ვუკოლ ბერიძე (1883-1963)
ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაიბადა 1883 წელს, 16 თებერვალს (ახალი სტილით) ხონში. ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი იყო, 8 წლისა, როდესაც მამა გარდაეცვალა. ადვილდ გასაგებია, თუ რა დიდი ზრუნვა მოაკლდებოდა ოთხი სულისაგან შემდგარ ოჯახს. მთელი სიმძიმე დააწვა დედას, რომელსაც ძალა და ენერგია არ დაუზოგავს, რათა შვილებისათვის სათანადო განათლება მიეცა. დედამ ვუკოლი პირველდაწყებითი განათლების მისაღებად ხონის ოთხკლასიან სასწავლებელში მიაბარა.
ვუკოლმა სწავლისადმი იმ თავითვე დიდი ინტერესი გამოიჩინა. იგი პირველთა შორის უპირველესი იყო. მან წარჩინებით დაასრულა ზემოხსენებული სასწავლებელი. დედას ახალი საზრუნავი გაუჩნდა. საჭირო იყო შვილისათვის მეტი განათლების მიცემა. ამას მოითხოვდა თვით ბავშვის დაუცხრომელი ლტოლვა სწავლისადმი. სულ მალე მას ვხედავთ ქუთაისში. ვუკოლმა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მეგობართა შორის დიდი ავტორიტეტი დაიმსახურა თავისი დაუცხრომელი შრომით, მასწავლებელთა მხრივ კი – საჭირო ყურადღება. მან ბრწყინვალედ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება. თუ როგორი მუყაითი, სწავლაში წარჩინებული მოწაფე იყო ვუკოლი, ამაზე ისიც ნათლად მეტყველებს, რომ მისთვის ქუთაისის ქალაქის გამგეობას დაუნიშნავს იმ ხანებში დაწესებული ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია. ეს მოხდა 1908 წელს. ამან სწავლის გაგრძელებაზე ფიქრის საშუალება მისცა ჭაბუკს. 1908 წლის 22 აგვისტოს სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა პეტერბურგს ჩავიდა. მას ჯერ კიდევ მოწაფეობისას ამოეჭრა გულში, რადაც უნდა დასჯდომოდა პეტერბურგის უნივერსიტეტი დაემთავრებინა. დახედეს ზემოხსენებული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მის საბუთებს და, როგორც თვითონ იგონებს, 5 წუთში ჩააბარეს მატრიკული.
პირველნი ქართველ სტუდენტთაგან, ვისაც ვუკოლი შეხვდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, იყვნენ: კოტე ფოცხვერაშვილი (შემდეგში ცნობილი კომპოზიტორი) და იოსებ ყიფშიძე (შემდგომში თვალსაჩინო ენათმეცნიერი). სწორედ ამ უკანასკნელმა შესთავაზა მას ბინაში ერთად ცხოვრება, მისცა ბევრი საჭირო რჩევა უმცროს ამხანაგს და ნამდვილი ძმური მეგობრობა გაუწია. მანვე უშუამდგომლა დიდ ენათმეცნიერთა ნიკო იაკობის ძე მართანაც.
თუ რა მტკიცე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრებაზე ვუკოლი ბერიძეს, ამაზე ნათლად მეტყველებს პირველი შეხვედრა ნიკო მართან.
– თქვენ დასტურ აპირებთ ჩვენს ფაკულტეტზე შემოსვლას?
– დიახ!
– მერე შიმშილისა არ გეშინიათ?
– არა, მე სტიპენდია მაქვს, შინიდანაც გამომიგზავნიან ცოტა რამეს.
– არა, მე მაგას როდი გეკითხებით? ჩვენი ფაკულტეტი პურს ვერ გაჭმევთ. რომ გაათავებთ, სამსახურს ძნელად თუ იშოვით! სულ ორი გიმნაზიაა: თბილისსა და ქუთაისში. თუ იქ არა, სხვაგან არსად!
– არა, მე მაგის არ მეშინია! მე მინდა ცოდნა შევიძინო!.
ვუკოლის გადაწყვეტილება ურყევი იყო. მას არავითარი სიძნელე არ აშინებდა, ოღონდ კი უმაღლესი განათლება მიეღო.
პეეტრბურგის უნვიერსიტეტში ვუკოლის მასწავლებლები იყვნენ ცნობილი მეცნიერები: ნიკო მარი, ბართოლდი, ჟუკოვსკი, ბოდუენ დე კურტენე, ტურაევი, ბენედიკტოვი, კრაჩკოვსკი, ადონცი, ივანე ჯავახიშვილი და სხვანი. ვუკოლ ბერიძემ პირველ დღეებშივე მიიპყრო მასწავლებელთა ყურადღება როგორც ნათელი გონების ახალგაზრდამ.
ერთი წლის შემდეგ, 1909 წელს, ნიკო მარი თავის სტუდენტ ვუკოლ ბერიძეს ავალებს მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის” სიტყვათა ახსნა-განმარტების შედგენას. ვუკოლმა წერილობით გაიცნო მარჯორის ძმა ოლივერი, რომელმაც ითავა დის თარგმანის გამოცემა.
ვუკოლი ბერიძემ პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა. როცა ერთხელ ლექციაზე შესულა ნიკო მარი, მსმენელებისათვის უჩვენებია შესანიშნავად გამოცემული წიგნი და ვუკოლისათვის უკითხავს: თუ მიხვდები, რა არისო? პასუხად მოწაფეს ოლივერ უორდროპის მიერ მისთვის საჩუქრად გამოგზავნილი „ვეფხისტყაოსნის” ეგზემპლარი შეუგებებია, ოღონდ თავმდაბლობით ესეც აღუნიშნავს: არ მომწონს ჩემი ახსნა-განმარტებანიო. მოძღვარს დაუმშვიდებია მოწაფე: ყველა ჩემი ნაწერი ისე სრულყოფილი გამოსულიყო, რომ შესწორება რომ დასჭირვებოდა, ამას რა აჯობებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ყველაფერი კარგი ერთბაშად არ მოდის თავში; თქვენც გაქვთ შეცდომები და რომ არ ჩქმალავთ, მისასალმებელია. შეცდომის აღიარება წინ გადადგმული ნაბიჯია და მისი გასწორება მთელი საქმის გვირგვინია, საშიში არაფერიაო.
ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ვუკოლი ბერიძე მასზე მინდობილ საქმეს. ეს სამაგალითო თვისება, რასაც ჯერ კიდევ მის სტუდენტობაში ჩაეყარა საფუძველი, ბოლომდე შერჩა მას.
ახალგაზრდა ვუკოლი 1911 წელს ნიკო მარის რჩევითა და მხარდაჭერით, საკუთარი სურვილით მიემგზავრება რაჭაში, სადაც სწავლობს მანამდე ხელშეუხებელ ადგილობრივ დიალექტებს. პირველი შედეგებით აღფრთოვანებული მოწაფე მასწავლებელს სწერს ახალმოპოვებული ლექსიკით აჭრელებულ ბარათს (ასეთივე წერილი ეგზავნება აკაკი შანიძესაც). ბარათს დიდად აღუფრთოვანებია ნიკო მარი. რა თქმა უნდა, შემდეგ ჭირისუფლობაც მას უკისრია „სიტყვის კონის” გამოცემაზე. ერთი წლის შემდეგ, 1912 წელს, პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა ვუკოლ ბერიძის „სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა”.
ვუკოლ ბერიძეს სავსებით სამართლიანად თვლიან ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკის მეცნიერულად დამუშავების პიონერად.
როგორც ცნობილია, 1912 წელს ნიკო მარის ინიციატივით შედგა ძველი ქართული ლექსიკონის კომისია, რომელშიც შეიყვანეს ვუკოლ ბერიძეც. თუ რა დიდად ენდობოდა ნიკო მარი ვუკოლ ბერიძეს იქიდანაც ჩანს, რომ ლექსიკურად დამუშავებული მარკოზის სახარების ორი თავი გაუგზავნია მისთვის, როგორც იტყვიან „მტრის თვალით” წასაკითხავად.
1912 წელსვე ნიკო მარმა გადაწყვიტა აისში ეწარმოებინა არქეოლოგიური გათხრები. ვუკოლ ბერიძე იყო გაგიკის ეკლესიის მიდამოებში წარმობული გათხრების ხელმძღვანელი. იმავე წელს უნდა მომხდარიყო გეგუთის არქეოლოგიური შესწავლაც, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. როგორც ძველი სომხური ქალაქის ანისის გათხრებზე, აგრეთვე გეგუთში გათხრების წარმოების ხელშემშლელ პირობებზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს თვით ვუკოლ ბერიძე თავის ვრცელ მოგონებებში ნიკო მარის შესახებაც.
როცა ვლაპარაკობთ ვუკოლ ბერიძის შესახებ, როგორც პირუთვნელ მსაჯულზე, არ შეიძლება დავივიწყოთ 1936 წელს ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში” (№№1-2) გამოქვეყნებული წერილი „ვეფხისტყაოსნის” ენის თავისებურება, სადაც იგი ედავება თავის მასწავლებელს ივანე ჯავახიშვილს. აქვე უნდა გავიხსენოთ მისივე „დავით ჩუბინაშვილი”. აქ ნათლადაა გამოკვეთილი აზრი მეფისდროინდელი რუსეთის სახელმწიფო მესვეურთა იმ არასწორი დამოკიდებულების შესახებ, რასაც კავკასიის მკვიდრთა მიმართ იჩენდნენ. ისინი ენციკლოპედიურ განათლებას მოითხოვდნენ და გაერთიანებული იყო სომხური და ქარტული ფილოლოგია, როცა მათ დამოუკიდებლივ გააჩნდათ თავიანთი ღირებულება და წონა. საინტერესოა ვუკოლ ბერიძის, როგორც პედაგოგის აზრი თვით ამ „ენციკლოპედიური ცოდნის” თაობაზე. ენციკლოპედისტობა, მისი სავსებით სამართლიანი აღაირებით, დაღს ასვამს ამა თუ იმ დარგში დასპეციალებას. რაც უნდა ნიჭიერი და განათლებული იყოს კაცი, შეუძლებელია ყველა დარგს, თუნდაც მონათესავესაც კი, ერთნაირი სიძლიერით ფლობდეს. სწორედ ეს აქვს ვუკოლ ბერიძეს იმის მიზეზად მიჩნეული, რომ დავით ჩუბინაშვილის მრავალმხრივ და ნაყოფიერ ნამუშევრებში (იგი ხომ ლიტერატურათმცოდნეც, ფოლკლორისტიც, ისტორიკოსიცა და ლექსიკოგრაფიც იყო) შეინიშნება ხარვეზები.
პედაგოგი არ ივიწყებდა, რომ ყველგან, ყოველთვის და ყველფერში საჭიროა მყარი ცოდნა, ეს კი მიიღწევა მაშინ, როცა რომელიმე ერთ დარგს მისდევს ადამიანი. რაც შეეხება მრავალდარგიანობას, ის ძალთა დაქსაქსვას იწვევს.
ვუკოლ ბერიძე იმ უმადურ სწავლულთა წყებას როდი ეკუთვნოდა, რომლებიც ნაკლებად აფასებენ წინაპართა ღვაწლს, უკიჟინებენ მათ შეცდომებზე. პირიქით, იგი, სადაც ეს საჭიროა, ქომაგის რომლშიც გამოდის. ეს ნათლად ჩანს, თუნდაც, იმავე დავით ჩუბინაშვილთან დაკავშირებით.
“ჩუბინაშვილს ერთგვარი უსამართლობა სჭირს, უეჭველად: უკვე მთელ საუკუნეა მისი ლექსიკონებით ვსარგებლობთ, მაგრამ ენას ისე არ მოვაბრუნებთ, რომ „დაძველდა, უვარგისია, უკმარია” არ დავატანოთ. ლექსიკონი რომ დაძველდა, ამაში ჩუბნაშვილს ოდნავადაც არ მიუძღვის ბრალი. ხალხის ლექსიკონი ცვალებადია, იგი ცხოვრებას კვალდაკვალ მისდევს, მასთან ერთად იზრდება, ვითარდება და ვერც ნახავთ მსოფლიოში ვერც ერთ ლექსიკოგრაფს, რაგინდ გენიოსი იყოს იგი, წინდაწინვე ივარაუდოს და გაითვალისწინოს ენის მომავალი განვითარება და თვით ლექსიკონისა და ყველა დროისათვის, ასე ვთქვათ, სამარადისო ლექსიკონი შეადგინოს. ლექსიკოგრაფი არსებული ენობრივი სინამდვილის აღმნუსხველი და მისი სათანადო ამხსნელია მხოლოდ, წინასწარმეტყველებას იგი ვერ იტვირთებს და ამ მხრივ, მაშასადამე, ბრალდებაც ჩუბინაშვილისადმი უნდა მოიხსნას: თუ ლექსიკონი უკმარია, ამაში, უწინარეს ყოვლისა, ბრალი ჩვენია. ჩივილი ვიცით, საქმის მოგვარებას ვერ ვახერხებთ”.
ზემომოყვანილი სიტყვებიც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვუკოლ ბერიძე ობიექტური და დიდი ტაქტის მქონე პიროვნება იყო. იგი წონასწრობას ინარჩუნებდა მაშინაც, როცა, ერთი შეხედვით, თითქმის შეუძლებელიც კი იყო ეს, რაც მისი დიდი შინაგანი კულტურისა და ადამიანობის დამადასტურებელია. ამას რომ ვამბობთ, მხედველობაში გვაქვს ერთი კონფლიქტი ნიკო მართან. როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, გარდა იმისა, რომ ვუკოლი ბერიძე უაღრესად ობიექტური პიროვნება იყო, პატრიოტიზმის სულისკვეთებითაც გამოირჩეოდა.
1922 წელს რუსეთის ფედერაციის აკადემიურ ცენტრს გამოუტანია უკანონო დადგენილება რესპუბლიკის დაქვემდებარებიდან მატერიალური კულტურის ძეგლთა ჩამოშორების თაობაზე. აკადემიურ ცენტრს თვითონ დაუქვემდებარებია საქართველოს მუზეუმი და შემდეგი ძეგლები: ბიჭვინთა, დრანდა, ბედია, ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, მარტვილი, ნიკორწმინდა, გელათი, ბოდბე და სხვა. მართალია, ეს უსაფუძვლო დადგენილება უმალეს ხელისუფლებას მალე გაუუქმებია, მაგრამ მანამდე ვუკოლი ბერიძეს, როგორც კი გაუგია ამ შეუსაბამო დადგენილების შესახებ, საკმაოდ მკაცრი ტონით დაწერილი ბარათი გაუგზავნია ნიკო მართან. პასუხიც შესაფერი მიუღია. რამდენიმე ხნის შემდეგ პეტერბურგში ჩასულ მოწაფეს უნახულებია მასწავლებელი. მათი პრიველი შეხვედრა მეტად მკაცრი ყოფილა. სწორედ აქ გამოუჩენია დიდი ტაქტი ვუკოლ ბერიძეს, უთხოვია ხელმეორედ დაკვირვებით წაეკითხა წერილი. ნიკო მარს შეუსრულებია მისი თხოვნა და გაუგებრობაც გაფანტულა.
ეს უკანასკნელი და ზემოდასახელებული სხვა ფაქტებიც იმის კარგი მაგალითია, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს უფროს-უმცროსთა შორის. როცა გარემოება მოითხოვს, საჭიროა პირუთვნელობა, რითაც ნიშანდობლივია ვუკოლ ბერიძის მთელი შეგნებული და ნათელი, საკმაოდ გრძელი და არცთუ ისე იოლად სავალი ცხოვრების გზა.
როცა პეტერბურგში ახალი „რუსული ენციკლოპედიის” გამოცემა განიზრახეს, ნიკო მარის რჩევით, ვუკოლ ბერიძესაც ვხედავთ ენციკლოპედიის თანამშრომლად. მის კალამს ეკუთვნის ამ ენციკლოპედიაში მოთავსებული წერილები საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის საკითხებიდან.
1912 წელს ვუკოლმა დაამთავრა პეერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ქართულ ენაში, ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიაში, სპარსულსა და სომხურ ენებში. იმავე წლის შემოდგომაზე მას უკვე ქუთაისის მშობლიურ გიმნაზიაში ვხედავთ. ოღონდ ახლა უკვე მასწავლებლად, სადაც 1918 წლამდე დაჰყო. ექვსი წლის განმავლობაში უნერგავდა მოზარდ თაობას მშობლიური ენის, ლიტერატურისა და ისტორიისადმი სიყვარულს. იგი გიმნაზიის უფროს კლასებს ასწავლიდა. ახალგაზრდა მასწავლებელმა თავიდანვე მიიპყრო ყურადღება, როგორც თავისი გადასაცემი საგნების ზედმიწევნით კარგად მცოდნემ, ფრიად განათლებულმა პედაგოგმა. მისი გაკვეთილები ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მომზადებით და შთამაგონებლობით. მის ნამოწაფართა ერთობლივი აღიარებით, ვუკოლის გაკვეთილები „საუნივერსიტეტო ლექციებს მიაგავდა როგორც სიღრმით, ისე მოცულობის მხრივ”.
ვუკოლი ბერიძემ აღსაზრდელთა გულებში დიდი სიყვარული დაიმსახურა, როგორც ყურადღებიანმა, თავის საქმის ერთგულმა, შესანიშნავმა პედაგოგმა. იგი გიმნაზიის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური პერსონალისათვის პატივსაცემი პიროვნება გახდა და ყოველივე ეს თავისი მუყაითი შრომითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით მოიპოვა.
როგორც პედაგოგის, ვუკოლი ბერიძის შესახებ ცნობები მეტად ძუნწად მოგვეპოვება. ამიტომ უნდა მივმართოთ მის ნამოწაფართა მოგონებებს.
ერთ-ერთ კლასში ვუკოლი ბერიძემ სია რომ ამოიკითხა, თავისი გვარი შეხვდა. ფეხზე წამომხტარ სახლიკაცს გახედა და ჰკითხა:
– სადაური ხარ, ყმაწვილო?
მოწაფე მესხი აღმოჩნდა.
– თათარი ყოფილხარ! დაჯექი! – უთხრა ვუკოლმა.
მოწაფეს გაფითრება და წყენა რომ შეამჩნია, სინანულის ღიმილმა დაუფარა სახე მასწავლებელს, იგრძნო, რომ ზედმეტი მოუვიდა. სიის კითხვა დაამთავრა და გაკვეთილსაც რომ მორჩა, სიტყვა მესხეთზეც ჩამოაგდო, ცაში აიყვანა ეს მრავალტანული მხარე და მისი მრავალჭირნახული მკვიდრდნი.
ამ სახელდახელოდ გამოძებნილი პედაგოგიური ტაქტით წეღანდელი წყენა ხომ გაუქარწყლა თავის მოგვარეს და, მასთან ერთად, მის ამხანაგებსაც ბევრი საინტერესო რამ გააგებინა ბევრჯერ ფერფლადქცეული კუთხის შესახებ.
“ვეფხისტყაოსნის” გარშემო უხდებოდა მაშინ გაკვეთილის ჩაარება ვუკოლს. ერთ-ერთ მოწაფეს შეამჩნია, რომ ფიქრით სხვაგან იყო. მასწავლებელმა კლასს მის მიერ სახელდახელოდ, სიტუაციის შესაფერისად შეცვლილი შოთას სიტყვებით მიმართა: „სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმან თავისმან წონამან!” არავითარი სხვა შენიშვნა. ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არა. ადვილად გასაგებია, რა დღეშიც აღმოჩნდებოდა ფიქრებით სხვაგან მყოფი მოსწავლე.
ყოფილა ასეთი შემთხვევაც: სულ ბოლო მერხზე მჯდომი გოგონა რომელიღაც საინერესო წიგნს ჩასჩერებოდა. მასწავლებლის მახვილ თვალს როდი გამოეპარა ეს. მთელი ჯგუფი დაძაბულად უსმენდა, აი, ის თანდათანობით უახლოვდება კითხვაში გართულ მოწაფეს. რამდენად უახლოვდება, ხმასაც ადაბლებს, მერე სულაც ჩუმდება და კითხვაში გართულთან ხმამაღლა შესძახებს საჭირო ახალი წინადადების ორ სიტყვას: „მეფე თამარმა!..” და შემდეგ მასწავლებელი ჩვეულებრივი ტონით განაგრძობს გაკვეთილს, შერცხვენილი მოსწავლე კი წყვეტს კითხვას.
არავითარი ზედმეტი სიტყვა, არავითარი ნერვიულობა, ყვირილი, შეურაცხმყოფელი სიტყვა არ წამდა ვუკოლს. იგი ჟესტ-მიმიკითა თუ მახვილი ფრთიანი სიტყვებით აგრძნობინებდა მოსწავლეს თავის შეუფერებელ საქციელს.ეს სამაგალითოა ყველა მასწავლებლისათვის.
ექვსი წლის შემდეგ ვუკოლ ბერიძე ტოვებს ქუთაისს. 1918 წელს მას უკვე თბილისში ვხედავთ. აქაც განათლების დარგს ემსახურება. 1922 წლიდან 1932 წლამდე ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს.
ვუკოლი ბერიძე კარგა ხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო დაწესებულებათა სამმართველოს. იგი იყო 1923 წელს ქარტული საენათმეცნიერო საზოგადოების დაარსების მონაწილე, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.
1932 წელს ვუკოლი ბერიძე დაამტკიცეს პროფესორად და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პერიფერიებშიც არ თაკილობდა წასვლას. წლების განმავლობაში დადიოდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის ლექციებით დაიწყო ვუკოლი ბერიძემ თავისი მოღვაწეობა, შემდეგ კი რუსთველოლოგიის კურსს კითხულობდა.
ოქტომბრის რევოლუციამ ყველა დარგში დიდი ძვრები გამოიწვია, წარმოიშვა და განვითარდა ახალი დარგები, საჭირო გახდა ენაც კვალდაკვალ მიჰყოლოდა ცხოვრების ტემპს. საჭირო შეიქმნა ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავება, რაშიც ძალიან დიდია ვუკოლი ბერიძის ღვაწლიც.
1926 წელს დაარსდა სახელწმიფო სატერმინოლოგიო კომიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ტერმინოლოგიური კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ვუკოლი ბერიძე.
თუ რა დიდი წვლილი შეიტანა ვუკოლი ბერიძემ ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავების საქმეში, ამაზე ნათლად მეტყველებს საქართველოს სსრ აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების „მოამბე”, სადაც ვკითხულობთ: „მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ამ საქმეს სათავეში ედგა და ხელმძღვანელობდა ვუკოლი ბერიძე, ხელმძღვანელობდა დიდი გამოცდილებითა და საქმისადმი უანგარო სიყვარულით. ამ საქმეს იგი არ აკლებდა ყურადღებას მაშინაც კი, როცა უკანასკნელ წლებში ავადმყოფობის გამო უშუალოდ ვეღარ განაგებდა სამეცნიერო ტერმინოლოგიურ განყოფილებას. ვუკოლი ბერიძის ხელმძღვანელობით და რედაქტორობით გამოვიდა მეცნიერების და ტექნიკის სხვადასხვა დარგის რამდენიმე ათეული ტერმინოლოგია. ამ მძიმე სამუშაოს ვუკოლი ბერიძე წარმატებით გაუძღვა და პირნათლად შეასრულა თავისი ვალი ქვეყნის წინაშე”.
ვუკოლ ბერიძე იყო ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიის წევრიც. იგი წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს წევრი.
ხალასი ნიჭი, ნათელი გონება, საფუძვლიანი განათლება ვუკოლ ბერიძეს საშუალებას აძლევდა, სადაც უნდა ყოფილიყო, თავისი საქმიანი და უდაოდ ანგარიშგასაწევი სიტყვა ეთქვა.
1946 წელს ვუკოლი ბერიძე აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
ვუკოლ ბერიძეს ფასდაუდებელი ამაგი მიუძღვის რუსთველოლოგიის დარგის განვითარებაში. მას ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნისადმი” მიძღვნილი ორ ათეულზე მეტი უაღრესად საჭირო და სასარგებლო წერილი. მათი მარტო სათაურების ჩამოტვლაც კი ნათელყოფს, თუ რა საკვანძო საკითხებით იყო დაინტერესებული რუსთველოლოგი: „რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი”, „ვეფხისტყაოსნის” ენის თავისებურება”, „რუსთველოლოგიის ისტორიისათვის”, „ვეფხისტყაოსნის” დაბოლოების შესახებ”, „შოთას პოეტიკისათვის”, „რუსთაველის შაირისათვის”, „ზოგი რამ „ვეფხისტყაოსნის” ტექსტისათვის” და ის „ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებული სხვა საკითხები, რომელთაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი მკვლევარი. დაუცხრომელ მეცნიერს ამ მეტად რთული ნაწარმოების კვლევაში დიდად უწყობდა ხელს ძველი ქართული ენის, ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა.
ზემომითითებული წერილები ნათლად მეტყველებს, თუ რა დიდ ყურადღებას აქცევდა მათი ავტორი „ვეფხისტყაოსნის” ტექსტს. აღსანიშნავია მისი, როგორც ტექსტოლოგის წვლილი საიუბილეო გამოცემაშიც. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ხანებში ვუკოლ ბერიძე „ვეფხისტყაოსნის” მეცნიერულ-კრიტიკული ტექსტის დამდგენი კომისიის წევრიც იყო. მის დიდ დამსახურებად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ, თავის მხრივ, რუს მკითხველსაც გააცნო უკვდავი რუსთაველი და მისი პოემა. ვუკოლ ბერიძის კალამს ეკუთვნის რუსულ ენაზე გამოქვეყნებული: „ვბელიკი მესხ” და „კ ვოპროსუ ო მიროვოზრენიი რუსთაველი”.
საერთოდ, ვუკოლ ბერიძის კალამს ეკუთვნის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე 80-მდე სამეცნიერო შრომა და მრავალი საგაზეთო თუ საჟურნალო სტატია. ყველა ისინი ნათლად მეტყველებენ მათი ავტორის განათლების ფართო ჰორიზონტზე, პირუთვნელობასა და საკითხისადმი მთელი გულისყურითა და სიყვარულით მიდგომაზე.
როგორც ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, ვუკოლ ბერიძე მრავალი კარგი წამოწყების მოთავე იყო, ბევრგან უმუშავია, ბევრ საკმაოდ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანთან იყო საქმით დაკავშრიებული და ყოველთვის მათთან ურთიერთობაში გამოირჩეოდა მისაბაძი გულისხმიერებით. სწორედ ამიტომაც იგონებენ მას ახლაც დიდი სიყვარულით.
ვუკოლ ბერიძის მდიდარი გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი მემკვიდრეობა შესწავლის საგანი უნდა გახდეს. მის არქივში, ალბათ, მრავალი მეტად საინტერესო პირადი წერილი აღმოჩნდება, რომელიც დღემდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობ ბევრ საინტერესო ფაქტს მოჰფენს შუქს.
როცა ვუკოლ ბერიძის გამოქვეყნებულ შრომებს ვეხებით, არ შეიძლება მადლიერების გრძნობით არ გავიხსენოთ ის დიდებული საქმე, რაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ გააკეთა. მან თავი მოუყარა ღვაწლმოსილი მეცნიერის ყველა ძირითად შრომას, რაც ვუკოლ ბერიძეს რუსთველოლოგიაში ჰქონდა და ერთ წიგნად გამოსცა, 1961 წელს „რუსთველოლოგიური ეტიუდების” სახელწოდებით.
ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე გარდაიცვალა 1963 წლის 11 მაისს, 80 წლის ასაკში. თავისი ხანგრძლივი და შეგნებული ცხოვრება მან მშობლიური ხალხის სწავლა-განათლებას, საერთო კეთილდღეობისათვის ზრუნვას და ქართული მეცნიერების უზადოდ სამსახურს შეალია. მადლიერმა შთამომავლობამ მისთვის მზრუნველ წინაპარს სამუდამო სამყოფად დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში მიუჩინა ადგილი.