მიხაი ზიჩი (1827-1906)
ავტორი: ლევან ბრეგაძე, უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი (Mიჰáლყ ძიცჰყ), ვინც დიდი ამაგი დასდო “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირების საქმეს, რითაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა უგრულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიაში, დიდად ნიჭიერი და განსწავლული მხატვარი იყო. მან, გამოჩენილი ავსტრიელი მხატვრის ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის (1793-1865) უნიჭიერესმა მოწაფემ, ვალდმიულერისავე რეკომენდაციით 1847 წლიდან პეტერბურგში დიდი კნიაგინიას, ელენა პავლოვნას, ქალიშვილის ხატვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მიხაი ზიჩის ტალატს დიდად აფასებდა გამოჩენილი ფრანგი მწერალი თეოფილ გოტიე, რომელსაც პეტერბურგში უნახვს ზიჩის ნახატები. “ჩვენ აღმოვჩნდით ისეთი შედევრების წინაშე, – წერს ფრანგი მწერალი, – რომელსაც ვერ მიაწერ ვერცერთ გამოჩენილ ოსტატს, თუმცა თითოეული მათგანისათვის მათზე ხელისმოწერა საამაყო იქნებოდა... ახალი ორიგინალური მხატვრული ხერხები, არაჩვეულებრივი გემოვნება...” (ბ. გორდეზიანი, “ზიჩი საქართველოში”, თბ., 1966, გვ. 14). 1858 წელს მ. ზიჩის რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა, მომდევნო წლიდან კი საიმპერატორო კარის მხატვარი ხდება. მიხაი ზიჩი დიდი გატაცებით მუშაობდა მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა ილუსტრირებაზე. “ვეფხისტყაოსნის” გარდა დასურათებული აქვს შექსპირის, გოეთეს, შილერის, ბაირონის, პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის და სხვათა თხზულებები. კავკასიით მიხაი ზიჩი მიხაილ ლერმონტოვის შემოქმედების გაცნობის შემდეგ დაინტერესებულა და კავკასიაში ჩამოსვლამდე შეუქმნია ლითოგრაფიული ციკლი “კავკასიური სცენები”. 1879 წელს რუსმა გამომცემელმა ი. გლაზუნოვმა მ. ზიჩის მიხაილ ლერმონტოვის “დემონის” მდიდრული გამოცემისთვის ილუსტრაციების შექმნა სთხოვა, რისთვისაც უნგრელი მხატვარი კავკასიური ბუნებისა და ტიპების გასაცნობად თბილისში ჩამოვიდა 1881 წლის შემოდგომაზე, თითქმის ერთ წელიწადს დარჩა კავკასიაში და “დემონის” ილუსტრაციების სერია შექმნა. მათ შეძენაზე გამომცემელმა ი. გლაზუნოვმა მოულოდნელად უარი განაცხადა, რითაც მეტად დასწყვიტა გული შემოქმედს, სამაგიეროდ ამ დროს დაიწყო მ. ზიჩიმ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზე მუშაობა, რაც რამდენიმე წლის შემდეგ დიდი წარმატებით დაგვირგვინდა. მანამდე საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიხაი ზიჩის მიერ “ვეფხისტყაოსნის” ცოცხალი სურათების დადგმას, რომლებიც მხატვარმა 1882 წელს სამჯერ განახორციელა თბილისში და შემდეგ ორჯერ ქუთაისში. ამ პროექტს არნახული წარმატება ხვდა წილად, თეატრში “ვეფხისტყაოსნის” ცოცხალი სურათების სანახავად მისული პუბლიკა აღტაცებული დარჩა ხელოვანის ნამუშევრით. თვითონ მიხაი ზიჩი ძმისადმი თბილისიდან გაგზავნილ წერილში ასე გვაუწყებს ამის შესახებ: „...ცოცხალი სურათების წარმოდგენაში მონაწილე პირები უმთავრესად თავადები და თავადის ქალები იყვნენ, მოკლედ, მთელი არისტოკრატია! [...] ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვიდექი. უკანასკნელ სურათში 105 კაცი მონაწილეობდა, დანარჩენებში კი 30-40 პირზე მეტი! ყოველივე ეს პატარა ჩაგრული ერის დემონსტრაციას წარმოადგენდა. თეატრი მაყურებლით იყო გაჭედილი, მათ აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. [...] უკანასკნელი სურათის შემდეგ იმდენჯერ გამიყვანეს სცენაზე, რომ სათვალავი არ ჰქონდა. მაყურებელთა ტაშის ხმა არ წყდებოდა, ხელი ჩამკიდეს, სცენიდან აღარ გამიშვეს, იმდენი მატრიალეს, რომ თავბრუ დამეხვა. [...] თავადებისაგან დამფრთხალი ვიმედოვნებდი თავად ქალებთან გავმძვრალიყავი, მაგრამ აქაც მომნახეს და ისევ მაყურებლის წინაშე გამომიყვანეს, რომელიც გაშმაგებით უკრავდა ტაშს და შეძახილებით აყრუებდა დარბაზს. [...] ჩასაფრებული ხალხი თეატრის შესასვლელთან მელოდებოდა. ისინი, ალბათ, ხელში ამიყვანდნენ და ისე წამიყვანდნენ სახლში, ქურდებისთვის კარგად ცნობილი ხერხი რომ არ მეხმარა და მე თვითონ არ დამეწყო სხვებივით “ბრავო ზიჩის” ძახილი. მარის (მხატვარ მარი ეტლინგერს. – ლ. ბ.) მკლავში ხელი გავუყარე, თეატრის შესასვლელთან ქუჩა გადავკვეთე და სიბნელეში გავუჩინარდი. [...] თუკი ვინმე მათ [ქართველებს] სამსახურს გაუწევს, ისინი ყოველთვის მზად არიან გადაუხადონ მას ეს სამსახური, რითაც კი ძალა შესწევთ; თანაც, ამას აკეთებენ უნაზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია...” (ჯუმბერ გაგნიძის თარგმანი; მოგვყავს წიგნიდან: გ. შარაძე, “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, თბ., 1978, გვ. 46. გაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.). გამოჩენილი უცხოელი ხელოვანის მიერ დიდი ოსტატობით დადგმული “ვეფხისტყაოსნის” ცოცხალი ილუსტრაციები “მალამოდ დაედო” (გურამ შარაძე) ცოტა ხნის წინ მიხაილ კატკოვის შავრაზმული გაზეთის – “მოსკოვსკიე ვედომოსტის” – მიერ შეურაცხყოფილ ქართველთა ეროვნულ გრძნობებს (სპექტაკლ “სამშობლოში” ქართული დროშების გამოჩენით გაღიზიანებულმა მოსკოვური გაზეთის რედაქციამ ცინიკური წერილი დაბეჭდა: ქართველებს ამ სპექტაკლზე დიდი ხარჯი მოუვიდათ და ზარალის ასანაზღაურებლად ეს დროშები გოდფრუას ცირკს მიჰყიდონო). მიხაი ზიჩის ზემოთ ციტირებული წერილის ჩვენ მიერ ხაზგასმული ფრაზაში იგრძნობა: მან იცოდა, პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე სახელოვნებო აქციაში რომ მონაწილეობდა. სხვა წერილში კი, ისევ თბილისიდან გაგზავნილში, იგი პირდაპირ აცხადებს ამის თაობაზე: “იქნება მცირე ქართული დემონსტრაცია კატკოვისა და კომპანიის ცხვირწინ” (გ. შარაძე, “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, თბ., 1978, გვ. 48). ბოლომდე რომ გავისიგრძეგანოთ ზიჩის დამსახურება იმდროინდელი ქართველი საზოგადოების სულიერი გამხნევების თვალსაზრისით, ვნახოთ ერთი ფრაგმენტი რუსი მკვლევარის ლ. ალიოშინას მიერ 1975 წელს მოსკოვში გამოცემული წიგნიდან “მიხაი ზიჩი”: „ცოცხალმა სურათებმა აღტაცების ქარიშხალი გამოიწვია. იმ ერისთვის, რომელიც ცარიზმის მხრივ ჩაგვრას განიცდიდა, რეაქციონერი კატკოვის შოვინისტური გამოხდომების ეპოქაში ასეთი აშკარა განდიდება ქართველი ხალხის უპოპულარესი პოეტისა და მისი თხზულებისა პატრიოტული გრძნობების გამოვლინების ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო” (შდრ. გ. შარაძე, “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, თბ., 1978, გვ. 48-49). “ვეფხისტყაოსნის” ცოცხალი სურათების წარმოდგენის ამბავს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაუღწევია. გაზეთი “დროება” იუწყებოდა, რომ დიდ მთავარს მიხაილ ნიკოლოზის ძეს მოუთხოვია მ. ზიჩის დადგმული ცოცხალი სურათების ფოტოგრაფირება და მათი გაგზავნა მისთვის პეტერბურგში (გ. შარაძე, “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, თბ., 1978, გვ. 49-50). 1888 წელს ხორცი შეესხა ქართული პოლიგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს – დღის სინათლე იხილა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” დიდებულმა გამოცემამ, ქართველიშვილისეულ გამოცემად წოდებულმა, ვინაიდან იგი მეცენატმა გიორგი ქართველიშვილმა დააფინანსა. “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის, გრავიორ გრიგოლ ტატიშვილის (ვინც ორნამენტები შეასრულა ამ გამოცემისთვის) და მიხაი ზიჩის თავდადებული შრომის შედეგად შეიქმნა პოლიგრაფიული შედევრი, რომელმაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული ბეჭდური წიგნის კულტურა. პოემის გამოსაცემად საგანგებოდ შექმნილ კომიტეტს უნგრელი მხატვრისთვის უთხოვია “ვეფხისტყაოსნის” დასურათება, რაზეც თანხმობა მიუღია, თანაც მიხაი ზიჩის ამ საქმის შესრულება უსასყიდლოდ უკისრია იმ პირობით, თუკი მისთვის გასაგებ რომელიმე ენაზე მიაწვდიდნენ პოემის ტექსტს. ამ დროისათვის სხვა ენებზე შოთა რუსთაველის ეპოსის რამდენადმე სრული თარგმანიც კი არ არსებობდა და ილია ჭავჭავაძის თხოვნით ფრანკოფონი იონა მეუნარგია პოემის ფრანგული პწკარედული თარგმანის შექმნას შეუდგა. იონა მეუნარგიას თარგმანი 1884 წელს გადაუგზავნეს მიხაი ზიჩის პეტერბურგში. შეკვეთილი თორმეტი ნახატის ნაცვლად მიხაი ზიჩიმ ოცდათოთხმეტი ნახატის ესკიზი შექმნა, საიდანც ოცდაექვსი შეირჩა წიგნისთვის. შემდეგ მათ დაემატა კიდევ ერთი ფერადი ნახატი, რომელზეც გამოხატულია როგორ მიართმევს შოთა რუსთაველი თამარ მეფეს “ვეფხისტყაოსანს”. “მე ბედნიერად ვრაცხ თავს, რომ თქვენის ჩინებულის აზრის განხორციელება შევძელ”, – იწერებოდა მ. ზიჩი კომიტეტისადმი გამოგზავნილ ბარათში. კლიშეები ვენაში დამზადდა, ხოლო ილუსტრაციები ლაიფციგში დაიბეჭდა. 1887 წლის აპრილში თბილისში, ი. მარტიროსიანცის სტამბაში დაიბადა “ვეფხისტყაოსნის” გიორგი ქართველიშვილისეული ბრწყინვალე გამოცემა, უნგრელი მხატვრის მიერ დიდი ოსტატობით დასურათებული. საყოველთაო აღიარებით, მიხაი ზიჩის ნახატები იყო ახალი სიტყვა “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირების სფეროში. ლადო გუდიაშვილი, ვინაც თვითონაც დაასურათა რუსთაველის ეპოსი, წერს: “[მ. ზიჩის] ილუსტრაციები დღესაც არ ჰკარგავენ ზემოქმედების ძალას... ისინი დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა”; ხელოვნაბათმცოდნე თენგიზ ფერაძის სიტყვით: “ზიჩის თითქმის ყველა ილუსტრაცია განუყოფელ ნაწილად იქცა ნაწარმოებისა, ხოლო მთლიანად ციკლი ილუსტრაციებისა – გასაოცარი ჰარმონიულობით აკინძულ პოემად” (ციტატები მოგვყავს გ. შარაძის ზემოთ დასახელებული წიგნიდან).
მ. ზიჩის მიერ დასურატებული “ვეფხისტყაოსნის”
“ვეფხისტყაოსნის” გამომცემელი მეცენატი გიორგი ქართველიშვილი 1. ბენო გორდეზიანი. ზიჩი საქართველოში. მე-2 გამოცემა. თბილისი: “საბჭოთა საქართველო”, 1966. 2. გურამ შარაძე. მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბილისი: “ხელოვნება”, 1978.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
(გიორგი ქართველიშვილისეული გამოცემა) ყდა
ლიტერატურა: