კარლ ფონ ჰანი (1848-1925)
ავტორი: ლევან ბრეგაძე, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში მოღვაწეობდა გერმანელი სწავლული კარლ ფონ ჰანი. იგი 1848 წელს დაბადებულა გერმანიაში, ვიურტემბერგის ქალაქ ფროიდენშტადტთან მდებარე სოფელ ფრიდრიხსტალში. განათლებაც გერმანიაში მიუღია – ტიუბინგენის უნივერსიტეტში ფილოსოფია და თეოლოგია შეუსწავლია. 1872 წლიდან კავკასიის მთავარმართებლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის შვილთა აღმზრდელია ჯერ ნეაპოლში, შემდეგ კი, იმავე წელს, დიდი მთავრის ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოდის და სამუდამოდ რჩება აქ – საქართველო მისი მეორე სამშობლო ხდება. 1874 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის გიმნაზიებში (ასწავლის ძველბერძნულ და გერმანულ ენებს). ერთ ხანს (1906-1909 წლებში) თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორიც ყოფილა. ეს ღრმად განათლებული ადამიანი, რომელიც თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ძველსა და ახალ ენას და შინაურულად გრძნობდა თავს მეცნიერების მრავალ დარგში, ნაყოფიერად მუშაობდა კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფიის საკითხებზე, მისი ინტრესების სფეროში შედიოდა ენათმეცნიერება და ფოლკლორი. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთა შორის შეიძლება დავასახელოთ რუსულად ორ წიგნად გამოცემული ძველბერძენ და რომაელ ავტორთა ცნობები კავკასიაზე; მის კალამს ეკუთვნის გამოკვლევა „პირველი ცდა კავკასიური გეოგრაფიული სახელების განმარტებისა თათრული, ქართული, სომხური, ოსური და სხვა ტექსტების მიხედვით“; მანვე თარგმნა რუსულად იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის წიგნი სამეგრელოს შესახებ. 1879 წლიდან სისტემატურად აწყობდა ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შემდეგ მოპოვებულ მასალებს სამეცნიერო ჟურნალებში ბეჭდავდა და წიგნებადაც სცემდა. მათში იგი მოგვითხრობს სვანეთში, რაჭაში, ფშავ-ხევსურეთში, კახეთში, თუშეთში, ოსეთში, სამეგრელოში, სამურზაყანოსა და საქართველოს სხვა მხარეებში თავისი მოგზაურობების შესახებ. მასვე უთარგმნია გერმანულად რამდენიმე სვანური და ოსური ზღაპარი და თქმულება. 1909 წელს თბილისში გამომავალ გერმანულენოვან გაზეთ „კაუკაზიშე პოსტში“ ხუთ ნაწილად (## 10-14) დაიბეჭდა კარლ ჰანის მოზრდილი ისტორიული ნარკვევი სათაურით „ქალაქ თბილისის წარსულიდან, დასაბამიდან რუსების შემოსვლამდე“. ამ დროს უკვე არსებობდა მოსე ჯანაშვილის მონოგრაფია „საქართველოს დედაქალაქი ტფილისი“, გამოცემული 1899 წელს, რომელსაც გერმანელი ავტორი უთუოდ იცნობდა, მაგრამ იგი დამოუკიდებელ ნაშრომს ქმნის. ეს არის უაღრესად საინტერესო თხრობა ჩვენი დედაქალაქის ისტორიისა. ავტორი ეყრდნობა ძველბერძნულ, რომაულ, ქართულ, სომხურ, არაბულ, სპარსულ და სხვა საისტორიო წყაროებს, უხვად სარგებლობს ფრანგი მოგზაურების: შარდენის, ტურნეფორისა და დელაპორტის ცნობებით XVII-XVIII საუკუნეების თბილისის შესახებ. ამ წყაროებს იგი უბრალოდ როდი იმოწმებს – სწავლობს, აანალიზებს, მათ მონაცემებს ადარებს იმჟამინდელ ვითარებას, გამოაქვს დასკვნები. კარლ ფონ ჰანმა, ჩვენში დამკვიდრებული ბევრი უცხოელისგან განსხვავებით, შესანიშნავად იცის, სად ცხოვრობს, რა ქვეყანაში. მისი ნაშრომის ყოველ ფრაზაში იგრძნობა პატივისცემა და სიყვარული ამ მრავალტანჯული ქვეყნის და მის მკვიდრთა მიმართ, რომელთაც, მათი სამშობლოს გეოპოლიტიკური თავისებურების გამო, იშვიათად თუ ჰქონიათ მოსვენებული ცხოვრება. მისი სიტყვით: „მდებარეობა ქვეყნისა, რომლის ტერიტორიაზე ორი დიდი სამხედრო და სავაჭრო გზა კვეთდა ერთმანეთს – ერთი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მდიდარი ინდოეთიდან შავი ზღვისა და ევროპისკენ მიმართული, მტკვრისა და რიონისპირა ველების გავლით, და მეორე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ოღონდ მთებზე კი არა, კასპიის ზღვის გაწვრივ სპარსეთიდან და სომხეთიდან ბარბაროსი სკვითებისკენ მიმავალი, – აი ასეთი მდებარეობა იყო მიზეზი იმისა, რომ მშვიდობიანი მცხოვრებნი ძალიან ხშირად იძულებულნი იყვნენ გუთნის ნაცვლად ხმალი აეღოთ ხელში უცხოელ მოძალადეთაგან საკუთრების, სახლ-კარის დასაცავად. ეს მიწა-წყალი, რომელსაც ნიაღვარივით მოედებოდა ხოლმე ყველა ჯურის დაუპატიჟებელი სტუმარი – სპარსელები, ბერძნები, რომაელები, არაბები, ჰუნები, მონღოლები, თურქები – სისხლიანი, მრავალწლიანი ბრძოლების ასპარეზი ხდებოდა“. კარლ ფონ ჰანი აღტაცებულია თამარ მეფის დროინდელი საქართველოთი, თამარის მეფობის ხანას ოქროს ხანას უწოდებს და განაგრძობს: „მრავალი ბრწყინვალე გამარჯვების შედეგად მან (თამარმა) საქართველო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. შემოუერთა საქართველოს არაქსის ჩრდილოეთით მდებარე მთელი სომხეთი და შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო, დაიპყრო ყარსი, აზერბაიჯანი და თავრიზი. ერთი სიტყვით, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე თამარის მეფობის ხანა ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს“. ნაშრომის ბოლოს იგი დაასკვნის: „წარსულს თუ გადავხედავთ, თბილისის ისტორიას სხვა რა უნდა ვუწოდოთ, თუ არა ტანჯვის ისტორია. იგი ხომ 15 საუკუნის მანძილზე ოცდაათჯერ მაინც დაინგრა. მაგრამ კვლავ და კვლავ აღდგებოდა ხოლმე ნანგრევებიდან და ამით თავის დიდ სიცოცხლისუნარიანობას ამტკიცებდა. უკანასკნელი წლების მძიმე კრიზისმა თბილისის ვაჭრობასა და ხელოსნობას ნაკლები ზარალი როდი მიაყენა, ვიდრე მტერთა შემოსევებმა. მაგრამ ისტორია გვაძლევს იმედს, რომ ამ ქალაქს უკეთესი დღეები დაუდგება“. კ. ჰანის ნაწერებში ჭეშმარიტი ესთეტი შეიცნობა. განსაკუთრებით გამძაფრებული აქვს ბუნებისა და არქიტექტურული ძეგლების სილამაზის აღქმის უნარი. აი როგორ ხოტბას აღავლენს იგი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ძეგლთა მიმართ რუსულად გამოქვეყნებულ ერთ ნაშრომში, რომლიც 1911 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკში“: „ერთობ საინტერესო იქნებოდა იმის გარკვევა, ვინ შემოიტანა პირველად ამიერკავკასიაში ლამაზი და ორიგინალური სტილი დიდებული ქართული და სომხური ტაძრებისა, და რამ შთააგონა არქიტექტორებს სახე ეცვალათ ბიზანტიური ნიმუშებისთვის, რომლებსაც ქრისტეს აქეთ VII საუკუნემდე ბაძავდნენ. ამის შემდეგ კი, ჯერ სომხეთში და 4 საუკუნის მერე საქართველოშიც, ტაძართა არქიტექტურამ ადგილობრივი, ნაციონალური ხასიათი შეიძინა, რაც თავისი ორიგინალურობით შორიდანაც კი აოცებს უცხოელებს. ასეთ მაღალ-მაღალ, მასიურ კოშკებს, ლაზათიანი მრავალკუთხა ყელით და ლამაზი კონუსისებური სახურავით, ვერ ვნახავთ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში“. კარლ ჰანი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ესთეტის თვალით აკვირდებოდა ბუნებას, ერთმანეთს ადარებდა ნანახს. 1892 წელს ლაიფციგში გამოცემული წიგნის – „კავკასიიდან“ – ერთ თავში, რომელშიც დასავლეთ საქართველოში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, იგი წერს: გვერიშის ხეობა რომ ვნახე, „მე ის მაშინ ყველაზე ამაღლებული და ულამაზესი მეჩვენა, რაც კი ჩემს თვალს მანამდე უხილავს. მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ ლაჯანურის ხეობა გვერიშისას თუ არ სჯობია, ყოველ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება მას“. რაჭაში მოგზაურობისას რიონის ხეობით მოხიბლული წერს: „ალაგ-ალაგ [ეს გარემო] საქსონიის შვეიცარიას გვაგონებს, ოღონდ აქ, რიონის მიდამოებში, ყოველივე ბევრად უფრო დიდებულია“. ვნახოთ კიდევ რამდენიმე ციტატა, რომლებშიც საქართველოს ბუნებით აღფრთოვანებაა გადმოცემული: მე-7 თავში, რომლის სათაურია „ფეხით მოგზაურობა თბილისიდან თუშეთისა და ფშავისკენ“ (ეს მოგზაურობა მას 1890 წლის ზაფხულში მოუწყვია) ღამისა და განთიადის არაჩვეულებრივი პეიზაჟი დაუფიქსირებია თუშეთის მისადგომებთან: „სოფლის ცოტა ზემოთ მწვანე მინდორზე დავეცით ბანაკი. მთვარე ჩვენს კოცონს ეჯიბრებოდა ბანაკის განათებაში, და მახლობელი ტყიდან მრავალრიცხოვან ბულბულთა საყვარელი გალობა ისმოდა, ნიავის მსუბუქი ქროლვა არხევდა მაღალი წიფლების კენწეროებს, რომელთა ფოთლები საიდუმლოდ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. ოდნავ გრილ ღამეს მოჰყვა დიდებული განთიადი, რომელიც მგალობელ ფრინველთა მრავალათასხმოვანი სიმღერით დაიწყო, ცვართა მილიონობით კამკამა მსხვილ წვეთებში მზის პირველი სხივები იმსხვრეოდა. ასეთ გარემოში ყოველი დღე ბუნების ზეიმია, უფლის დღეა, რომელიც სულს მოწიწებით აღავსებს“. მთაც არაჩვეულებრივი ძალით იზიდავს: „თბილისში, ჩემი ბინის აივნიდან, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცოტა ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს, ცამოწმენდილზე ჩრდილოეთით დიდებული ხედი იშლება – მოჩანს ერთი ნაწილი დიდი კავკასიონის თოვლიანი ქედისა, რომელშიც გამოირჩევა ორწვერიანი ყაზბეგი, ვითარცა უეჭველი ბატონი იქაურობისა“. დიდად აღუფრთოვანებია სვანეთის პეიზაჟს. სიტყვით აღუწერელი მშვენიერი ხედი გადაიშალა ჩვენ თვალწინო, წერს და ვრცელ პასაჟს უძღვნის თეთნულდის, უშბის, შხარის სილამაზის აღწერას დღისით თუ ღამით, მზიან თუ ღრუბლიან ამინდში. 1912 წელს კ. ჰანის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წელი საიუბილეო ზეიმით აღუნიშნავთ ჩვენს დედაქალაქში. ამასთან დაკავშირებით „კაუკაზიშე პოსტის“ 1912 წლის მე-4 ნომერში გერმანელი პედაგოგისა და სწავლულის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წერილი დაიბეჭდა, რომლის ავტორი საიუბილეო ღონისძიებების შესახებაც მოგვითხრობს: „საიუბილეო ზეიმი 21 მარტს შედგა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში და 27 მარტს სასტუმრო „ვეტცელში“ გამართული ბანკეტით დასრულდა. ზეიმს მთელი პედაგოგიური პერსონალი დაესწრო. უამრავი მისასალმებელი სიტყვა წარმოითქვა, რომლებიც გულიდან იყვნენ დაძრულნი და გულებისკენ მიემართებოდნენ, ხოტბა შეასხეს ღრმადპატივცემულ იუბილარს როგორც ჩინებულ პედაგოგს, შესანიშნავ სწავლულსა და დიდებულ, ღრმად რელიგიურ, ჰუმანურ ადამიანს, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ არის. მართებულად აღინიშნა, რომ იგი არამარტი პირველი გიმნაზიის მშვენება და ლამპარია, რის გამოც სასწავლებელი განსაკუთრებულად ამაყობს, არამედ – მთელი რუსეთისა“. კარლ ფონ ჰანი თბილისში გარდაიცვალა 1925 წელს. 1. გაზ. „კაუკაზიშე პოსტი“, 1909, ## 10-14; 1912, # 4; 2. კარლ ფონ ჰანი. „კავკასიიდან“. ლაიფციგი, 1892 (გერმ. ენაზე). 3. Ган К., Из прошлого города Тифлиса, «Тифлисский Листок», № 80, 1911. 4. Меликсет-Беков Л., К. Ф. Ган (Некролог), Известия Кавказского историко-археологического института, т. 4. Тифлис: 1926. 5. ლევან ბრეგაძე. მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე. თბილისი: „არტანუჯი“, 2010.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ლიტერატურა: