‍ოსკარ შმერლინგი (1863-1938)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0156 shme„დავიბადე 1863 წლის 1 ივლისს ცალ ხელში კარანდაშით, ხოლო მეორეში, „მათრახით“ (მინიშნება სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახზე“. – ლ. ბ.). აი ამ დღიდან კარანდაში და მათრახი შეიქნა ჩემი განუყრელი მეგობარ-თანაშემწენი საყვარელი სამშობლო კუთხისათვის „დიდად სასარგებლო მოღვაწეობის“ დროს“, – წერს ოსკარ შმერლინგი იუმორისტული მანერით შესრულებულ თავის „ავტობიოგრაფიაში“.

თბილისში დაბადებული გერმანელი მხატვარი (ფერმწერი, გრაფიკოსი), ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი ოსკარ შმერლინგი მხატვრის პროფესიას ჯერ სანკტ-პეტერბურგში, მერე მიუნხენში და ბოლოს კვლავ სანკტ-პეტერბურგში ეუფლებოდა. პეტერბურგის სამხატვრო აკადემია ვერცხლის მედალზე დაამთავრა და 1893 წელს საქართველოში დაბრუნდა. თანამშრომლობდა (კარიკატურებს აქვეყნებდა) თბილისურ ჟურნალ-გაზეთებში: „ფალანგა“ (რუსულ ენაზე. 1880-1881), „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება“ (1901-1906), „მოლა ნასრედინი“ (აზერბაიჯანულ ენაზე. 1906-1914), „ეშმაკის მათრახი“ (1907-1921), „შურდული“ (1907), „ბზიკი“ (1097), „ეშმაკის მახე“ (1911), „სოფლის ალიაქოთი“ (1912) და სხვ.

ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძე ქართული სახვითი ხელოვნების წინაშე ოსკარ შმერლინგის დამსახურებებზე საუბრისას აღნიშნავს: „მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ პოლიტიკურ კარიკატურას. გარდა ამისა, იგი ერთ-ერთი პირველი მხატვარია საქართველოში, რომელმაც ყოფითი ჟანრი დაამკვიდრა ქართულ ხელოვნებაში“.

ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძის სიტყვით, ოსკარ შმერლინგისთვის, მესამე თაობის თბილისელი გერმანელისთვის, „თბილისი ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებით მდიდარ გარემოს წარმოადგენდა. ო. შმერლინგი სიცოცხლისმოყვარე, უშრეტი იუმორის მქონე მხატვარი გრაფიკოსი იყო. იგი თანაბარი ინტერესით მუშაობდა, როგორც პოლიტიკური კარიკატურის, ასევე ყოფით ჟანრში“.

ოსკარ შმერლინგი აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა. 1898 წელს თბილისში სამხატვრო სკოლა გახსნა, ხოლო 1902 წელს ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი, რომელიც 1922 წელს სამხატვრო აკადემიად გადაკეთდა. მისი მოწაფეები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე და სხვანი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსკარ შმერლინგის როგორც წიგნის ილუსტრატორის მოღვაწეობა. დასურათებული აქვს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „თავდადებულნი ქართველნი“, „იავნანამ რა ჰქმნა?“, აგრეთვე ქართული ზღაპრები და სხვა გამოცემები.

მეტად ფასეულია ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრებისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი ნახატი, აკვარელით შესრულებული: „ცეკვა „ქართული“, „მუშა რუმბით“, „კინტაური“, „მემაწვნე“, „სადალაქოში“, „ჭორების მოყვარულნი“, „მეზურნეები“, „ქეიფი“, „სოლოლაკელი ბურჟუა“, „თქვენი სადღეგრძელო იყოს!“ და მრავალი სხვა.

ძველი თბილისის ამსახველ ყოველ სურათში მხატვარი „მხიარულ ამბავს მოგვითხრობს. აქ მას ეხმარება კარიკატურისტის მახვილი თვალი. იგი ცდილობს მონახოს თბილისის მკვიდრთა ყველაზე გამომსახველი სახეები. ძირითადად მას იზიდავს საზოგადოების დაბალი ფენიდან გამოსული ადამიანები“ (დალი ლებანიძე).

ოსკარ შმერლინგის „კარიკატურები არ არის გროტესკული, აქ უფრო სითბონარევი იუმორია და თითქოს გარკვეული გულდაწყვეტაც, ძველი ყოფა რომ განწირულია“, წერს ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭოღოშვილი.

„დაე ქართველი ერის ცხოვრება მუდამ იყოს მხიარული, ბედნიერი და ყოველმა ქართველმა იცინოს იმაზე, რაც სასაცილოა. ვიყოთ მხიარულნი და ვიცინოთ“, – ამ სიტყვებით ამთავრებს ერთ თავის პუბლიკაციას ნიჭიერი მხატვარი-იუმორისტი.

 

01 shmerlingi

ო. შმერლინგის ნახატი „სადალაქოში“

 

02 shmerlingi

ო. შმერლინგის ნახატი „მემაწვნე“

 

03 shmerlingi

ოსკარ შმერლინგის კარიკატურა

 


ლიტერატურა:

1. http://www.nplg.gov.ge/geo/history/1_ivlisi__daibada_oskar_Smerlingi/id354

2. დალი ლებანიძე. ძველი თბილისის ყოფა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების მხატვართა შემოქმედებაში //ელექტრონული ჟურნალი „Ars georgica“ http://www.georgianart.ge/index.php?option=com_content&view=article&id=103&Itemid=&ed=10

3. ცისია კილაძე. ოსკარ შმერლინგი და გერმანული მხატვრული ტრადიცია // ელექტრონული ჟურნალი „Ars georgica“ http://www.georgianart.ge/index.php?option=com_content&view=article&id=47&Itemid=&ed=7

4. ნინო ჭოღოშვილი. გერმანული მხატვრული ტრადიცია და საქართველო XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე. საკანდიდატო დისერტაცია. 2006 წ. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000285/Tchogjshvili%20N.pdf