კირილე ლორთქიფანიძე (1839-1919)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, ქუთაისთან ბევრი მოღვაწის სახელია დაკავშირებული, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძეს. იგი გვერდით ედგა ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომლებიც ინარჩუნებდნენ ეროვნულ ტრადიციებს, ენას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ აზროვნებასა და საერთოდ ქართველი ხალხის ინტელექტუალურ ცხოვრებას. კირილე ლორთქიფანიძემ ი. ჭავჭავაძესთან, აკ. წერეთელთან, ნ. ნიკოლაძესთან ერთად ზიდა მე-19 ს-ის მეორე ნახ. და მე-20 ს-ის პირველი მეოთხედის საზოგადოებრივი ცხოვრების მძიმე უღელი. იგი იყო მოწინავე ინტელიგენტი, თავდადებული, კეთილსინდისიერი და უსაზღვროდ განათლებული ადამიანი. დიდია მისი დამსახურება, როგორც ქუთაისის, ისე მთელი ქართველი ხალხის წინაშე, ამიტომაც იყო, რომ კ. ლორთქიფანიძეს საქართველოში იცნობდნენ, როგორც პუბლიცისტს, კრიტიკოსს, რედაქტორს, ქართული წიგნის გამომცემელს, მთარგმნელს, თეატრალს, პოეტს, ქუთაისის საადგილმამულო და ურთიერთობის ბანკის დირერქტორს, ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესანიშნავი შენობის აგების თავკაცს. ახალი ქართული შრიფტის შექმნელს. კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1839 წ., ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრის სოფ. დიხაშხოში (ახლანდელი ვანის რაიონი). კირილეს მამა თავადი ბეჟან გრიგოლის ძე ლორთქიფანიძე იყო. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, კ. ლორთქიფანიძის არქივში დაცულ სიგელის მიხედვით, ბეჟან ლორთქიფანიძე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს 1830 წლის ბრძანებულებით, წმ. ანნას მეოთხე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული. სიგელში ნათქვამი იყო, რომ ბეჟან ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა 1829 წლის 6 აგვისტოს მუხაესტატესთან, თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. კ. ლორთქიფანიძის დედა დარეჯან ვახუშტის ასული ჩიჯავაძეა. დარეჯანის ძმა, ნიკოლოზი იყო ქვემო იმერეთის უმსხვილესი მემამულე და დასავლეთ საქართველოში ფეოდალური მეურნეობის რაციონალურ-კაპიტალისტურ საწყისებზე გარდაქმნის ინიციატორი. იგი კარგად იყო ცნობილი რუსეთის იმპერიაში და წარმატებით მონაწილეობდა ამიერკავკასიის, რუსეთისა და მსოფლიო მასშტაბით მოწყობილ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებში (საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ V. თბ. 1970 წ. გვ. 45, 47, 63.)
კ. ლორთქიფანიძე 1850 წ. სასწავლებლად შედის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის სრულ კურსს ამთავრებს 1860 წ. და უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში მიემგზავრება (მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, კირილე ლორთქიფანიძის არქივში (№ 2173), უამრავი ხელნაწერი საბუთია დაცული, სადაც მას ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები აქვს აღწერილი) და ირიცხება პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები თანაუგრძნობდნენ რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიულ მოძრაობას და აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ მასში. ამას ადასტურებს პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების მიერ მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მოწყობა, რომელშიც სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ კ. ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით ღოღობერიძე, გიორგი წერეთელი და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის სხვა აღზრდილები. კ. ლორთქიფანიძეს სხვა სტუდენტებთან ერთად აპატიმრებენ და პეტრ-პავლეს ციხეში სვამენ. ერთი კვირის შემდეგ გადაჰყავთ კრონშტატის სიმაგრეში. მალე მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რის საფუძველზეც, ციხეში ნამყოფი ყველა სტუდენტი უნივერსიტეტიდან გარიცხეს, მათ შორის კ. ლორთქიფანიძეც და 1870 წლამდე პეტერბურგში რჩება იმ იმედით, რომ კვლავ შეძლებს სწავლის გაგრძელებას, მაგარამ უსახსრობის გამო ამას ვერ ახერხებს და იგი უდიპლომოდ ბრუნდება სამშობლოში. კ. ლორთქიფანიძე პეტერბურგში ყოფნისას საგამომცემლო საქმიანობასაც ეწეოდა. მას 1864 წ. გამოუცია ქართველ პოეტთა ლექსების კრებული ,,ჩონგური”, რომელშიც კირილემ ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის და სხვა ავტორთა გვერდით, ილია ჭავჭავაძის ნებართვით, მისი ლექსებიც დაბეჭდა. მოგვიანებით კი, 1869 წ., ილიას ნებართვით, კ. ლორთქიფანიძემ პეტერბურგში ,,კაცია-ადამიანი”გამოსცა. 1873-1874 წლებში კ. ლორთქიფანიძე რედაქტორობდა გაზეთ ,,დროებას”. ამავე დროს იგი იყო ჟურნალ ,,კრებულის” რედაქტორიც. ამასთან კირილე გაზეთ ,,შრომის” ფაქტიური რედაქტორი და კორექტორი გახლდათ. 1874 წ. კ. ლორთქიფანიძემ შეადგინა ახალი სასტამბო შრიფტი, რომელიც მალე დაინერგა საგამომცემლო პრაქტიკაში. ეს შრიფტი პირველად ქუთაისში იხმარებოდა, შემდეგ თბილისშიც გავრცელდა. კირილეს შრიფტს ამჟამადაცვ იყენებენ. 1874 წ. თბილისში კ. ლორთქიფანიძის მეთაურობით გაიმართა სცენისმოყვარეთა წარმოდგენა, საქველმოქმედო მიზნით. დადგეს ი. ჭავჭავაძის ,,სცენები მირავოი პოსრედნიკთან”. თვით კირილე ასრულებდა მირავოიპოსრედნიკის, ე. ი. მომრიგებელი შუამავლის როლს. წარმოდგენა დამთავრდა, მესამე დღეს გაზეთ ,,დროებაში” გამოქვეყნდა რეცენზია. ავტორი ყველა მოთამაშეს ქებით იხსენიებდა, ხოლო მომრიგებელ შუამავლის როლის განმასახიერებელ კ. ლორთქიფანიძეზე კი სწერდა: ,,კირილე ლორთქიფანიძე ასრულებდა მიროვოიპოსრედნიკის როლს და ამ როლის შემსრულებლის მაგიერ მუთაქა რომ გამოეტანათ სცენაზე და დაედვათ, უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტ შთაბეჭდილებას დატოვებდაო… ამ რეცენზიის ავტორი თვით კ. ლორთქიფანიძე იყო… და ეს დაბეჭდა იმ გაზეთში, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა, რადგან გაზეთის მუდმივი რედაქტორი სერგეი მესხი დროებით საზღვარგარეთ იყო გამგზავრებული, ხოლო კირილეს გაზეთი დროებით ჰქონდა ჩაბარებული…” 1876 წ. ქუთაისში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე აქაურობას არ გასცილებია. მუშაობდა მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სახელმწიფო დაწესებულებებს არ ეკარებოდა. ხშირად ამბობდა: ,,ჩვენ ჩინოვნიკები არ გვჭირდება, ისინი კარიერისტები ხდებიან და ხშირად ისეთ რამეს აკეთებენ, რაც ხალხისთვის საზიანოა. ჩვენ გვჭირდება საზოგადო მოღვაწეები, ხალხთან ახლომდგომი პირები. მართალია, ასეთი პირების მეტი ნაწილითავის პირად ცხოვრებას რიგიანად ვერ მოაწყობს, მაგრამ საზოგადო მოღვაწეობა სხვანაირად ვერ ხერხდებაო”. ცხოვრობდა უბრალოდ და სხვებსაც აფრთხილებდა: ,,ფუფუნებით ცხოვრებას არ გაჰყვეთ, თორემ გარყვნილების გზაზე დაგაყენებთ და პარაზიტი შეიქნებით, ჩვენ ქვეყანას პარაზიტები კი არა, ღირსეული ადამიანები სჭირდებაო.” 1878 წლიდან 1907 წლამდე კ. ლორთქიფანიძეს სისტემატიურად ირჩევდნენ ქუთაისის ქალაქის ხმოსნად (დეპუტატად). 1880 წლის 14 იანვარს ქუთაისში, კირილეს თაოსნობით, გაიხსნა საადგილმამულო ბანკის მოსამზადებელი სკოლა. ეს იყო წერა-კითხვის უცოდინარი ხელმოკლე ოჯახის ბავშვებისათვის უფასო მომზადება საგიმნაზიოდ. 1883 წ. ქუთაისში დაბეჭდილ იქნა ,,ვეფხიტყაოსნის” მეშვიდე გამოცემა, რომლის რედაქტორი იყო კ. ლორთქიფანიძე. მასვე განუზრახავს მისი გასცენიურებაც. პოემის სიუჟეტი ექვს სურათად დაყო. აღსანიშნავია მისი მატერიალური მხარდაჭერა ,,ვეფხისტყაოსნის” გერმანულად თარგმანში. კ. ლორთქიფანიძემ ცოლი არ შეირთო და თავისი საკუთარი ოჯახი არ შექმნა იმისათვის, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე მუშაობაში ხელს შემიშლისო, როცა შეეკითხებოდნენ – ,,ბატონო კირილე! რატომ ოჯახობას არ მოკიდეთ ხელი და ახალგაზრდობაში ცოლი არ შეირთეთო”, ის სერიოზული გამომეტყველებით დინჯად უპასუხებდა: – პირადად ჩემთვის დიდი საზარალო შეიქმნა, აგერ მოხუცებულობის დროს უპატრონოდ ვარ დარჩენილი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ საზოგადო მოღვაწეობას ვინც ჰკიდებს ხელს, ყოველნაირ მოულოდნელ შემთხვევისათვის მზად უნდა იყოს, ვინ იცის, გზაზე რა ხიფათი არ აეკიდება და ოჯახს გასაჭირში ჩააგდებს. შეიძლება მე შემცდარი ვარ, მაგრამ თავიდანვე ასეთი შეხედულების ვიყავი და ბოლომდე ასეთი აზრისა ვარო. კ. ლორთქიფანიძე სახელმწიფო სამსახურში არ შედიოდა და სხვაბსაც ამას ურჩევდა. უყვარდა უბრალო ცხოვრება და სხვებსაც ჩასჩიჩინებდა: ,,ფუფუნებით ცხოვრებას არ გაყვეთ, თორემ გარყვნილების გზაზე დაგაყენებთ და პარაზიტი შეიქნებით, ჩვენ ქვეყანას პარაზიტები კი არა, ღირსეული ადამიანები ჭირდებაო”. კ. ლორთქიფანიძე რაც ქუთაისში დაბინავდა, მერე თბილისს აღარ სწვევია, თბილისელმა მოღვაწეებმა მას ბევრჯერ თხოვეს, თბილისში გადმოსახლდი ,,აქ საჭირო ხარო”, მაგრამ იგი თურმე ყოველთვის უარს აცხადებდა და უპასუხებდა: ,,საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველი ინტელიგენცია თბილისში გარბის, პროვინცია კი ცარიელდება. თბილისში მყოფნი იქაურ საქმეებს კარგად მოუვლიან. პროვინციას ჭირდება წელის გამაგრება და დახმარება, ყველა რომ იქ გადაბარგდეს, მაშინ აქაობა უპატრონოდ დარჩება და მომვლელი არავინ ეყოლებაო”. კ. ლორთქიფანიძე ეწეოდა ნაყოფიერ ლექსიკოგრაფიულ მუშაობას იგი დაინტერესებული იყო ქართული და უცხო სიტყვების ახსნა-განმარტებით. ,,მას შედგენილი აქვს ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული მცირე და მოზრდილი მოცულობის ლექსიკონები. კ. ლორთქიფანიძის პირად არქივში (ქიმ №2173) დაცულია ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელშიც შეტანილია 1470 ქართული სიტყვის რუსული თარგმანი. საყურადღებოა მცირე მოცულობის ლექსიკონიც მცენარეებისა და ცხოველების შესახებ. საინტერესოა კ. ლორთქიფანიძის მიერ შედგენილი უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი. ლექსიკონი აქვს დართული – ,,ბიძია თომას ქოხს”, სადაც განმარტებულია 65 უცხო და ქართული სიტყვა”. კ. ლორთქიფანიძე აქტიურად მოღვაწეობდა ,,ქართველთა შორის წერ-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან”, ხოლო ქუთაისში და მთლიანად დასავლეთ საქართველოში ამ საზოგადოების დასაყრდენი ძალა იყო. მისი უშუალო დახმარებითა და ინიციატივით იხსნებოდა სკოლები, ხდებოდა პედაგოგთა შერჩევა. კ. ლორთქიფანიძე იყო ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, რომელსაც 1916 წლის 14 იანვარს უანდერძა პირადი უმდიდრესი არქივი და იშვიათი ბიბლიოთეკა, ხელნაწერი და სტამბური წიგნები. კ. ლორთქიფანიძე 1874-1904 წლებში იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს წევრი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით შეიქმნა. 1898-1904 წლებში კირილე ლორთქიფანიძე ხელმძღანელობდა ქუთაისის საადგილმამულო ბანკს. მას მიაჩნდა, რომ რუსეთის ცარიზმის ბატონობის პირობებში, სათავადაზნაურო ბანკი იყო ერდათერთი ეკონომიური ძალა, რომელსაც შეეძლო ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის მყარი მატერიალური ბაზის შექმნა. რაც კირილეს გააჩნდა ძვირფასი და ღირებული დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ესაა მისი პირადი არქივი, ,,საბანკო არქივი”, უნიკალური ბიბლიოთეკა, ძველი სტამბის წიგნები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომელებიც მისივე ანდერძის თანახმად მუზეუმში შემოვიდა 1919 წ. ქუთაისის მუზეუმში დაცულ არქივთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს კ. ლორთქიფანიძის ლიტერატურულ არქივს, რომელიც 1303 საბუთს ითვლის და მოიცავს პერიოდს 1858 წლიდან 1917 წლამდე. მასში დაცული მასალები ფართო სპექტრით წარმოგვიდგება; აქ თავმოყრილია ატობიოგრაფიული, საზოგადოებრივი, ლიტერატურული და კულტურის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები; ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დოკუმენტები. კერძოდ, არქივში დაცულია ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფი – ლექსი ,,ნანა”, ,,ქართველ სტუდენტთა სიმღერა”, ნაწილი ,,აჩრდილის”, ,,გლახის ნაამბობი”, ,,რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით”. ილიას რამდენიმე წერილი კ. ლორთქიფანიძისადმი, რომელიც შეეხება მისი ნაწარმოებების ბეჭდვასა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-ლიტერატურულ საკითხებს: არქივში ინახება აკაკი წერეთლის ავტოგრაფები – ,,თორნიკე ერისთავი”, ,,განთიადი”, ,,თამარ ცბიერი”, ,,სიმართლე”, ,,სახსოვარი”. აკაკის პრადი წერილები კირილესადმი; ნიკო ნიკოლაძის სტატიები, წერილები, ..დროების” რამდენიმე კორესპედენცია, რომელებშიც ასახულია კ. ლორთქიფანიძის დამოკიდებულება საქართველოს კულტურულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე. წერილებში და სტატიებში მოცემულია ცნობები საფრანგეთში მისი მოღვაწეობისა და ევროპისა და თვით საფრანგეთის საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. აქვეა გიორგი წერეთლის წერილები კ. ლორთქიფანიძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეებისადმი, რომლებიც ძირითადად მათ მოღვაწეობას შეეხება გაზეთ,,დროებაში”, ,,სასოფლო გაზეთში”, ჟურნალ ,,კრებულში”, ,,კვალში”. არქივში დაცულია სერგეი მესხის წერილები კ. ლორთქიფანიძისადმი, რომელიც შეიცავს მასალებს გაზეთ ,,დროების” მუშაობის შესახებ. თავისი სიმრავლით და მრავალფეროვნებით ინტერესს იწვევს პოეტ მამია გურიელის ავტოგრაფები, რომელიც მას თვითონვე გადაუცია კ. ლორთქიფანიძისათვის და ამასთან უღიარებია კიდეც იგი თავისი მასალების მემკვიდრედ და გამომცემლად. კ. ლორთქიფანიძის არქივში დაცულია ასევე იაკობ გოგებაშვილის, რაფიელ ერისთავის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ცაგარელის, დავით ბაქრაძის, ზაქარია ჭიჭინაძის, სილოვან ხუნდაძის, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის და სხვა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი წერილები, ნაშრომთა ხელნაწერები და ა. შ. არქივში დაცულია იმ წერილთა ასლები, რომელებიც კ. ლორთქიფანიძეს სხვადასხვა დროს გაუგზავნია ზემოთხსენებულ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ისინი შეეხება მე-19 ს-ის მეორე ნახ. და მე-20 ს-ის დასაწ. საქართველოს კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს. მათში მოცემულია საინტერესო ცნობები საქართველოს სოციალ-პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ, განათლების, საგამომცემლო საქმიანობის, თეატრალური ცხოვრების, პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ. აქვეა თვით კ. ლორთქიფანიძის სტატიები, ნაშრომები, ნათარგმნი და ორგინალური ლიტერატურა. კ. ლორთქიფანიძის თარგმანებზე გადაჭრით უნდა აღინიშნოს, რომ იგი თარგმნიდა მხოლოდ რევოლუციურ და მებრძოლ პოეტებს. ამან განაპირობა ის, რომ მან გვერდი აუარა პუშკინს, ლერმონტოვს და თარგმნა ნეკრასოვის, დობროლუბოვის, ნიკიტინისა და პლუშჩევის ლექსები. ეს არ იყო გამოწვეული კ. ლორთქიფანიძის შიშით ან მოკრძალებით დიდი პოეტებისადმი. აქ ამოსავალი ის იყო, რომ მისთვის მთავარი ლექსის შინაარსი გახლდათ და ეს შინაარსი უნდა ყოფილიყო რევოლუციური იდეებითა და მოწოდებებით გაჯერებული. არქივში ზემოთაღნიშნულ პოეტთა ლექსების კირილისეული თარგმანები მართლაც რევოლუციური სულისკვეთებით და არსებული მონური მდგომარეობის მიმართ ამბოხით გამოირჩევა. რაც შეეხება თარგმანთა მხატვრულ დონეს, ისინი არ შეიძლება მაღალმხატვრულ ნიმუშებად მივიჩნიოთ; თვით კირილემ კარგად იცოდა, რომ მისი თარგმანები მხატვრულად სუსტი იყო, მაგრამ მთავარ ყურადღებას შინაარსეულ მხარეს აქცევდა და ამით ამართლებდა მის გამოქვეყნების აუცილებლობას, ,,უხეიროდ, მაგრამ ორგინალთან სწორად გადათარგმნილი” – ასე ახასიათებდა იგი თავის თარგმანებს. გარდა რუსი მწერლების ნაწარმოებებისა, არქივში დაცულია უცხოელი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანებიც: ბიჩერ სტოუ, ვიქტორ ჰიუგო, მორის ჰარტმანი, ჰაინრიხ ჰაინე, ჯეიმს გრინვუდი და სხვა. პრინციპი აქაც იგივეა – იგი რევოლუციურად განწყობილ მწერლებს ირჩევს და მათ ნაწარმოებებს აცნობს ქართველ მკითხველს. არქივში დაცულია მისი მცირე პროზაული ნაწარმოებები – ,,ბეღურა ჩიტი”, ,,ეშმაკი მელა”, ,,მსუნაგი დედოფალა”, ,წიგნი” და სხვა, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ კ. ლორთქიფანიძე უდაო შემოქმედებითი ნიჭით იყო დაჯილდოებული, მაგრამ კირილე საკუთარი თავის მიმართ, განსაკუთრებული მოთხოვნილების გამო, სათანადოდ ვერ აფასებდა თავის ამ შესაძლებლობას. ამავე დროს, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეების მოგვარება უფრო აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა და საამისოდ დრო არ ემეტებოდა. კირილემ ამ თავის ხალას ნიჭს გაქანება არ მისცა მაშინ, როდესაც მას შეეძლო დაეტოვებინა ნამდვილი პროზაიკოსის სახელი, დღეს კი მის ნაწარმოებებს არამც თუ ფართო მკითხველი საზოგადოება არ იცნობს, თვით სამეცნიერო ლიტერატურაშიც არაფერია ნათქვამი მათ შესახებ. კ. ლორთქიფანიძის მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებები დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათისაა და თავისი შინაარსით თუ ფორმით საბავშვო თხზულებებს წარმოადგენს. არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ კ. ლორთქიფანიძე კარგად იცნობდა დარვინის, სპენსერის, მილის, მალთუსის თეორიებს და წარმატებიათ იყენებდა, მათ პუბლიცისტურ მოღვაწეობაში. გარდა კ. ლორთქიფანიძის არქივისა, ქუთაისის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცულია მისი პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 1250 წიგნს. ბევრი მათგანი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ილიას, აკაკის, რაფიელ ერისთავის, ვახუშტი ბატონიშვილის, მ. ბროსეს წიგნები, ბროკჰაუზის ენციკლოპედიის 82 ტომეული, თვით კირილეს – ,,ჩონგური”, და სხვათა თხზულებანი. მის ბიბლიოთეკაში მრავლად არის დაცული ჟურნალ-გაზეთის კომპლექტები. პერიოდული გამოცემებია: ,,კოლხიდა” – 1911-1913 წლების, ,,იმერეთი” – 1912-1915 წლების, ,,დროება” 1866-1910 წწ. ,,ივერია” – 1877-1897 წწ., ,,სამშობლო” – 1915-1916 წწ., ,,სახალხო გაზეთი” – 1910-1914 წწ., ,,სახალხო ფურცელი” – 1914-1918 წწ., ,,ცნობის ფურცელი – 1905-1906 წწ., ,,თემი” – 1911-1915 წწ., ,,ერი” – 1913-1914 წწ. და სხვა. ჟურნალებიდან აღსანიშნავია: ,,აკაკის კრებულები” – 1897-1900 წწ., ,,მნათობი” – 1869-1872 წწ., ,,ცისკარი” – 1852-1874 წწ., ,,ჯეჯილი” 1890-1895 წწ. და სხვა. წიგნების ფურცლებზე კ. ლორთქიფანიძეს გაკეთებული აქვს შენიშვნები და შესწორებები, როგორც გრამატიკული თვალსაზრისით, ისე შინაარსობითაც. კირილე, როგორც საუკეთესო მთარგმნელი შესწორებებს აკეთებს ნათარგმნ წიგნებზე. შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის” 1875 წლის გამოცემის თითქმის ყოველი სტრიქონი შესწორებულია კირილეს ხელით და ეს შესწორებული ,,ვეფხიტყაოსანი” პ. წულუკიძეს 1883 წ. გამოუცია კირილეს შრიფტით. ამის შესახებ კი აი რას წერს გაზეთი ,,ივერია”: ,,კორექტიული შეცდომებიც ცოტაა. იშვიათი სიფაქიზით და სილამაზით არის დაბეჭდილი, ეკადრებოდა კიდეც, რომ ქუთაისში პირველად დაბეჭდილს გარეგანი სილამაზე არ ჰკლებოდა. წიგნი დაბეჭდილია სუფთად მელნით კარგ ქაღალდზე და მომცრო” (გაზ. ,,ივერია”, #7-8. 1883 წ. გვ. 142) წერდა პ. უმიკაშვილი. ბიბლიოთეკის წიგნებზე ყურადღებას იქცევს წარწერები: ,,ღრმად პატივცემულ თავად კირილე ლორთქიფანიძეს ავტორისაგან”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი ავტორი და გამომცემელი თავს ვალდებულად თვლიდა კ. ლორთქიფანიძეს წინაშე, რომ მისთვის გაეგზავნათ ყოველი გამოცემა დიდი სიყვარულით და პატივცემით. კ. ლორთქიფანიძემ შემოგვინახა ქუთაისში გამოცემული წიგნების უმრავლესობა. ქუთაისის მუზეუმში ინახება კ. ლორთქიფანიძის მემორიალური ნივთები: ჭადრაკის სათამაშო დაფა და ფიგურების კომპლექტი, კრიალოსანი, საათი, საფულე, საკანცელარიო ბეჭედი, საკალმისტრე, წიგნები ოთხი დიდი კარადა და მაგიდა. კ. ლორთქიფანიძის სახელი დაკავშირებულია ისეთ გამოჩენილ პირებთან, როგორებიც არიან ილია ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ი. გოგებაშვილი, დ. ყიფიანი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი და სხვ. ქვეყნის გამორჩეული შვილები. ის მუდამ მხარში ედგათ მათ და მე-19 ს-ის ახალ თაობას და ე. წ. ,,თერგდალეულთა” შორის თვალსაჩინო ადგილი ეკავა. ასეთი პოპულარობა უპირველესად, პიროვნული თვისებებით უნდა იქნას ახსნილი. ქუთაისის მუზეუმის არქივში დაცული მასალები მას წარმოაჩენენ არა მარტო დიდ საზოგადო მოღვაწედ. არამედ დიდ ადამიანადაც, რომელსაც გარდა ეროვნულისა და საზოგადოებრივისა სხვა სასიცოცხლო ინტერესები არ გააჩნდა. ათეული წლების მანძილზე კირილე ფაქიზად ინახავდა თავისი ქვეყნის სახელოვანი მამულიშვილების ნაწარმოებთა ავტოგრაფებსა და კერძო წერილებს და ამით არა მარტო დავიწყებას გადაარჩინა ქართველი ხალხის სასიქადულო შვილებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი მომენტი მე-19 ს-ის საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, არამედ უნებურად, საკუთარი პიროვნების უკდავებაც უზრუნველყო. ეს კანონზომიერია, რამეთუ მთელი თავისი სასიცოცხლო ენერგია მან სწორედ იმ მიზნებისა და ინტერესების განხორციელებას შეალია, რომლის გადაჭრისთვისაც იბრძოდნენ მისი თანამედროვენი. არქივში დაცული მიმოწერებიდან ჩანს, რომ იგი კარგად ერკვეოდა პედაგოგიკის საკითხებში. ადგენდა სახელმძღვანელოებს და სამართლიან შენიშვნებს აძლევდა ისეთ დიდ პედაგოგსა და სახელმძღვანელოების შემდგენელსაც კი, როგორიც იაკობ გოგებაშვილი იყო. კ. ლორთქიფანიძის არქივში დაცულია აგრეთვე თავისებურად ნათარგმნი მათემატიკის სახელმძღვანელო, მენჩორსკის წიგნის მიხედვით. ხელნაწერი შეიცავს 81 გვერდს და შედგება 3 თავისაგან. წიგნი ისეა მომზადებული, მხოლოდ დასტამბღვა აკლია. იგი შემთხვევით დაუბეჭდავად დარჩენილ წიგნს მოგვაგონებს. კ. ლორთქიფანიძე გმობს სქოლასტიკური სწავლის მეთოდს და ცდილობს, უფრო მეტად გასაგები და საინტერესო გახადოს იგი მოსწავლეთათვის. გაამრავალფეროვნოს შინაარსი, არ შეზღუდოს და გადატვირთოს მათი გონება მხოლოდ სახელებისა და ციფრების ჩამოთვლით. წარმოიდგინეთ ყმაწვილის მდგომარეობა, რომელსაც სახაზავის თავში და ხელებზე ცემით ასწავლიან რუსულის კითხვას, წარმოიდგინეთ, რომ მას წანაკითხი არ ესმის, არა თუ კითხვის, საგნების სწავლების დროსაც, თითქმის მე-5 კლასამდის არ ესმის კარგად, რას სწავლობს... მისთვის კი არ სწავლობს ის, რომ ესმოდეს და დასტკბებოდეს გიმნაზიის სიბრძნის სახელმძღვანელოებით, სწავლობს მხოლოდ იმისათვის, რომ ხვალ ან გალახავენ, ან უსადილობა მოელის. ამ მდგომარეობაში მყოფი, რა საკვირველია, ცუდ აზრს მიიღებს სწავლაზედ”. კირილე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1919 წლის მაისში 80 წლის ასაკში. დაასაფლავეს ბაგრატის ტაძრის გალავნის ეზოში. 1984 წ. მწვანეყვავილის პანთეონში გადაასვენეს.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი