მიტროფანე ლაღიძე (1869-1960)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, მიტროფანე ერმალოს ძე ლაღიძე დაიბადა 1869 წ., სოფ. ჭოლევში (ქუთაისის მაზრა) აზნაურის ოჯახში. უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელი საქართველოში, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. მ. ლაღიძე 14 წლის იყო, როცა ქუთაისში ჩამოიყვანეს და მუშაობა დაიწყო პეტრე (პავლე) კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. ცეზარ კარლოს ძე ივანოვსკი წარმოშობით პოლონელი იყო, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე საქართველოში გადმოასახლეს. აფთიაქის გარდა, ც. ივანოვსკის ლიმონათის წარმოებაც ჰქონდა, სადაც მ. ლაღიძემ შეისწავლა ხილეული წყლების წარმოების მეთოდი. ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ თვითონ ჩაუდგა წარმოებას სათავეში (1887). 1900 წ. ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეულის სასმელების წარმოების ამხანაგობა. დიდ ყურადღებას აქცევდა ნედლეულის ხარისხს, სასმელების წარმოების ტექნოლოგიების დაცვას და მათ დასამზადებლად ნატურალური წვენების გამოყენებას. ამავე წელს ქუთაისში გახსნა უალკოჰოლო სასმელების მაღაზია. 1902 წ. მ. ლაღიძე გაემგზვრა გერმანიასა და საფრანგეთში. პარიზში მან ხილეულის წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა, რაც შემდეგ თავის წარმოებაში დანერგა. მ. ლაღიძის ინიციატივით, ქუთაისში განხორციელდა და აშენდა ელექტროსადგური, რომელმაც პირველად მისცა ქუთაისს ელექტროგანათება. ამ ისტორიული ფაქტით ქუთაისის საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. ამის შესახებ 1904 წ. გაზეთი ,,ივერია” წერდა: ,,ბატონ მ. ლაღიძის ქარხანამ კარგი საქმე გააკეთა, ჯერ იყო და ქუთაისის თეატრი გაანათა ელექტრონით და ახლა კი ქალაქის ქუჩებსაც ანათებს. ეს აგერ ერთი კვირაა, რაც მთავარი ქუჩა სობორისა და ბულვარის გარშემო ელექტრონის ფარნებითაა განათებული”. მ. ლაღიძემ საფრანგეთიდან მიიღო მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად, რომელიც დაამონტაჟა ელექტროსადგურის მახლობლად კვების საჭიროებისათვის. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომლის მიერ გამოშვებული პროდუქციით, ქუთაისის გარდა, ამარეგებდა აგრეთვე ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობასაც. ქუთაისის მთელი საზოგადოება, დიდი და პატარა იკრიბებოდა და სიამოვნებით მიირთმევდა უკვე სახელგანთქმულ ,,ლაღიძის წყალს”, რომელიც იყიდებოდა ქუთაისის ცნობილ ბულვართან ახლოს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ქუთაისში პირველად ყინულის კეთება დაიწყო ლაღიძის წყალთა ქარხანაში, მანამდე ქალაქის მოსახლეობა სარგებლობდა ზამთრის პერიოდში მომარაგბული თოვლით, რომელსაც სპეციალურად აგროვებდნენ და ინახავდნენ განსაკუთრებულ ფარდულებში. იქ თოვლს ზევიდან აყრიდნენ ნახერხს და აფარებდნენ ჭილოფებს. ეს საშუალება ძლიერ ანელებდა თოვლის დნობის პროცესს. პირველად მ. ლაღიძემ ძალიან ფართოდ გამოიყენა ხილეული წყლების უალკოჰოლო სასმელის დასაყენებლად საქართველოში არსებული ადგილობრივი ხილ-კენკრის ნედლეული. შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია. ამასთან ის ზედმიწევნით ფრთხილად ეკიდებოდა ხილის ნედლეულის შერჩევას მიკრორაიონების მიხედვით. მაგალითად, ჟოლოს სიროფს ამზადებდა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში, უმთავრესად კი ბაკურიანში გავრცელებულ ხილ-კენკრით, რომელიც ძალიან სურნელოვანი და გემრიელი იყო, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოტანილი ნედლეული უფრო იაფი ჯდებოდა. 1906 წ. მიწურულს, აკაკი წერეთლის რჩევითა და ი. ჭავჭავაძის დახმარებით, თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა დააარსა (დაიწვა 1921 წ.), ამავე წელს გოლოვინის (ახლანდელი შოთა რუსთაველის) პროსპექტზე უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა, რომლის აბრაზეც რუსული წარწერა ქართული წარწერის ქვეშ იყო. ამ ფაქტის გამო, მ. ლაღიძე დაპატიმრებისაგან ილია ჭავჭავაძემ იხსნა. 1910 წლისთის თბილისში არსებობდა ხილის წყლების 3 ქარხანა – მ. ლაღიძის, ე. ზემელის და ვ. მამულოვის. მათ შორის ყველაზე უკეთესი ხარისხის ლიმონათს უშვებდა მ. ლაღიძის ქარხანა. 1913 წ. პეტერბურგსა და ვენაში სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა უალკოჰოლო სასმელები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდობდნენ. 1927 წ. მ. ლაღიძემ თბილისში გახსნა უალკოჰოლო სასმელების ქარხანა (1934 წ. მისი ინიციატივით იქვე აშენდა ნახშირმჟავა გაზის ქარხანაც), 1930 წ. სოხუმში – ხილეული წყლების ქარხანა. გარდა პირდაპირი მოხმარებისა მ. ლაღიძე იყენებდა კვების სხვადასხვა პროდუქტების საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის, ძმრის, ლიქიორების, კისელის, ნაყინის და სხვათა დასამზადებლად. მ. ლაღიძის წყლები ისე მოსწონდათ, რომ საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. თბილისში მყოფი ირანელი ვაჭრები მათ, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს, ირანის დიდებულებსა და წარჩინებულ პირებს ,,ფეშქაშად” უგზავნიდნენ. 1934 წ. უკრაინის მთავრობამ მ. ლაღიძე კიევში მიიწვია. საბჭოთა პერიოდში მიიწვიეს მოსკოვისა და ლენინგრადის ლიმონათების ქარხნებში, სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროში კონსულტანტად. არაერთხელ მიიპატიჟეს ირანში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში, რათა იქ საკუთარი წარმოება გაეხსნა. შემდეგ იგი ხილეულის წყლების საფირმო მაღაზიებისა და დარბაზების გასახსნელად მიიწვიეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე ირანსა და ეგვიპტეში. მ. ლაღიძეს გვერდში ედგა შრომისმოყვარე და გამჭრიახი ბუნების მქონე მეუღლე ოლიმპიადა ანდრიას ასული ვახანია. იგი სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი შვილის დედა იყო, დიდ დახმარებას უწევდა მეუღლეს მის მიერ წამოწყებულ საქმის გაძღოლაში. ოლიმპიადა კარგად ერკვეოდა ხილეული წყლების დამზადების ტექნოლოგიაში, ჰქონდა კარგი გემოვნება, ხელმძღვანელობდა მიტროფანეს დაწყებულ მრავალ სამეურნეო საქმეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 1906 წ. როცა მ. ლაღიძე დააპატიმრა გუბერნატორმა ალიხანოვ-ავარსკიმ და მისი ადმინისტრაციული წესით ციმბირში გადასახლება დაუპირა, ოლიმპიადამ თბილისს მიაშურა, პირადად ნახა ილია ჭაჭავაძე და სთხოვა მისი ქმარი როგორმე გადასახლებიდან დაეხსნა, ხოლო თუ ამას ვერ მოახეხებდა ციმბირში გაგზავნა მაინც აეცილებინა. ილია ჭავჭავაძე, რომელიც დიდ პატივს სცემდა მ. ლაღიძეს, როგორც იქნა, მოახერხა მისი განთავისუფლება. მ. ლაღიძე სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური მონაწილე და ხელშემწყობი იყო. მან ქუთაისში დააარსა საგამომცემლო ამხანაგობა, რომელიც გამოსცემდა ქართველ მწერალთა კრებულებს და საგანმანათლებლო ხასიათის წიგნებს. მისი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ,,საქართველოს მეომართა დამხმარე კომიტეტი”. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. იგი გახლდათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრი, მატერიალურად ეხმარებოდა ჩვენს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, იყო ბევრი ეროვნული საქმის ხელშემწყობი და განმახორციელებელი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვა სახელოვან ადამიანებთან. მ. ლაღიძემ 1898 წ. გამოსცა ილიას ,,აჩრდილი”, აკაკის ,,მომაკვდავის ჩვენება”, ვახტანგ ორბელიანის ,იმედი” და სხვ. 1908 წ. აკაკის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავისათვის ქუთაისში დაბეჭდა საიუბილეო კრებული, რომლის ყდაზე აწერია: ,,მთელი ამ გამოცემის შემოსავალს ნიშნად ღრმა პატივისცემისა ვუძღვნი იუბილარს აკაკის 50 წლის მოღვაწეობის სახსოვრად”.მ. ლაღიძე თვითონაც ბეჭდავდა წერილებს ,,ივერიაში”, ,,კვალში”, ,სახალხო გაზეთში”, ,,დროებაში” და სხვაგან. მრავალმხრივ საზოგადო მოღვაწე მიტრფანე ლაღიძე გარდაიცვალა 1960 წლის 2 იანვარს დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი