‍სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1982)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

kauxchishvili simonსიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი დაიბადა 1895 წლის 14 ოქტობერს, ქუთაისში, კათოლიკეების ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იოსებ ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში. შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა და 1913 წ. ვერცხლის მედალზე დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან ნიკო მარი და ივ. ჯავახიშვილი.

1917 წ. ს. ყაუხჩიშვილი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება საქართველოში.. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში, რომელსაც ანასტასია თუმანიშვილი ხელმძღვანელობდა.

1918 წ. ს. ყაუხჩიშვილი თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1920 წ. გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი ,,ხრონოგრაფი გიორგი მონოზნისაი” (გიორგი ამარტოლის ,,ხრონოგრაფიის” ქართული თარგმანი). ეს იყო IX ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების XII ს-ში შესრულებული არსენ იყალთოელისეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920 წ. სექტემბერი - 1921 წ. იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობს ათენში, სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან მიემგზავრება ბერლინში, სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტებისა და ბიზანტიოლოგების ხელმძღვანელობით ლექციებს ისმენდა და პარალელურად სწავლობდა წყაროთმცოდნეობას, ეპიგრაფიკას და პალეოგრაფიას. 1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტიოლოგიის კათედრის გამგეა. ორჯერ 1938 და 1953 წლებში ს. ყაუხჩიშვილი მოყვა რეპრესიებში. ორივეჯერ მას დაატოვებინეს კათედრა, ჩამოართვეს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება, რომელიც მას 1950 წ. მიენიჭა. ორივეჯერ იგი იქნა რეაბილიტირებული, თუმცა პირველ შემთხვევაში, იძულებული იყო მოსკოვში განეგრძო მოღვაწეობა 1939-1940 წლებში, საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში.

1960 წ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1969 წ. აღადგინეს და აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ს. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის ,,შრომების” 2 ტომი (1937-1940), (II. ტ. შ. ნუცუბიძესთან ერთად) პეტრიწონის მონასტრის ,,ტიპიკონის” ბერძნული ვერსია ქართული თარგმანით (1963), მიქაელ ფსელოსის ტრაქტატები (1966) და სხვ.

დიდია სიმონ ყაუხჩიშვილის დამსახურება ბერძნული ლიტერატურის შესწავლაში. მას ეკუთვნის სამტომიანი ,,ბერძნული ლიტერატურის ისტორია” (ტ.I – 1946-50; II – 1949; III – 1963), ,,ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია” – მაშინდელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სრული მიმოხილვა ბიზანტიური მწერლობის მხატვრულ ფორმათა განვითარებისა. მასში ავტორმა დაასაბუთა, რომ ბიზანტიური ლიტერატურა არის ბერძნული ლიტერატურის გარკვეული განვითარებული ეტაპი, შემუშავებული ბიზანტინიზმის პირობებში, და პირველმა განსაზღვრა ბიზანტინიზმი, როგორც პირველმა 4 საწყისის – ელინურობის, რომაულობის, აღმოსავლურისა და ქრისტიანობის სინთეზი, აჩვენა ბიზანტიური კულტურის ჩამოუალიბებაში აღმოსავლეთის ხალხების, მათ შორის – ქართველების და სომხების როლი.

1932 წ. ს. ყაუხჩიშვილმა დააარსა სერია ,,გეორგიკა” ანუ ,,ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ” (ტ. 1-8, 1934-1970); შეადგინა ლათინურ-ქართული ლექსიკონი (1920, 1926, 1961). მისი დამსახურებაა საქართველოს შესახებ ბერძნულ წერილობით ძეგლებში დაცული ცნობების თავმოყრა და მათი მეცნიერული ანალიზი, რითაც მკვიდრი საფუძველი ჩაეყარა ანტიკურ და ბიზანტიურ სამყაროსთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესწავლას. მასვე ეკუთვნის არაერთი გამოკვლევა საკუთრივ ბიზანტიის ისტორიიდან. მათ შორის – პირველი მეცნიერული კურსი ქართულ ენაზე ბიზანტიის ისტორიის შესახებ.

ს. ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა 1982 წლის 11 მაისს. მისი სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიოლოგის ქართული სკოლის შექმნასთან. საქართველოში არ არის ძველი ბერძნული და ბიზანტიური კულტურის, მწერლობის, ისტორიის სპეციალისტი, რომელსაც სიმონ ყაუხჩიშვილის სკოლა არ გაევლოს.