‍გიორგი მაიაშვილი (ზდანევიჩი) (1855-1917)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

„გიორგი ზდანოვიჩის პიროვნებაში სიმეტრია მაშინაც არ დარღვეულა, როცა იგი სიკვდილის გაფითრებული სახის წინ დააყენეს.
რამდენჯერ მინატრია: მაჩვენა სურათი „გიორგი ზდანოვიჩი სასამართლოს წინაშე“. სასამართლოს პროცესის ცნობებიდან სჩანს – უბადლო ვაჟკაცობა გამოიჩინა გიორგიმ.
. . . . . . . . . . .
გიორგი ზდანოვიჩს ვერც ერთი ქართველი მოწინავე თაობის მეისტორიე გვერდს ვერ აუხვევს. ჭეშმარიტად ჯადოსნური ძალაა სიყვარული, სიყვარული მამულისადმი, ჩემის აზრით, იგი უფრო მაღალი და სპეტაკია, ვიდრე ქალვაჟური სიყვარული“.

კონსტანტინე გამსახურდია

 

0176 zdanპოლონური წარმომავლობის პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე გიორგი მაიაშვილი (ზდანოვიჩი) დაიბადა 1855 წელს ქუთაისში. მისი პაპა, პოლონეთის 1830 წლის აჯანყების მონაწილე, რუსეთის მეფის მთავრობას დასჯის მიზნით საქართველოში გადმოუსახლებია თავის ოჯახთან ერთად. გიორგის მამაც, ფელიქს ზდანოვიჩი, შერისხული იყო ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, რის გამოც გაურიცხავთ პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემიიდან. დედა გიორგის ქართველი ჰყავდა – მაია მანუჩარის ასული მიქელაძე (გ. ზდანოვიჩის ლიტერატურული ფსევსონიმი – მაიაშვილი – დედის სახელიდან წარმოდგება).

მამა ადრე გარდაცვლია და დედამისი ხელახლა გათხოვილა ლ. ქორქაშვილზე, რომელიც, დედასთან ერთად, დიდ მზრუნველობას იჩენდა გიორგის მიმართ. შეიყვანეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის დამთავრებისთანავე გიორგი ზდანოვიჩმა სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო, შემდეგ კი პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, სადაც ადრე მამამისი სწავლობდა.

გიორგი სტუდენტობიდანვე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1874 წელს იგი „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციური ორგანიზაციის“ წევრი ხდება, მეტსახელით „რიჟი“.

მომდევნო, 1875, წელს ოცი წლის გიორგი ზდანოვიჩი დააპატიმრეს სხვა თანამოაზრეებთან ერთად. 1877 წელს გახმაურებულ „50-ის პროცესზე“ წარმოთქმულმა გაბედულმა სიტყვამ სახელი მოუხვეჭა ახალგაზრდა რევოლუციონერს.

გ. მაიაშვილს 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელს სხვადასხვა საპყრობილეში იხდიდა. პატიმრობაშივე დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა, ჯერ პატიმართა ხელნაწერ ჟურნალში აქვეყნებდა წერილებს, 1882 წელს კი ჟურნალ „ივერიას“ გაუგზავნა ვრცელი სტატია „წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“, რომელიც გამოქვეყნდა კიდევაც ჟურნალში და ერთობ საჭირო პოლემიკის დასაბამადაც იქცა.

1883 წლის 15 მაისის მანიფესტით გ. ზდანოვიჩს თავისუფლება მიენიჭა, მაგრამ სამშობლოში, საქართველოში, დაბრუნების უფლება არ მისცეს, ჯერ სემიპალატინსკში, ხოლო შემდეგ ტომსკში ცხოვრობდა.

1889 წლიდან მას, რომელიც ამ დროისათვის უკვე გამოცდილი და ცნობილი პუბლიცისტი იყო, საქართველოში ცხოვრების ნება დართეს. ქართველი საზოგადოება სამშობლოში მის დაბრუნებას სიხარულით შეხვდა.

გიორგი მაიაშვილი პუბლიცისტურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობას ქართულ და რუსულ ენებზე ეწეოდა და აქტიურად თანამშრომლობდა ილია ჭავჭვაძის „ივერიაშიც“ და ნიკო ნიკოლაძის „ნოვოე ობოზრენიეშიც“.

ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებზე დაწერილი სტატიების გარდა გამოქვეყნებული აქვს საყურადღებო ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, გიორგი ნათიძის (მელანიას) შემოქმედებაზე.

გიორგი ზდანოვიჩი დიდად ნიჭიერი პუბლიცისტი იყო, განათლებული, ფართო თვალსაწიერის მქონე, ღრმა ანალიზის უნარით, წერის მაღალი კულტურით და ობიექტურობით გამორჩეული. ერთგან თავის ჟურნალისტურ კრედოს ასე გადმოგვცემს: „პუბლიცისტმა ყოველთვის ჯეროვანი გარკვევით უნდა დაგვანახვოს რა იყო, იმის აზრით, წარსულში კარგი, გამოსადეგი მერმისისათვის და რა იყო ავი, არა-საქებური, რომელიც, სწორედ იმიტომ, რომ ავია, საუკუნოდ უნდა დამარხულ იქმნას ისტორიის არქივებში“.

გიორგი ზდანოვიჩს დიდი ღვაწლი მიუძღვის ჭიათურის მარგანეცის წარმოების ორგანიზების საქმეში. იგი თავმჯდომარეობდა 1902 წელს შექმნილ “შავი ქვის საზოგადოებას” – 190 წევრისაგან შემდგარ მრეწველთა საბჭოს.

ფრაგმენტი დავით კლდიაშვილის მოგონებებიდან:

“ქალაქის [ქუთაისის] გამგეობაში სამი წლის სამსახურის შემდეგ გადავედი შავი-ქვის მრეწველთა საბჭოში. [...] თავმჯდომარედ იყო გიორგი ზდანოვიჩი, მის მოადგილედ – კიტა აბაშიძე. ზდანოვიჩის ავტორიტეტი აქ უსაზღვრო იყო. ყველანი ღრმა პატივისცემით იყვნენ გამსჭვალულნი მისდამი. მან ეს კარგად იცოდა, მაგრამ თავდაჭერილი იყო და ყველას სადათ და სრული კეთილი განწყობილებით ეპყრობოდა. მას უკიდურესად უყვარდა ის საქმე, რომლის სათავეში იდგა და გატაცებით მუშაობდა. ოცნებობდა – ჭიათურა გადაექცია სამაგალითო საჩვენებელ პუნქტად, როგორც სამრეწველო ადგილი და როგორც მომავალი ქალაქი. მისი მუყაითობით იმ მოგების თანხიდან, რომელიც საბჭოს ჰქონდა, მოწყობილი იყო სასწავლებლები, მშვენიერი საავადმყოფო, საფერშლო პუნქტები; ოცდახუთი-ათასი მანეთი ყოველწლიურად გადადებული იყო მოსწავლეთა სტიპენდიებისათვის; დიდძალი ფული იხარჯებოდა გზების კეთებაში, წყალსადენისა და ელექტრონით დაბის განათებისათვის. აქ შემოღებული იყო მუშათა დამზღვევი კასა [...]. მშვენიერი სანახავი იყო იგი მუშების წარმომადგენელთა შორის, მისი მუსაიფი მათთან, მუსაიფი გულწრფელი მათთვის მზრუნველ ადამიანის. თავდაჭერილი და მშვიდობიანი, რისხვა იყო, როცა ააღელვებდნენ; ამ დროს იგი ნამდვილი მჭევრმეტყველი იყო, ენამახვილი, შეუბრალებელი, შემმუსრველი, ამაღელვებელი. [...]. იგი სიყვარულით იყო შემოსილი იმ წრეში, რომელშიც მოხვდებოდა. მიშო ყიფიანმა მითხრა, რომ ციმბირში ყოფნის დროს ჩვენ და პოლონელ ციმბირელებს ჩხუბი მოგვდიოდა იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ზდანოვიჩიო: პოლონელები თავგამოდებით აცხადებდნენ, რომ ზდანოვიჩი მათია, პოლონელი; ჩვენ, ქართველები, გაცხარებით ვედავებოდით, რომ ზდანოვიჩი ჩვენია, ქართველია, ქართველი დედის შვილი. [...] მის კაბინეთში ვის არ ნახავდით მოსალაპარაკებლად მოსულს! [...] მახსოვს მის კაბინეთში მოუსვენრად რომ მიდი-მოდიოდა კერენსკი. სხვათა შორის კერენსკისთან ლაპარაკი გაიმართა საქართველოს რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ; კერენსკიმ ისეთნაირი განწყობილება გამოააშკარავა საქართველოსადმი, რომ ზდანოვიჩს გული მოუვიდა და მკაცრად უთხრა კერენსკის:

- ალექსანდრ ფეოდოროვიჩ, თუ თქვენ ამგვარ შეხედულებისა ხართ საქართველოზედ, უმჯობესი იყო აქ ფეხი არ დაგედგათ.

კერენსკიმ ჩაღუნა თავი, ააპარპალა თავისი ბეცი თვალების ქუთუთოები და ბოდიშის მაგვარი სიტყვით ალაპარაკდა” (დავით კლდიაშვილი. ჩემი ცხოვრების გზაზე. წიგნში: დ. კლდიაშვილი. მოთხრობები და პიესები. თბილისი: სახელგამი, 1947, გვ. 895-897).

გიორგი ზდანოვიჩი 1917 წელს გარდაიცვალა ქუთაისში, დაკრძალულია ბაგრატის ტაძრის ეზოში.

*  *  *

გიორგი ზდანოვიჩის პირველივე პუბლიკაცია ქართულ პრესაში, 1882 წელს „ივერიაში“ გამოქვეყნებული ვრცელი პოლემიკური, ერთობ თამამი სტატია „წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“, უპირველეს ყოვლისა იმით არის საყურადღებო, რომ მასში პირველად დაისვა მწვავედ საკითხი ეკონომიკური ცხოვრების აქტიურად განხილვა-გაშუქების აუცილებლობისა ჩვენს პრესაში. ვნახოთ რამდენიმე ფრაგმენტი იქიდან:

„თქვენი მოქმედება, ბატონებო, ძლიერ პატივსაცემია, თქვენი ღვაწლი ყველასათვის ცხადია. ჩვენც თანაუგრძნობთ მას, მაგრამ ამასთანავე ჩვენის მხრით დიდი უზრდელობა იქნებოდა თქვენი წმინდა განზრახვათა წინაშე – დაგვემალა თქვენთვის, რომ ის კითხვები და საგნები, რომელთაც თქვენ ეხლა სულით და გულით მისცემიხართ, ჩვენ უსაჭიროეს და არსებით საგნებად არ მიგვაჩნია. ღაღადება სკოლებში ქართულის ენის შემოღებაზედ, სახალხო სკოლების დაფუძნებაზედ, ქართულის თეატრის გამართვაზედ, სასარგებლო წიგნების გამოცემაზედ, ჩვენი ენის განვითარებასა და გამშვენიერებაზედ და სხვა და სხვა. და ყოველივე ესენი ძლიერ საჭირონი და თანაგრძნობის ღირსნი საგნები არიან. მაგრამ ამ საგნებზედ გაჩერება, მათ გარშემო ტრიალი და ამასთანავე კმაყოფილებით ძახილი, რომ მხოლოდ ამაებზედ არის დამყარებული ჩვენი ქვეყნის ბედნიერებაო, იმასა ნიშნავს, რომ თქვენ მოქმედების პროგრამა ჯერ კიდევ არა გქონიათ შემუშავებული და მტკიცე ნიადაგზე დამყარებული... ეს მიუტევებელი ცოდვა გახლავთ თქვენთვის. არც ერთ წრეს ხალხის ბელადთა, რომელსაც კი სურს შეიქმნას ჭეშმარიტი გამომეტყველი და წარმომადგენელი თავის ქვეყნის ინტერესებისა, არ ექნება მომავალი, თუ რომ იგი განზრახ ან გაუგებლობით უქცევს გზას ეკონომიურის საგნების ახსნას და გადაწყვეტას, რომლების გამოსარკვეველათაც იბრძვის ეხლა ყველა თანამედროვე პარტიები, მთელი კაცობრიობა. მე ცოტა არ არის მრცხვენიან, რომ ამისთანა ანბანურ ჭეშმარიტებათა დასამტკიცებლად ამდენს ხანს გებაასებით, რადგან მათ უცოდინარობას მე თქვენ ვერ დაგწამებთ. მე კარგად ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იმდენად განათლებულია და იმდენად მცოდნე საზოგადოებრივ საგნებისა, და ვალდებულიც არის იყვეს მცოდნე, რომ ადვილად დათანხმდება ჩემს დედა აზრზე.

აი ამისათვის მუდამ გვაოცებდა და გვაკვირვებდა ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ჟურნალ-გაზეთობაში სრულიად ვერა ვპოულობდით პოლიტიკო-ეკონომიურს სტატიებს. ჩვენ ხშირად შევხვედრივართ ჩვენს მწერლობაში სამეცნიერო სტატიებს და პოლიტიკურის ხასიათის წერილებს, რომელთ საგნად ყოფილა გარეგანი პოლიტიკური ცხოვრება და ლიტერატურა ევროპისა და რუსეთისა, მაგრამ სრულებით არ გვინახავს არამც თუ მსჯელობანი ეკონომიურს საგნებზე, არამედ ზოგად ფილოსოფიურს სტატიებსაც არ შევხვედრივართ ცხოვრების რომელსამე სათვალსაჩინო მოვლენაზედ. და ეს გარემოება მაშინ შეინიშნება, როდესაც ჩვენის აზრით, ყველაზედ მომეტებული ალაგი ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში უნდა ეჭიროს ნიშანდობლივ ამგვარ სტატიებს. თქვენ თითქო განზრახ სტოვებთ უყურადღებოდ, ეკიდებით გულ-გრილად ვრცელს ნაწილს და სფერას ხალხის ცხოვრებისას და გაჰყოლიხართ მსჯელობას უნაყოფო პოლიტიკურს საგნების შესახებ ერთსა და იგივე უცვალებად თემაზე: ევროპულ მინისტრების ცვლილებაზედ და დაუსრულებელს ლიტონ დებატებზედ იქაურ სახელმწიფოთა კონსტიტუციურს პალატებთა შინა“.

მკვლევარ მ. კანდელაკის მართებული შენიშვნით, ამ სტატიის „გამოქვეყნება მეტად სარისკო საქმე იყო, რადგან მასში ბევრია მეფის ხელისუფლებისთვის მიუღებელი, აშკარა თუ ფარული პოლიტიკური ხასიათის მსჯელობები და დებულებები“.

სარისკო ამის დაბეჭდვა უფრო რედაქციისთვის იქნებოდა, ვიდრე ავტორისთვის, მაგრამ „ივერიის“ რედაქტორს, ილია ჭავჭავაძეს, უკან არ დაუხევია და სამ გაგრძელებად დაუბეჭდა ახალგაზრდა ავტორს წერილი, რომლის პოლემიკური მახვილი (ამის მიხვედრა არ გაუჭირდებოდა!) მის წინააღმდეგაც იყო მიმართული.

განსაკუთრებით სახიფათო, რედაქციისთვისაც და ავტორისთვისაც, გ. მაიაშვილის ის მსჯელობა უნდა ყოფილიყო, რომელიც „ეროვნულ სიმდიდრესა“ და „ხალხის სიმდიდრეს“ შორის განსხვავების წარმოჩენას ისახავდა მიზნად:

„ეროვნული სიმდიდრე, – წერს პუბლიცისტი, – და ხალხის სიმდიდრე ბუნებრივი მტერნი არიან; პირველი აღნიშნავს ხარისხს ბურჟუაზიის დოვლათისას და საზოგადოდ მეტის უფლების მქონეთა კეთილდღეობას, ხოლო მეორე – ხარისხს ხალხის კეთილდღეობისას. ვინ დაიწყებს სჯას რომელიმე აზრის მფლობელის ბრილიანტების მიხედვით მის ქვეშევრდომ ხალხის კეთილ-დღეობაზე; პირიქით, ყოველმა შემეცნებულმა და გაგებულმა კაცმა იცის, რომ ეს ბრილიანტები შეძენილია ხალხის გაღატაკებით და გაბედოვლათებით. სწორედ ამ გვარადვე, ბატონ-ყმობის დროს, არავინ არ განსჯიდა ყმის კეთილ-დღეობაზე ბატონის სიმდიდრის მიხედვით. რაც კაცთა ჯგუფი და წრე, ხალხის შრომით მცხოვრები, უფრო მდიდარია და უზრუნველი ნივთიერად, მით უფრო ცუდია და არა სანეტარო მდგომარეობა ხალხისა, – აი ჭეშმარიტება, შემუშავებული მეცნიერებისაგან, როგორც საქმის ფაქტიკურის გამოკვლევით, ისე თეორეთიკულ და ანალიტიკურ მოსაზრებათა შემწეობით“.

გიორგი მაიაშვილის ამ სტატიას მოწინააღმდეგენი ახალთაობელთა, საზოგადოებრივ ასპარეზზე 80-იან წლებში გამოსულთა, შორის გამოუჩნდნენ. მასში გამოთქმული იდეების წინააღმდეგ გამოვიდნენ ესტატე ბოსლეველი (მჭედლიძე), გრიგოლ ვოლსკი და ივანე ჯაბადარი, მაგრამ ამათ გ. მაიაშვილის შეხედულებათა უარყოფა ვერ შეძლეს.

1891 წელს გაზეთ „ივერიაში“ გაგრძელებებით (## 95-142) დაიბეჭდა გიორგი მაიაშვილის ვრცელი ნაშრომი „ჩვენი დედაკაცები და ახალი დრო“, რომელშიც პუბლიცისტი პრემოდერნსა და მოდერნს (ახალ დროს) ადარებს ერთმანეთს და მსჯელობს ქართველი ქალის ადგილსა და მის წვლილზე იჯახში და საზოგადოებრივ სარბიელზე ძველ და ახალ საქართველოში. იგი წერს:

„მაშინ, როცა ძველებური ცხოვრება ცხადი და გარკვეული თვისება-ხასიათისა იყო, აგებულება მისი შეწყობით ასხმული თითოეულის ასო-ნაწილის მტკიცე შესაბამობა-შენაწონობით, – ეხლანდელ ჩვენს ცხოვრებას ცხადად ამჩნევია ბეჭედი საყოველთაო დაუდგრომლობისა და გამუდმებული მოძრაობა-ცვალებადობისა. აიღეთ, მაგალითად, ბატონ-ყმობის დრო ჩვენი ცხოვრებისა. შეგიძლიათ მოგწონდეთ, ან არ მოგწონდეთ ის დრო, – ეგ თქვენის გემოვნებისა და რწმენათა საქმეა, ხოლო იმის უარყოფა კი არ შეგიძლიათ, რომ იმ დროს თავისებური სისრულე-დამთავრება არა ჰქონოდეს და მაშინდელი საზოგადოებრივი ერთმანეთობა ცხადი დასანახი და ადვილად მისახვედრი არა ყოფილიყოს. [...] არა იცოდა-რა ამ ერთს დონეზედ შემდგარმა, ფეხ-გაბოძიძგებულმა და განმტკიცებულმა საზოგადოებრივმა აგებულებამ არცა-რა სხვადასხვა სოციალურმოულოდნელობისა, არცა-რა საზოგადოების მოუსვენრობა-დაუდგრომელობისა, არცა-რა მეურნეობის ცვლილება-რყევისა [...]. ეხლა კი სულ სხვაა, ეხლა ყოველივე აირ-დარია, მოძრაობს, ტრიალებს, პროწიალობს და ყველგან გამეფებულია ის წარმოუდგენელი ბორიალი, რომლის გამოც ასე სამძიმოდ და ძნელად ასატენია ჩვენთვის დღევანდელი ხანა ჩვენი ცხოვრებისა“;

„ძველებური დედა-კაცი არ იყო და არც შესაძლოა უსახო მეტხორცი რამ ყოფილიყო ძველებური ოჯახისა, ისეთი მეტხორცი, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის გამოსადეგი, რომ განუკითხველად ხმაამოუღებლივ და უდრტვინველად შეასრულოს ყოველივე ნება-სურვილი თავის კანონიერი ქმრისა. იმ დროს ოჯახი კავშირი იყო ორი უფლებით თანაბარი და თანასწორი და თანაბრადვე და თანასწორადვე მხნე და მშრომელი ადამიანისა. ამიტომ, ცოლს არ შეეძლო არ ჰქონოდა ის გრძნობა, რომ სხვის ოფლით მოგებულს ლუკმა-პურს არა ვჭამ და, მაშასადამე, არც მოვალე ვარ, ვაძლიო რამ სასყიდელი ამ ლუკმაპურისათვის და ქედი მოვუდრიკო ვისმეო“1;

„ვშიშობ, გამჭრიახმა მკითხველმა არ იფიქროს, რომ ვითომ მე ვიცავ და ვიფარავ, ანუ ვმომხრეობ ძველებურ წესს ქორწინებისას და უკან ჩამორჩენა, რეტროგრადობა არ დამწამოს. მაგრამ იმედი მაქვს კეთილგონიერი კაცი ადვილად მიხვდება, რომ ძველი წესები, რომლის უვარგისობას აქარწყლებდა და აბათილებდა ძველი დროების სხვა, მეტად კეთილი გარემოებანი, ეხლა, ამ ჩვენს დროს, სრულიად გამოუსადეგარია“;

„...დედაკაცების ახალ თაობას, რომელიც მოწოდებული იყო ეცხოვრა ახალ ვითარებაში, რაკი დრო დადგა ახალი, უნდა შეეძინა საჭირო სწავლა-განათლება – ეს უმთავრესი იარაღი შეცვლილი წეს-წყობილებისა“;

„ძნელი სათქმელი კია, რომ ვითომ ჩვენმა უკეთესმა კაცებმა არ იცოდნენ ერთის მხრივ, რაოდენად შეუსაბამოა მდგომარეობა ეხლანდელი დედაკაცისა ჩვენში, ხოლო, მეორეს მხრით, რაოდენად დიდებულია ის მნიშვნელობა, რომელიც მოწოდებულია იქონიოს დედაკაცმა ჩვენი ქვეყნისა და ცხოვრების აღორძინების საქმეში“;

„რაგვარიც არ უნდა იყოს სოციალური მდგომარეობა დედაკაცისა, მისი ზნეობა, მისი ყოფაცხოვრება, მისი ზედ-მოქმედება ქვეყნის საქმეებზე მაინცა და მაინც მეტისმეტად დიდია და აუცილებელი. ისე არავითარი საქმე არ მოხერხდება, ბოლოს და ბოლოს არავითარი გასაკეთებელი არ გაკეთდება, რომ დედაკაცი არ ჩაერიოს ასე თუ ისე ამ საქმეში, იმ გასაკეთებელში. [...] დედაკაცს შეუძლია ყოვლად ძლიერი და შეძლებული მომხრეც იყოს და დიდად საშიში მტერიც. ის საზოგადო საქმე, რომლის წინააღმდეგნიც დედაკაცნი არიან, თუ სულ დაღუპული საქმე არ არის, მაინცა და მაინც ძალიან საეჭვო და საეგებიო საქმეა. პირიქით, ყოველ საზოგადო საქმეს, რომელსაც კი მოუპოვებია თანაგრძნობა დედაკაცებისა და თავის მიმხრეებად დაუგულებია, ცოტად თუ ბევრად, გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეს. დედაკაცს თან მოაქვს გამარჯვებაცა და დამარცხებაც. დედაკაცი ძალაა, მართალია, ჯერჯერობით დაფარულ-დაგუბებული და ჩვენ მიერ კარგად ვერ შეგნებული, მაგრამ, ყოველ ეჭვს გარეშე, მეტად დიდი და დაულეველი“;

„...ეხლანდელ ქართველ დედაკაცს [...] არავითარი საქმე, არავითარი გარკვეული მოვალეობა არა აქვს ცხოვრებაში. ამ ჩვენს დროში იგი თითქო მეტი ბარგიაო და თუ არსებობს, თითქო ტრადიციით არსებობს, თითქო იმიტომ არსებობს, რომ ბედს თავისი განსაკუთრებული წყალობა მოუღია იმაზე, ან არა და სულ გადავიწყებია ეს დროების არ შესაფერი არსებაო“;

„სანატრელი და საბედნიერო ცოლ-ქმრობა ის ცოლ-ქმრობაა მხოლოდ, რომელიც ნებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამ ცოლ-ქმრობაში ცოლიცა და ქმარიც სრული დამოუკიდებელია და ორივენი თანაბარი ფასისა და მნიშვნელობისანი არიან ერთმანეთისათვის. გულწრფელსა და ნებაყოფლობით შეკრულ კავშირში, რომელიც თანაბრად სასიამოვნოა კავშირის შემკვრელთათვის, ყოვლად შეუძლებელიღაა ვიფიქროთ, რომ რაიმე დამოკიდებულება და დამორჩილება არსებობდეს ერთი მოკავშირისა მეორეს მიერ“;

„დედაკაცი ხშირად სჩივის ხოლმე, რომ საზოგადოდ ბედი გვეკიდება უსამართლოდ და კერძოდ – მამაკაციო. წინდაწინვე შეიძლება დარწმუნებითა სთქვას კაცმა, რომ ეგ უსამართლობა არ გაქრება იმ დრომდე, ვიდრე დედაკაცნი ისევ ისინი იქნებიან, რანიც დღეს არიან, ესე იგი, უმწეონი და შეუჭირველნი ცხოვრებაში, და ვიდრე, თვითონვე არ იზრუნებენ თავიანთვის, ესე იგი, იმისთვის, რომ იშოვონ, შეიძინონ ის იარაღი, რომლის შემწეობითაც შეეძლოთ გაუმკლავდნენ და შეებრძოლონ მრავალგვარ განსაცდელს. [...] ევროპაშიც და რუსეთშიაც დედაკაცებმა დიდიხანია შეიგნეს ეს მარტივი ჭეშმარიტება და ფრიად მხნედ დაიწყეს დაცვა თავიანთ უფლებათა. მხოლოდ ჩვენში ჰგონებენ ჯერ კიდევ ზოგიერთი გულუბრყვილონი, რომ ეს საქმე „კავალრულად“ გადაწყდება, რომ დედაკაცს შეუძლია იჯდეს თავისთვის გულხელდაკრეფილი, ზღაპრის მზეთუნახავი ქალივითა და ელოდოს თავის დამხსნელ მზე-ჭაბუკს“;

„ეხლანდელი დედაკაცის წარმატება..., თუ გონებითი და თუ ზნეობითი, მართალია, ბევრად მეტია წინანდელი დედაკაცის წარმატებაზე, მაგრამ მაინც უკან ჩამორჩება და ვერ შესწდომია საზოგადო ვითარების ზრდა-წარმატებასა. აი, სწორედ ეს არის დიდი უბედურება ეხლანდელი დედაკაცისა. გარემოების ძალით, ძველს კვალს აცდა და ჯერ ახალ კვალში ჩადგომა ვერ მოახერხა...“;

„ეხლანდელი ქართველი დედაკაცი, შუათანა ღირსებისა და არა განსაკუთრებულისა, ერთს ნაპირს დაჰშორებია, მეორემდე ვერ მიუღწევია და ჭალიანის ჭაობში ჩაფლულა. რასაკვირველია, საკუთრად თითონ არ არის ამაში ბრალეული. ბრალეული არც მისი ბოროტი ანუ კეთილი ნებაყოფლობაა. თუ ბრალი აქვს ვისმე, ისევ საზოგადო დროთა ვითარებას აქვს ბრალი. ხოლო ჭობიდან ამოსასვლელად საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, პირველად ცოდნა და შეგნება მისი, რომ ჭაობი მართლა არსებობს; ეს ერთი. და მეორედ საჭიროა ჩვენმა დედაკაცმა მოინდომოს, მოინდომოს სულითა და გულით, რომ აი ახლა მაინც ვეცდები წავიდე წინ და მივუახლოვდე, ან იქნება სულაც მივაღწიო იმ სამშვიდობო ნაპირს, იმ აღთქმულ კიდესაო“.

 


1 გ. ზდანოვიჩი ისტორიის კარგ ცოდნას ამჟღავნებს. ძველ საქართველოში ქალის აქტიურ საზოგადოებრივ როლზე უცხოელი მოგზაურებიც წერენ. იხ. ჩვენი ნაშრომი „საქართველო ევროპელ მოგზაურთა თვალით. დემოკრატიული ტენდენციები“, კრებულში: „დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში“. თბილისი, 2011.

 


ლიტერატურა:

1. გ. ფ. მაიაშვილი (ზდანოვიჩი). რჩეული ნაწერები ორ ტომად. ვ. ი. კანდელაკის რედაქციით. თსუ გამომცემლობა, ტ. I (1967 წ.), ტ. II (1968 წ.).

2.დავით კლდიაშვილი. მოთხრობები და პიესები. თბილისი: სახელგამი, 1947.

3. კონსტანტინე გამსახურდია. ჰამლეტი თუ დონკიხოტი. წიგნში: კ. გამსახურდია. რჩეული თხზულებანი, რვატომეული, ტ. VII. თბილისი: “საბჭოთა საქართველო”, 1965, გვ. 230-233.

4. ეკა მახარაშვილი. როგორ გააძევა დარბაზიდან გიორგი ზდანოვიჩმა ალექსანდრ კერენსკი. გაზ. “24 საათი”, 31. 11. 200 http://www.24saati.ge/weekend/story/807-rogor-gaadzeva-darbazidan-giorgi-zdanovichma-aleqsandr-kerenski