‍იაკობი ზედგინიძე (1859-1943)

ავტორი: მ. მაჭავარიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

zedginidze ia71ცნობილი ქართველი პედაგოგი იაკობ სიმონის ძე ზედგინიძე 64 წლის განმავლობაში ემსახურებოდა მოზარდი თაობის აღზრდის საქმეს.

იაკობ ზედგინიძე ავტორია ბევრი მეთოდურ-პედაგოგიური ხასიათის წერილისა და სახელმძღვანელოებისა. საკმარია დავასახელოთ მისი ავტორობით გამოსული რუსული ენის სახელმძღვანელო „Методическая хрестомания” ოთხ ნაწილად (ვ. ჯაფარიძესთან ერთად), „ახალი ქართული ანბანი”, „როგორ უნდა ვასწავლოთ ახალი ქართული ანბანი”, „დასურათებული მოძრავი ქართული ანბანი”, „პირველი მეგობარი”, „სასაუბრო სურათების ალბომი” (ორ ნაწილად), „პედაგოგიური კითხვების გარშემო” და სხვ., რომ ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგეს ენერგიული მუშაკის სახე.

იაკობ სიმონის ძე ზედგინიძე დაიბადა 1859 წელს სოფელ ვალეში, ყოფილ ახალციხის მაზრაში. მამამისი, წარმოშობით გლეხი, სოფლის ღარიბი მღვდელი იყო. იგი საკმაოდ განათლებული კაცი იყო და ყოველნაირად ცდილობდა თავისი შვილებისათვისაც აუცილებლად მიეცა განათლება. იაკობმა 1874 წელს ახალციხის სამაზრო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო 1879 წელს – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი.

სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იაკობ ზედგინიძემ დაიწყო მასწავლებლობა ახალგახსნილ სათავადაზნაურო სკოლაში, რომელიც შემდეგ ქართულ გიმნაზიად გადაკეთდა. ამ სასწავლებელში ახალგაზრდა მასწავლებელი დარჩა 1880 წლის თებერვლამდე, რის შემდეგაც კავკასიის სასწავლო ოლქის სამზრუნველოს მიერ გადაყვანილ იქნა ქ. შუშაში სამოქალაქო სკოლის მასწავლებლად. ქალაქ შუშაში იაკობ ზედგინიძემ 20 წელი იმუშავა, ხოლო 1899 წელს განჯაში გაამწესეს ჯერ სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შმდეგ სახელოსნო სკოლაში, 1905 წლიდან ის პედაგოგიურ მუშაობას ეწევა ქ. თბილისში, მე-5 გიმნაზიაში, 1917 წელს კი დანიშნულ იქნა მასწავლებლად თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში, რომელსაც ამჟამად 1-ლი საშუალო სკოლა ეწოდება. იაკობ სიმონის ძე ზედგინიძე გარდაიცვალა ღრმა მოხუცებული, 84 წლის ასაკში, 1943 წელს.

იაკობ ზედგინიძე დახელოვნებული პედაგოგი იყო. იგი არაჩვეულებრივი ბეჯითობით ხასიათდებოდა, თავგამოდებით ცდილობდა, რომ მოსწავლეებს მიეღოთ საფუძვლიანი და მტკიცე ცოდნა. იაკობი მოსწავლეებთან ნამდვილ ჰუმანურ დამოკიდებულებაში იყო და მისი ასეთი ქცევა ბავშვებს ხიბლავდა.

გარდა პრაქტიკულ-პედაგოგიური მუშაობისა, იაკობ ზედგინიძე აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. სადაც კი ამის საშუალება ჰქონდა, აარსებდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს, დახმარებას უწევდა საზოგადოება „განათლებას”, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენში ქართული სკოლების გახსნას და დედაენაზე სწავლების შემოღებით ქართველი ბავშვებისთვის დახმარების გაწევას.

იაკობ ზედგინიძის ინიციატივით დაარსდა ჩვენში პირველი ქართული საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია 1916 წელს. ეს სასწავლებელი თავის დროზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება იყო, რომელიც ახალგაზრდა ქალების აღზრდის გარკვეული ეროვნული მიმართულებით წარმართვის შესაძლებლობას ქმნიდა. ქალთა საოსტატო სემინარიის დაარსებას ხელი შეუწყო რუსეთში 1914 წელს გამოსულმა კანონმა კერძო სასწავლებლების შესახებ. სემინარიაში ყველა საგანი ქართულად ისწავლებოდა და მისი მიზანი იყო ქართველი ქალების მომზადება მასწავლებლებად, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსასვლელად. ერთ თავის მოგონებაში იაკობ ზედგინიძე ამ სასწავლებელთან დაკავშირებით წერს: „თქვენ თქვენის თვალით ხედავთ, რა გატაცებით ელტვის ქართველი ხალხი სწავლას. ამავე დროს, ისიც კარგად იცით, რარიგ უკუღმართად არის დაყენებული ჩვენში სწავლა-აღზრდის საქმე და როგორ ცხადლივ ემსახურება ჩვენში სკოლა ჩვენს გადაგვარებას. და აი, სწორედ ასეთ უკუღმართობასთან საბრძოლველად და ეროვნული სკოლის შესაქმნელად არის დაარსებული ჩემი სემინარია. იგი არ ემსახურება განსაკუთრებით, გინდა უმთავრესად, რომელიმე წოდებას ან კლასს, ან რომელიმე რაიონს, – მისი სამოქმედო ასპარეზი მთელი საქართველოა, მიზანი – განათლების შეტანა ხალხში, მოზარდი თაობის ნორმალურად აღზრდა”.

როგორც აღვნიშნეთ, ქალთა საოსტატო სემინარია გაიხსნა 1916 წელს და მის გამგედ დაინიშნა საზოგადოება „განათლების” აქტიური წევრი ალექსანდრა ფაღავა. რიგი მიდგა მასწავლებლების შერჩევაზე. სემინარიას, როგორც კერძო დაწესებულებას, მცირე თანხა გააჩნდა და არ შეეძლო მასწავლებლის სათანადო ხელფასით უზრუნველყოფა. მაგრამ აღმოჩნდნენ საზოგადოებრივი ინტერესებით აგმსჭვალუული მოწინავე მასწავლებლები. მათ გადაწყვიტეს სულ მცირე ხელფასით ემუშავათ სემინარიაში და ქართველი ქალების აღზრდის საქმეში შეეტანათ თავიანთი წვლილი.

ქართულ ენის პირველ ხანებში ასწავლიდა ქრისტინე შარაშიძე, შემდეგ ფატი სილოვანის ასული ხუნდაძე და ბოლოს, ცნობილი საზოგადო მოღვაწე იპოლიტე ვართაგავა. საქართველოს ისტორიას ასწავლიდნენ სიმონ ყაუხჩიშვილი და ვლადიმერ ფუთურიძე, მსოფლიო ისტორიას – ილიაი ბაკურაძე, ფიზიკას – მიტროფანე კორძახია, ალგებრა-გეომეტრიას – კონსტანტინე თოთიბაძე, ხატვას – თამარ თურქესტაიშვილი, სიმღერას – გიორგი სვანიძე, ფიზიკურ ვარჯიშს – თამარ ნიკოლაძე, ხელსაქმეს – ელენე ვირსალაძე, ხოლო პედაგოგიურ პრაქტიკას ხელმძღვანელობდა დახელოვნებული მასწავლებელი ნინო ჩაგუნავა-გელაშვილისა. ქალთა საოსტატო სემინარიასთან დაარსებული იყო სასკოლო მუზეუმი და საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა.

1918 წელს, როდესაც სემინარიამ გამოუშვა 25 ახალგაზრდა კურსდამთავრებული მასწავლებელი ქალი, საზეიმო აქტზე იაკობ სიმონის ძე ზედგინიძემ ასეთი სიტყვებით მიმართა ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს: „ძვირფასო კოლეგებო! დღევანდელ თქვენთვის ბედნიერ დღეს გილოცავთ სწავლის დამთავრებას. სემინარიამ მოგცათ თქვენ საშუალება მომზადებულიყავით მშობლიურ ნიადაგზე საზოგადო ასპარეზზე სამოღვაწეოდ. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაამართლებთ თქვენზე დამყარებულ იმედებს. თქვენ ხართ პირველი მერცხლები, რომლებიც სამშობლოს სხვადასხვა კუთხეს მოემსახურებით ახალი ოჯახის, ახალი სკოლის ასაშენებლად. ნუ შედრკებით და ნუ შეუშინდებით ნურაფერს. ხომ იცით, ქართველი ქალისათვის არ არის უცხო საზოგადო ასპარეზზე მოღვაწეობა. თქვენ არ დარჩებით მარტონი, ერთი წლის შემდეგ თქვენ გვერდში ამოგიდგებათ მეორე წყება თქვენი ამხანაგებისა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს გაიმარჯვებს ის აზრი, რომ დაწყებითი სკოლა საქართველოში უთუოდ უნდა გადავიდეს ქალების ხელში და რაც ჩქარა მოხდება ეს, მით უკეთესი”.

რაც შეეხება იაკობ ზედგინიძის მეცნიერულ მუშაობას, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მის ნამუშევარს აზის ბეჭედი ახალი პედაგოგიური აზროვნებისა. მისი „მეთოდური ქრესტომათია” (რუსულ ენაზე) მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი სკოლის ისტორიაში. მაშინ, როდესაც ყველა არსებული ქრესტომათია გაჟღენთილი იყო მონარქიულ-ბიუროკრატიული, თვითმპყრობელურ-ჟანდარმული სულისკვეთებით, მისი ქრესტომათია მიზნად ისახავდა მოყვასისადმი სიყვარულს, ჩაგრულისადმი თანაგრძობას, ალტრუიზმს, ხოლო მეთოდური თვალსაზრისით, იმდენად დაკვირვებით და უნარიანად იყო შედგენილი, რომ საუკეთესო მეთოდური სახელმძღვანელო გახდა ახალგაზრდა მასწავლებლებისათვის და სწორედ ამით აიხსნება, რომ გამოცემული სახელმძღვანელოდ არარუსთათვის, უმთავრესად ამიერკავკასიაში სახმარებლად, იგი სცდება ამიერკავკასიის ფარგლებს და რუსეთის სკოლებშიც იკიდებს ფეხს.

იაკობ ზედგინიძე ნოვატორია ანბანის სწავლების საკითხშიც. პირველმა მან დაიწყო მეციერული კვლევა-ძიება ქართული ანბანის სწავლებაში. იაკობ ზეგინიძის პედაგოგიურმა ალღომ ადვილად მიიღო ახალი სკოლსი კვლევა-ძიებითი მეთოდი; ზედგინიძე პირველია ჩვენს პედაგოგიურ ლიტერატურაში, რომელმაც პირველი საკითხავი წიგნებისათვის გამოიყენა ბავშვთა შემოქმედება. მან თავისი წვლილი შეიტანა აგრეთვე ჩვენი საბავშვო ბაღების მუშაობაშიც თავისი „სასაუბრო სურათების ალმობით”, რომელთა საშუალებითაც გაადვილებულია ბავშვთა ენის გამდიდრება და შეუმჩნევლად კითხვის შესწავლა” (ი. ზედგინიძის არქივი, საქმე 47).

სახელმძღვანელოებიდან ჩვენ აქ საჭიროდ მიგვაჩნია ვრცლად შევეხოთ იაკობ ზედგინიძის პრიველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოს „ახალი ქართული ანბანი”, რომელიც პირველად გამოვიდა 1920 წელ, მეთოდურ ნარკვევს: „ანბანის სწავლება ახალი ანბანით”.

ყოველი ერის ცხოვრებაში კარგად შედგენილ ანბანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ბევრმა ავტორმა შეადგინა ქართული ანბანის სახელმძღვანელო. საკმარისია დავასახელოთ პლატონ იოსელიანი, პეტრე უმიკაშვილი, ისარლიშვილი, ე. თულაშვილი, ივანე კერესელიძე, ალ. ნათაძე, არ. ქუთათელაძე და სხვა, რომ ნათელი წარმოდგენა მივიღოთ, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ ქართველი საზოგადოების მოწინავე ადამიანები კარგად შედგენილ ანბანს. მაგრამ იაკობ გოგებაშვილის გარდა ვერავინ შეძლო ყოველმხრივ გამართული ქართული ანბანის სახელმძღვანელოს შექმნა. დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა” იყო ის შესანიშნავი წიგნი, რომელზეც ათეული წლების მანძილზე ქართველი ბავშვების მთელი თაობები აღიზარდა.

მიუხედავად ასეთი წარმტებისა, ჩვენში თვით იაკობ გოგებაშვილსი სიცოცხლეშიც იყო ცდა ქართული ანბანის ახალი სახელმძღვანელოების შექმნისა (ალ. ნათაძე, არ. ქუთათელაძე) და იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგაც (ი. ზედგინიძე). ახალი ავტორები ცდილობდნენ ახალი ხერხების, ახალი ან გადამუშავებული მეთოდების საფუძველზე აეგოთ თავიანთი სახელმძღვანელოები. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი მისწრაფება მისასალმებელი იყო. იაკობ გოგებაშვილი თავის წერილებში ხშირად აღნიშნავდა, რომ რაც მეტი იქნება ამგვარი ცდა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ანბანის სახელმძღვანელოს გაუმჯობესებისა, რადგანაც შეუძლებელია ყოველ ახალ წიგნში რაიმე სასარგებლო მარცვალი არ იყოსო. ასეთი პრინციპით უნდა განვიხილოთ იაკობ ზედგინიძის „ქართული ანბანი”.

სანამ უშუალოდ სახელმძღვანელოს შევეხებოდეთ, საჭიროა მოვიგონოთ, რომ წერა-კითხვის სწავლება სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეთოდით წარმოებდა. სინთეზური მეთოდებიდან ცნობილია: ასოთშეერთების მეთოდი, მარცვალთშეერთების მეთოდი, განყენებული მეთოდი. ანალიზური მეთოდებიდან: მთლიან სიტყვათა მეთოდი და ანალიზურ-სინთეზური მეთოდი. ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა” აგებულია სახმო ანალიზურ-სინთეზურ მეთოდზე, კითხვა-წერის ხერხით. ახალ ბგერა-ასოს მოსწავლეები ეცნობიან მთლიან სიტყვაში. ანალიზის საფეხურებია: ფრაზა–სიტყვა–მარცვალი–ბგერა. სინთეზის საფეხურებია: ბგერა–მარცვალი–სიტყვა–ფრაზა.

იაკობ ზედგინიძე სხვა გზას ირჩევს. თავის „ანბანის სწავლებაში” იგი წერს: „მთავარი სიძნელე, რომელიც ხვდება ბავშვს ანბანის შესწავლის დროს, არის ეგრეთ წოდებული ბგერათა გადაბმა (слияниезвуков). ვისაც როდისმე უსწავლებია ანბანი, იმას კარგად აქვს შემჩნეული, რომ ბავშვი შედარებით ადვილად ახერხებს სიტყვების მარცვლებად და მარცვლების ბგერებად დაშლას, რაც სავალდებულოა დღევანდელ სკოლებში გამეფებულ მეთოდით ამა თუ იმ ბგერის შესასწავლად. მაგრამ, როდესაც ამ დაშლილ ბგერებს მოწაფე ხელახლა აერთებს პირვანდელი სიტყვის მისაღებად, სწორედ ამ დროს იჩენს თავს ზემოხსენებული სიძნელე: ბავშვს ვერ მოუხერხებია ადვილად ბგერების ნორმალური გადაბმა, ისეთი, როგორიც იყო სიტყვის დაშლამდე. ამაში, ჩვენი აზრით, დამნაშავეა დღევანდელი სწავლების მეთოდი. ...თვით პროცესი სწავლისა მოკლედ ასეთია: ასახელებენ (მასწავლებელი ან მოწაფე) რომელიმე სიტყვას, რასაკვირველია, კონკრეტულს, ბავშვებისათვის გასაგებს, მაგალითად, წყალი. მოწაფე შლის ამ სიტყვას მარცვლებად (წყა-ლი), შემდეგ მარცვლებს ბგერებად (წ-ყ-ა-ლ-ი). მოწაფე გამოჰყოფს ამ სიტყვაში მორიგ ახალ ბგერას, ვთქვათ, წ-ს. დანარჩენი ბგერები უკვე გაცნობილი აქვს. შემდეგ მისდევს ამ ბგერის შესწავლა: სათანადოდ, სუფთად გამოთქმა, მისი შედარება ისეთ ბგერასთან, რომელსაც გამოთქმით ენათესავებით (ამ შემთხვევაში ც-სთან), სხვა სიტყვებში ამ ბგერის (წ-ს) აღმოჩენა, დასახელება ისეთი სიტყვებისა, რომლებშიც არის (ან არ არის) ეს ბგერა და სხვა. ახალი ბგერის ასეთ შესწავლას მოსდევს მისი გამოსახულების (ასოს) გაცნობა – ბეჭდურის თუ ხელნაწერისა. დარჩა სიტყვის წაკითხვა; ამისათვის მოწაფე აერთებს ასოებს (ბგერებს) მარცვლებად და მარცვლებს სიტყვად. ამით თავდება ახალი ბგერის (ასოს) შესწავლა, შემდეგ არის მხოლოდ სათანადო მასალის კითხვა” (გვ. 3-4).

მაგრამ, იაკობ ზედგინიძის აზრით, სინთეზის დროს წარმოიჭრება ისეთი დაბრკოლებანი, რომლებიც მანამდე გაუთვალისწინებელი იყო ანდა არ შეიმჩნეოდა. რაშია ეს დაბრკოლება?

“თუ დავაკვირდებით ჩვენს ლაპარაკს, ადვილად შევამჩნევთ, რომ თანხმოვანი ბგერები ისე გამოითქმებიან სიტყვაში, რომ ვერ ვარჩევთ, სად თავდება ერთი ხმა და სად იწყება მეორე; ხოლო თუ ამავე სიტყვის შემადგენელ ბგერებს ჩამოვთვლით ცალ-ცალკე, მაშინ სულ სხვა სურათი წარმოგვიდგეაბ: ბგერებს ცალკე გამოთქმას თან სდევს, რაც უნდა მოკლედ და ძალდაუტანებლად ითქვას, რაღაცზედმეტი ხმა...” ავტორის აზრით, ამ შემთხვევაში ბეგრითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდი კვლავ იქცევა ყველასგან უარყოფილ ასოთშეერთების მეთოდად, რაც იმის ნაცვლად, რომ ბავშვს გზა გაუკაფოს და კითხვა მალე ასწავლოს, პირიქით, დაბრკოლებას ქმნის და მოსწავლეს ჩათვლით კითხვას ასწავლის.

იაკობ ზედგინიძის სიტყვით, „ჩვენ ვერ ვამნევთ, რომ ზემოხსენებულ დაბრკოლებას ბავშვს ჩვენვე ვუმზადებთ ხელოვნურად, როდესაც სიტყვის დამარცვლის შემდეგ ვავალებთ კიდევ, სრულიად ზედმეტად, მარცვლების ბგერებადაც დაყოფას, მაშინ როდესაც საკმრისია შევჩერდეთ მარცვალზე. და თუ ამვე დროს შევცვლით კითხვის პროცესს, სახელდობრ, ჩათვლით ანუ ასო-ასო კითხვას, რომელიც ახლა არის მიღებული, უკუვაგდებთ და მოწაფეს მივაჩვევთ თავიდანვე მთლიანი მარცვლებით კითხვას, მაშინ ზემოხსენებული სიძნელე ბგერათა გადაბმისა თავიდან იქნება აცილებული. მაგალითისათვის ავიღოთ სიტყვა „თითი”. ვთქვათ, ბავშვმა დაჰყო ეს სიტყვა მარცვლებად: თი-თი და გაიცნო მარცვალი „თი”. ეს მარცვალი თავის მოხაზულობით ესახება მას როგორც მთლიანი რამ (ჯერჯერობით, რასაკვირველია). ორი ასოს ერთად ჩვენება, თუნდაც პირველსავე გაკვეთილზე, არ უნდა გვაშინებდეს: ასოები „თ” და „ი” ერთად აღებული, თავისი სახით, ყოველ შემთხვევაში ნაკლებს თუ არა, იმაზე მეტ სიძნელეს არ წარმოადგენს, რასაც ზოგიერთი ჩვენი ასო. მ., ფ. შ, რ. ლ, ქ. ჯ და სხვ. შემდეგ ავიღოთ სიტყვა „თათი”. იმავე წესით ბავშვი გაიცნობს ამ სიტყვიდან მარცვალ „თა”-ს. ახლა ის ამ ორი მარცვლის შემწეობით კითხულობს კიდეც ნორმალურად, ასოების ჩაუთვლელად, სიტყვებს: თი-თი, თა-თი, თი-თა, თა-თა. შემდეგ, როდესაც გაეცნობა ორ ხმოვან ასოს „ი”-სა და „ა”-ს (სიტყვა „ია”), მოწაფეს უკვე შეეძლება მთელი წინადადების წაკითხვა: აი თი-თი, აი თი-თა, ათი თა-თი და სხვა.

...ყოველ ახალ ასოს (ბგერას) მოწაფე სწავლობს რა განცალკევებულად, არამედ მარცვლებში, ნორმალური სიტყვის შემწეობით და სათანადო სურათების დახმარებით” (გვ. 7-8).

ყოველივე ამის შემდეგ იაკობ ზედგინიძეს ასეთი დასკვნები გამოაქვს: „1. ანბანის სწავლებაში სიტყვის ბგერებად დაშლა უნდა უკუგდებულ იქნეს, რადგანაც დახმარების მაგივრად ხელს უშლის ანბანის სწავლების ნორმალურ მსვლელობას;

2. ბგერა უნდა ისწავლებოდეს არა განცალკევებულად, არამედ სიტყვაში;

3. ბგერების ნორმალურად გადაბმას სხვა ბგერებთან მოწაფე უნდა სწავლობდეს მარცვალში და მარცვლის საშუალებით;

4. კითხვის პროცესს თავიდანვე საფუძვლად უნდა დაედოს მარცვალი, მთლიანი მარცვლობით კითხვა, როგორც პირველი საფეხური მთლიანი სიტყვებით კითხვაზე გადასასვლელად” (გვ. 9).

ეს მეთოდი ენათესავება მარცვლათშეერთების მეთოდს, მაგრამ მისგან იმით განსხვავდება, რომ წინასწარ რამდენიმე მარცვლსი გაზეპირება ამ შემთხვევაში საჭირო არაა. ყოველი სიტყვსი დამარცვლსი შემდეგ (ანალიზი), ხდება მარცვლებით მისი აღდგენა (სინთეზი) და წაკითხვა. ეს მეთოდი იყენებს ანალიზურ-სინთეზურ მეთოდსაც, მაგრამ ის ჩერდება მარცვლებამდე და ასო-ბგერის ცალკე შესწავლა არ წარმოებს. ავტორის სიტყვით, საკუთრივ ასოს გაცნობა ხდება სხვათა შორის და „არ შეადგენს გაკვეთილის ღერძს”.

საერთოდ კი, იაკობ ზედგინიძის მეთოდი რამდენიმედ სახეშეცვლილი და გაუმჯობესებული იგივე მარცვალთშეერთების მეთოდია, მაგრამ პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს მეთოდი მეტოქეობას ვერ გაუწევდა ბგერით ანალიზურ-სინთეზურ მეთოდს, რომელიც ყველაზე უფრო მისაღებ მეთოდად უნდა ჩაითვალოს წერა-კითხვის სწავლების დროს. იმავე დროს, იაკობ ზედგინიძის მიერ მოწოდებული მეთოდი დაბრკოლებას ქმნის წერის შესწავლაში. ბავშვი ასოების წერას კ არ სწავლობს, არამედ მარცვლების „გადმოხატვას” მიმართავს, რაც ძლიერ აძნელებს ასოების მოხაზულობის შეგნებულად შესწავლას.

ამავე დროს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენისაგან” განსხვავებით, ის, პირველ რიგში, შესასწავლ ასოებად იღებს „თ”-სა და „ი”-ს (თი-თი), შემდეგ „ა”-ს (მარცვალში, თა-თი), რასაც რიგით მიჰყვება – ია. უნდა ითქვას, რომ ეს ექსპერიმენტი გამართულებულად ვერ ჩაითვლება და „ია” ყოველთვის დარჩება ქართული ანბანის პირველ შესასწავლ ასოებად, „დედაენის” ერთ-ერთი რეცენზენტი ნიკოლოზ ტატიშვილი სამართლიანად აღნიშნავდა: „Составитель книги отыскал на грузинском языку слово,изображающее реальный предмет и состоящее из двух гласных букв; поставив первым рисункьм изображениеэтого предмета, он счастливо избег антипедагогической необходимости начать азбуку с отдельных гласныхбукв” (იაკობ გოგებაშვილი, დოკუმენტალური მასალები, 1951, გვ. 44, ა. იოვიძის პუბლიკაცია).

მიუხედავად იმისა, რომ იაკობ ზედგინიძის სახელმძღვანელოს ცნობილმა საზოგადო მოღვაწსემ სერგო გორგაძემ დადებითი შეფასება მისცა და მისი შემოღება სკოლებში სასარგებლოდ სცნო, ჩვენ უფრო სწორა მიგვაჩნია მაინც ტ. ხმიადაშვილისა და ფ. მგელაძის რეცენზიები. კერძოდ, ეს უკანასკნელი შემდეგს აღნიშნავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ავტორს ბევრი უმუშავია, თითქოს ახალი გზა მოუნახავს წერა-კითხვის სწავლების საქმეში, მე მაინც არ შემიძლია დავეთანხმო მას მისი მეთოდის უპირატესობაში სხვა მეთოდებთან შედარებით. პირიქით, მე მწამს, რომ თუმცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას” ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ მასში გატარებული მეთოდი უფრო ნამდვილია და მიზანსაც უფრო ადვილად მიაღწევს. რასაკვირველია, ჩემი დასკვნა უფრო თეორიულია და დარწმუნებული ვარ, ყველა დასკვნა თეორიული იქნება „ანბანის” შესახებ, რადგან მისით ჯერ არავის უსარგებლია და პრაქტიკას მის შესახებ თავისი მსჯავრი არ წარმოუთქვამს. ...ხსენებულ „ანბანს” ღირსებაც ბევრი აქვს, როგორც ეს ზევით აღვნიშნე, მაგრამ სწავლების პრინციპს, მე მოსაწონად ვერ ვაღიარებ” (ი. ზედგინიძის არქივი, საქმე №62).

გარდა ქართული ანბანისა, იაკობ ზედგინიძეს, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ვ. ჯაფარიძესთან ერთად შედგენილი ჰქონდა „Методическая хрестоматия”, რომელიც სკოლებში სახმარებლად საკმაოდ იყო გავრცელებული. ამ წიგნმა მის ავტორებს თავის დროზე ბევრი უსიამოვნება მიაყენა.

ამის მიზეზი უმთავრესად ის იყო, რომ დასახელებული ავტორების ეს სახელმძღვანელო პედაგოგიური საზოგადოებრიობის ზოგიერთმა ჯგუფმა იაკობ გოგებაშვილსი „რუსკოე სლოვოს” წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნია. რასაკვირველია, ეს სწორი არ იყო. ჩვენ გვინდა მოკლედ იმ პოლემიკის სურათი აღვადგინოთ, რომელიც ამ წიგნსი ირგვლივ წარმოებდა.

ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვოს” I და II ნაწილს დიდი პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული. ეს, რასაკვირველია, აიხსნებოდა ამ სახელმძღვანელოს შესანიშნავი ღირსებით. მესამე და მეოთხე კლასებში „რუსკოე სლოვოს” მიხედვით ასწავლიდნე რუსულ ენას. იაკობ ზედგინიძისა და ვ. ჯაფარიძის „მეტოდიჩესკაია ხრესტომატია” კი, შემდგენლების აზრით, შემდეგი საფეხურისათვის იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ამ ქრესტომათიას უსაყვედურებდნენ, რომ ის უფრო რუსი ბავშვებისათვის არის განკუთვნილი და არა ქართველებისათვის, მაშინ როდესაც, როგორც ჟურნალ „განათლების” ერთი თანამშრომელი აღნიშნავს, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო ამ მოთხოვნას სავსებით აკმაყოფილებს. „ქართველ ბავშვებს გონების გასავითარებელ მასალას დედა ენის სახელმძღვანელო აძლევს, მაშასადამე, აუცილებლად საჭიროა დედა ენისა და უცხო ენის სახელმძღვანელოს შორის სუფევდეს რაიმე კავშირი. ეს აუცილებელი კავშირი არსებობს „დედა ენასა” და „რუსკოე სლოვოს” შორის. ...ის სული, რაც „დედაენაში” ტრიალებს, „რუსკოე სლოვოშიც” გადადის და ბავშვის ფსიქიკა ნორმალუადაც ვითარდება და რუსულსაც გაუჭირვებლად სწავლობს”. ამ ღირსებას იაკობ ზედგინიძის სახელმძღვანელოც არ იყო მოკლებული. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, თითქოს „მეტოდიჩესკაია ხრესტომატიის” ავტორებს მიზნად ჰქონდა დასახული „რუსკოე სლოვოს” სკოლებიდან განდევნა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. 1911 წლის გაზეთი „კოლხიდის №159-ში იაკობ ზედგინიძე და ვ. ჯაფარიძე გარკვევით აღნიშნავენ: „კერძოდ, ქართველი მოწაფე უნდა გადავიდეს ჩვენს წიგნზე მხოლოდ შემდეგ ბ-ნ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვოს” (ორივე ნაწილის) გავლისა”.

ის კამათი, რომელიც ამ წიგნსი გარშემო წარმოებდა, ხშირად უფრო პირადულ ხასიათს ატარებდა, ვიდრე ობიექტურსა და პრინციპულს. ამიტომ მართალი იყვნენ ავტორები, როდესაც წერდნენ: „ჩვენი მეთოდური ქრესტომათიის დაფასება-დაწუნება უსათუოდ შემდეგის მხრივ უნდა ხდებოდეს; 1. რამდენად უადვილებს სახელმძღვანელო ბავშვებს უცხო ენის შესწავლა-შეთვისებას? 2. რამდენად შეწონილაი წიგნის შინაარსი ბავშვების ასაკთან? 3. რამდენად საღია და ფაქიზი წიგნში მოთავსებული მასალა და რამ მხრივ არის იგი განხილული.

ჩვენი შეხედულება რუსული ენის შესასწავლ სახელმძღვანელოზე, რომელიც დანიშნულია არარუსთათვის, ასეთია: რუსული ენის სახელმძღვანელომ უნდა შეასწავლოს მოწაფეს ნამდვილი რუსული ენა მხატვრულ ნიმუშებზე, გაამდიდროს მის რუსული ენის ლექსიკონი, გააცნოს მის მდიდარ ფორმებს. შინაარსის მხირვ, მასალა უნდა იყოს ყოვლად ფაქიზი, წმინდა გრძნობათა გამაღვიძებელი მოწაფეებში და საუკეთესო მისწრაფებათა აღმზრდელი. თავისუფალი უნდა იყოს წიგნი ტენდენციური მასალისაგანაც და არ უწყობდეს ხელს სულმდაბალ მასწავლებელს, კიდეც რომ მოინდომოს, არასასურველი ხასიათი მისცეს თავის მოღვაწეობას. შემდეგენელის მიერ ისე უდნა იყოს მასალა დამუშავებულ-დალაგებული, რომ მოწაფე შეისწავლიდეს მას სრული შეგნებით, მოკლე დროში, რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის დახარჯვით; აჩვევდეს კითხვას, კრიტიკულ მსჯელობას, ერთი სიტყვთ, შემდეგენლამ უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებელს – ისე შეასწავლოს წიგნი მოწაფეს, რომ მან თითქმის ვერც კი შეამჩნიოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, როცა უცხო მწერლების ნაწარმოებს სწავლობს, ყველაფერი თავისიანად უნდა ეჩვენოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ან საკუთარი თვალსაზრისი ასწონ-დასწონოს, და თუ მაინცა და მაინც შეხვდა უცხო ბუნების, ან ხალხის ზნე-ჩვეულების დამახასიათებელი სურათები, ისინიც სრული შეგნებით მიიღოს, როგორც სასარგებლო ცოდნა უცხო ხალხის ცხოვრებიდან. ასეთი უნდა იყოს, ჩვენი შეხედულებით, რუსული ენის სახელმძღვანელო ჩვენ სკოლებში სახმარებელი განსაკუთრებით მესამე საფეხურზედ” (ი. ზედგინიძის არქივი, საქმე №87).

დაკვირვებული მკითხველისათვის ცხადია, რომ აქ წამოყენებული დებულებანი სახელმძღვანელოს შექმნის საკითხში ისეთს არაფერს შეიცავს, რაც მიუღებელი იყოს და/ან აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ამ პრინციპების გამოყენებით ცდილობდნენ ავტორები ამ ქრესტომათიის გამართვას. ცხადია, ბევრი რამ ამ მითითებებიდან განუხორციელებელი რჩებოად, მაგრამ ეს წიგნი მაინც გარკვეულ სამსახურს უწევდა ჩვენს სკოლებს.

დასასრულ მოკლედ გვინდა შევეხოთ იმ მუშაობას, რომელიც იაკობ ზედგინიძემ ჩაატარა ქრათული წერის დედნის შემუშავების საქმეში. ამ საკითხისადმი მას მრავალი წერილი აქვს მიძღვნილი და ბოლოს წიგნიც გამოაქვეყნა: „ქართული წერის მეთოდიკა” (1934).

ქართული წერის დედნის შემუშავებისათვის ჩატარებულ მუშაობას თავისი ისტორია აქვს. საკმარისია აღინიშოს, რომ წერის დედნები გამოცემული ჰქონდათ ვ. გაბიჩვაძეს, ს. დათეშიძეს, ა. ჯუღელს, პ. უმიკაშვილს, გ. გაფრინდაშვილს, ა. მირიანაშვილს და სხვ. მაგრამ ჩვენი ასოების მოხაზულობისათვის და ამ მიზნით სათანადო რვეულის შექმნისათვის პედაგოგიურად ყველაზე მეტად გამართულებული იყო იაკობ გოგებაშვილსი მიერ შემუშავებული დედანი.

იაკობ გოგებაშვილის თავგამოდებული ბრძოლის შედეგი იყო აგრეთვე ისიც, რომ ქართული ასოების დაწერილობას პირდაპირი სახე მიეცა. მის მიერვე იქნა ჩვენში შემოღებული ბადიანი რვეული, რომელიც ძლიერ უწყობს ხელს ბავშვებს უფრო ადვილად და სწრაფად დაეუფლონ წერის ხელოვნებას. ამ საკითხზე იაკობ გოგებაშვილს გამოთქმული აქვს მეტად საგულისხმო მოსაზრებანი (იხ. მისი რჩეული ნაწერები, II, 1940. პროფ. გ. თავზიშვილის რედაქციით). „ქართული დედის შესახებ” „დედაენის” ავტორი წერს: „საწერი ბადის შემოღება ჩვენში ახალი საქმეა და საჭიროა ცოტა დაწვრილებით და ვრცლად მოვილაპარაკოთ. რუსული და სხვა ევროპული ანბანები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტივნი არიან, – შესდგებიან შუალა ასოებიდან, რომელნიც ორს ხაზს შუა ეტევიან; მხოლოდ მცირეოდენი წილი ასოებისა გადასცდება ამ ხაზებს ზემოთ და ქვემოთ და ისიც პატარა მანძილზედ; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველგან ევროპაში სამწერლო ბადე მიღებული აქვთ, როგორც დამხმარებელი და გამადვილებელი ღონისძიება. მით უმეტეს საჭიროა იგი ჩვენთვის – ქართველებისათვის, რომელთა ანბანი ძალიან რთულია, იპყრობს მხოლოდ ოთხიოდე შუალა ასოსა, ყველა სხვა ასოები – კი მოზრდილ მანძილზედ ადიან და ჩადიან ზემო-ქვემო. მართალია, ზოგნი უარჰყოფენ ბადესა, მაგრამ ამათი აზრი ყველა დაწინაურებულს პედაგოგებს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რადგანაც ბადეში წერის დროს ბავშვს რჩება საკმარისი თავისუფლება, სწორედ იმდენი, რამდენისაც ატანა შეუძლიან პრიველს ხანებში; ვიდრე ხელი ხამი აქვს, ბადე იფარავს ბავშვს შეცდომილებისაგან და კალმის თავისუფალი ხმარებისათვის ისევე ჩქარა ამზადებს, როგორც ჭოჭინა ეხმარება უსუსურს ბავშვს დროიანად ფეხის ადგმაში. მაგრამ ბადის ხმარებას შეუძლიან ნამდვილი ვნებაც მოუტანოს ბავშვსა, თუ დიდხანს აწერნებენ მასში.

...ჩვენში ბადე ორი თვისებითაც განსხვავდება რუსული და საზოგადოდ, ევროპული ბადისაგან: ხაზები არის სწორი და ოთხი მწოლარე ხაზის მაგიერ ექვსი ხაზი გვაქვს მიღებული.

...ჩვენებურს ასოებს სამი უმთავრესი ნაწილი აქვს: თავი, შუა წელი და ბოლო. ბადე უთუოდ უნდა უჩვენებდეს ბავშვს, რა სიდიდე მისცეს არა მარტო შუა წელს, არამედ თავსაც და ბოლოსაც” (გვ. 219-223).

იაკობ გოგებაშვილის მიერ შემუშავებული პრინციპები ამჟამადაც მიღებულია და ძირითადად მას ეყრდნობა პროფ. ვ. თოფურიას მიერ შემუშავებული „ქართული წერის დედანი”. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქართული წერის დედნის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა თავის დროზე იაკობ გოგებაშვილის „დედნის” გამოშვებასთან ერთად შეწყდა. პირიქით, იყო საკმაოდ სერიოზული და დასაბუთებული ცდები მთელი რიგი საკითხების ახლებურად გადაწყვეტისა. ასეთ მოღვაწეთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს იაკობ სიმონის ძე ზედგინიძესაც.

1934 წელს გამოცემულ „ქართული წერის მეთოდიკაში” იაკობ ზედგინიძემ დედნის მნიშვნელობა ასე განსაზღვრა: „რა გზით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ბავშვი, შეითვისოს ლამაზი და უნაკლო ფორმების ასოები, თუ არა დედნის საშუალებით, რომელსაც ასრულებს ხელოვანი, კალიგარფი. მაგრამ ამით არ თავდება დედნის მნიშვნელობა. დედანი შველის ბავშვს: 1. დაიცვას წერაში ერთნაირი მიმართულება ასოებისა. 2. დაიცვას თანბარი მანძილი როგორც ასოებს შორის, ისე სიტყვებს შორის. 3. დაიცვას ასოების ნორმალური ზომა, ხოლ მათ ნაწილებს შორის – პროპორცია. 4. შეისწავლოს ასოების გადაბმა” (გვ. 12).

ამ უკანასკნელ საკითხზე იაკობ ზედგინიძეს ბევრი მუშაობა აქვს ჩატარებული. მოცემული აქვს ტიპები, რომელი ქართული ასოებ რომელს გადაებმის და როგორ, აგრეთვე ცალკეული ასოების დაწერილობის მოხაზულობა გამული ხელის უკეთ დაუფლების მიზნით. მართალია, ბევრი მის მიერ მიღებული წესი ამჟამად ხმარებაში არაა, მაგრამ საერთოდ მისმა წიგნმა თავის დროზე მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია სკოლებს.

მეტად საყურადღებოა აგრეთვე მისი მოსაზრებანი ბადიანი რვეულის შესახებ. ბადიანი რვეული წინათ ჩვენ არ გვქონდა. იგი შემოიღო იაკობ გოგებაშვილმა. ქართულ ბადეში მან შეიტანა ის ცვლილება, რომ გამკვეთ ხაზებს, დახრილი მიმართულების ნაცვლად, მისცა ვერტიკალური მიმართულება, ქართული წერის პირდაპირ მიმართულებასთან შეფარდები”. იაკობ ზედგინიძე სწუნობდა ქართული წერისათვის მიღებული ოთხკუთხოვან ბადეს. „ქართული ანბანის სტრუქტურა მრგვლოვანია. ქართულ შრიფტში არ მოიპოვება ასო, რომელშიც არ შედიოდეს წრე – შეკრული თუ ღია, ან მისი მცირე ნაწილი მაინც. ამავე დროს ვერ ნახავთ ასოს, რომელიც მსგავსად რუსულისა, იწერებოდეს მარტო სწორი ხაზით. ...ცხადია, ამიტომ ჩვენ უნდა ვეძიოთ სხვა სახის ბადე, რომელიც ნამდვილად შეფარდებული იქნება ქართული ასოების მრგვლოვან მოხაზულობასთან”, – მიუთითებდა იგი.

“...გადავავლოთ თვალი ქართულ ანბანს, დავაკვირდეთ კარგად ასოების ფორმებს, იქნება თვით ანბანში ვიპოვოთ ის, რასაც ჩვენ ვეძებთ და რაც ჩვენთვის ასეა საჭირო. მართლაც, ქართული ანბანის პირველსავე შეხედვაზე თვალშ იგვეცემა სიჭარბე წრეებისა და ოვალებისა, შეკრული თუ ღიასი, რომლებიც ჩრდილავენ თავის სიმრავლით აქა-იქ, მათ შორის გაბნეულ სწორ ხაზებს” (იხ. ი. ზედგინიძის არქივი, საქმე 73. წერილი „ქართული წერის ბადე”).

იაკობ ზედგინიძემ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით შექმნა რვეულის ბადის ახალი ფორმა, რომელშიც სწორკუთხა ოთხკუთხედების ნაცვლად მოცემულია წრეები (ოვალები). იქვე მოყვანილია ნიმუში, თუ როგორ უნდა დაიწეროს ქართული ასოები ამ ახალი ფორმის მიხედვით. სამწუხაროდ, ეს რვეული, რამდენადაც ვიცით, არ გამოცემულა და ამჟამად შეუძლებელია თქმა, როგორ შეფასებას მიიღებდა პრაქტიკოს მასწავლებლებისაგან. ისე კი შეიძლება აღინიშნოს, რომ იაკობ ზედგინიძის მოსაზრებანი უჯრედებიანი და წრეებისაგან შემდგარი ქართული წერის დედნის რვეულის ფორმების შესახებ სერიოზულად დააფიქრებს კაცს. ავტორის აზრი ოვალებისაგან შემდგარი ბადის უპირატესობის შესახებ ყურადღების ღირსია. იგი მიუთითებს ავტორის ცხოველ ინერესზე კვლევა-ძიებისადმი.

იაკობ ზედგინიძის სახით ჩვენ გვყავდა სახალხო განათლების დარგის ენერგიული მუშაკი. მისი მოღვაწეობის ფართო დახასიათება მომავლის საქმეა. ამჟამად ჩვენ ამ მოკლე ნარკვევით ვკმაყოფილდებით და ვფიქრობთ, რომ დაინტერესებულ მკითხველს მისი წაკითხვით საკმაო წარმოდგენა ექნება ჩვენი კულტურის ერთ-ერთ გულწრფელ მოღვაწეზე.