‍მიხეილ ზაალიშვილი (1865-1920)

ავტორი: ვარლამ ქაჯაია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

zaalishvili mixeilქართული სახელმძღვანელოების ავტორი და ცნობილი პედაგოგი მიხეილ ზაალიშვილი იმ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საქვეყნო საქმეს ემსახურებოდა უჩინრად, უხმაუროდ, უანგაროდ და ვისაც ეს ხალხის საკეთილდღეო თავისი საქმიანობა მიაჩნდა პიად მოთხოვნილებად, მოვალეობად სამშობლოს წინაშე და არა ღვაწლად. მისი ბიოგრაფია ამას ცხადად გვიჩვენებს.

მიხეილ ზაალიშვილი დაიბადა 1865 წლის 10 სექტემბერს ძვ. სტილით რეხულას ხეობაში, სოფელ იგოეთს, რომელიც კასპის რაიონში შედის. მიხეილის მამა, ყარამან დავითის ძე აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა, არც ხელმოკლე მემამულედ ითვლებოდა, მაგრამ მამულს თვითონ უვლიდა. მხნე და გამრჯე კაცი იყო, თანაც წესიერი: დროზე გაიტანდა გუთანს სახნავად, თივის ზვინებსაც ვადაზე დასდგამდა, ქერსა თუ პურს გაუხანებლივ გალეწდა და რთველიც ღვინობისთვეში იცოდა, როცა მოწეულ ყურძენს შემოდგომის მზე სიტკბო-შაქარს უმატებს ხოლმე. მამის მხნეობა-გარჯილობა და წესიერება, საქმის დროზე შესრულება ჩვენს მიხეილსაც გამოჰყვა.

დედა მიხეილისა მარინე, სოფელ ძევერადან, აზნაურ ექვთიმე ჯავახიშვილის ქალი იყო, შინაურად ნასწავლი მანდილოსანი, ხელნაწერებზე აღზრდილი, რომელიც მეზობლებს სწამლობა „კარაბადინის” მიხედვით და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა ახლო-მახლო სოფლებში. იქნებ დედის გავლენის ნაყოფიც იყოს მიხეილის მიდრეკილება ბუნებისმეტყველებისადმი.

ყარამანისა და მარინეს ოჯახი პატარა არ იყო: მათ ჰყავდათ 8 ვაჟი და ერთი ქალი. ერთი ვაჟის (შაქროს) გარდა ყველა შერჩათ, ყველა გზაზე დააყენეს და ყველას სწავლა მისცეს. შვილებში მიხეილი, ვაჟებს შორის მესამე, ერთადერთი იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო.

პირველდაწყებითი სწავლა მიხეილმა მიიღო ოჯახში მშობლებისაგან, ხოლო 10 წლისა ოჯახსა და სოფელს მოაცილეს, ჩამოიყვანეს ქ. თბილისში, მიჰგვარეს უშვილო მამიდას ნატალია დავითის ასულს კარგარეთელს და მას ჩააბარეს მისი მოვლა და აღზრდა. ქალაქში სახელდობრ რომელ სასწავლებელში მიიღო განათლება მიხეილმა, ამაზე გარკვეული და უეჭველი ცნობები არ მოიპოვება არც საბუთებში, არც განსვენებულის ცოლ-შვილში და მით უფრო, ნათესავებსა და ნაცნობებში. დანამდვილებით ვიცით მარტო ის, რომ 1887 წ. გაზაფხულზე, კოიალოვიჩის დირექტორობის დროს, მიხეილ ზაალიშვილმა დაამთავრა თბილისში ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო, ანუ, როგორც მაშინ ეძახდნენ, საოსტატო ინსტიტუტი, დაამთავრა ბრწყინვალედ: ოქროს მედლით და საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის წოდებით.

ამიერიდან მიხეილს მასწავლებლობის გზა ხსნილი აქვს, მაგრამ მას არ აკმაყოფილებს ეს სარბიელი. მას აფიქრებს საქართველოს ეკონომიური და კულტურული ჩამორჩენილობა. ეს კარგად ჩანს მისი ერთი ცოტა გვიანდელი წერილიდან, „ქართლელი მეურნეს” საპასუხოდ რომ დაწერა: „ჩვენი სამშობლო ისეთი ქვეყანაა, – ამბობს აქ ზაალიშვილი, – საცა ყველა კულტურული ძვირფასი მცენარე ადვილად მოვა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი უსაწავლელობის გამო, მარტო პუროვან მცენარეებს მივჩერებივართ. რუსული ხორბალი ინგლისის ბაზარში განდევნილი იქნა ამერიკული ხორბლისაგან და საკვირველი არ არის, რომ რუსულმა ხორბალმა განდევნოს ჩვენი ხორბალი თვითონ საქართველოდამ, – იქამდის დასწიოს ხორბლის ფასი, რომ ჩვენ მეურნეთ პუროვანი მცენარეების მოყვანით სარგებლობის მაგიერ ზარალი ნახონ. მერწმუნოს „ქართლელი მეურნე”, – განაგრძობს ზაალიშვილი, – რომ თუ ჩვენში სხვადასხვა კულტურულ მცენარეების მოყვანას არ შემოვიღებთ და არ შევცვლით ხასიათს ჩვენი მეურნეობისას, ჩვენ, ქართველი მეურნენი, მთლად ქართველობა, შორს ვერ წავალთ. გონივრულად რომ შეიცვალოს ჩვენი ეხლანდელი მეურნეობის მიმართულება და ხასიათი, ამისათვის გონიერი და კარგი ნასწავლი სპეციალისტები აგრონომები არიან საჭირონი”, – ასე ამთავრებს თავის აზრის დასაბუთებას ჩვენი ავტორი (“მეურნე”, 1891, №7).

ეს გრძელი ამონაწერი იმ აზრით მოვიტანეთ აქ, რომ ნათელი და გასაგები იყოს ის ნაბიჯი, რომელიც მიხეილ ზაალიშვილმა გადადგა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ: მომდევნო 1888 წლის აგვისტოში მას ვხედავთ პოლონეთში, ნოვო-ალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყეობის ინსტიტუტის სტუდენტად: აგრონომიული ცოდნით შეიარაღებული უკეთესად შეძლებდა აგრარულად ჩამორჩენილი ქვეყნის სამსახურს. ნოვო-ალქესანდრიის ისნტიტუტი მაშინ სამწლიანი იყო და 1893 წლამდე არავითარ სამსახურებრივსა, წოდებრივს ან სამეცნიერო უფლებას არ აძლევდა, ასე რომ, აქ სწვლადამთავრებულებს მერე უხდებოდათ მსგასვ სხვა სასწავლებელში გადასვლა. აქ მიხეილმა სწვლა 1891 წელს დაამთავრა, როგორც ატესტატში უწერია, აგრონომის წოდების ძიების უფლებით, რასაც მან მიაღწია უფრო გვიან, 1895-1897 წლებში.

ნოვო-ალექსანდრიაში სწავლის ხანა მიხეილ ზაალიშვილის ცხოვრებაში იმით არის საყურადღებო, რომ ამ დროიდან იგი გამოდის სამწერლო ასპარეზზე: ქართულ აგრონოიმულ ჟურნალ „მეურნეში”, რომელსაც მაშინ ვასილ სულხანიშვილი რედაქტორობდა, იგი ბეჭდავს მთელ რიგ წერილებს. მისი სადებიუტო წერილი იყო „ნეხვი, როგორც სასუქი” (“მეურნე”, 1889, №№47, 48). ამავე ხანას ეკუთვნის ორი სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემა: „საზოგადო ზოოტეხნია ანუ საქონლის მოვლა-მოშენება” (1890) და „საზოგადო მიწათმოქმედება” (1891).

“მეურნეში” მიხეილ ზაალიშვილი თანამშრომლობს სამშობლოში დაბრუნების ემრეც. ასევე მონაწილეობს საზოგადო საქმეებშიც. მაგალითად, იგი წერია „ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობისა” (გაზ. „ივერია”, 1892, №89), რომელმაც საკმაო კულტურტრეგერული როლი შეასრულა ჩვენს ცხოვრებაში. მიხეილი ერთხანად არის წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის ზედამხედველიც (“ივერია, 1892, №228). მერე კი ის მსახურობს ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლის ოთხკლასიანი საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად. აქ ყოფნისას მან დაწერა შრომა იქ მოსახლე ლოთრანგ სექტენტებზე: „Менониты и их колонии на Кавказе”, რომელიც შედარებით გვიან დაიბეჭდა, 1887 წელს, სასწავლო ოლქის სერიულ გამოცემაში „Сборник материалов для опис. местной племен Кавказа” (23, ვ. 89-127).

ეს დაუდეგარობა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება იმის მაჩვენებელიც არის, რომ ენერგიამოჭარბებული მიხეილ ზაალიშვილი მიღწეულის კმაყოფილი არ არის და უფრო მეტ საქმეს ეძებს. სწორედ ენერგიაჩქეფს მის შემდეგ სიტყვებში: „კაცი ის არის, ვინც ბრძოლის ველზე – ცხოვრებაში – იბრძვის უკანასკნელი სულის ამოსუნთქვამდე და არა ის, ვინც ცხვირჩამოშვებული უჩივის ბედს. ეს... ძრიელ ადვილია და ამითი აიხსნება, რომ ყველა ჩივილს მიჰმართავს ხოლმე, როდესაც პირდაპირ საქმეა საჭირო” (“მეურნე”, 1891, 7). მხოლოდ საქმე და ბრძოლა სულის ამოსვლამდე და არა ჩვილი და ცხვირის ჩამოშვება – აი, ეს ჰქონდა მიხეილ ზაალიშვილს დევიზად თავიდანვე და აკი არც უმტყუნებია მისთვის არასდოეს. მთელი მისი ცხოვრება ხომ მართლაც გამუდმებული საქმე იყო, ზოგჯერ საჩინო, ხშირად კი უჩინარი.

და აი, მიხეილ ზაალიშვილი, უკვე 30 წლის კაცი, ენერგიით სავსე და საქმის მოტრფიალე მიდის მოსკოვში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რაც მან შეიძინა ნოვო-ალექსანდრიაში. 1897 წ. მიხეილი აქაც ბრწყინვალედ ამთავრებს სწავლას – პირველი თანრიგის აგრონომის წოდებას იღებს. ეტყობა, ამ იშვიათ წოდებას იგი დიდად აფასებდა, რადგან, გორელების სიტყვით, მისი ბინის აბრაზე ესეც იყო წარწერილი.

1895-1897 წლებში, როცა მიხეილ ზაალიშვილი მოსკოვში სწავლობდა, მის ცხოვრებაში მეტად ინტენსიური შრომის წლები იყო. იგი აქ სწავლობს განსაკუთრებული სიბეჯითით მიტომ კი არა, რომ მიიღოს „სამსამხურებრივი, წოდებრივი ან სამეცნიერო უფლებები”, რაც ვერ მისცა ნოვო-ალექსანდრიის ინსტიტუტმა, რომ ისევ თანამშრომლობს აგრონომიულ ჯურნალ „მეურნეში” და პეტროვსკო-რაზუმოვსკოეში, ინსტიტუტის ინტერნატში მცხოვრები მიხეილ ზაალიშვილი შორ მანძილს არ ერიდება და მოსკოვში სისტემატურად და წესიერად ჩამოდის ამტარებლით, რომ არ დააკლდეს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს კრებებს, სადაც ისეთ სერიოზულ საკითხებზედაც კი მსჯელობდნენ, როგორიც არის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია.

პროფესორმა ალ. ნიკ. ჯავახიშვილმა ამ ფაქტის გადმოცემისას ხაზი გაუსვა მის უჩვეულო აკურატობას. მატარებლით ჩამოსული, ვთქვათ, ნახევარსაათით ადრე სხდომის დაწყებამდე – მიხეილი ქუჩაში იდგა და მარტო მაშინ, როცა დანიშნული დრო მოაწევდა, შემოვიდოდა შენობაშიო, – მოიგონა პატივცემულმა ა. ნ. ჯავახიშვილმა, რომელიც მაშინ მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა. ეს აკურატობა, წესიერება შემდეგშიც ახასიათებდა მიხეილს და თავად კეთილსინდისიერი ასეთსავე კეთილსინდისიერებას მოითხოვდა საქმეში, სამსახურში სხვებისგანაც.

მოსკოვში სტუდენტობისას მიხეილ ზაალიშვილის მუშაობას ქართულ ტერმინოლოგიაზე ვხედავთ არა ერთი მისი მაშინდელი წერილიდან. ასეთებია: „ქართული ტერმინების შესახებ” (“მეურნე”, 1896, №27), საფუძვლიანი მისი რეცენზია კ. დ. ყიფიანის „Русско-грузинский словарь”-ზე (იქვე, 1896, №37) და „წერილი რედაქციისადმი” (იქვე, 1897, №3), სადაც ჩვენი ავტორი თვალსაჩინოდ წარმოდგენს გუთნისა და სახნისის განსხვავებასა და ჩამოთვლის გუთნის ნაწილთა სახელებს რუსული შესატყვისების აღნიშვნით.

ამასვე ეხება მისი მეორე წერილი „ქართული ტერმინების შესახებ” უკვე „ცნობის ფურცელში”. ამ წერილიდან ჩანს, რომ ავტორი სერიოზულ მუშაობას განაგრძობს ინსტიტუტის შემდეგაც: ამს მიუამრთავს პოეტ აკაკი წერეთლისათვის, რომელიც დაჰპირებია დახმარებას, თვითონ კი სთავაზობს თავის სამსახურს – თუ სხვა არ იკისრებს, მე გამომიგზავნეთ ერევანში და მე მოვუყრი თავს შეგროვილ ტერმინებსო; ამასთან აღნიშნავს – ტერმინების შემუშავებისას საჭირო პრინციპების მოწოდება ეთხოვა პროფესორ ალ. ხახანაშვილს და აღარ ვიცი, ამ საქმეს თავი მოება თუ არაო.

აქ მიხეილ ზაალიშვილი საყურადღებო ფაქტსაც გადმოგვცემს: „ტერმინების ერთობა (ერთნაირობა, ანუ უნიფიკაცია – მ. ბ.) ძრიელ საჭიროა; ეს კარგად შეიგნო მოსკოვის ქართველ სტუდენტობამ, როცა მათ წარუდგინა ერთმა ქართველმა სტუდენტმა სამეცნიერო ნაწერი ქართულ ენაზე. მთელი წელიწადი მოანდომეს ქართველ სტუდენტებმა ამ ნაწერს, რადგანაც თითქმის ყოველი ტერმინი ძრიელ ცხარე ბაასს იწვევდა... ეს ნაწერი წაკითხული იქნა ბოლომდინ, და რამდენიმე ტერმინიც კარგად გამოარკვიეს” (“ცნობის ფურცელი”, 1898, №382). ამ „ერთი ქართველი სტუდენტის” ვინაობის დადგენა, რომელმაც ქართული „სამეცნიერო ნაწერი” წარუდგინა განსახილველად მოსკოვის ქართველ სტუდენტობას, რა თქმა უნდა, ძნელი არაა: ეს გახლავთ თვითონ მიხეილ ზაალიშვილი, რომელმაც 1897 წელს გამოსცა კიდეც თავისი, რიცხვით მესამე, აგრონომიული სახელმძღვანელო „მეფუტკრეობა. მოშენება და მოვლა ფუტკარისა”.

აღსანიშნავია მისი აზრი ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიაზე. მისი ფიქრით, ძველი ქართული სიტყვა ვერ გამოხატავს საჭირო ცნებას და ხალხისთვის ჩინურ ენასავით გაუგებარია. ამიტომო, – დაასკვნიდა იგი, – უნდა „შეუდგეთ ახალი ტერმინების თხზვას, გადმოთარგმნას ისეთი ენით, როგორითაც ეხლა ლაპარაკობს ჩვენი ხალხი” (“მეურნე”, 1896, №37). იგივე აზრია გატარებული მეორე მის წერილშიც: „ზოგიერთი ჯიუტი ქართველი სამეცნიერო ტერმინებს ეძებს ძველ ქართულ წიგნებში, ავიწყდება, რომ ძველი სიტყვებით ახალი აზრი ვერ გამოითქმება. ძველ სტიყვებს ჰქონდათ სხვა მნიშვნელობა, სხვა ცნებებს გამოჰხატავდნენ, და გარდა ამისა, ტერმინი უნდა იყოს ადვილი და ეხლანდელი ენით გამოხატული” (გაზ.” ცნობის ფურცელი”, 1898, №483). მეცნიერების ხალხთან დაახლოების ეს უეჭველად საღი აზრი, ზაალიშვილმა ამ ორ წერილში რომ გამოთქვა, უნდა ვიფიქროთ, დიდ ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. პროფესორ ა. ნ. ჯავახიშვილსიათვის მიხეილს უამბნია: სანამ საჯაროდ წერას დავიწყებდი, ილის შევჩივლე ჩემი გაჭირვება – ქართული არ მისწავლია და რა ვქნაო? ილიამ მირჩია: წერა-კითხვა ხომ იცი, წერე ისე, რომ ხალხმა გაიგოსო.

მოსკოვის პერიოდსვე მიეკუთვნება შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტიც. მიხეილმა 1896 წელს პროფ. ტიხომიროვის მიხედვით სცადა აბრეშუმის ჭიის გამოკვება ძირშავას, ანუ სკნცონერის ფოთლებითა და შედეგიც კარგი მიიღო: „გასაკურველს ვიყავი, – წერს იგი, – იმ ჭიებისაგან, რომელიც მე მივიღე. თითო ჭია 9-10 სანტიმეტრის სიგრძე იყო, შვენიერად გააკეთეს პარკები და ახლა პარკებიდანაც გამოვიდნენ პეპლები, რადგანაც მე მსურს ცელულიარული აბრეშუმის ჭიის თესლი მივიღო” (“მეურნე”, 1896, №27). ეს განცხადება ოდნავადაც არ ყოფილა გადაჭარბებული, რადგან იგივე ცდები ზაალიშვილმა გაიმეორა იმავე მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის დამთავრებისას 1897 წ. მაისში, და მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მეაბრეშუმეობის კომიტეტმა ამისათვის გიი დააჯილდოვა ვერცხლის მედლით 1897 წ. 26 ოქტომბერს. ეს ფაქტი, თავისთავად მისი ცოდნა-მომზადებისა და წადიერება-ბეჯითობის დამადასტურებეი, ბრწყინვალედ აქარწლებდა თბილისის სააბრეშუმო სადგურის უფროსის შავროვის სკეპტიციზმს – სკონცონერით ჭიის კვება სასურველი არ არისო.

მიხეილ ზაალიშვილის სერიოზული მოზადება, უდნა ითქვას, ქართველობისათვის ადრევე იყო ცნობილი. საკმარისია კაცმა გააიკითხოს მისი 1892 წ. „ბიბლიოგრაფიული შენიშვნა”, რომელიც მან მიუძღვნა პროფ. როსკოს „ქიმიის” ქართულ თარგმნას ვ. ი. რცხილაძისას, რომ ცხადი გახდეს ზაალიშვილის ცოდნის მაღალი დონე. აქ იგი, დიდი რუსი ქიმიკოსის მენდელეევის „ქიმიის საფუძვლებზე” დამყარებული, აღნიშნავს თვით თარგმნილი ავტორი მხრივ დაშვებულ „ლაფსუსებს”.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიხეილუ რუსეთში მიღებულ განათლებას დიდად აფასებდა. ეს კარგად ჩანს მისი საპასუხო წერილიდან სიმონ ქვარიანისადმი. „თქვენი სიტყვით, – წერს აქ ზაალიშვილი, – რუსეთსი კურსდამთავრებული აგრონომები ვერფა გზით ვერ მოაშენებენ სასურველათ ვერც ვაზს, ვერც ჩაის, ვერც რამს, ვერ „მოიყვანენ” ვერც აბრეშუმს, ვერც ბამბას, ვერც ღვინოს, ვერც თამბაქოს, სიმინდს, ღომს და სხვას... გარდა ჩაისა, – განაგრძობდა ზაალიშვილი თავის პასუხს, – კულტურა სუყველა ზემოხსენებული მცენარეებისა შეადგენს ჩვენი სამეურნეო ინსტიტუტის კურსს. ბ. ქვარიანს დაავიწყდა: ბაღოსნობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეოაბ, საქონლის გამრავლება და სხვა” (“მეურნე”, 1897, №№14-15, 16). „არც გიმნაზია და არც უნვიერსიტეტი არ გვინდა. წადით სამძღვარგარეთ და იქ შეისწავლეთ მეურნეობა და შემდეგ ჩვენში ჩამოიტანეთო, გვირჩევს ბ. ქვარიანი. მე მგონია, რომ თანასწორედ ჩვენსა და სამძგვარგარეთ ქვეყნებს შორის ვერა დროს ვერ დავწერთ. სუყველა ქვეყანას თავისი სურათი აქვს, თავისი ბეჭედი აკრავს. ამიტომ მე შეუძლებლად მიმაჩნია მაიმუნებრივი მიბაძვით ევროპის სამეურნეო ცოდნის ჩვენში გადმოტანა”, – დაასკვნის საბუთიანად მიხეილ ზაალიშვილი თავის პასუხს ქვარიანისადმი.

როგორც კავკასიის სტიპენდიანტს, მიხეილ ზაალიშვილს ექვსი წელიწადი უნდა ემსახურა ოლქის ფარგლებში. ამიტომ მოსკოვში უმაღლესი სწავლის დამთავრების შემეგ იგი სასწავლო ოლქმა გამოიწვია და 1897 წ. 1 სექტემბრისდან დაინიშნა ერევნის საოსტატო სემინარიის დამრიგებლად, სადაც ასწავლიდა საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიას. შემდეგში შეთავსებით ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და ფიზიკას ერევნის ქალთა გიმნაზიაშიც.

აქ, სომხეთში სამსახურის დროს მიხეილ ზაალიშვილი მასწავლებლობის გარდა მუშაობდა აგრეთვე როგორც აგრონომი. სემინარიის ნაკვეთზე მან გააშენა ხილის ბაღი, ყვავილნარი, ხენდროც კი მოიყვანა მის მწირ ნიადაგზე. აგრეთვე საკმაო აგრონომიულ დახმარებას უწევდა მეზობელ სოფლებს: აშტარაკს, კოილასარის, ულუხანდუს. ამავე დროს იგი ყიო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ერევნის განყოფილების მდივანი.

1902 წელს მიხეილს ვხედავთ უკვე მშობლიური ქართლის გულში, ქალაქ გორში ამიერკავკასიის საოსტატო სემინარიის დამრიგებლად; აქ იგი ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და სოფლის მეურნეობას, ასწავლიდა აგრეთვე გორის ქალთა პროგიმნაზიაში. ამიერიდან 1918 წ. სექტემბრამდე მიხეილ ზაალიშვილია მოღვაწეობა აქ მიმდინარეობდა. გორში იგი უკვე დაცოლშვილებული იყო. მან შეირტო ცოლად ქ. სტავროპოლში ადრევე გაცნობილი მასწავლებელი ქალი მარიამ ნიკოლოზის ასული პანოვა, რომელმაც 1903 წელს წარჩინებით დაამთავრა ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტი, მაგრამ მასწავლებლობაზე ხელი მაინც არ აიღო. 1905-1917 წლებში მარიამ ზაალიშვილიც გორსი მუშაობს ქალთა გიმნაზიის უფროსად.

მეტად საგუილსხმოა და აღსანიშნავი, რომ მიხეილ ზაალიშვილი ახლა თითქოს სრულიად აგდებს ხელიდან კალამს. 1917 წლამდე მას არ დაუბეჭდია არც წიგნი და არც წერილი (საპასუხო წერილების გარდა).

1907 წ. 15 აგვისტოს აგრონომი მიხეილ ზაალიშვილი იღებს გიმნაზიის მასწავლებლის წოდებას და ინიშნება გორის ვაჟთა პროგიმნაზიის ინსპექტორად, რომელიც სწორედ ამ დროს დაარსდა გორის საქალაქო თვითმართველობისა და თავად-აზნაურთა შუამდგომლობის შედეგად. ეს სასწავლებელი თითქმის არარაისგან შექმნა მიხეილ ზაალიშვილმა, რომელიც მისივე თავდადებული მეცადინეობის წყალობით 1912 წლის შემოდგომიდან გიმნაზიად გადაკეთდა. შეიძლება ითქვას, რომ მიხეილმა თავისი სიცოცხლის საუკეთესო წლები შეალია ამ სასწავლებელს ჯერ პროგიმნაზიად არსებულს, როგორც მისმა ინსპექტრმა, 1912 წლიდან კი გიმნაზიად გადაკეთებულს, როგორც მისმა დირექტორმა.

მართალია, ერთი მხრივ, დაოჯახება და მეორე მხრივ, ადმინისტრაციული თანამდებობა საკმაოდ დიდ დროს ართმევდა მიხეილ ზაალიშვილს, მაგრამ გორში ყოფნისას, როგორც დავინახავთ, მაინც არ გაუშვია ხელიდან კალამი.

1917 წელს ოქტომბრის დიდი რევოლუციის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ყოფილი რუსეთის იმპერიის ჩაგრაულმა ერებმა, კერძოდ ქართველობამ, მოიპოვეს უფლება მშობლიურ ენაზე სწავლისა. სკოლის გაეროვნულება – აი, ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ოქტომრის დიდი რევოლუციისა. მაგრამ სკოლის გაეროვნულება, ე. ი. გაქრათულება ფიქციად დარჩებოდა, რომ არ გვყოლოდა ენთუზიასტი და ოპტიმისტი პედაგოგები და მათ ადრევე არ დაემზადებინათ სახელმძღვაენლო წიგნები მშობლიურ ენაზე.

ასეთ ენთუზიასტ პედაგოგთა რიცხვს სრულიად მოულოდნელად 1917 წლიდანვე მიეკუთვნა ჩვენი მიხეილ ზაალიშვილიც: მან ამ წელს ორჯერ გამოცა თავისი ბუნებისმეტყველების პირველი ნაწილი – „არაორგანული ბუნება. ჰაერი, წყალი და დედამიწა”, ხოლო მომდევნო 1918 წელს ზედიზედ დაბეჭდა ბუნებისმეტყველების მეორე ნაწილი – „ბოტანიკა”, მესამე ნაწილი – „ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია” და მეოთხე ნაწილი – „ზოოლოგია”.

ოთხი სახელწოდების ხუთი წიგნის ზედიზედ გამოცემა ერთი წლის მანძილზე 1918 წლის სექტემბრამდე, როცა მიხეილ ზაალიშვილი თბილისში გადმოიყვანეს, იყო არაჩვეულებრივი ამბავი, ბევრის მთქმელი და უფრო ბევრი ენის დამადუმებელი. ყველასთვის ხელშესახები და თვალხმიერი შეიქმნა, თუ რას აკეთებდა გორსი ეს ჩინოსანი დირექტორი. ახლა ყველამ დაინახა, ყველა მიხვდა, რომ რუსული სკოლის მესვეური ქართლის შუაგულში ამ მდუმარების წლების თურმე სკოლის გაქართულებას ეტრფოდა, დიდი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „თურმე დღე და ღამ ნატრობდა ჩუმის ნატვრითა” ქართველი ერის განთავისუფლებას და არა მარტო ეტრფოდა და ნატრობდა ქართველი ხალხის უკეთეს მერმისს. არა. იგი თავის წვლილსაც ამზადებდა საამისოდ – ფარულად წერდა ქართულ სახელმძღვანელოებს. მიხეილ ზაალიშვილი მოულოდნელად გამოჩნდა როგორც გაუტეხელი ოპტიმისტი და დიდი ენთუზიასტი, რადგან სწორედ უპერსპექტივო დროს, რეაქციის მძიმე წლებში ის ამზადებდა ქართულ სახელმძღვანელოებს მომავალი თავისუფალი ქართული სკოლისათვის, ქართველი მოსწავლეებისათვის.

1919 წელს მიხეილ ზაალიშვილმა გამოსცა კიდევ ორი ახალი სახელმძღვანელო – „არითმეტიკა” და „პირველდაწყებითი გეოგრაფია”, ასევე რევოლუციამდე დაწერილი გორშივე. ამრიგად, ექვსი სახელმძღვანელოს შედგენა და ერთბაშად გამოქვეყნება იყო ბრწყინვალე დემონსტრირება მიხეილ ზაალიშვილის ურეკლამო და ნამდვილი მამულიშვილობისა, გამოვლენა პატრიოტიზმისა საქმით და არა ლიტონი სიტყვით. თუ არ მამულის სიყვარული და მისი სამასხურის უდრეკი ნება, თუ არ მტკიცე და ურყევი რწმენა საქართველოს ბედნიერი მომავლისა, ისე, რა თქმა უნდა, ზაალიშვილი, ოჯახითა და გიმნაზიის საქმეებით დატვირთული, არაფერს დაწრდა. მან კი გაქართულებულ სკოლას ხელათვე უძღვნა ცხრა წიგნად გამოცემული ექვსი სახელწოდების სახელმძღვანელო. მაშასადამე, მისი საქმინობა იყო იდეური და უანგარო, იყო ნამდივლი მოღვაწეობა.

ისიც საგულისხმოა, რომ მიხეილი ამ წიგნებზე მუშაობდა შინაურებისაგან სრულიად საიდუმლოდ. ჩაიკეტებოდა თურმე თავის ოთახში და დაწერილსა და გადაწერილს უჯრაში კეტადვა. მისი მეუღლეც კი (არათუ შვილები და ნაცნობები) სახტად დარჩა, როცა რევოლუციის შემდეგ მიხეილი ზედიზედ ამზეურებდა წლების მანძილზე სათუთად ნაწერ წიგნებს.

ამავე დროს მიხეილ ზაალიშვილის სახელმძღვანელოთა ღირებულება მცირე არ იყო. აი, მაგალითად, რას წერდა „ადამიანის ანატომიის და ფიზიოლოგიის” პირველი გამოცემის გამო პროფესორი ალ. ნათიშვილი 1918 წლის 9 დეკემბერს ავტორს: „...თქვენი შრომა ესაა პირველი და სერიოზული ცდა ანატომიისა და ფიზიოლოგიის საფუძვლების გადმოცემისა ქართველი ბავშვებისათვის... მარტივად და ნათლად გადმოცემა, თანაც ფაქტიური მასალის მართებული და ზუსტი მეცნიერული განმარტება თქვენს წიგნს წარმოგვიდგენს კლასიკურ შრომად, რომელიც ღირსია საყოველთაოდ გავრცელებისა, მეტადრე – სოფლის მოსახლეობაში და სოფლის სკოლებში, სადაც ჯერ კიდევ მაგრად აქვს ფესვები გადგმული უგვანსა და მახინჯ წარმოდგენას ადამიანზე, მის აგებულებაზე”.

ასეთი მოამაგე და იდეური მასწავლებელი 1918 წ. სექტემბერს გორიდან გადმოიყვანეს თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორად. ეს გიმნაზია მოსწავლეთა კონტინგენტის მხრივ არაქართული იყო და ამიტომ მიხეილ ზაალიშვილს საშუალება არ მიეცა თავის სახელმძღვანელოთა ავკარგიანობა პრაქტიკაზე თვითონვე შეემოწმებინა და ამ გზით ისინი თანდათან გაეუმჯობესებინა.

მაინც 1919 წელს მიხეილ ზაალიშვილმა, როგორც ითქვა, დაბეჭდა კიდევ ორი ახალი სახელმძღვანელო „არითმეტიკა” და „პირველდაწყებითი გეოგრაფია” და მეორე გამოცემით დასტამბა შევსებულ-შესწორებული „ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია”, ხოლო 1920 წელს კვლავ გამოსცა გადათვალიერებული „ორგანული ბუნება”.

გარდა ამისა, მიხეილი ცხოველ მონაწილეობას იღებდა განათლების სამინისტროსთან შექმნილ სატერმიოლოგია კომიტეტსი და აგრეთვე სამეცნიერო საბჭოს საბუნებისმეტყველო სექციაში. აქ მუშაობისას მან დიდი შრომა გასწია სკოლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შედგენაზე.

მაგრამ განსაკუთრებული ამაგი მიხეილ ზაალიშვილმა დასდო გორის გიმნაზიას, თავის ნამდვილ შვილობილს. თანამშრომლებიც, მოსწავლეეიც, შინაურებიც, ყველანი ერთმხრივ ადასტურებენ, რომ მომჭირნეობის მიზნით ზაფხულის არდადეგებში მიხეილ გადაიცვამდა ხოლმე ძველმანს და თვითონვე ღებავდა მერხებს, მაგიდებს, კათედრებს, კარ-ფანჯარასა და სხვა. შეკითხვაზე: რატომ შენვე აკეთებ ამასო? – მისი პასუხი იყო: რომ ბავშვებს მეტი საკითხავი წიგნები ჰქონდეთ, დაზოგილი თანხით ბიბლიოთეკაც მოწაფეებს უფრო მდიდარი ექნებათ და კაბინეტებიც უკეთესად მოწყობილიო. ამიტომაც იყო, რომ 1920 წ. მიწისძვრამდე, როცა გორი თითქმის მთლად დაინგრა, გორის ვაჟთა გიმნაზია სხვა გიმნაზია-სასწავლებლებზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ იყო მოწყობილ-გამართული ხელსაწყოებით.

სწავლა-აღზრდის საქმე ხომ ისე კარგად ჰქონდა დაყენებული მიხეილ ზაალიშვილს, რომ გორის გიმნაზიაში სხვადასხვა კუთხიდანაც კი ჩამოჰყავდათ მშობლებს თავიანთი სუსტი, ჩამორჩეილი, ხელიდან წასული, გაუსწორებელი შვილები, რომელთა რიცხვი 15-20%-ს შეადგენდა მთელი გიმნაზიისას, რადგან მათ არ აკლდათ ზაალიშვილის არც მზრუნველი თვალი და არც დამხმარე ხელი. ყოველი მოსწავლის შინაურ ყოფა-ვითარებას მიხეილი დაკვირვებით ეცნობოდა, ყოველ ღამ დახედავდა ცუღლუტ მოსწავლეს ბინაზე, გაკვეთილს გამოჰკითხავდა, თუ არ შეეძლო, ამოცანის გამოყვანაში აწეხმარებოდა, ავადმყოფს მიხედავდა, უმწეოს ხელს უმართავდა. ამიტომ იყო, რომ ხელიდან წასულები, სხვა გიმნაზიებიდან გამორიცხულნი აქ სამაგალითო მოსწავლეები დგებოდნენ. ამიტომ იყო, რომ მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, აქედან გამოვიდა არა ერთი მეცნიერმუშაკი, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ ირ. ტატიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ი. შველიძე, გიორგი ფავლენიშვილი, იას. ხუციშვილი, არჩილ ხიზანიშვილი, დავით კაპანაძე და სხვ.

სწავლაში ბეჯითობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, წესიერების დაცვა წვრილმანშიაც კი – აი, ამას მოითხოვდა მოსწავლეებისაგან ზაალიშვილიო, იგონებენ ისინი მადლიერებით. ერთ მათგანს ახსენდება ასეთი წვრილმანიც: გიმნაზიასი მიველ ერთხელ ფეხსაცმელგაუწმენდავი. გაკვეთილზე შესვლამდე მწკრივში მდგომს ეს შემამჩნია დირექტორმა; რიგიდან გამომიყვანა და მკითხა: რატომ არ გაქვს ფეხსაცმელი გაწმენდიიო? – ახალია და არ იწმინდება, იყო ჩემი პასუხი. შემიყვანა ცალკე ოთახში, სადაც ვაქსიც ბლომად იყო და ფეხსაწმენდი ჯაგრისიც უამრავად, დაიხარა და თვითონვე დამიწყო ფეხსაცმლის წმენდა. თუმცა ძალიან ვეწინააღმდეგებოდი. აი, გაკრიალდა ფეხსამოსი. მერე მომიბრუნდა და მრისხანედ მითხრა: გაკვეთილების მერე ერთი საათით დარჩები კლასში... დაუდევრობისა და ტყუილის თქმისათვისო, დამისაბუთა სასჯელი.

გარეგნულად მკაცრი და შულბგაუხსნელი მიხეილ ზაალიშვილი არათუ მამასავით მზრუნველი იყო მოსწავლეებისა, არმედ გულჩვილი ადამიანიც. ერთხელ ქართულის მასწავლებლის ავადმყოფობის გამო, – იგონებს მისი მოსწავლე, – გაკვეთილზე შემოვიდა თვითონ მიხეილ ყარამანიჩი, იკითხა, რა გვქონდა გაკვეთილად და მერე შეუდგა ილიას „კაკო ყაჩაღის” კითხვას. ამ დროს ხმა აუთრთოლდა და ცრემლი მოერია. მაშინ მივხვდი, რომ მკაცრი გარეგნობის კაცს გული კეთილი ჰქონდაო.

ასეთ იშვიათ თვისებათა პატრონს, თეორიული და პრფაქტიკული ცოდნით შეჭურვილს, ნიჭით დაჯილდოებულს მიხეილ ყარამანის ძეს რევოლუციის შემდეგ ფართო ასპარეზი გაეხსნა. აკი ხელათვე დაბეჭდა კიდეც წლების მანძილზე დამუნჯებული თავისი სახლემძღვანელოები, დაბეჭდილებსაც საჭიროების მიხედვით ავსებდა, ასწროებდა და კვლავ სტამბავდა.

მაგრამ რევოლუციის მერე მიხეილ ზაალიშვილი უნებურად მოწყდა ოჯახს, რადგან მეუღლე თავისი მცირეწლოვანი შვლებით გაიხიზნა ქ. სტავროპოლს, ჩრდილო კავკასიაში. ამ ნიადაგზე მარტოხელას გული შუაზე გაეყო: ოჯახში სიტკბოებაც სწყუროდა და მშობლიური საქართველოც არანაკლებ უყვარდა, მეოჯახე მოქალაქეს უმხედრდებოდა, კერძ საზოგადოს უპირისპირდებოდა.

გრძნობათა ამ ჭიდილში რომელი გაიმარჯვებდა საბოლოოდ, მიხეილ ზაალიშვილს თითქოს წინდაწინვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რადგან სწორედ ამ ხანებში, 1919 წელს, თავის „გეოგრაფიაში” შემდეგ საგულისხმო სიტყვები დაბეჭდა: „სამშობლოს სიყვარული – ერთნაირად იცის ყველა ქართველმა: შორს სიკვდილი და სამუდამოდ უცხოეთში დარჩენა საზარელია მისთვის. ბევრჯერ, როცა ქრთველი... ვერ იღებს ნებართვას მიცვალებულის სამშობლოში გადმოსვენებისას, იპარავს ცხედარს, სამშობლოში მოაქვს და უცხოეთში არა სტოვებს. რა გინდ დიდ პატივში იყოს შორეულ მხარეს ქართელი, მაინც სიბერის დროს იშვიათი მოვლენაა, რომ თავის სამშობლო კერას არ დაუბრუნდეს. სორს მყოფის სული და გული სამშობლოსაკენ არის მიქცეული” (გვ. 112-113). 1920 წ. 10 სექტემბერს თავისი სიკვდილითაც მიხეილ ზაალიშვილმა ყველას დაანახა, რომ სამშობლოს სიყვარულზე თქმული მისი სიტყვა ლიტონი არ იყო: მამულიშვილმა აჯობა „ობივატელს”, სამარადისომ – წარმავალს. ამიტომაც მადლიერმა საზოგადოებამ თავისი მოამაგე, მოჭირნახულე პედაგოგი, ჩუმი მოღვაწე დაკრძალა დიდუბის პანთეონში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების გვერდით.