ბორის გაპონოვი (დოვ) (1934-1972)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, ბორის გაპონოვი, ებრაელი პოეტი, მთარგმნელი, ისრაელის ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989, სიკვდილის შემდეგ). დაიბადა 1934 წ. ქ. ევპატორიაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლიდან, ევაკუაციის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გალში, მცირე ხნით – გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, 1946 წლიდან დასახლდა ქუთაისში. მისი ბაბუა რაბინი იყო და პატარა ბორისს ბავშვობიდან ასწავლიდა ივრითს. 1953 წ. ბორის გაპონოვმა დაამთავრა ქუთაისის IX საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და 1955 წ. ქუთაისში დაბრუნებულიყო, მუშაობდა საავტომობილო ქარხნის მრავალტირაჟიანი გაზეთ ,,ლენინელის” რედაქციაში. 1971 წლიდან ცხოვრობდა ისრაელში. ბორის გაპონოვმა შეისწავლა რამდენიმე აღმოსავლური და ევროპული ენა. დამოუკიდებლად დაეუფლა ქართულ ენას. 1966 წ. ნოემბერში დაასრულა ,,ვეფხისტყაოსნის” თარგმნა. თარგმანზე მუშაობით მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: შეისწავლა და გაანალიზა რუსთაველის წინამორბედი კულტურა. გაეცნო ძირითად რუსთველოლოგიურ შრომებს. ქართული და ებრაული ენის სტიქიის შესაგრძნობად ღრმად შეისწავლა როგორც ბიბლიის ორიგინალი, ისე ქართული თარგმანი. 1969 წ. აზიის ხალხთა ინსტიტუტის ლენინგრადის ფილიალში მან წაიკითხა შესანიშნავი მოხსენება ,,ბიბლიური მოტივები რუსთაველის შემოქმედებაში” (გამოქვეყნდა 1979 წ. ,,მაცნე”, ენისა და ლიტერატურის სერია, №2, გვ. 174-180). რუსთაველის პოემის გაპონოვისეული თარგმანი აღინიშნა, როგორც მოვლენა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ებრაულის პოეტური და ენობრივი სტრუქტურის დახვეწისათვის. პოეტური ტალანტი, ენობრივი ალღო, ვირტუოზობამდე ასული მხატვრული ოსტატობა, რუსთველური დაუფლება ენის სტიქიისა, მშობლიური პოეზიის ამომწურავი ცოდნა ამ თარგმანს დედნის კონგენიალურს ხდის (ზ. კიკნაძე); ,,ვეფხისტყაოსნის” გაპონოვისეულ თარგმანს შენარჩუნებული აქვს დედნისეული ტექსტის შინაარსობრივ-აზრობრივი და მხატვრულ-გამომსახველობითი სიდიადე (ნ. ბაბალიკაშვილი). უცხოეთში მიმდინარეობს გაპონოვისეული თარგმნის მეცნიერული შესწავლა სხვადასხვა ასპექტით. თარგმანი გამოვიდა 1969 წელს. (მერხავია--თელ-ავივი). ამ გამოცემისათვის საგანგებოდ დამზადებული ქაღალდის შეყვითლებული, ეტრატს მიმსგავსებული ფერი მამუკა თავაქარიშვილისეულ ნახატებთან ერთად გამოცემას 800 წლის ხელნაწერის ელფერს ანიჭებს. ,,ვეფხისტყაოსნის” თარგმანისათვის ბორის გაპონოვი ისრაელის ორი ეროვნული პრემიით – შ. ჩერნიხოვსკის (1969 წ.) და პრეზიდენტის სახელობის (1971 წ. ) პრემიით დაჯილდოვდა. 15 წლის მანძილზე მუშაობდა ივრითის ფრაზეოლოგიურ ლექსიკონზე. ბორის გაპონოვი გარდაიცვალა 1972 წ. ისრაელის ქალაქ რამათგანში. 1989 წლიდან ქუთაისში, ყოფილ შაუმიანის ქუჩას ეწოდა ბორის გაპონოვის სახელი.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი