‍ჟიულ მურიე (18??-19??)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0083 juleფრანგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე კავკასიაში 1879 წელს ჩამოვიდა და ხანგრძლივად იცხოვრა თბილისსა და ზუგდიდში. მას საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროსგან კავკასიის ხალხთა კულტურების შესწავლა ჰქონდა მინდობილი.

ჟ. მურიე ავტორია თბილისში და საზღვარგარეთ გამოცემული მრავალი წიგნისა კავკასიის შესახებ, ზოგი თარგმანია, ზოგიც მისი ორიგინალური თხზულება: “ხელოვნება კავკასიაში” (1883), “სამეგრელო (ძველი კოლხიდა)” (1883), სულხან-საბა ორბელიანის არაკები (1885), “ეჩმიაძინის ბიბლიოთეკა და სომხური ხელნაწერები” (1885), “შოთა რუსთაველი” (1886), თათარხან დადეშქელიანის “შუა საუკუნების ქართული არმია” (1886), სულხან ბარათაშვილის “საქართველოს ისტორია” (1886), “სამრეწველო ხელოვნებანი კავკასიაში” (1886), “რელიგიური ხელოვნება კავკასიაში” (1887), “ბათუმი და ჭოროხის აუზი” (1887), “კავკასიური ზღაპრები და ლეგენდები” (1888) და სხვ.

გარდა ამისა ჟიულ მურიემ თბილისში ორი ჟურნალიც გამოსცა. პირველი, სახელწოდებით “კავკასიის სავაჭრო და სამრეწველო ჟურნალი”, ორენოვანი – ფრანგულ-რუსული – იყო და ერთ წელიწადს იარსება: 1887 წლის პირველი ოქტომბრიდან 1888 წლის 1 ოქტომბრამდე თვეში ორჯერ გამოდიოდა.

მისი მეორე ჟურნალი “ლე კოკაზ ილიუსტრე” (“ილუსტრირებული კავკასია”) ყოველთვიური იყო და 1889-1892 და 1899-1902 წლებში გამოიცემოდა. მისი მეშვეობით ფრანგული ენის მცოდნე მკითხველი ეცნობოდა კავკასიას, მის ხალხებს, მათ ყოფა-ცხოვრებას, ისტორიას, ხელოვნებას...

ჟიულ მურიე არტურ და ბერტა ზუტნერებთან ერთად ეხმარებოდა იონა მეუნარგიას “ვეფხისტყაოსნის” ფრანგულად თარგმნაში. ეს თარგმანი, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება, გამოიყენა უნგრელმა მხატვარმა მახაი ზიჩიმ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებისას და კონსტანტინე ბალმონტმა რუსთაველის პოემის რუსულად სათარგმნელად.

იმის ნათელსაყოფად, თუ როგორი გულშემატკივარი ჰყავდა ქართულ სიძველეებს ფრანგი ჟურნალისტის სახით, მოვიყვანთ რამდენიმე ფრაგმენტს ჟ. მურიეს წერილიდან, რომელიც გაზეთ “დროების” 1884 წლის 207-ე ნომერში დაიბეჭდა. იმ დღეებში ჟ. მურიეს ბეთანიის ტაძარი მოუნახულებია, რომლის კედელზე თამარ მეფის, გიორგი მესამისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებია გამოსახული, და თავზარდაცემულია ხელოვნების ამ დიდებული ძეგლის სავალალო მდგომარეობით. წერილში ვკითხულობთ:

“პირველსავე ქარიშხალზედ ჩამოცვივიან ის აგურები, რომელთაც გუმბათი ოდნავ-ღა უმაგრიათ და საუკუნოდ ამოიშლება კვალი საქართველოს ხელოვნების ამა მშვენიერი ნიმუშისა! დროს ნუღარ დაჰკარგავთ. გევედრებით ისტორიის სახელით; სახელით იმ თამარ დედოფლისა, რომელიც არის ერთი თქვენი დიდებათაგანი და რომლის გახსენება კმაროდა, რომ ზიჩის თავისი კალამი არ დაეშურა რუსთაველის ილუსტრირებული გამოცემისათვის; სახელით იმ წარსულისა, რომლის მჭევრ-მეტყველ მოწმედაც, გარდა დანგრეულ ციხე-სიმაგრეებისა, არიან ეკლესიანი და მონასტრები კავკასიისა, საქართველოს მეფეთა განსასვენებელი, რომელნიც აქა-იქ ჟამთა ცვლილებას დანგრევისაგან დაუფარავს; სახელით იმ პატივისცემისა, რომელსაც უნდა გრძნობდეთ სარწმუნოებისათვის აღგებულ ყოველ ქმნულებისადმი, – სულ ერთია რა რელიგიისა და ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი. დასასრულ, ხელოვნების სახელით – გევედრებით, – უშველეთ ბეთანიას! იქნება, ერთი ას თუმანზედ მეტი არ დასჭირდეს აუცილებლად საჭირო გასაკეთებლებისათვის. მაშ “დროებამ” იკისროს ეს სახელოვანი საქმე და გამოაცხადოს ხელის-მოწერა თავის ფურცლებზედ! მიჰმართეთ ყველას და მე დარწმუნებული ვარ, არავინ არ გადრკება და ყველა მოგაწოდებთ თავის წვლილს. ვიდრე თბილისში აღუგებდეთ “დიდების ტაძარს”,1 უბრალო ფიცრის ჭერი მაინც დახურეთ თქვენს უდიდებულესს და გამოჩენილს დედოფალს”.

“დროების” რედაქცია ასეთ კომენტარს ურთავს ფრანგი ჟურნალისტის მოწოდებას:

“ჩვენ, გულ-გრილ ქართველობას, გაბეჩავებულს საზოგადოებასა და მამულის-შვილებს სულით ძლიერი და მხნე ფრანცუზი მოგვიწოდებს, მივეშველოთ ბეთანიას და განვაახლოთ, რაც განსაახლებელია, თუ არ გინდათ, რომ სამუდამოდ გაჰქრეს კვალი ამ საუკეთესო სადიდებელის ნაშთისაო [...]. ღმერთო ჩემო! რა ძლიერი ცეცხლი აღუნთია ბეთანიის მომავალ განადგურების სურათს უცხო ტომის, მაგრამ განათლებით გაკეთილშობილებულის და გააზიზებულის კაცის გულში, რა შეცოდებისა და შენანების გრძნობა ჰსჩქეფს იმის პატარა წერილში ბეთანიის ისეთის მდგომარეობის გამო, რა იდუმალის საყვედურით და დაფარულის სამართლიანი გულისწყრომით მოგვმართავს ქართველობას კეთილშობილი მურიე...”.

ჟიულ მურიე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ქართულ თეატრალურ ცხოვრებას და ასახავდა კიდეც მას ჟურნალ “ლე კოკაზ ილიუსტრეს” ფურცლებზე. მაშინდელი თეატრის ისტორიისათვის, როცა ხმისა და მოძრავი გამოსახულების “შენახვა” ვერ ხერხდებოდა, თანამედროვეთა უშუალო შთაბეჭდილებები წარმოადგენს უმთავრეს პირველწყაროს. და რაოდენ სასიხარულოა, რომ ფრანგი ჟურნალისტის სახით ქართულ თეატრს უცხოელი მემატიანეც ჰყოლია, უმდიდრესი თეატრალური ტრადიციების ქვეყნიდან ჩამოსული. ჟ. მურიე ბეჭდავს ქართველი მსახიობების – ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვის, ლადო მესხიშვილის, კოტე მესხის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის და სხვათა – პორტრეტებს და მკითხველს მათ ოსტატობაზე ესაუბრება. მისი დახასიათებები ყოველთვის ზუსტია და რელიეფურად წარმოაჩენს ჩვენი სცენის მოღვაწეთა ინდივიდუალურ თვისებებსა და თავისებურებებს.

ქართველ მსახიობთა შემოქმედებით აღფრთოვანებული ჟ. მურიე, როგორც ჭეშმარიტ გულშემატკივარს შეჰფერის, ნაკლოვანებებზეც ამახვილებს ყურადღებას, არკვევს მათ მიზეზებს და მათი გამოსწორების გზებზეც მიუთითებს. უნდა ვაღიაროთ, – წერს იგი, – რომ ქართული დასი ერთ ანსამბლად შეკავშირებული ვერ არის, რადგან არც სკოლა არსებობს, არც მასწავლებლები ჰყავთ და არც დეკლამაციის კურსები აქვთ; მსახიობები ხშირად თავიანთთვის შეუფერებელ როლებს თამაშობენ. ხოლო რეპეტიციათა რაოდენობას რომ შეიტყობთ, გაგეცინებათო, – აცხადებს ფრანგი ჟურნალისტი, – ხუთმოქმედებიან პიესას რამდენიმე საათში ამზადებენ, ამიტომ ხშირად როლები დაუსწავლელია, მიზანსცენები მოუწესრიგებელი, ხოლო ანტრაქტები გაჭიანურებულიო.

ამგვარი მდგომარეობის გამოსწორება, ქართული დასის პროფესიული დონის ამაღლება ჟ. მურიეს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია და, რაც მთავარია, ადგილობრივი ძალებითვე. იგი აცხადებს: “თუ კომიტეტი, რომელიც ქართულ თეატრს ხელმძღვანელობს, პატარა სასწავლებელს გახსნიდა, აბაშიძე საუცხოოდ გაუძღვებოდა კომედიის კლასს, მესხიშვილი კი – დრამისას”.

მურიეს მიმართ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება წინააღმდეგობრივი იყო: მოსწონდათ, რომ იგი ქართული კულტურის ძეგლთა დაცვა-შესწავლისა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ზრუნავდა, მაგრამ სწყინდათ, რომ სათანადად ვერ დააფასა “ვეფხისტყაოსანი” და სკეპტიკური მოსაზრება გამოთქვა კავკასიელთა ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და კავკასიის ხალხთა მომავლის თაობაზე.

განსაკუთრებით გაუღიზიანებია ქართველი მოღვაწენი ჟიულ მურიეს გულუბრყვილო, ნაჩქარევ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “ქართველების განვითარების, სწავლა-ცოდნის გზაზედ დაყენების იმედი არ უნდა ჰქონდეს მთავრობას, ქართველები ეგრე მალე ვერას ისწავლიანო”, რომელიც მას თავისი პირველი ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილ ერთ წერილში გამოუთქვამს 1888 წელს. აღშფოთების ქარიშხალი დაიძრა ქართული პრესის ფურცლებიდან ჟ. მურიეს წინააღმდეგ. არტემ ახნაზაროვის გადმოცემით, “ივერიაში” გამოქვეყნებული საპასუხო წერილით გაღიზიანებული ფრანგი ჟურნალისტი ილია ჭავჭავაძეს დუელში გაუწვევია და ამ გზით მოუცილებია თავიდან მასთან რედაქციაში საყვედურის სათქმელად მისული ჟიულ მურიე, აკაკი წერეთელს კი სატირული ლექსი “პატარა მურია” დაუწერია მის გასამასხრებლად (“რას წუწკუნებს ის პატარა მურია, / ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია, / ვისი არის და ან სადაურია...”).

მაგრამ “კეთილშობილ მურიეს” (როგორც ზემოთ ვნახეთ, ამ ეპითეტით მოიხსენიებს მას გაზეთი “დროება” ბეთანიის ტაძრის გადარჩენისკენ მოწოდების გამო) გულში ბოღმა არ ჩაუდევს და მოგვიანებით, თავისი მეორე ჟურნალის “ლე კოკაზ ილიუსტრეს” ფურცლებზე, შესანიშნავი პუბლიკაციები უძღვნა ილიასაც და აკაკისაც (ეტყობა, ამასობაში ქართველთა ინტელექტუალური შესაძლებლობებიც უკეთ გაიცნო): დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია მწერლის ფოტოსურათითურთ, მისი “განდეგილის” სრული პროზაული თარგმანი, აგრეთვე სიტყვა წარმოთქმული თბილისელ ფრანგთა საქველმოქმედოდ გამართული თეატრალური საღამოს შემდეგ გამართულ ბანკეტზე, რომელსაც ასეთი კომენტარი დაურთო:

“ეს სიტყვები (ილიას მიერ ბანკეტზე წარმოთქმული. – ლ. ბ.) ყველა ბიოგრაფიაზე უკეთ გვიხასიათებს ილია ჭავჭავაძეს – ორატორს, პოეტს, ფილოსოფოსს, გულითად ადამიანს და საფრანგეთის მეგობარს” (1899-1900, #2).

გულთბილი წერილი უძღვნა აკაკი წერეთელსაც (1899-1900, #9). მასში იგი ქართველი პოეტის სტილის დამახასიათებელ თვისებებად მიიჩნევს “ჰაეროვნებას, ტონთა სიმსუბუქეს, მახვილგონიერებასა და თითქმის ფრანგულ სიცხადეს”.

“ლე კოკაზ ილიუსტრეს” 1899-1900 წწ. მე-10 ნომერში ჟ. მურიე აქვეყნებს იაკობ გოგებაშვილის სტატიას “სახალხო განათლება საქართველოში”. ქართულად ეს სტატია ცნობილია სათაურით “ქართველთა სწავლა-განათლების ნიჭი”. იგი იაკობ გოგებაშვილს რუსულად დაუწერია პარიზის 1900 წლის მსოფლიო გამოფენაზე გასაგზავნი ექსპონატების შესარჩევად შექმნილი ქართული კომიტეტის თხოვნით (რუსულიდან ფრანგულად ეს სტატია პეტრე მირიანაშვილს უთარგმნია).

სწორედ მურიეს ჟურნალში ამ სტატიის გამოქვეყნებას ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ იგი თავისებური პასუხია ფრანგი ჟურნალისტის მიერ თერთმეტი წლის წინ გამოთქმული ზემოთ ციტირებული სკეპტიკური შეხედულებისა ქართველთა სწავლა-განათლების ნიჭზე.

საქმეში ნაკლებად ჩახედული უცხოელი ჟურნალისტის მცდარი თვალსაზრისის გასაბათილებლად იაკობ გოგებაშვილს მარტივი და საუკეთესო გზა აურჩევია: ჯერ იგი იხსენებს სწავლა-განათლებისკენ ძველ ქართველთა ძლიერი მიდრეკილების დამადასტურებელ რამდენიმე მოვლენას: უძველესი დროიდან ეროვნული ფონეტიკური ანბანის არსებობას, საგანმანათლებლო დაწესებულებების გაჩენას ქრისტიანობის მიღებისთანავე მე-4 საუკუნეში, კეთილშობილი პატარძლისთვის მზითევში სასულიერო და საერო წიგნების გატანების ტრადიციას, მონასტრებში მდიდარი წიგსაცავების არსებობის ფაქტებს.

შემდეგ სტატიის ავტორი თანამედროვეობაში გადმოინაცვლებს და ასახელებს რუსეთის იმპერიის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს – ფიზიოლოგ ივანე თარხნიშვილს, ქიმიკოსებს – ვასილ პეტრიაშვილსა და პეტრე მელიქიშვილს, ფილოლოგებს ალექსანდრე ცაგარელს, ნიკო მარსა და ალექსანდრე ხახანაშვილს – რითაც შეგვახსენებს, რომ ქართველ ინტელექტუალთა წარმატებები ახალ დროშიც შთამბეჭდავია.

წერილში ვრცელი ადგილი ეთმობა სტატისტიკურ მონაცემებს, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ სწავლის წყურვილი ქართველებში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, წარმატება ამ სფეროში სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ეს სტატისტიკაც უთუოდ პასუხია ჟ. მურიეს ადრინდელ ნაჩქარევ განცხადებაზე, თითქოსდა “ქართველების განვითარების, სწავლა-ცოდნის გზაზედ დაყენების იმედი არ უნდა ჰქონდეს მთავრობას, ქართველები ეგრე მალე ვერას ისწავლიანო”.

შეუძლებელია ჟიულ მურიე ვერ მიმხვდარიყო, იაკობ გოგებაშვილის ეს სტატია, პარიზის გამოფენისთვის დაწერილი, ამავდროულად მასთან არაპირდაპირი პოლემიკის შემცველიც რომ არის, მაგრამ უარი არ უთქვამს მის დაბეჭდვაზე, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის კეთილშობილ ბუნებას.

 

02 murie

მონოგრაფია ჟ. მურიეს მიერ თბილისში დაარსებულ ჟურნალზე
“ლე კოკაზ ილიუსტრე” (ავტორი ლ. ბრეგაძე)

 


1 იგულისხმება „დიდების ტაძრად“ წოდებული სამხედრო-ისტორიული მუზეუმი (ამჟამად სამხატვრო გალერეა ქაშვეთის ეკლესიასთან), კავკასიის ომებში რუსეთის არმიის წარმატებათა უკვდავსაყოფად გამიზნული.

 


ლიტერატურა:

1. იონა მეუნარგია. ავტობიოგრაფია (სოლომონ ცაიშვილის პუბლიკაცია) // ჟ. “მნათობი”, 1956, №2.

2. ბეთანიის მონასტრის განახლებისათვის. გაზ. “დროება”, 1884, # 207.

3. ლევან ბრეგაძე. მოგზაურობა “ლე კოკაზ ილიუსტრეს” ფურცლებზე. თბილისი: “არტანუჯი”, 2013.

4. არტემ ახნაზაროვი. აკაკის აერთი ლექსის ამბავი. ჟ. “მნათობი”, 1938, # 5.

5. იაკობ გოგებაშვილი. თხზულებანი, ტ. 3. თბილისი: საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის გამომცემლობა, 1954.