იოსებ ოცხელი (1865-1919)
იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა 1865 წლის 15 სექტემბერს ქუთაისში. დაწყებითი განათლება ქუთაისის კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო კი ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში.
1885 წ. ი. ოცხელმა სწავლა განაგრძო ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წ. პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
საქართველოში დაბრუნებულს როგორც პოლიტიკურად ,,არაკეთილსაიმედოს”, მასწავლებლობა აუკრძალეს. 1892 წ. ქუთაისში დააარსა კერძო ,,ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით” (დასავლეთ საქართველოში პირველი).
1900 წ. ი. ოცხელი დაინიშნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად. 1905 წ. მისი დიდი ძალისხმევით ეს სკოლა გადაკეთდა ქუთაისის კერძო ქართულ გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში და მას სათავეში ედგა გარდაცვალებამდე. ამ სასწავლებელის ირგვლივ შემოიკრიბნენ პროგრესულად მოაზროვნე გამოჩენილი ქართველი პედაგოგები: დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, ს. ოცხელი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, სილოვან ხუნდაზე, ალექსი ჭიჭინაძე, ია ეკალაძე, სიმონ ქვარიანი, დომენტი ოყრეშიძე (თომაშვილი) და სხვები, რომლებმაც თავის დროზე დიდი ამაგი დასდეს მოსწავლეთა აღზრდას და განვითარებას. მათი ინიციატივით ქართულ გიმნაზიაში დაარსდა საკვირაო სკოლა, რომელიც 1910 წ. სახალხო უნივერსიტეტად გადაკეთდა.
ი. ოცხელი დიდ სახალხო საქმეს, რომელიც მას ებარა. ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით აკეთებდა. დიდ მზრუნველობას იჩენდა მოსწავლეებისადმი, ღარიბ მოსწავლეებს გადასახადებისაგან ათავისუფლებდა და მატერიალურად ეხმარებოდა.
ი. ოცხელი გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა, მაგრამ თითქმის ყველა საგანში დიდად განათლებული იყო, უყვარდა მოსწავლეებთან მეგობრობა, ესაუბრებოდა ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე. მიუთითებდა და ავალებდა წაეკითხათ წიგნები. მოსაწავლეებიც პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მის დავალებებს.
ი. ოცხელის აღზრდილ მოსწავლეთა შორის იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი წერეთელი, ვარლამ თოფურია, დავით ლორთქიფანიძე, ალექსანდრე წერეთელი, სერგო კლდიაშვილი, აკაკი ვასაძე, ნიკოლოზ შენგელაია და სხვები.
ი. ოცხელი პედაგოგიკაში იაკობ გოგებაშვილის მიმდევარია. მისი წამოწყებით და თანაავტორობით 1908 წ. გამოვიდა ,,ოჯახსა და სკოლაში საკითხავი წიგნი – ,,გუთანი” (გამოცემა 8-ჯერ გამეორდა), რომელსაც იაკობ გოგებაშვილი ,,ბუნების კარის” ამხანაგს” უწოდებდა.
1915 წ. ქუთაისში შეიქმნა საზოგადოება ,,სინათლე”, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართული საქალაქო საშუალო სასწავლებლის დაარსება. სკოლა პირველი სასწავლებელი იყო, სადაც ყველა საგანს ქართულად ასწავლიდნენ, და რადგან, სახელმძღვანელოები არ იყო ქართულ ენაზე ი. ოცხელის რჩევით და ინიციატივით დაარსდა წიგნის გამომცემლობა ,,განათლების” ამხანაგობა, რომელიც შედარებით მოკლე დროში სასწავლებლები თითქმის უზრუნველყო სახელმძღვანელოებით. ი. ოცხელის ინიციატივით შექმილ გამომცემლობაში დაიბეჭდა ს. ხუნდაძის ,,ქართული ქრესტომატია”, ,,ქართული ენის გრამატიკა” დ. უზნაძის ,,ძველი საბერძნეთი”, ,,ძველი რომი”, ი. ოცხელის ,,არითმეტიკა” და სხვ. გამოცემული სახელმძღვანელოები, როგორც ქართული სკოლების განვითარების ისტორიაში, ასევე მშობლიური ენაზე სწავლებისათვის დიდი და ფასდაუდებელი საქმე იყო.
ი. ოცხელი იყო ფართო დიაპაზონის საზოგადო მოღვაწე. 1908-1919 წწ. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი ქუთაისის ,,საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების” თავმჯდომარე. ჟურნალ ,, სკოლა და ოჯახის” დამაარსებელი. მან გიმნაზიის პედაგოგებიდან გამოყო სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებმაც ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის შედგენაზე დაიწყეს მუშაობა.
ი. ოცხელი გარდაიცვალა 1919 წლის 27 მარტს (9 აპრილს) დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილის პანთეონში.
სახელოვანი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ ოცხელის გარდაცვალება ქართველი ხალხის საყოველთაო გლოვით აღინიშნა. გიმნაზიის დაარსებიდან (1992 წლიდან ახლანდელი ქუთაისის II საჯარო სკოლა იოსებ ოცხელის სახელს ატარებს) 80 წლისთავზე, 1945 წ., მადლიერმა საზოგადოებამ მას ძეგლი ეზოში დაუდგა, სადაც იგი ოცი წლის გამნავლობაში მოღვაწეობდა.