ილია ზარაფიშვილი (1856-1909)
ილია ზარაფიშვილი დაიბადა სოფელ ქვემო მაჩხაანში (ქიზიყი). პატარა ილია მამამ სასწავლებლად თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, შემდეგ კი მან თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა.
1878 წელს ილია ზარაფიშვილმა დაამთავრა სემინარია, სამოღვაწეოდ თელავში დაბრუნდა და თელავის სასულიერო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელშიც ასწავლიდა მათემატიკას.
1878 წელს სინოდისაგან გამომგზავნილმა რევიზორმა გრიგორევიჩმა დაათვალიერა საქართველოს სასულიერო სასწავლებლები და წინადადება მისცა მათ ხელმძღვანელებს, რომ შეემცირებინათ ქართული ენის გაკვეთილები ყველა კლასში და გაეზარდათ რუსული ენის გაკვეთილები.
ილია ზარაფიშვილი მეტად აღაშფოთა ამ დამამცირებელმა განკარგულებამ. მან გაბედულად დაიწყო პროგრამის ვიწრო ჩარჩოებიდან გამოსვლა და მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების გარდა ასწავლიდა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებებსა და აცნობდა საქართველოს სასახელო წარსულს, რათა ბავშვებში გაეღვივებინა ეროვნული სიამაყის გრძნობა.
ილია ზარაფიშვილი მოსწავლეთა და მშობელთა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, რაც სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუმჩნეველი არ დარჩა.
ილია ზარაფიშვილს არ აშინებდა მეფის მოხელეთა სისასტიკე და დაუნდობლობა და იგი გაბედულად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ და რევოლუციურ მუშაობაში. ხალხოსნური იდეებით გატაცებულ ილიას მიზნად ჰქონდა დასახული მონარქიული წყობილების წინააღმდეგ ბრძოლა, ხალხში განათლების შეტანა და გლეხკაცობის დაცვა ორფეხა წურბელებისაგან. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადო საქმეებში და გაზეთ „ივერიის” ფურცლებზე აშუქებდა კახეთის ჭირსა და ვარამს. ილია ზარაფიშვილის წერილები „ნადიკვრელის” ფსევდონომით იბეჭდებოდა გაზეთ „დროებაში”, ივერიასა” და „ცნობის ფურცელში”. ამ წერილებმა მას მალე გაუთქვა სახელი.
ილიას განუყრელი მეგობრები იყვნენ: ალ. ყიფშიძე, ანტონ ფურცელაძე, ვასილ ბარნოვი, იოსებ დავითაშვილი და სხვები. ილაის ოჯახში იმართებოდა მწვავე დისკუსიები მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე.
ილია ზარაფიშვილის ოჯახში გაიზარდა ხალხური სიმღერების ჩამწერი და კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, რომელმაც აქ შეიყვარა ქართული წიგნი. ილია ზარაფიშვილის მდიდარი ბიბლიოთეკა აწვდიდა მას სულიერ საზრდოს.
ილია ზარაფიშვილი ნამდვილი ცოცხალი ენციკლოპედია იყო ისტორიული ეთნოგრაფიისა, მას ისე კარგად ჰქონდა შესწავლილი ხალხური თქმულებები, დღეობები, ხატობა და გლეხის ყოფა-ცხოვრების საკითხები, რომ დახმარებასაც კი უწევდა ცნობილ მკვლევარებს. მაგალითად, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში” (ტ. I, 1928) ბევრგან იმოწმებს ილია ზარაფიშვილს თეთრი გიორგის კულტის ახსნის საკითხში.
გაღატაკებული, დაბეჩავებული და ეკონომიკურად დაჩაგრული გლეხობის ბედი ილია ზარაფიშვილს არ ასვენებდა და ცდილობდა დახმრებოდა მათ. მან გლეხთა რევოლუციურ მოძრაობაში გარკვეული მონაწილეობა მიიღო.
გლეხის ჭირ-ვარამის მოზიარე ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში არა ერთხელ შეხებია გლეხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს. ის მოუწოდებდა ქართველ ინტელიგენციას, რომ თბილისსა და ქუთაისში დაარსებულიყო სამეურნეო საზოგადოება და სოფლად – ამხანაგობანი. „ამხანაგობათა წყლობათი ხალხი და სამეურნეო მეცნიერება ისე დაუახლოვდებიან ურთიერთს, იმდენს საზრდოს მისცემენ ერთმანეთს, რომ ორთავეს სიცოცხლე და ნაყოფიერება მოემატებათ, ორთავეს საქმე წარიმართება და საყოველთაო სასარგებლოდ დატრიალდება”, – წერდა იგი.
ილია ზარაფიშვილს სწამდა, რომ გლეხს გაჭირვებასა და სიღარიბიდან გამოიყვანდა სამეურნეო ცოდნის მიღება, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების კითხვა. ილიამ თელავში გამართა სამეურნეო იარაღის საწყობი, მიაწოდა მათ ადგილობრივ სამჭედლოში გაკეთებული ტლანქი სახნისის მაგივრად ქარხნის მოქნილი გუთნები.
ილია ზარაფიშვილს საზოგადოებრივ მოღვაწეობაზედაც თავისებური შეხედულება ჰქონდა: „საზოგადო მოღვაწე, ხალხის თანმგრძნობელი უნდა იყოს, უანგარო და საქმის მოყვარული და არა იმისთანა, რომელსაც თავის თავი ხალხი ჰგონია და ხალხად მარტო თავისი პიროვნება მიაჩნია”. ეს უანგარო და საქმისმოყვარული ადამიანი, ხალხის გულწრფელი მსახური კახეთის ცხოვრების არც ერთ კუთხეს უყურადღებოდ არ ტოვებდა. მისი ყურადღება თელავის ქალთა უუფლებო მდგომარეობამაც მიიქცია.
1898 წელს ილია ზარაფიშვილმა თავისი ოჯახის გარშემო შემოიკრიბა მოწინავე ქალთა პატარა ჯგუფი: ბაბო სულხანიშილი (ილია ზარაფიშვილის ცოლისდა), ქეთო ზარაფიშვილი, დები ანა და თამარ პაატაშვილები. ამ პატარა ჯგუფმა ილიას მეთაურობით და ხელმძღვანელობით გადაწყვიტა ქალთა ამხანაგობსი დაარსება. ილია ზარაფიშვილმა თვითონ შეადგინა ამხანაგობის სამოქმედო გეგმა.
ილია ზარაფიშვილის ხელმძღვანელობით თელავის ქალთა ამხანაგობამ ფართოდ გაშალა მუშაობა. ამხანაგობაში აგერთიანდა ორმოცდაათამდე ქალი. ამხანაგობა მართავდა კრებებს, იქ იკითხებოდა მოხსენებები, ჩამოაყალიბეს სცენისმოყვარეთა წრე და მართავდნენ წარმოდენებს, თუმცა მათ ბევრი წინააღმდეგობა ხვდებოდათ. 1896 წლის დასაწყისში ერთი ასეთი წარმოდგენის გამართვისას ილია ზაფარიშვილი შემდეგი წერილით მიმართავს თავის ახლო მეგობარს ალექსანდრე ყიფშიძეს: „გიგზავნი სამს მანეთს და რაც ფორმალური დავიდარაბა უნდოდეს, შეასრულეთ და ნებარვა გუბერნიის სამთავროსი გამოგზავნეთ, ან მოახერხეთ, რომ ეს ნებართვა გადმოსცენ მაზრის უფროსს ტელეგრამით. ჩვენთვის საჭიროა სიჩქარე, არდგანაც აფიშებს უმაგ ნებართვოთ ვერ დავაბეჭდინებთ და დრო კი ჩვენ არ გვიცდის”.
როდესაც ქალთა ამხანაგობაში უთანხმოება ოხდა, თავადის ქალები აგმოეყვნენ. ამხანაგობამ გახსნა ჭრა-კერვის სასწავლებელი ახალგაზრდა ღარიბი ქალებისათვის. ხელი მოკიდეს აბრეშუმის ჭიის მოვლა-მოშენებას, მოაწყვეს პატარა ძაფსახვევი ქარხანა. ამ საქმის შესასწავლად ორი ქალი გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში. დაიწყეს მატყლის დამუშავება. ამავე დროს არ შეწყვეტილა ლექცია-მოხსენებების კითხვა.
ილია აქტიური წევრი იყო „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა”.
საზოგადოებრივ-კულტურულ და რევოლუციურ საქმიანობაში ჩაბმული ილია ზარაფიშვილი ოცდახუთი წლის მოღვაწეობის შემდეგ ტოვებს პედაგოგიურ ასპარეზს.
ილია სათავეში ჩაუდგა იმ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავდა დაბეჩავებული და დაჩაგრული სოფლის მასწავლებლის გამოფხიზლებას და მშობლიური ენის დაცვას. შეუდრეკელმა და გაბედულმა ადამიანმა თავს იდო მასწავლებელთა კავშირის დაარსება თელავის მაზრაში. შეკრიბა პროგრესულად განწყობილი მასწავლებლები: ნ. მამინაიშვილი, დ. ცისკარიშვილი, დები ნინო და ელენე შიუკაშვილები, ნ. მარკოზაშვილი, ვლ. ედილაშვილი, ქ. ზარაფიშვილი და სხვანი. გააცნო მათ რუსეთსი მასწავლებელთა კავშირის დაარსების ფაქტი და მისი მიზნები, თხოვა მათ მასწავლებელთა კავშირში გაერთიანება და სოფლის მასწავლებლებთან დაახლოება. ამრიგად, ილია ზარაფიშვილის ხელმძღვანელობითა და თავმჯდომარეობით 1905 წლის რევოლუციის დროს თელავისა და მის ახლო სოფლების მასწსავლებლებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ მასწავლებელთა კავშირი, რომლის წევრებს დაევალა ხალხში გასვლა და რევოლუციაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
ილია ზარაფიშვილის პირდაპირი და აქტიური მონაწილეობა რევოლუციურ მოძრაობაში მეფის დამქაშებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ილია დააპატიმრეს და შორეულ ჩრდილოეთში გადასახლება გადაუწყვიტეს, ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის გამო გადასახლება სამშობლოდან წასვლით შეუცვალეს. მან დატოვა სამშობლო მხარე და თავრიზს შეაფარა თავი, მაგრამ საქართველოდან გადახვეწილს მასაც ის ბედი ეწია, რაც ბევრ მის თანამოაზრეს. ილია ზარაფიშვილი დაავადმყოფდა, დაუძლურდა და სამშობლოში დაბრუნება ითხოვა.
ილია ზარაფიშვილი მრავალგზის შეურაცხყოფილი დაუბრუნდა მის საყვარელ თელავს, სადაც 1909 წელს გარდაიცვალა.
ილია ზარაფიშვილის ცხედარს ორიოდე გაბედული ნაცნობი და მეფის ჯარის ნაწილი აცილებდა. ასე დაამთავრა სიცოცხლე ამ პატრიოტმა ადამიანმა.