‍საბა კლდიაშვილი (1873-1905)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0148 sabaსაბა (ალექსანდრე) კლდიაშვილი დაიბადა 1873 წლის 2 თებერვალს ქუთაისში. მეცნიერი, ქიმიკოსი, პუბლიცისტი, ეროვნული გმირი. ის იყო იმ დროისათვის ცნობილი ადამიანების – არმიის ოფიცრის (შემდეგ სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის – დავით დადიანის კანცელარიის მთავარი მოხელის), გრიგოლ კლდიაშვილისა და ქართული თეატრის თვალსაჩინო მოღვაწის, ეფრო ყიფიანის მერვე შვილი.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყეველო ფაკულტეტზე. ქიმიის მეცნიერებათა სრულად დაუფლებისათვის ახალგაზრდა მეცნიერი რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში. გააკეთა მრავალი, უმეტესწილად – ძნელი ორგანული სინთეზი და დაამზადა სხვადასხვა ორგანული პრეპარატი. 1902 წლიდან თანამშრომლობდა ბერლინის ჟურნალებში, სადაც აქვეყნებდა სტატიებს ორგანული სინთეზის შესახებ.

საბა კლდიაშვილმა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. პ. მელიქიშვილისა და ს. ტანტარის მოთხოვნით, მუშაობა დაიწყო ოდესის უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკულ დაოსტატებას. ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა მისი გამოკვლევები ატომურ და მოლეკულურ წონაზე, ელემენტთა კლასიფიკაციასა და წყალბადზე, ჟანგბადზე, თხევად ნივთიერებათა მოლეკულური წონების გაანგარიშებაზე და სხვა. თუმცა, საერთოდ, მისი მეცნიერული კვლევის შედეგები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და ეს საიდუმლო ახალგაზრდა მეცნიერმა თან წარიტანა. საგულისხმოა, რომ ამ დროს საბას ძმა – სიმონი თბილისის უნივერსიტეტის შენობის აგებას ხუროთმოძღვრობდა.

1905 წ. 5 ოქტომბერს საბა ადრე მივიდა ლაბორატორიაში და ქიმიური ცდების ჩატარება განაგრძო. ,,კავკასიის მებრძოლთა რაზმის” წევრებმა მას საზარელი ამბავი აცნეს, რისი მოწმენიც თავად გამხდარიყვნენ: ოდესაში ყოვლად უდანაშაულო ებრაელი მოსახლეობის განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. არ ინდობდნენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. უბედურების ადგილზე, მისაშველებლად გაქცეული საბა პირველი ჩაება ხელჩართულ ბრძოლაში, მაგრამ ერთ-ერთი შავრაზმელის მიერ ნასროლმა ტყვიამ მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იმ 4 დღის განმავლობაში ოდესაში სულ დაიღუპა 1100, დაიჭრა და დასახიჩრდა 3000 კაცი.

საბა კლდიაშვილის ოდესიდან გადმოსვენებამ სახალხო გლოვის სახე მიიღო. გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” წერდა (1905 წ. 20 ნოემბერს): ,,იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება, საზოგადოება, ხელოსნები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მოხუცნი, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ”.

საბა კლდიაშვილი ქუთაისის ცენტრში – მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს, ამ ეკლესიის დანგრევის შემდეგ კი მისი ნეშტი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაიტანეს. მის საფლავზე დგას ბიუსტი.