ევსევი ნიკოლაძე (1885-1972)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, ევსევი ბარნაბის ძე ნიკოლაძე დაიბადა 1988 წ. ქუთაისის მახლბლად სოფ. ნახშირღელეში (თერჯოლის რ.) 1893 წ. ევსევი ქუთაისში ჩამოიყვანეს სწავლის მისაღებად და ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1900 წლიდან სწავლას განაგრძობს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წლის მარტში მოსწავლეთა გაფიცვის გამო სასულიერო სემინარია ქუთაისში დაიხურა და იმავე წელს გადადის თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელსაც ამთავრებს 1908 წ. და მიემგზავრება პეტერბურგში, სადაც მისაღები გამოცდები ჩააბარა სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1912 წ. უბრუნდება მშობლიურ ქუთაისს და მუშაობას იწყებს იმერეთის საეპარქიო გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად (იგი 50 წლის მანძილზე ქუთაისის სასუალო სკოლებში და სპეციალურ სასწავლებლებში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას). ამ სასწავლებელში ევ. ნიკოლაძემ გაიცნო პედაგოგი – ტრიფონ ჯაფარიძე, რომელიც ქუთაისის საისტორიო საეთნოგრაფო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და მუზეუმის პირველი დირექტორი იყო. მას მოეწონა უაღრესად განსწავლული ახალგაზრდა, რომელიც კარგად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ბერძნულსა და ლათინურ ენებს. ამიტომ თხოვა მონაწილეობა მიეღო და მისი მთავრი დამხმარე ყოფილიყო ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1912 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ევ. ნიკოლაძე უშუალოდ განიცდიდა ყველა იმ ტკივლს და სიხარულს, რომელიც ქუთაისის მუზეუმმა გაიარა. ,,გაზაფხული ისე არ წავიდოდა, – იგონებს ევ. ნიკოლაძე – რომ იმერეთის რომელიმე კუთხეში არქეოლოგიური ექსპედიცია არ მოგვეწყო. ოთხი ზაფხულის განმავლობაში 1913 წლიდან 1916 წლამდე მე და ტრიფონმა ქუთაისის საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების მანდატით მოვიარეთ მთელი ზემო იმერეთი, რამდენიმე ისტორიული ძეგლი ავღრიცხეთ და ბევრი სამუზეუმო ექსპონატი შევაგროვეთ.” მუზეუმის მუშაობის პერიოდში, 1918 წ. ევ. ნიკოლაძემ გამოსცა ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია”, რომელიც თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1919 წ. დაიბეჭდა ევ. ნიკოლაძის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო ,,საქართველოს ისტორია”, რომელიც განკუთვნილი იყო გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეთათვის. წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს: ,,საქართველოს რესპუბლიკის საშუალო სასწავლებელში საქართველოს ისტორია სულ ახალი საგანია..... უძვირფასესი შრომაა ივ. ჯავახიშვილის ,,ქართველი ერის ისტორია”. მაგრამ ეს ნაწარმოები, როგორც აღნიშნავს თვით ავტორი, მოწაფეებს ვერ გაუწევს სახელძღვანელობის მაგივრობას. წინამდებარე ჩემი თხზულება შედგენილია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოდ საშუალო სასწავლებლის მოწაფეებისათვის სამინისტროს პროგრამის მიხედვით და არის აშენებული ივ. ჯავახიშვილის ,, ქართველი ერის ისტორიაზე”..... წინასიტყვაობიდან კარგად ჩანს ის დიდი მისია, რაც სახელმძღვანელოს ევალებოდა. აი, რას წერდნენ ცნობილი პედაგოგები ევსევი მიქელაძე და სილოვნ ხუნდაძე აღნიშნულ სახელმძღვანელოს შესახებ: ,,ევ. ნიკოლაძის მიერ შედგენილი ,,საქართველოს ისტორია”” გამოირჩევა ყველა არსებული სახელმძღვანელოებისგან უმთავრესად იმით, რომ ის შეთანხმებულია ჰუმანიტარული ტექნიკუმებისათვის ახლად გამოცემულ პროგრამასთან”. /ევსევი მიქელაძე/ ,,ზემოთ აღნიშნული ხელნაწერის შინაარსი და წყობილ-პლანი თანდათანობით უდრის პროფ. ივ. ჯავახიშვილის ,,ქართველი ერის ისტორიის” შინაარს და ამ მხრივ ისტორიული ფაქტების სანამდვილე და ქართველი ერის ძველი კულტურის ისტორიის გაშუქება მეცნიერულად სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც ის დღემდე გამორკვეული და დასაბუთებულია. ჯავახიშვილის ვრცელი ნაკვლევ-ნარკვევი ჩვენი ავტორის მიერ საკმაოდ მიზანშეწონილად არის შემოკლებული და მოთხრობებიც მარტივის, მსუბუქი ენით არის გამოხატული. ეს მოკლე დახასიათება ხელნაწერისა, ჩემის აზრით, ასაბუთებს იმ შეხედულებას, რომ ჩვენი ავტორის წიგნი მოსწავლეთა სახელმძღვანელოდ გამოსადეგი და სასარგებლო იქნება”. /ს. ხუნდაძე/ (ქიმ. E 166)
ასეთი დიდი მოწონებით შეხვდა ინტელიგენცია საქართველოს ისტორიის მოსწავლეთათვის პირველ სახელმძღვანელოს გამოჩენას, მაგრამ ევ. ნიკოლაძის ღვაწლი განსაკუთრებით დიდია მუზეუმში დაცული ხელნაწერების შესწავლისა და აღწერის საქმეში, მან მეცნიერულად შეისწავლა ქუთაისის მუზეუმში დაცული, 692 ხელნაწერი წიგნი, შეადგინა და ორ ტომად გამოსცა მისი აღწერილობა. პირველი ტომი, რომელიც გამოვიდა 1953 წ. შესულია 250 წიგნის აღწერილობა, ხოლო მეორეში, რომელიც დაიბეჭდა 1964 წ., 442 წიგნი. ორივე ნაშრომის საერთო მოცულობა 802 გვერდია. 1957 წ.. როდესაც კორნელი კეკელიძე გაეცნო ,,ხელნაწერთა აღწერილობის” მეორე ტომს, დაწერა რეცენზია, სადაც აღნიშნავს..... ,,მეორე ტომი შედგენილია ისეთივე მეთოდითა და მეცნიერული კეთილსინდისიერებით, როგორც პირველი, შინაარსის მხრივ იგი არ ჩამოუვარდება პირველი ტომის ხელნაწერებს, განსაკუთრებით საყურადღებოა რომ ამ ტომში უხვადაა წარმოდგენილი ისეთი ხელნაწერები, რომელნიც შეიცავენ მდიდარ და ხშირად უცნობ მასალას”. ევ. ნიკოლაძის ,,ხელნაწერთა აღწერილობანში” აღწერილი წიგნები მიეკუთვნება XI-XIX სს. ისინი უმთავრესად ქუთაისის მუზეუმში შემოვიდა იმერეთ- რაჭა-ლეჩხუმ ეკლესია-მონასტრებიდან, განსაკუთრებით კი გელათიდან. ყველა ვინც დაინტერესებულია ქართული ხელნაწერების შესწავლით ის გვერდს ვერ აუვლის ხელნაწერთა აღწერილობას, რომელიც დღეს მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს. გარდა ხელნაწერი წიგნებისა ევ. ნიკოლაძემ აღწერილობა გაუკეთა გელათის მონასტრისა და იმერეთის ეპარქიის მონასტრების არქივებს. დიდი მეცნიერული ღირებულების მქონეა ევ. ნიკოლაძის მიერ 1959 წ. ცალკე წიგნად გამოცემული ,,ეფრემ მცირე – მხატვრულ ნაწარმოებათა ბერძნულიდან ქართულ ენაზე მთარგნელი”, რომელიც შემდგომში გახდა მისი სადისერტაციო ნაშრომი. საკვლევ თემაში გადმოცემულია, თუ როგორ თარგმნიდა ეფრემ მცირე ბერძნულიდან ქართულ ენაზე. ევ. ნიკოლაძის პირად არქივში დაცულია საინტერესო მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, ზაქარია ჭიჭინაძეზე, მიხეილ ჯავახიშვილზე და სხვა. ეს ნათლად მეტყველებს მის შემოქმედებით ურთიერთობებზე დიდ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ევ. ნიკოლაძე გარდაიცვალა 1972 წლის 1 აპრილს. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თავის ხალხზე და საქმეზე შეყვარებული ადამიანი.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი