ბერტა ფონ ზუტნერი (1843-1914)
ავტორი: ლევან ბრეგაძე, ავსტრიელმა მწერალმა და გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ბერტა ზუტნერმა (ქალიშვილობის გვარი კინსკი) თავის მეუღლე არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერთან ერთად თითქმის ცხრა წელიწადს დაჰყო საქართველოში (1876-1885) – მათი შეუღლებით უკმაყოფილო არტურს მშობლებმა მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვეს და ცოლ-ქმარი იძულებული შეიქნა სამეგრელოს დედოფლის, მათ მიერ ევროპაში გაცნობილი ეკატერინე ჭავჭვაძე-დადიანის მიწვევა მიეღო და საქართველოსთვის, ზუგდიდისთვის შეეფარებინა თავი. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ (1882 წ.) ზუტნერებმა თბილისს მიაშურეს. არტურმა ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად დაიწყო მუშაობა, ბერტა კი ფრანგულ და გერმანულ ენებსა და მუსიკას ასწავლიდა მსურველთ და ასე ირჩენდნენ თავს (ს. ცაიშვილი). არტურიც და ბერტაც საქართვლოში ჩამოყალიბდნენ მწერლებად და ლიტერატორებად. ბერტა ზუტნერი მშვიდობისათვის თავგამოდებული მებრძოლი იყო, ომის მოწინააღმდეგე, პაციფისტი. ომის საშინელებებს მიუძღვნა მან რომანი „ძირს იარაღი!“ (1889 წ.), რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. გერმანულ ვიკიპედიაში ამ რომანის შესახებ ვკითხულობთ, რომ, ვიდრე ერიხ მარია რემარკის სახელგანთქმული რომანი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ გამოჩნდებოდა (1929 წ.), „ძირს იარაღი!“ ომის წინააღმდეგ დაწერილ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლებოდა. XIX საუკუნის ბოლოს და XX-ის დამდეგს ბერტა ფონ ზუტნერი, რომელსაც „პაციფიზმის ფუძემდებელი“ უწოდა შტეფან ცვაიგმა, თვითონაც პაციფისტური მრწამსის ადამიანმა, ყველაზე ცნობილი ქალი იყო მსოფლიოში, რომელთან შეხვედრას, საუბარს, ნაცნობობას დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელმწიფოთა მეთაურები (1904 წელს იგი ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა თეთრ სახლში მიიწვია სასაუბროდ). ციტატა შტეფან ცვაიგის მემუარების წიგნიდან „გუშინდელი მსოფლიო“: „მეორე დღეს შემთხვევით შევხვდი ბერტა ფონ ზუტნერს, ჩვენი დროის დიდებულ და დიდსულოვან კასანდრას1. იგი, უპირველეს არისტოკრატიულ ოჯახთა შთამომავალი, ადრეულ ბავშვობაშივე ბოჰემიაში, თავისი საგვარეულო სასახლის სიახლოვეს, 1866 წლის ომის საშინელების მომსწრე გახდა. და ფლორენს ნაიტინგეილისეული2 მგზნებარებით თავისი ცხოვრების ერთადერთ მიზნად მეორე ომის, საზოგადოდ, ომის თავიდან აცილებას ისახავდა. დაწერა რომანი „ძირს იარაღი“, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის წარმატება ხვდა წილად, ორგანიზებას უწევდა ურიცხვ პაციფისტურ თავყრილობას, ხოლო მისი ცხოვრების ტრიუმფად ის იქცა, რომ დინამიტის გამომგონებელი ალფრედ ნობელი ნამუსზე შეაგდო, იმ უბედურების საზღაურად, რაც მან თავისი დინამიტით დაატეხა თავს კაცობრიობას, მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგებისთვის ნობელის პრემია დაეარსებინა“. თვითონ ბერტა ზუტნერიც ნობელიანტია: მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მას 1905 წელს მიენიჭა. კავკასიით ბერტა საქართველოში ჩამოსვლამდე დაინტერესდა მას შემდეგ, რაც ეკატერინე დადიანმა გერმანულ კურორტ ჰომბურგში თავისი ნათესავი, ერეკლე მეორის შვილიშვილი ერეკლე ბაგრატიონი გააცნო, რომელიც ბერტას მაშინვე შეუყვარდა. გაცნობიდან რამდენიმე დღის შემდეგ პრინცი მოულოდნელად პარიზში წასულა. „მის ჩამოსვლამდე, წერს ბერტა, დროს კავკასიის შესახებ წიგნების კითხვაში ვატარებდიო. ვეძებდი ლექსიკონებში ცნობებს საქართველოზე და გულდასმით ვკითხულობდი დიუმას წიგნს კავკასიაზეო“. მაგრამ პრინცი ჰომბურგში აღარ დაბრუნებულა – პარიზიდან თბილისს გამგზავრებულა და ახალგაცნობილ ქალიშვილს აღარ შეხმიანებია (ნ. კაკაბაძე, ნ. რუხაძე, „ბერტა ფონ ზუტნერის მოგონები საქართველოზე“, ჟ. „ცისკარი“, 1962, #5). აღსანიშნავია ბერტა ზუტნერის დამსახურება „ვეფხისტყაოსნის“ იონა მეუნარგიასეული ფრანგული თარგმანის დახვეწის საქმეში („ავტობიოგრაფიაში“ იონა მეუნარგია წერს: „ბევრად ადრე, ვიდრე გ. ქართველიშვილის გამოცემა დაიბეჭდებოდა, „ვეფხისტყაოსანი“ ვთარგმნე ფრანგულ ენაზე, ფრანგის ჟიულ მურიეს და ბარონესა ბერტა ფონ-ზუტნერის შემწეობით“). ეს თარგმანი დღეს დაკარგულად ითვლება, მაგრამ იონა მეუნარგიასა და მისი უცხოელი რედაქტორების გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია: ამ თარგმანის წყალობით შეიქმნა მიხაი ზიჩის უპოპულარესი ილუსტრაციები „ვეფხისტყაოსნისა“, აგრეთვე პოემის რუსული თარგმანი, კონსტანტინე ბალმონტის შესრულებული (პირველად პარიზში გამოიცა 1933 წელს); ამავე თარგმანმა შესაძლებლობა მისცა ქართულის არმცოდნე ორ უცხოელს, ჟიულ მურიესა და არტურ ფონ ზუტნერს, სტატიები დაეწერათ შოთა რუსთაველის პოემის შესახებ. ბერტა ზუტნერმა დაგვიტოვა ვრცელი, ჩინებული მემუარები, სადაც იგი საქართველოში გატარებულ წლებსაც გულთბილად იხსენებს. განსაკუთრებით საყურადღებოა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობის დეტალები. ციტატა ნ. კაკაბაძისა და ნ. რუხაძის ზემოთ დამოწმებული სტატიიდან: [ბერტა მოგვითხრობს], „იმისათვის, რათა დაუბრკოლებლად და ინტენსიურად გვემუშავა „ვეფხისტყაოსანზე“, ბატონმა მ[ეუნარგიამ] მიყრუებულ მეგრულ სოფელში წაგვიყვანა, სადაც მამამისი მღვდლად იყოო (იგულისხმება სოფ. ცაიში). ყოველდღიურად ცოლ-ქმარი „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობდა ოთხ საათს (დილით 2 საათს და ნაშუადღევს 2 საათს (...). „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის პროცესში, წერს ბერტა, ჩვენ წინაშე სულ ახალი და საინტერესო სამყარო გადაიშალა. ქართველები სამართლიანი სიამაყით იგონებენ იმ ეპოქას, რომელშიც წარმოიქმნა მათი ნაციონალური ეპოსი. ეს ის ეპოქაა, როცა საქართველოს მართავდა თამარ მეფე. ამ დიდებული პოემის გაცნობასთან ერთად ბატონი მ[ეუნარგია] ბევრს მოგვითხრობდა თავისი სამშობლოს ბრწყინვალე წარსულზეო“. ბერტამ იმდროინდელი თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის და ამ ქალაქთა საზოგადოებების ჩინებული აღწერა დაგვიტოვა. 1 კასანდრა – ბერძნული მითოლოგიით, ტროას მეფის პრიამოსის ქალიშვილი, აპოლონის მიერ მომავლის წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოებული. 2 ფლორენს ნაიტინგეილი (1820-1910) –სახელგანთქმული ინგლისელი მოწყალების და, სამხედრო ჰოსპიტალთა სისტემის რეორგანიზატორი. 1. სოლომონ ცაიშვილი. ორი ავსტრიელი მწერალი საქართველოს შესახებ. წიგნში: სოლომონ ცაიშვილი. ლიტერატურული ნარკვევები. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1962. 2. ნოდარ კაკაბაძე, ნოდარ რუხაძე. ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებები საქართველოზე. „ცისკარი“, 1962, #5. 3. Stefan Zweig. Die Welt von Gestern. Berlin und Weimar: Aufbau-Ferlag, 1981. 4. იონა მეუნარგია. ავტობიოგრაფია (სოლომონ ცაიშვილის პუბლიკაცია). ჟ. „მნათობი“, 1956, №2. 5. იოსებ მეგრელიძე. რუსთველოლოგები. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1970.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ლიტერატურა: