‍დიმიტრი ნაზარიშვილი (1854-1927)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0124 nazaდიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარიშვილი დაიბადა 1854 წ. ქუთაისში. მამა, ალექსანდრე წარმოშობით გორიდან იყო. დედა, მარიამ მაჭავარიანი იმერეთიდან. მცირეწლოვანი დიმიტრი დედამ მრევლოვის (მრევლიშვილის) სკოლაში მიაბარა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ნ. ნიკოლაძის, ალ. გაბაშვილისა და დ. ნაზარიშვილის მტკიცე მეგობრობას. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა წმინდა ნინოს სასწავლებელში ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად. ხოლო 1873 წ. 19 წლის დიმიტრი ნაზარიშვილი პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემიის სტუდენტი გახდა,რომელიც 1878 წ. წარჩინებით დაამთავრა. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ჭლექიანთა გაძლიერებული კვება”. ამავე წელს ბულგარეთში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო, რუსეთ-თურქეთის (1877-1878 წწ.) ომში დუნაის მოქმედი არმიის ექიმად.

1880 წლიდან იგი ქუთაისში მოღვაწეობდა სამხედრო ლაზარეთის ორდინატორად.

1881 წ. დ. ნაზარიშვილმა, დიმიტრი დადიანთან ერთად ქუთაისში პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი ,,შრომა” დააარსა, რომელსაც თვითონ გამოსცემდა და რედაქტორობდა. ის არაერთხელ აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად. ცნობილია მისი აქტიური მონაწილეობა ქალაქის საბჭოს ხმოსანთა ერთი ჯგუფის ე.წ. ,,განსაკუთრებული კომისიის” შემადგენლობაში, სადაც დ. ნაზარიშვილი გიორგი მაიაშვილთან, კირილე ლორთქიფანიძესთან, იოსებ ოცხელთან და სხვებთან ერთად გამოდიოდა ცარიზმის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, საქართვლოსთვის ,,ავტონომიისა” და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების შეცვლის მოთხოვნით.

1887 წლის 33 წლის ახალგაზრდა დ. ნაზარიშვილმა ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,ჭლექის მკურნალობის საუკეთესო საშუალებანი” და საქართველოში პირველმა მიიღო მედიცინის დოქტორის წოდება.

1890 წ. დ. ნაზარიშვილის და ს. თოფურიას ხელმძღვანელობით ქუთაისში პირველი საქალაქო საავადმყოფო გაიხსნა.

1892 წ. მან ქუთაისში დააარსა პირველი უფასო ამბულატორია ღარიბთათვის, რომელსაც 25 წელი განაგებდა (ამჟამად ,,ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული სასწავლო ცენტრი”, რომელსაც მის სახელი 1995 წლიდან მიეკუთნა).

დ. ნაზარიშვილის თაოსნობით შეიქმნა ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ექიმთა კავშირი.

22 წლის მანძილზე ქუთაისის თეტრის ექიმად მუშაობდა, 15 წელი კი მსაჯულად იმუშავა. მას აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის წყალტუბოს მინერელური წყლების შესწავლასა და მკურნალობის მეთოდების დანერგვაში. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი ორჯერ ჩავიდა პეტერბურგში. 1906 წ. დ. ნაზარიშვილმა დაამზადა მალარიით დავადებულთა სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ,,ნაზარიშვილის წვეთების” სახელით იყო ცნობილი. 1917 წ. კი ცალკე წიგნად გამოსცა ნაშრომი ,,წყალტუბოს მინერალური წყლები და მათი სახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი მნიშვნელობა”. დ. ნაზარიშვილისა და სამსონ თოფურიას თაოსნობით და გარჯით 1917 წლის მაისში შეიქმნა ,,დასავლეთ საქართველოს ექიმთა კავშირი”.

დ. ნაზარიშვილს ჰყავდა ხუთი შვილი ელენე (ელი) ისია, ლარა, ლეონიდე და ვლადიმერი (ვოვა) – თითოეული მათგანი საზოგადოების გამორჩეული წევრი. მსახიობი ისია ნაზარიშვილი – ულამაზესი უნატიფესი ქალბატონი – ,,ცისფერყანწელების” მუზა იყო. ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ელო ნაზარიშვილი კი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ევროპულ ენებს – ,,ცისფერყანწელების” უახლოესი მეგობარი. მათ ეხმარებოდა ფრანგულიდან თარგმანში. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ,,ცისფერყანწელებმა” ქუთაისში გამოცემული სტეფანე მალარმეს ლექსების კრებული სწორედ ელო ნაზარიშვილს მოუძღვნეს.

დიდია დ. ნაზარიშვილის, როგორც პრაქტიკოსი ექიმის დამსახურება. ცნობილია, რომ იგი არაჩვეულებრივი გულისყურით მკურნალობდა ცნობილ უკრაინელ პოეტს ლესია უკრაინკას, როდესაც ის მეუღლესთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა

დიმიტრი ნაზარიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 19 თებერვალს. 73 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისის მწვნეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი ჰქვია ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას. ნაზარიშვილის სახლი მისმა მემკვიდრეებმა ქალაქს უანგაროდ გადასცეს. 1985 წ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაზარიშვილს სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 1986-1991წწ. სახლი აღადგინა ძეგლთა დაცვის მთავარმა სამმართველომ, ხოლო მომდევნო წელს აღდგენილ შენობაში განთავსდა ქუთაისს-გელათის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექცია (ამჟამად, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი). მისმა პირველმა დირერქტორმა რეზო ჯავახაძემ აღადგინა ნაზარიშვილის სახლის მემორიალობა – ოჯახის მიერ საუკუნის წინათ შეძენილი ავეჯი, ნივთები, ფოტოსურათები და სხვ. რეზო ჯავახაძის უშუალო დამსახურებით შეიქმნა საზოგადოება ,,ნაზარიშვილების სახლი” და მე-20 ს-ის ბოლო პერიოდში აქ აქტიური კულტურული ცხოვრება ჩქეფდა.