვის ჰ. ჰრინევსკიმ დახატა წიგნის სატიტულო გვერდი, თავსართები, ბოლოსართები, საზედაო ასოები).

ჰენრიკ ჰრინევსკის არამარტო უყვარდა და კარგადაც ესმოდა ქართული ხელოვნება, არამედ თავისი შემოქმედების თემატიკით, სტილისტიკით, ზოგადი ხასიათით იგი ქართველი ხელოვანი იყო.

აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე იხსენებს:

ჰენრიკ ჰრინევსკი „ცხოვრობდა სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ კორპუსში [...], გუმბათით გადახურული დარბაზი იყო მისი სახელოსნო, სადაც ხშირად გვიბარებდა და გვამეცადინებდა ხოლმე. ადვილი წარმოსადგენია, როგორი ატმოსფერო სუფევდა ამ სახელოსნოში, სადაც კედლები მოფენილი იყო მხატვრის ნამუშევრებით, თაროები კი წიგნებით სავსე. იქვე გვერდით მდებარეობდა მისი მეუღლის მარია პერინის სტუდია. პერინი იტალიელი იყო, ცეკვის პედაგოგი, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი (გადამწყვეტი!) როლი შეასრულა ქართული საბალეტო სკოლის შექმნაში (მისი მოწაფეები იყვნენ ვახტანგ და თამარ ჭაბუკიანები, ელენე ჩიკვაიძე, ლალი გვარამიძე, ირინე ალექსიძე). [...] ჰ. ჰრინევსკი ენერგიული, ხალისიანი, კეთილგანწყობილი ადამიანი იყო, არასოდეს დაიზარებდა რჩევას, დახმარებას, ეს რჩევა და დახმარება კი ყოველთვის დიდად სასარგებლო იყო, უპირველეს ყოვლისა, მხატვრის უმაღლესი პროფესიული დონის გამო“.

ჰენრიკ ჰრინევსკი 30-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლა: იგი 1937 წელს დააპატიმრეს და 1938 წლის 4 მარტს დახვრიტეს. მისთვის სამი ქვეყნის აგენტობა დაუბრალებიათ. მისი არქივი თითქმის მთლიანად განადგურდა. მხატვრის მეუღლე საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს.

2011 წლის ივნისში საქართველოში პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა ჰენრიკ ჰრინევსკის მემორიალური დაფა და გაიმართა წიგნის „ჰენრიკ ჰრინევსკი“ პრეზენტაცია.

  01 hrinevski

ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის (ამჟამად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
პირველი კორპუსის) ინტერიერი, მოხატული ჰ. ჰრინევსკის მიერ

  02 hrinevski

ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის“ ილუსტრაცია.
ჰ. ჰრინევსკის ნახატი

  03 hrinevski

„ქართვლის დედა“. ჰ. ჰრინევსკის ნახატი

 


ლიტერატურა:

1. ჰენრიკ ჰრინევსკი, ბიოგრაფია. https://burusi.wordpress.com/2009/10/16/hrinevski/

2. ვახტანგ ბერიძე. „ჰრინევსკის გულწრფელად უყვარდა საქართველო...“, ჟ. „სპექტრი“, 1989, გვ. 49-51. http://www.nplg.gov.ge/geo/grinevski

3. პოლონური რეპრესიები საბჭოთა საქართველოში. http://archive.security.gov.ge/18-02-3013.html