ლუკა ასათიანი (1826-1901)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი დაიბადა 1826 წ., სოფ. ქვიტირში (ქუთაისის გუბერნია), ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. სიღარიბის მიუხედავად ნიკოლოზმა თავისი შვილის ლუკა ოთხკლასიან სასწავლებელში ჩარიცხვა მოახერხა. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მზად იყო შვილისთვის სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ იგი მოულოდნელად გარდაიცვალა და ლუკას სწავლაში ხელი შეეშალა. უმამოდ დარჩენილმა ლუკამ ჯერ კიდევ ჭაბუკობის ხანაში გადაწყვიტა დამოუკიდებელი შრომა დაეწყო და დედისთვის დანარჩენი შვილების აღზარდაში ხელი გაემართა. ქუთაისსა და თბილისში მრავალი ცდის მიუხედავად სამუშაო ვერ ნახა და ნათესავის რჩევით ბაქოში ჩავიდა და მისივე დახმარებით საოლქო სასამართლოს წევრად დაიწყო მუშაობა. აქ მას მცირე ხელფასი ჰქონდა, მაგრამ მაინც გულმოდგინედ განაგრძობდა საქმეს მანამ, სანამ ქუთაისში არ გამოჩნდა მისთვის შესაფერისი ადგილი. სასამართლოში მუშაობის საკმაო გამოცდილების მქონე და პირადი თვისებებით დაჯილდოებული ახალგაზრდა ქუთაისში გადმოიყვანეს და საოლქო სასამართლოს წსვრად დანიშნეს; ეს იმდროისთვის საკმაოდ მაღალ თანამდებობად ითვლებოდა, მაგრამ ვერ შეეგუა სასამართლოში გაეფებულ მექრთამეობის და მომხვეჭველობის ატმოსფეროს და იძულებული გახდა ქუთაისაც გაცლოდა და სამუშაოდ ერევანში გადასულიყო. აქ ლ. ასათიანი გუბერნიის სამმართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ ერევანშიც ისეთივე უმსგავსოება, ანგარება და ხალხის ყვლეფა სუფევდა, როგორც კავკასიის სხვა ქალაქებში. გუბერნიის სამმართველოში მომუშავე ათობით მოხელე სასამართლოს გადასცეს. მათ შორის არ იყო ერთ-ერთი მოხელე ლ. ასათიანი. დავით კლდიაშვილი აღნიშნავდა, ,,ერთდერთი მოხელე ასათიანი იყო ყოველი ბრალდებისაგან თავისუფალი, წმინდა და პატიოსანი მოხელე იყო”. (დავით კლდიაშვილი, ჩემი ცხოვრების გზაზე, თბ., 1961 წ. გვ. 72). მალე ლ. ასათიანი ქუთაისში გადაიყვანეს და ოლქის სასამართლო წევრად აირჩიეს. 1879 წ. ლ. ასათიანი აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავად. მან მიიღო ცარიელი სალარო, რადგან ქალაქს თითქმის არ გააჩნდა არსებობის წყარო. შემოსავალი მხოლოდ მამულების შეფასებითი გადასახადით ამოიწურბოდა. ქუთაისის მოსახლეობა 20 ათასს არ აღემატებოდა. ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებზე მხოლოდ ხის სახლები იდგა და იგი ერთ დიდ სოფელს მოგვაგონებდათ. ლუკა ასათიანის ქალაქისთავად არჩევას ვრცლად გამოეხმაურა იმდროინდელი პრესა და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მისი მომხრეები, დამფასებლები და მეგობრები. არჩევნებს ესწრებოდა ქართველი მწერალი და პუბლიცისტი გიორგი წერეთელი, რომელმაც არჩევნების შესახებ მასალა გამოაქვეყნა გაზეთ ,,დროებაში”, სადაც აღნიშნავს: ,,უფ. ლ. ასათიანს არ მიუღია არც მაღალი სწავლება არც მაღალი პრინციპები. მაგრამ იმისთვის მიუცია ბუნების კარგი გონება და კეთილი ზნე. ამ ორივე თვისებით აღჭურვილს ლ. ასათიანს უშრომია მუდამ ცხოვრებაში კაცური სახელისთვის და ამის გამო ამჟამად ის აღმოჩნდა ბევრი ჩვენი ახალგაზრდობის წინ. აქ ერთხელ კიდევ დამტკიცდა აზრი, რომ კაცს შეიქმს კაცად მისი კეთილი ზნე და საზოგადოების გულისთვის მემსხვერპლეობა ..... ჩვენ ვიცით, რომ უფ. ლუკა ასათიანი მშრომელი კაცია, ჩვენ ვიცით, რომ ის ტაქტის კაცია...... ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ ის ამ ორი ღირსებით აღჭურვილი მალე გამოაბრუნებს დახლართულ ქუთაისის საქალაქო გამგეობის საქმეებს და ეს ჩვენ წინათვე გვითქვია”. (გ. წერეთელი, ,,ქუთაისის ქალაქისთავის არჩევნები” გაზ. ,,დროება”, №268, 1878 წ. 31 დეკემბერი, გვ. 3,4)
ეს სურვილი ლუკა ასათიანმა თავის მეგობრებს და ხალხს შეუსრულა. მან მოკლე დროში შეძლო ქალაქის ხმოსანთა ურთიერთშეკავშირება. ქალაქის სათათბიროში საკითხი არ გადაწყდებოდა წინასწარი სჯა-ბაასის, აწონ-დაწონის, ყველა წევრის გაზიარების გარეშე. რამდენიმე თვეში ქუთაისის საქალაქო გამგეობა ერთსულოვან შეკავშირებულ და მთლიან ერთეულს წარმოადგენდა. თუ ადრე ქუთაისის ხმოსნებად უპირატესად ვაჭრებს ირჩევდნენ. ლუკა ასათიანმა ისინი თანდათანობით და ქალაქში ცნობილი ადამიანებით ჩაანცვლა. მისი უახლოესი თანამოაზრეები იყვნენ: ივანე მესხი, ალექსანდრე გაბაშვილი, ვასილ აკოფაშვილი და სხვ. თვითმმართველობის წარმატებას განაპირობებდა ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივა. ის დროსა და საკუთარ ენერგიას არ იშურებდა, რათა ქალაქისთვის რაიმე სარგებელი მოეტანა. არ გაუშვებდა შემთხვევას, იმპერიის მაღალი ჩინოსნებისაგან ხელიდან გამოეგლიჯა ფინანსური და მატერიალური საშუალებები. ამისთვის ის ხშირად მოგზაურობდა პეტერბურგში. ხვდებოდა უმაღლეს მოხელეებს, მათთან ურთიერთობისთვის კი იყენებდა იმპერიის დედაქალაქში მყოფ მეგობრებს. დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი (1832-1909) ერთხანს კავკასიის მთავარმმართებლის მოვალეობასაც ასრულებდა. ეს მოლიბერალო დიდიმოხელე სხვებისაგან გამოირჩეოდა ნაკლები სისასტიკით და შოვინიზმით. მას ბრალად დასდეს, რომ ვერ ატარებდა ცარიზმის პოლიტიკას. ეს ერთის მხრივ მართალი იყო და ამის გამო ქართველები ცდილობდნენ მთავარმართებელთან ახლო ურთიერთობის დამყარებას. ერთ-ერთი ლუკა ასათიანი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ქალაქის თავად არჩევამდე ჰქონდა მასთან ოფიციალური შეხვედრები. მიხეილ ნიკოლოზის ძე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მთავარმმართელად დანიშნეს ა. მ. დონდუკოვ-კორსასკოვი (1826-1893), რომელიც კავკასიელი ხალხის მიმართ სისასტიკითა და სიძულვილით ცდილობდა თავისი წინამობერდის მიერ დაშვებული ,,შეცდომის” გასწორებას. ყოფილი მთავარმართებელი მიხეილ ნიკოლოზის ძე, საქართველოში სტუმრობის დროს ქუთაისშიც დაპატიჟეს. ამ სტუმრობის შესახებ კლდიაშვილისთვის უამბნია თვით ლუკა ასათიანს. მისი ნაამბობი მწერალმა თავის მემუარებში შეიტან: ,,მთავარმა თანხმობა გამოაცხადა და დანიშნულ დღეს კიდეც ეწვია ქუთაისს. ქალაქი დაუხვდა გულგაშლილად და გადაწყვეტილი ჰქონდათ საზეიმო ნადიმზე გამოეთქვათ დიდი მთავრისათვის თავიანთი გულის წუხილი და გადაეცათ მისთვის ქვეყნის მდგომარეობა. საზეიმო ნადიმზე იყვნენ დიმიტრი ყიფიანი და ქალაქისთავი ლუკა ასათიანი. ამ უკანასკნელს დაავალეს სიტყვის თქმა და მისგან ვიცი ეს ამბავი. თავის სიტყვაში ასათიანმა თამამად აღნიშნა ქვეყნის შეწუხება, ადგილობრივ მცხოვრებთა მოთხოოვნილებათა მიმართ უყურადღბობა და არსებული უპატივცემულობა ხალხისადმი. თამამად ნათქვამმა სიტყვამ ერთი აურზაური გამოიწვია. საჩქაროდ მოითხობეს ნათქვამი სიტყვის ტექსტი თბილისში და ასათიანი ძლივს გადაარჩინეს ქალაქისთავობიდან რომ არ გადაეყენებინათ” (დავით კლდიაშვილი, ჩემი ცხოვრების გზაზე თბ. 1961 წ. გვ. 36). მართალია ლ. ასათიანი ამჯერად გადაურჩა დონდუკოვ-კორსაკოვის რისხვას,, მაგრამ მთავარმართებელმა იგი არ დაინდო და საქართველოდან გადასახლება დაუპირა, მაგრამ ამ პერიოდში თბილისში სემინარიის მოსწავლემ იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა რექტორი პავლე ჩუდეცკი. ამ მკვლელობასთან დაკავშირებით დონდუკოვ-კორსაკოვმა თითქოს დაივიწყა ლ. ასათიანი და ქართველებთან ბრძოლის მთელი სიმძიმე დიმიტრი ყიფიანზე გადაიტანა და ქალაქისთავი გადაურჩა მთავარმართებლის რისხვას, თუმცა ის ყოველთვის ხელისუფლებისთვის საეჭვო პიროვნებად ითვლებოდა და თუ მან სიცოცხლის ბოლომდე განაგრძო მაღალ თანამდებობებზე ყოფნა, ეს მის დიდ ნიჭს, უანარს და უანგარობას მიეწერება, რასაც აღიარებდნენ თვით ცარიზმის ჩინოვნიკებიც 1888 წ. ლუკა ასათიანი შეხვდა იმპერატორ ალექსანდრე III-ს და მის მრავალრიცხოვან ამალას, რომელიც საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა. ქალაქისთავმა მეფეს ასეთი სიტყვებით მიმართა: ,,ჩვენ არ გვაქვს ბათუმის ლაჟვარდი, ბაქოს ცეცხლი და ტფილისის ოქრო, მაგრამ ჩვენ ვფლობთ გულით სიყვარულს და ამ პატივცემით ვხვდებით უაგუსსტოვს მეფეს თავის უაგუსტოვს ოჯახთან ერთად”..... მაგრამ ქართველი მოღვაწეებისთვის და მათ შორის ლუკა ასათიანისთვის ,,ეს იმას არ ნიშნავდა, რომ საქართველომ დაკარგა სამშობლო, რომ მან უკვე აღიარა თავის სამშობლოდ რუსეთი, რომ ის აღარ ოცნებობდა თავის მომავალ თავისუფლებაზე”. (ისააკ და ივანე პურადაშვილები, მოგონებები. ქუთ. 2009 წ.)
XIX -ის 70-იანი წლების დასასარულს დაიწყო ქუთაისის გაევროპელება და იგი ლუკა ასათიანის სახელს უკავშირდება. ქუთაისში ხის სახლების ნაცვლად ქვითკირის ორსართულიან სახლები წამოიმართა, რასაც სოფლების და უბნების შემოერთების ხარჯზე ქალაქის ფართობის სწრაფი ზრდა მოჰყვა. წარმოიქმნა ახალი ქუჩები , რომელმაც ოღრო-ჩოღრო და მოხვეული შუკები შეცვალა. ქუჩები მოიკირწყლა, განათდა, გაუკეთდა ტროტუარები, გახშირდა ეტლებით მოძრაობა. ქუჩებს სახელებიც დაერქვა. ყოველივე ამაში დიდი იყო ლ. ასათიანის დამსახურება. მის დროს ქუთაისში თანდათან განვითარდა ვაჭრობა და მეწარმეობა, გაჩნდა ხილეული წყლების, სამღებროების, ბამბისა და მატყლის, თამბაქოს, აბრეშუმის, საკონდიტრო, ღვინის აგურის საწარმოები, სასტუმროები და ღამის კლუბები, აფთიაქები და სავადმყოფოები. ქუთაისში ლ. ასათიანის თორმეტწლიანი მოღვაწეობის დროს ბევრი სასწავლებელი გაიხსნა. კლასიკური გიმნაზიების, სათავადაზნაურო და ქალთა სკოლების, რეალური სასწავლებლების გარდა, ქალაქში რამდენიმე კერძო სასწავებელიც მოქმედებდა. 1880 წ. ლ. ასათიანის თხოვნით და დახმარებით კოტე მესხმა ქალაქში მუდმივი თეატრალური სასწავლებელი ჩამოაყალიბა. ლ. ასათიანის თაოსნობით 1884-85 წლებში აღადგინეს 1850 წ. აგებული ჯაჭვის ხიდი, რომელიც აშენებიდან 12 წლის შემდეგ რუსული ჯარის ფურგონების გადასვლისას ჩაწყდა. ხიდის აღსადგენი ხარჯები ქალაქისთავმა გაიღო. ლ. ასათიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსთან. მათი ინიციატივით 1882 წ. ხის დროებითი სამლოცველოების გვერდით ბერძენმა ოსტატებმა აბრამ ზახარიდმა და აბრამ სლიროვმა საფუძველი ჩაუყარეს ეკლესიის მშენებლობას, მაგრამ შემდეგ იგი შეფერხდა და ეკლესია 1903 წ. დასრულდა (ახლანდელი პეტრე-პავლეს ეკლესია) გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით ქალაქის თვითმართველობამ 1890-1893 წლებში ააგო ტაძარი, რომელსაც ამაღლების სახელი უწოდეს (ახლანდელი საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია). ლ. ასათიანის ბიოგრაფიაში აღსანიშნავია 1895 წლიდან, ბათუმის ქალაქისთავის მოღვაწეობის ექვსწლიანი პერიოდი. ლუკა ასათიანმა გარშემო შემოიკრიბა სხვადასხვა ეროვნების პროგრესული პიროვნებები და უმოკლეს 6 წელიწადში მნიშვნელოვანი საქმეები განახორციელა ბათუმში. მისი დამსახურებაა: სანიაღვრო კანალიზაციის არხების კაპიტალურად გაყვანა, ბათუმის ჭაობიანი ადგილების მთლიანი ლიკვიდაცია და მალარიის მოსპობა, ქალაქის საბჭოს შესანიშნავი შენობის აგება, ასოცსაწოლიანი საავადმყოფოს შექმნა, განათლების სფეროს აღორძინება, პირველი ქართული სკოლის შენობის მშენებლობა, უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მშობლიურ ენაზე დაწყებითი კლასების გახსნა, ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების შენობების აგება. მისი დამსახურებით, ქალაქში ასევე დაარსდა ლომბარდი, აიგო დახურული ბაზრის შენობა, საფუძველი ჩაეყარა საჯარო ბიბლიოთეკას, გამოცოცხლდა თეატრალური ცხოვრება, ფართო გასაქანი მიეცა სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და საბანკო საქმიანობას; ქალაქის ძველი რაიონი სავაჭრო ცენტრად იქცა, აშენდა რამდენიმე კომფორტული სასტუმრო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბათუმის ნავსადგურს, რომელიც ქალაქის სასიცოცხლო არტერიას წარმოადგენდა. ლ. ასათიანმა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოასწრო, მესამე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, როცა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, 1901 წლის 9 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც საზოგადოების დიდი გულისტკივილი გამოიწვია. მის უკვდავსაყოფად ბათუმში გაატარეს საგანგებო ღონისძიებები, ბაზრის ქუჩას უწოდეს ასათიანის ქუჩა და სხვ. მისი ცხედარი დიდი პატივისცემით გადაასვენეს ქუთაისში და მშობლიურ სოფელში ზემო ქვიტირის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაკრძალეს.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი