ჯონ ოლივერ უორდროპი (1864-1948)
ავტორი: ლევან ბრეგაძე, 1919 წლის აგვისტოში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სამხრეთ კავკასიაში უმაღლეს პოლიტიკურ კომისრად დანიშნული ჯონ ოლივერ უორდროპი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებს როგორი დახვედრა მოუწყვეს მას თბილიაში: „ყველა ჩემი მოძრაობა გადაიღეს კინემატოგრაფებმა, მე ვიყავი ფოტოგრაფთა სამიზნე. რკინიგზის სადგურში ორკესტრმა დაუკრა ბრიტანეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ჩემს გზაზე, დაახლოებით 2 მილის მანძილზე, დაკიდებული იყო დროშები, მოფენილი იყო აღმოსავლური ხალიჩები, გარშემო ჩამწკრივებული იყო ხალხი. შენობები ღამით გაანათეს. დღემ ჩაიარა როგორც სახალხო დღესასწაულმა. ეს არაჩვეულებრივი დახვედრა ქართველებმა მომიწყვეს იმის გამო, რომ იციან თუ რას ვგრძნობ მათდამი უკვე ბოლო 32 წელიწადია. ჩემი დანიშვნა მათ მიიღეს ნიშნად იმისა, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ყველაზე მეგობრული გრძნობებით არის გამსჭვალული მათი ქვეყნისადმი და რომ საქართველოსთვის დაიწყო ახალი ერა“ (ციტირებულია ბექა კობახიძის სტატიიდან „ოლივერ უორდროპი ყველაზე „ქართველი“ ბრიტანელი“). ინგლისელმა დიპლომატმა, მოგზაურმა, აღმოსავლეთმცოდნემ, მთარგმნელმა საქართველო პირველად 1887 წელს იხილა. ამ მოგზაურობის შედეგად მან დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“ და ლონდონში გამოსცა 1888 წელს. მეორედ საქართველოს 1894 წელს ეწვია. იმავე წელს გამოვიდა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ ოლივერ უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი ალექსანდრე ცაგარლის რუსული თარგმანიდან და ქართულთან შედარებული მისი დის, მარჯორი უორდროპის მიერ, რომელმაც, თავისი ძმის წიგნით საქართველოთი დაინტერესებულმა, იმ დროს ქართული უკვე იცოდა. 1900 წელს ოქსფორდში დაისტამბა ოლივერისა და მისი დის, მარჯორი უორდროპის ერთობლივი ნამუშევარი – „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ინგლისური თარგმანი. 1914 წელს ლონდონში „ვისრამიანის“ საკუთარი თარგმანი გამოსცა, იმავე წელსვე – „ძეგლისდება გიორგი მეხუთე, ბრწყინვალესი“, 1915 წელს – „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“ და სხვ. იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელთა ხელშემწყობი ფონდის დამფუძნებელია, ეს ფონდი დღესაც ეხმარება ქართველოლოგიით დაინტერესებულ მკვლევარებს. ვნახოთ როგორ აცნობს ოლივერ უორდროპი თავის წიგნში „საქართველოს სამეფო“ (1888) თანამემამულეებს იმ პატარა ქვეყანას, რომლის გაცნობა, შესწავლა და შეყვარება მას უკვე მოუსწრია: „საქართველო სულაც ისე შორს არ არის აქედან, როგორც ჰგონია ჩვენს ხალხს – ლონდონიდან თბილისამდე ხმელეთით ერთ კვირაში ჩახვალთ. საქართველო, რაც უნდა სთქვათ, სიტურფით არც ნორვეგიას ჩამოუვარდება, არც შვეიცარიას და იმისი მიმზიდველი უპირატესობა კიდევ ის არის, რომ უცნობი ქვეყანაა ჩვენებურ მოგზაურთათვის. იქ არც ისეთი უსირცხვილო ძარცვა-ყვლეფა იციან, როგორც ჩვენს ახლო-მახლოებში... ბოტანიკოსი იქნება თუ გეოლოგი, არქეოლოგი თუ ფილოლოგი, ყველასთვის საქართველოში ზღვა მასალაა, რომელიც ჯერ ხელუხლებელია თავ-თავიანთი მეცნიერებით [...]. მაგრამ ყველა ამას აღემატება საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა და ეს ძალა ქართველების ღირსებაა!” (ციტირებულია გურამ შარაძის წიგნიდან „ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე“). მრავალი არასასურველი სტერეოტიპი არსებობდა საქართველოზე იმდროინდელ ეროპაში და ოლივერ უორდროპი გულმოდგინედ ამსხვრევდა მათ. წავიკითხოთ რამდენიმე ფრაგმენტი წინასიტყვაობიდან, რომელიც მან თავისი დის, მარჯორი უორდროპის, მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“ წარუმძღვარა: „ასეთი წიგნი განძად უნდა ჩაითვალოს მთელი კაცობრიობისათვის, განსაკუთრებით კი ისეთი ერებისათვის, ვინც, მსგავსად ქართველთა, ბერძნებისა და ქრისტიანობის გავლენას განიცდიდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა უცხო ფსიქოლოგიასთან, არამედ იმ ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, რომელიც, მართალია, მახლობელი აზიის გონებრივი მოძრაობის გავლენაში იმყოფებოდა, მაინც მთელი ათასი წლის ბრძოლის განმავლობაში ცხადად ამტკიცებდა, რომ მისი ბუნებრივი მისწრაფება მიმართული იყო დასავლეთ ევროპისაკენ, საითაც ასე გულმოდგინედ ჰქონდა მიპყრობილი დაჟინებული მზერა. [...] პოლიტიკურ და გეოგრაფიულ თავისებურებათა გამო საქართველო იყო ის ერთი მხარეთაგანი, რომელმაც ყველაზე უკეთ გვაჩვენა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოება, რაც ასე დამახასიათებელი იყო ჯვაროსნული ეპოქის ომებისათვის“ (ეს და მომდევნო ფრაგმენტები, აღნიშნული აბრევიატურით რმლ, მოგვყავს წიგნიდან „რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში“, 1, თბ., 1976). ოლივერ უორდროპი, აკად. ნიკო მარის რუსულად გამოქვეყნებული ნაშრომის, „იოანე პეტრიწის“, დამოწმებით წერს: „ქართველები მეათე და მეთერთმეტე საუკუნეებში ფილოსოფიის სფეროში იმავე კითხვების კვლევა-ძიებაში იყვნენ, რა საკითხებიც აინტერესებდათ იმ ხანის მოწინავე საქრისტიანო ქვეყნების მოაზროვნეებს როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ამ შემთხვევაში სხვებისაგან, სახელდობრ ევროპელთაგან, იმით განსხვავდებოდნენ, რომ იმ ხანებში ქართველებმა სხვებზე უწინ გასცეს პასუხი ფილოსოფიური აზროვნების ახალ მიმართულებას და აღჭურვილი იყვნენ იმ დროისათვის სამაგალითო კრიტიციზმით, რომელსაც საგნად ჰქონდა ბერძენთა ნაწერების განხილვა თვით ორიგინალებში“ (რმლ); „აქ (ქართულად) ამოვწერთ ერთ სტროფს, რომელმაც შეიძლება მკითხველს წარმოადგენინოს ღირსება ლექსისა და ამით ქართულ ენას ააცილოს ის საყვედური, წამოსროლილი ზოგიერთ მწერალთაგან, რომლთაც ამ ენაზე ოდნავი წარმოდგენაც არა აქვთ [...]. ევროპელს, ვისაც არ გაუგონია ქართული, ჰგონია, რომ ეს ენა ხორხისმიერ ბგერათა ყურთასმენის წამღებ გროვას წარმოადგენს და შიგ ხმოვანი იშვიათად ურევია. მართალია, თანხმოვანთა თავმოყრა, რაც ესოდენ ეჩოთირება დასავლელი კაცის ყურსა და თვალს, ქართულში ხშირად გვხვდება, მაგრამ ეს ამ ენის სიძლიერე გახლავთ. [...] ქართული ენა უაღრესად განვითარებული სამწერლო ენა იყო ქრისტიანობის დასაწყისშივე და მკვლევარნი იმ აზრს ადგანან, რომ ამ ენაზე მწერლობა უძველეს ხანაში არსებობდა“ (რმლ). რაოდენ იყო ოლივერ უორდროპი დაინტერესებული ქართული კულტურის ბედით, ნათლად წარმოაჩენს მის მიერ თედო სახოკიასადმი გაგზავნილი ერთი წერილი, სადაც ვკითხულობთ: „ხომ არაფერი იცით თბილისში ქართულ წიგნთსაცავში ცეცხლის გაჩენისა? მეტად სამწუხარო ამბავი გახლავთ. ალბათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ წიგნთსაცავია. თბილისში რომ გახლდით, ყველას იმას ვეუბნებოდი, ასეთი ძვირფასი განძის შენახვა ასეთ ადგილას მეტად საშიშია მეთქი“, – სწერს 1914 წლის ნოემბერში თედო სახოკიას. (საბედნიეროდ, როგორც გაირკვა, ძველქართულ ხელნაწერ წიგნთა საცავს კი არ გასჩენია ცეცხლი, არამედ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის საწყობს, რაც, თედო სახოკიას სიტყვით „ანაზღაურებადი“ ზარალი იყო). დიდ ბრიტანეთში ქართველოლოგიის როგორც სამეცნიერო დისციპლინის დაფუძნება, ქართველოლოგიური კვლევა-ძიებისთვის ხელის შეწყობა, მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის შექმნა, ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების ინგლისურად თარგმნა და გამოცემა ოლივერ და მარჯორი უორდროპების დიდი დამსახურებაა ქართული კულტურის წინაშე. მათი მეცადინეობის შედეგად ევროპამ საუკეთესო კუთხით გაიცნო რუსეთის მიერ მრავალი ათეული წლის წინ ანექსირებული საქართველო და მისი კულტურა. 1. რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში“, 1, თბ., 1976. 2. ბექა კობახიძე. ოლივერ უორდროპი ყველაზე „ქართველი“ ბრიტანელი. http://www.kvirispalitra.ge/history/17124-oliver-uordropi-yvelaze-qarthveli-britaneli.html
3. გურამ შარაძე. ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1984. 4. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები. თბილისი: „ნაკადული“, 1969.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
* * *
ლიტერატურა: