ბესარიონ ღოღობერიძე (1832-1879)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, ბესარიონ ლევარსის ძე ღოღობერიძე დაიბადა 1832 წ. სოფ. გოჩა ჯიხაიში (ხონის რაიონი). ღარიბი აზნაურის ოჯახში. მან ბავშვობა სოფლად გაატარა, აქვე შეისწავლა წერა-კითხვა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის პირველ გიმნაზიაში. 1861 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ბ. ღოღობერიძე დაუახლოვდა ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვს, ნეკრასოვს, და სხვ. 1861 წ. პეტერბურგის სტუდენტთა მასობრივი მღელვარების დროს იყო სტუდენტთა რევოლუციური კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ქართველ სტუდენტთა იდეური ხელმძღვანელი. იგი აკავშირებდა და ერთიანი ძალით რაზმავდა პეტერბურგის უნივერსიტეტის მებრძოლ ახალგაზრდობას. ხშირად ესწრებოდა არალეგალურ კრებებსა და თათბირებსა ჩერნიშევსკის ბინაზე. მისგან ღებულობდა მითითებებს და დავალებებს. 1861 წლის სტუდენტთა მასობრივი მღელვარებისა და დაპატიმრების შემდეგ პეტერბურგის რევოლუციურ ცენტრს მუშაობა არ შეუწყვეტია. პირიქით, ამ ორგანიზაციამ კიდევ უფრო გააძლიერა მუშაობა. 1862 წ. ჩამოყალიბდა პეტერბურგის რევოლუციური ცენტრის ,,მე-2 განყოფილება” და მის მდივნად არჩეულ იქნა ბ. ღოღობერიძე. მიუხედავად რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და დაპატიმრებისა, ბ. ღოღობერიძემ უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. მას წინადაება მისცეს დარჩენილიყო მეცნიერული მუშაობისთვის, მაგრამ ბ. ღოღობერიძემ თავისი ქვეყნის სამსახური ამჯობინა პირად ინტერესებს და დაბრუნდა საქართველოში, რათა თავისი ხალხისთვის მოეხმარებინა ცოდნა-გამოცდილება. გაზეთი ,,ივერია” აღნიშნავდა: ,,დასტოვა სახელი, მაღალი სამეცნიერო სამსახური, დასთმო გულით საყვარელი სფერო მეცნიერებისა, გამოსწია თავის სამშობლობლოსაკენ და მიეცა ცხოვრების აყალ-მაყალსა” (,,ივერია” 1899 №3)
საქართველოში ჩამოსვლისას, 1868 წ. ბ. ღოღობერიძე დააინიშნა თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებლად, 1873 წ. – თბილისის ქალთა ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 1874 წ. – თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის სწავლა-განათლების დანერგვის საქმეში, მეტადრე კახეთში. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლები საგარეჯოში, ყვარელში, ენისელში, გურჯაანში და სხვ. შემდეგ სამუშაოდ ქუთაისში გადავიდა და სიცოცხლის ბოლო წლები აქ გაატარა. 1873 წ. მის მიერ შედგენილი იქნა ბანკის პროექტი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1876 წლის პირველ მაისს. ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკს ხელმძღვანელობდა გამგეობა, რომელის თავჯდომარედ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო ბ. ღოღობერიძე. ბანკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სამეურნეო-ეკონომიკურ განვითარებაში, გამორჩეული იყო მისი გავლენა დასავლეთ საქართველოს ქალაქების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ამ საქმეში ბ. ბღოღობერიძის უპირველესი შემწე და თანამდგომი ილია ჭავჭავაძე იყო. ბ. ღოღობერიძემ დიდი როლი შეასრულა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. ბ. ღოღობერიძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1879 წლის 6 მარტს, 47 წლის ასაკში. დაკრძალულია მის მშობლიურ სოფელ გოჩა ჯიხაიში. მისმა გარდაცვალებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ ინტელიგენციაში. ,,ივერიამ” ასე დაიტირა სახელოვანი მამულიშვილი: ,,სჩანს სიცოცხლისა და წარმატების სახსარი არ გაწყვეტია იმ ერს, რომელსაც ებადება ასეთი სახელოვანი მამულიშვილი”.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი