‍მარჯორი სკოტ უორდროპი (1869-1909)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0108 marjინგლისელი ქართველოლოგის მარჯორი უორდროპის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ თედო სახოკია წერდა: „უორდროპის ასული ეკუთვნის იმ მცირე რიცხვს ევროპელთა, რომელთაც შეისწავლეს ჩვენი ენა, ლიტერატურა და ისტორია, იმ განსხვავებით კი, რომ განსვენებულმა არამცთუ შეისწავლა ენა, ლიტერატურა და ისტორია ქართველთა, არამედ ყოველსავე ამასთან ერთად უანგარო სიყვარულით შეიყვარა ჩვენი ყველასაგან დავიწყებული ხალხი და ქვეყანაცა“.

ფასდაუდებელია ღვაწლი, რაც მარჯორი უორდროპმა და მისმა ძმამ ოლივერმა ქართულ კულტურას ინგლისურენოვანი მკითხველისთვის საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის შედევრთა გაცნობით დასდეს, როგორც მთარგმნელებმა და მკვლევარებმა.

მარჯორი უორდროპი ხალისით სწავლობდა უცხო ენებს და დიდ ნიჭსაც იჩენდა ამ საქმეში. ვიდრე ქართულს შეისწავლიდა, იგი უკვე ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, რუმინულ, იტალიურ ენებს. თავისი ძმის, ოლივერ უორდროპის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი წიგნის – „საქართველოს სამეფოს“ (1888) – გაცნობის შემდეგ მარჯორი უორდროპს დამოუკიდებლად შეუსწავლია ქართული ენა მარი ბროსეს „ქართული ენის თვითმასწავლებლის“, დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებისა და სახარების ქართული თარგმანის მეშვეობით.

როცა მარჯორი პირველად ეწვია საქართველოს 1894 წელს, ქართული უკვე იცოდა, რაც მის მასპინძლებს დიდად აოცებდა და ახარებდა. იგი იგონებს:

„ქართველებს უყვართ სტუმარი. სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია. გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით, რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მოვედით. გულითად და აღფრთოვანებულ შეხვედრებს გვიწყობდნენ ყველგან და ეს შეხვედრები გვინაზღაურებდნენ იმ დიდ ცდასა და მძიმე საათებს, რაც მათი ენისა და რთული ქართული ზმნის შესწავლას მოვანდომეთ“.

მეორედ საქართველოს იგი 1896 წლის ზაფხულში ეწვია. მარჯორი უორდროპი საქართველოს თავის მეორე სამშობლოს უწოდებდა.

ვიდრე საქართველოსა და ქართულ კულტურას დიდი, წრფელი გრძნობით შეიყვარებდა, ლამის ნახევარი დედამიწა მოვლო. მისი ძმის, ოლივერ უორდროპის სიტყვით, მარჯორიმ „ახალგაზრდობითვე მთელი თავისი სიცოცხლე უცხოეთში გაატარა: იტალიასა, საფრანგეთსა, სამხრეთ აფრიკაში (შედარებით ცოტა ხანი), ჰაიტში ერთ წელიწადზე მეტი; რუმინეთში – სამი წელიწადი; რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილას თითქმის ათი წელიწადი“ (თედო სახოკიას თარგმანი).

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ავადმყოფი მარჯორი უორდროპი ილია ჭავჭავაძის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, ბუქარესტიდან სწერდა: „მეც ღმერთსა ვთხოვ ყოველთვის მაღირსოს თქვენი ნახვა და საქართველოში წასვლა, მაგრამ ჩემი ბედში არ წერილია, ცამეტი წელიწადია არ ვყოფილვარ საქართველოში, ჩემი გული სიყვარულით მისკენ ბრუნდება“.

ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთაგან მარჯორი და მისი ძმა ოლივერი განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძეს დაუახლოვდნენ.

1894 წელს ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპისგან ქართულად დაწერილი ბარათი მიიღო, რომლითაც ახალგაზრდა ქართველოლოგი მას „განდეგილის“ თარგმანის გამოცემის ნებართვას სთხოვდა:

„მე დიდი სურვილი მაქვს გავუზიარო ჩემს თანამემამულეთ ის სიამოვნება, რომელიც მე ამ ლექსმა მაგრძნობინა. ამისთვის ვჰკადრებ თხოვნა თქვენი ნება ეს ჩემი თარგმანი გამოცემად. ვსცადე სიტყვითი სიტყვითად მას გამოთქმა, მაგრამ ბევრი მისი მშვენიერება უნდა იყოს, საჭიროდ (წაიკითხეთ: „სამწუხაროდ“. – ლ. ბ.), დაკარგული უცხო თარგმანში“.

ადრესატი ისე მოხიბლა ინგლისელი ქალიშვილის ქართულმა, რომ მთლიანად დაბეჭდა „ივერიაში“ მისი წერილი დავით მიქელაძის (მეველის) კომენტარებით, სადაც ვკითხულობთ:

„ჩვენ ვერ ვნახეთ შესაძლებლად, რომ ეს მშვენიერი წერილი ინგლისელის ქალისა, რომელსაც ქართული წერა-კითხვა შეუსწავლია ძველი წიგნების საშუალებით თავის კაბინეტში, დაგვემალა და არ გაგვეზიარებია საზოგადოებისათვის ის ჭეშმარიტი სიამოვნება, რომელიც ჩვენ ამის წაკითხვის გამო ვიგრძენით“.

ილია ჭავჭავაძემ კი „განდეგილის“ მთარგმნელს საპასუხოდ მისწერა:

„ყოველს ქართველს თავის მოსაწონებლად ექმნება, რომ თქვენ და თქვენს პატივცემულ ძმას ჩვენი ყველასაგან დავიწყებული ქვეყანა შეგყვარებიათ და მოგინებებიათ თქვენს ერს მისი ავი და კარგი აუწყოთ იმ სიყვარულით, რომელიც ასე ამშვენებს ადამიანს, და გულის ტკივილით, რომელიც დაუფასებელი ნუგეშია ბედისგან დაჩაგრულთათვის“.

თედო სახოკია ასე იხსენებს მარჯორი უორდროპის მიერ ილია ჭავჭავაძისათვის გამოგზავნილი ამ წერილის გაცნობის შედეგად აღძრულ განცდებს:

„მაგონდება ის ტკბილი წუთიც, რომელიც განვიცადეთ „ივერიის“ რედაქციაში 1894 წ., როდესაც დათა მიქელაძემ (მეველემ) წერილი შემოიტანა, ქართულად ლამაზი ხელით დაწერილი, და გვითხრა: აი, უორდროპის ასულს ილიასთვის წერილი გამოუგზავნია და ნებართვასა სთხოვს, „განდეგილი“ ინგლისურად თარგმნოსო. ჩვენს თვალებს არ ვუჯერებდით, ამ წერილს რომ ვკითხულობდით!.. ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ენას, უცხოელთათვის ძნელად სასწავლ ენად მიჩნეულს, ასე ისწავლიდა ინგლისელი ქალი, და ისიც საქართველოს უნახავად, ცოცხალი ენის გაუგონებლად!.. ყველანი გაგვამხნევა, იმედი მოგვფინა, სრულიად დავიწყებულად არ მივიჩნიეთ თავი... და ყველამ სარბიელი დავულოცეთ ასეთ არაჩვეულებრივ ასულს და თან გულწრფელი კურთხევა შევუთვალეთ იმ დედასა, რომელმაც მას ძუძუ აწოვა და იმ ქვეყანასა, რომელმაც იგი წარმოშვა“ (ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.).

ერთობ საგულისხმოა თედო სახოკიას ეს მოგონებაც:

„უორდროპის ასული ცდილობდა თვის ახალ ნაცნობებთან [საქართველოში] ქართულად ებაასნა, ქართულად გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილებანი. მხოლოდ ხანდისხან უკვირდა, რომ თანამობაასეთა, განსაკუთრებით მანდილოსნების, სახეზე გაკვირვების ნიშანს კითხულობდა და სწუხდა: ნუთუ გარკვევით ვერ გამოვთქვი ქართულიო?! [...] დიდს ხანსაც გაგრძელდებოდა მისი გაოცება და დარდიცა, რომ არ აეხსნათ ეს გაუგებრობის მიზეზი. როგორც ვიცით, მ. უორდროპმა ქართულის სწავლა ინგლისში დაიწყო და პირველად ისწავლა არა თანამედროვე ენა, დღევანდელი ქართველი რომ ლაპარაკობს, არამედ ენა სახარებისა, მე-9 ან კიდევ უფრო ადრინდელ საუკუნეში ნახმარი. ძვირფას სტუმარს აუხსნეს ჩვენი ქალების სისუსტე ძველი ქართულის ცოდნის მხრივ და დაამშვიდეს. ამ ამბავმა არა ერთი და ორი დააფიქრა ჩვენ მიერ დედაენის დავიწყების შესახებ და შემდეგში უცხოელის მაგალითი თვალწინ ედგათ თავიანთი ნაკლის მამხილებლად“ (ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.).

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ უორდროპების მოღვაწეობამ ქართველოლოგიის სფეროში დიდად შეუწყო ხელი ქართველთა თვითშეგნების ამაღლებას. ეს ნათლად ჩანს აკაკი წერეთლის ლექსიდანაც, რომელიც პოეტმა მარჯორი უორდროპის გარდაცვალების გამო დაწერა:

სახელგანთქმულ ინგლისიდან
შემოფრინდა ჩვენში ობლად,
ვით მერცხალი მოჭიკჭიკე,
გაზაფხულის მახარობლად!

აჭიკჭიკდა და აგვიხსნა
წინაპრების გზა და კვალი!..
შეუწონა აწმყო წარსულს
და გვიქადა მომავალი...

გვითხრა: „ტყვილა გულს ნუ იტეხთ!..
თქვენგან მე ბევრს გამოველი:
არ მოკვდება ის ერი, ვინც
წარმოშობა რუსთაველი!..

მარჯორი უორდროპმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე (იგი 40 წლისა გარდაიცვალა) თარგმნა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები (ლონდონი, 1894 წ.), ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“ (ლექსად. ლონდონი, 1895 წ.), წმინდა ნინოს ცხოვრება (თარგმნა ძმასთან ერთად. ოქსფორდი, 1900 წ.), შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ პროზად, რომელიც მარჯორის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოსცა ლონდონში მისმა ძმამ ოლივერმა.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მარჯორი უორდროპი 18 წლის განმავლობაში მუშაობდა. ჯერ კიდევ 1894 წელს, ქართული ხალხური ზღაპრების ინგლისური თარგმანის წინათქმაში ახსენებს იგი შოთა რუსთველსა და მის პოემას:

„პირველი ინტერესი კავკასიისა და მის ლამაზსა და მამაც მკვიდრთა მიმართ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამიღვიძა ჩემი ძმის მიერ დაწერილმა წიგნმა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი მე-12 საუკუნის დიდი ეპიკოსის შოთა რუსთველის მემკვიდრეობის შესწავლას. გადაწყვეტილი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივცე შესაძლებლობა ჩემს თანამემამულეებს, გაიზიარონ ის დიდი სიამოვნება, რაც პირადად მე მომანიჭა მისმა პოემამ“ (ნ. საყვარელიძის თარგმანი).

ერთი წლის შემდეგ კი ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობაში წერს:

„ინგლისელ მკითხველთაგან ბევრი იცნობს მეტ-ნაკლებად სპარსულ ლიტერატურას, მაგრამ უთუოდ ძალზე ცოტას სმენია ქართული ლიტერატურის არსებობა. საქართველო ნამდვილად იმსახურებს დიდ ყურადღებას. მე-12 საუკუნის უდიდესი ეპიკოსის შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ არაფრით არ ჩამოუვარდება ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“, მაგრამ, აბა, რა შეიძლება დავასახელოთ თანამედროვე სპარსული პოეზიიდან ისეთი, რაც შეიძლება გაუტოლდეს ნ. ბარათაშვილისა და ი. ჭავჭავაძის ქმნილებებს?“ (ნ. საყვარელიძის თარგმანი).

ტუბერკულოზით დაავადებული მარჯორი უორდროპი ისე გარდაიცვალა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თავისი თარგმანის გამოცემა ვერ მოასწრო. ეს საქმე მისმა ძმამ, ოლივერ უორდროპმა განასრულა – 1912 წელს ლონდონში საკუთარი ვრცელი წინასიტყვაობით გამოსცა თავისი დის თავდადებული შრომის ნაყოფი.

მარჯორი უორდროპს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობისას კონსულტაციებს უწევდნენ ნიკო მარი და მიხაკო წერეთელი.

შოთა რუსთველის პოემის მარჯორი უორდროპისეულმა თარგმანმა სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლომონ იორდანიშვილის სიტყვით, „თარგმანი შესრულებულია დიდი კეთილსინდისიერებით და, თუ გვხვდება ალაგ-ალაგ არასწორი სტრიქონები და შეცდომები, ეს ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ იმ დროისათვის ვეფხისტყაოსნის ტექსტი არასაკმარისად იყო შესწავლილი თვით ქართველების მიერ“ (ციტირებულია იოსებ მეგრელიძის წიგნიდან „რუსთველოლოგები“).

„ვეფხისტყაოსნის“ მარჯორი უორდროპისეული თარგმანის გამოცემას თედო სახოკიამ „ჩვენი მწერლობის სადღესასწაულო ამბავი“ უწოდა და იმ სიძნელეებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც დასჭირდა მთარგმნელს ამ დიდი ნაშრომის წარმატებით გასრულებისათვის:

„უეჭველია, იკითხავთ, თუ როგორ შესძლო ინგლისელმა მთარგმნელმა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის დროს დაეძლია ის სიძნელე, რომელსაც წარმოადგენს რუსთაველის ენის გაგება თანამედროვე ქართველთათვისაც კი!.. ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ მთარგმნელი, თავისდა სასახელოდ, მოჰრევია ხსენებულ სიძნელეს, მოჰრევია ისე, როგორც ეს შეეძლო მხოლოდ მხნე ინგლისელ ასულს, რომლისთვისაც სიტყვა „შეუძლებელი“ არ არსებობს, რომლისთვისაც არსებობს „სიძნელე“, გარნა არა „უძლეველი“. ყოველთ უწინარეს, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას განსვენებულმა თითქმის ოცი წლის შრომა მოანდომა, ჰკრეფდა, თუ რამე დაწერილა ან იწერებოდა ამ პოემისა და მისი ავტორის შესახებ ქართულად, რუსულად, ფრანგულად, გერმანულად, იკვლევდა და იწვლილავდა ყოველი სიტყვის მნიშვნელობას ცალ-ცალკე, იშველიებდა ყველას, ვისაც კი შეეძლო საეჭვო ადგილი ასე თუ ისე განემარტებინა; საგრძნობელი იყო მისთვის, რომ ქართულად მაშინ არ მოგვეპოვებოდა, გარდა ორიოდ შრომისა, მეცნიერული გამოკვლევანი ჩვენი პოეტის და მისი ნაწარმოების შესახებ. გარნა დიდი ხნის რუდუნებისა და ხელნაწერის არა ერთგზის შესწორების შემდეგ შესაძლებლად სცნო შრომა დასრულებულად ეღიარებინა. თარგმანი პროზადაა, მაგრამ ისეთი დახვეწილი პროზითა, რომელიც კარგს ლექსს არ ჩამოუვარდება. ყოველი სიტყვა ზედმიწევნილი სისწორითაა ინგლისურად გადმოღებული, ხოლო მეტად გაუგებარ და საეჭვო სიტყვებს, რომელთა ნამდვილი მნიშვნელობა სადავოდ არის აღიარებული თვით ქართველ მკვლევართა მიერვე, სქოლიოებში დართული აქვს განმარტება ყველა ავტორისა, ვისაც კი რამე უთქვამს ხსენებულ სადავო სიტყვის, გინა ადგილის შესახებ. და ყოველივე ეს იმ გულდადებითა და პუნქტუალობითაა ნაკეთები, რომელიც ახასიათებს ევროპელ მკვლევარს. იქნება ინგლისელის მიერ გაწეულმა ამ უებრო შრომამ გულისხმაში ჩაგვაგდოს ქართველობა და ჩვენს გონებრივ საუნჯეს უფრო მეტი ყურადღებით და ზრუნვით მოვეპყრათ, ვიდრე აქამდე გამოგვიჩენია ეს ზრუნვა და ყურადღება. იქნება ჩვენც დავიარსოთ რუსთაველის პოემისა და ენის შესასწავლი საზოგადოება (თუ საზოგადოებანი არა), მსგავსად იტალიელთა, რომელთაც იტალიის თითქმის ყოველ ქალაქში აქვთ დაარსებული ეგრეთ წოდებული „დანტეს საზოგადოება“, სადაც მათი უკვდავი პოეტის და შოთას თითქმის თანამედროვე გენიოსის „ღვთაებრივ კომედიას“ მცოდნე პროფესორების ხელმძღვანელობით სწავლობენ, იკვლევენ და ფართო მასისათვის ხელმისაწვდომად ხდიან მის შინაარსსა და შიგ დაცულ საუნჯეს ენისას“.

შორენა ბორაშვილი-შტოიერის ბოლოდროინდელმა კვლევებმა წარმოაჩინა, რომ „მარჯორი იყო არა მხოლოდ მთარგმნელი და საქართველოთი აღფრთოვანებული პიროვნება, არამედ ეგრეთწოდებული არაფორმალური დიპლომატი და ამ მიწის, კულტურის და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დამცველი, რომლის თარგმანებს და ორიგინალურ ნაშრომებს დიდი გავლენა უნდა ჰქონოდა ქართული ისტორიის განვითარებაზე. ბოდლის ბიბლიოთეკაში, უორდროპის კოლექციაში დღესაც შეიძლება მის მიერ მაღალი რანგის პირებთან (გიბრალტარის მღვდელთმთავარი, პეტერბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი სესილ სპრინგ რაისი) გაგზავნილი, ქართულიდან თუ რუსულიდან თარგმნილი წერილების ნახვა. იგი სიმართლეს აწვდიდა საზოგადოებას საქართველოში განხორციელებული უსამართლობის, რუსების მიერ ქართველთა ყოველმხრივი შევიწროების შესახებ და მორიდების გარეშე, საკუთარი კომენტარების, ემოციური ფრაზების ჩართვით ამხელდა მათ“.

მარჯორი უორდროპი ინტერესით აკვირდებოდა საქართველოში თავისი სქესის წარმომადგენელთა აქტიურ მოღვაწეობას საზოგადოებრივ-კულტურულ ასპარეზზე. „მისი ცხოვრება თითქოს შეიცვალა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. იგი მიხვდა, რომ აუცილებელი არაა მამაკაცი იყო იმისათვის, რომ იცხოვრო, იმუშაო და კეთილი საქმე აკეთო. ქართველი მანდილოსნებით აღფრთოვანებული მარჯორი წერს: „ძალიან მცირე ქვეყანაში შევხვდებით, რომ ქალს ისეთი დიდი გავლენა და მნიშვნელობა ჰქონოდეს, როგორც საქართველოში, რომანტიკულ რეგიონში, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის” (M. ჭარდრ. ჩ 26), – ამბობს მარჯორი ქართველი ქალების შესახებ და დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მუდამ მათ გვერდით დგომას ცდილობს“ (შორენა ბორაშვილი-შტოიერი).

ფრაგმენტი მარჯორი უორდროპის სამოგზაურო ჩანაწერებიდან:

„ქართული ლიტერატურის უმეტესი ნაწილი ქალთა მეშვეობით გადაურჩა მივიწყებას. ისინი ეწაფებოდნენ თავიანთ უძველეს კლასიკოსებს, რომელთა უმრავლესობასაც ზეპირად სწავლობდნენ. ამ ქვეყანაში დღესაც კი მრავლად შეხვდებით ქალს, რომელიც ზამთრის გრძელ საღამოებს იმით კლავს, რომ შოთა რუსთველის მშვენიერ ეპიკურ პოემას – „ვეფხისტყაოსანს“ კითხულობს ზეპირად. [...] თვით პოეტი ბევრ ადგილას ლაპარაკობს სქესთა თანასწორობაზე. მაგალითად, ხშირად ხმარობენ ციტატას: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“ (ლეილა თაქთაქიშვილ-ურუშაძის თარგმანი).

თედო სახოკიამ მარჯორი უორდროპის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ ინგლისში მოინახულა მარჯორის მშობლიური სახლი და მისი უახლოესი ნათესავები, რომელთაც უამბეს:

„სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეს უკანასკნელ წამებში ენა ჩავარდნოდა. რაკი ენა აღარ ემორჩილებოდა, ჰაერში ხელით დაეხატნა სიტყვა „საქართველო“, სახელი იმ ქვეყნისა, რომელიც შეადგენდა მისი ზრუნვის საგანს და სულიც განუტევებია“.

მარჯორი უორდროპის ანდერძის თანახმად ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელთა ხელშემწყობი ფონდი დაარსდა, ხოლო მისი წიგნები და ხელნაწერები ბოდლის წიგნსაცავს გადაეცა.

 


ლიტერატურა:

1. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები. თბილისი: „ნაკადული“, 1969.

2. შალვა გოზალიშვილი, ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1973.

3. იოსებ მეგრელიძე. რუსთველოლოგები. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1970.

4. გურამ შარაძე. ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1984.

5. შორენა ბორაშვილი-შტოიერი. მარჯორი სკოტ უორდროპი, ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურის დამფასებელი და მკვლევარი. http://burusi.wordpress.com/2011/09/21/stoyer-2/