დავით ყიფიანი (1835-1892)
ავტორი: დავით ბერძენიშვილი, დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი დაიბადა 1835 წ. იგი იყო დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. 1856 წ. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში ღებულობდა კავკასიის კომიტეტის სტიპენდიას. 1861 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი კანდიდატის ხარისხით. მისი სადისერტაციო თემა იყო ,,მეფე ვახტანგ VI-ს სამართალი”, რომლის შრომამ დიდი მოწონება დაიმსახურა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორთა შორის და დაამტკიცა იურდიული მეცნიერების ღრმა ცოდნა. დ. ყიფიანმა თბილისში პირველად გახსნა კერძო სასწავლებელი პანსიონი, სადც იგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდობის პატრიოტულ აღზრდას და თავისუფალ აღზრდის პრინციპებს ქადაგებდა, რამაც მას დიდი სახელი მოუხვეჭა. რამდეიმე ხნის შემდეგ იგი იძულებული გახდა თავი დაენებებინა პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და იწყებს მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობას რაჭაში, ამავე თანამდებობაზე მუშაობს შემდეგ წლებში ქუთაისში, ხოლო 1877 წლიდან გარდაცვალებამდე, 15 წელი მუშაობდა თბილისში ნოტარიუსად. დ. ყიფიანი სამწერლო ასპარეზზე გამოდის თერგდალეულებთან ერთად. თანამშრომლობს ჟურნალ ,საქართველოს მოამბეში” (იგი ილია ჭავჭავაძესთან ერთად იყო მისი გამომცემელი და თანარედაქტორი) და ,,ივერიაში”. კარგად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, რომლის საშუალებით თარგმნა შექსპირის ,,დიდი ალიაქოთი არაფრისათვის”. აგრეთვე გადათარგმნა ჟორჟ სანდის ნაწარმოებები. ყურადღებას იპყრობს დ. ყიფიანის საინტერესო სტატიები ქართული ენის გრამატიკისა და ქართული სალიტერატურო საკითხებზე. მსგავსად ილია ჭავჭავაძისა, დ. ყიფიანის აზრით, ენა ისე როგორც ყოველი საზოგადოებრივი მოვლენა , განიცდის ცვალებადობას ,,....როგორც ყველაფერი ქვეყანაზე და სხვათა შორის ენაც იცვლება, წარმატებაში შედის და ამ წარმოდგენასა და ცვლილებას თავის ბუნებითი კანონი აქვს, რომლის წინააღმდეგობა ყოველთვის ფუჭია.” დ. ყიფიანი ილია ჭავჭავაძის დებულებას ანვითარებდა ენის გავლენს საზოგადოებრივი მოვლენების საკითხზე. მან უარყო ძველი ორთოგრაფიული ნიშნები და არქაული მეტყველების ნორმები. ,,გრამატიკის დამუშავებისათვის უპირველესი წყარო და საბუთიანობა უნდა იყოს ცოცხალი ხალხის ენა”. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დ. ყიფიანის პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის სტატიები, რომელშიც იგი სერიოზულ ანალიზს იძლევა ბატონყმური სისტემის ეკონომიური საფუძვლებისა და გმობს მონურ შრომას, როგორც მთელი საზოგადოების განადგურების მიზეზს და თავის პუბლიცისტურ სტატიებში დაამტკიცა ასეთი სისტემის მოსპობის აუცილებლობა. მისი აზრით ბორკილგაყრილი შრომა ნაკლებად ქმნის დოვლათს და ამის ნათელსაყოფად დ. ყიფიანს მოაქვს ხორბლის გამნიავებელის მაგალითი. ,,მე რომ თავისუფალი კაცი არ ვიყო, ფეხებში ბორკილი მქონდეს გაყრილი, ხეირიანიი შრომა ცხადია არ შემეძლებოდა ...... ჩემი ნებაყოფლებობის წინააღმდეგობით, ბატონმა კალოზე პურის გამნიავებელი რომ გამხადოს, რასაკვირველია ნახევარ ხორბალს ბზეს გავაყოლებ. ჩემი ბატონიც რომ დარწმუნებული იყოს, რომ სხვისი შრომა აცხოვრებს, უფრო იმხნევებდა და თავისუფალ შრომას გასწევდა”. დ. ყიფიანი გარდაიცვალა თავის მამულში, სოფელ ქვიშხეთში 1892 წლის 18 ოქტომბერს. მან თავისი ფილოლოგიური და ეკონომიკური სტატიებით, უცხო ლიტერატურის თარგმნით, კორესპოდენციებით და პრაქტიკული მოღვაწეობით, საგრძნობი წვლილი შეიტანა სამოციანი წლების ქართული ლიტერატურისა და აზროვნების განვითარების საქმეში.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი