გაბრიელ ქიქოძე (გერასიმე) (1825-1896)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, დაიბადა 1825 წ. 3(15) სექტემბერს სოფ. ბახვში (ოზურგეთის მაზრა). იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წწ. მოაზროვნე, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე. 1839 წ. დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1842 წლიდან სწავლობდა ქალაქ ფსკოვის, ხოლო 1844 წლიდან – პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1849 წლამდე, სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. 1848-1858 წწ. მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკას და მათემატიკას; პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღრმთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წ. მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წ. ოჯახური ტრაგედიის შემდეგ (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი), მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა. 1858 წ. დაინიშნა დავითგარეჯის არქიმანდიტრად, შემდეგ კი – გორის ეპისკოპოსად. 1860 წლის 2 ივლისიდან ეპისკოპოსი გაბრიელი გარდაცვალებამდე განაგებდა იმერეთის ეპარქიას მისი მღვაწეობის დროს მეუფე გაბრიელის გამგებლობაში შევიდა აფხაზეთის (1869 წ) და სამეგრელოს (1879 წ) ეპარქიებიც. მეუფე გაბრიელის სახელთანაა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლის, ბიბლიოთეკის, 1890 წ. ქუთაისში ქალთა სასწავლებლის, 1894 წ. კი სასულიერო სემინარიის გახსნა. იგი მფარველობდა ნიჭიერ ახალგაზრდობას, მატერიალურად ეხმარებოდა მათ, რომლებიც სწავლობდნენ საზღვარგარეთის სასულიერო თუ საერო სასწავლებლებში. ეპისკოპოს გაბრიელის ზრუნვის შედეგად იმერეთის ეპარქიაში რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკორწმინდის, ბიჭვინთის, მოქვის, ილორის ეკლესიებს, აშენდა ორასზე მეტი ახალი ეკლესია. გაბრიელ ქიქოძე იყო ,,ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების” დამფუძნებელი და საპატიო წევრი. მისი ინიციატივით დაარსდა ,,ქართულ-იმერული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი” (1884-1887 წწ.), რომელმაც ასეულობით უნიკალური ნიმუში გადაარჩინა დაკარგვას, საკუთარი სახსრებით 1858 წ. პეტერბურგში გამოქვეყნდა გაბრიელ ქიქოძის კაპიტალური ნაშრომი ,,ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები” (რუსულ ენაზე), რომელიც რუსეთის სემინარიებში დიდხანს იხმარებოდა სასწავლო სახელმძღვანელოდ. ნ. დობროლუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ჟურნალ ,,სოვრემენიკში” (1889 წ.), სადაც გაბრიელის ნაშრომს ფსიქოლოგიის სხვა სახელმძღვანელოთა შორის უპირატესობა მისცა. ცნობილია მეუფე გაბრიელის მიერ ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, გამოცემული ქართულ (1865 წ. ტ. 1-2. 1884-1885 წ.), რუსულ (1893 წ.) და ინგლისურ (1897 წ.) ენებზე. 1888 წლის შემოდგომაზე საქართველოში სტუმრადმყოფი ალექსანდრე III თავისი ამალის თანხლებით ქუთაისში ჩავიდა და ეკლესიისაკენ გაემართა. "ის ის იყო ამბიონისაკენ გაემართა, რომ ეპისკოპოს გაბრიელის ხმა მოესმა: შესდექ, რუსეთისხელმწიფევ... ხელმწიფე შეყოყმანდაო, ამბობდნენ დამსწრენი, უნდოდა სვლა განეგრძო, მაგრამ უნებლიეთ შედგა კარიბჭეში, სადაც ეპისკოპოსის შემოძახებამ მოასწრო და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვა: ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და როგორც ასეთი, სხვა ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვსო”. გაბრიელ ქიქოძე იყო ეროვნულ-გამნათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, მკაცრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლების კოლონიურ პოლიტიკას საქართველოში, არაერთხელ დაუპირისპირდა კავკასიის განათლების მზრუნველ კირილე იანოვსკის, ეგზარქოს პავლე ლებედევს, კოსმოპოლიტიზმითა და ეროვნული ნიჰილიზმით დაავადებულ გადაგვარებულ ქართველ თავად გიორგი მუხრანბატონს. ეს უკანასკნელი ქართული ენის დაცვას ფუჭ საქმედ მიიჩნევდა, ვინაიდან მისი აზრით დროთა განმავლობაში ქართული ენის გაქრობა მაინც მოხდებოდა. მეუფე გაბრიელმა მეცნიერულად დაასაბუთა რენეგატი ქართველის მოსაზრებათა უსაფუძვლობა. ,,ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი სწორედ ენა არის. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც.” გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა 1896 წლის 14 (26) მარტს. დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ტაძარში, საკურთხევლის წინ. 1995 წ. ქართული ეკლესიის მიერ შეირაცხა წმინდანად და ეწოდა წმინდა მღმდელმთავარი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 7 თებერვალი.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი