გრიგოლი ვოლსკი (1860-1909)
XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის მეტად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, მთარგმნელსა და სახალხო მასწავლებელს, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის.
გრიგოლ ვოლსკი იყო უშიშარი და შეუპოვარი მებრძოლი უსამართლობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ. იგი გვერდში ედგა იმ ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც თავგამოდებით იბრძოდნენ ქართული ენის დასაცავად.
გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი დაიბადა 1860 წელს ქუთაისში. მამამისი პოლონელი იყო, დედა – ქართველი. გრიგოლის მამა – იოსები დაბალი ჩინის ჩინოვნიკი იყო: ამირკავკასიის სხვადასხვა სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა.
გრიგოლის დედა – მაგდანა იყო ქუთაისელი, საკმაოდ შეძლებული აზნაურის ევსოფი კეჟერაძის ქალი, რომელიც პატარა გრიგოლს ბავშვობიდანვე უნერგავდა საქართველოს სიყვარულს, რისთვისაც დედას იგი განსაკუთრებული მოწიწებით იხსენიებდა.
გრიგოლი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. სწავლის პერიოდში წერდა ლექსებს უმწიფარის ფსევდონიმით. ამ პერიოდში დაწერილ მის ლექსებს ახასიათებს ღრმა პატრიოტიზმი, უშუალობა და დამაჯერებლობა.
ქუთაისის გიმნაზიის კურსის დამთავრების შემდეგ გრიგოლ ვოლსკი, ოთხმოციანი წლების დასაწყისში უმაღლესი განათლების მისაღებად შევიდა მოსკოვის უნვიერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის დორს გრიგოლ ვოლსკი მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა მოძრაობაში.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ექიმი გრიგოლ ვოლსკი დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება საზოგადო საქმიანბოის ფერხულში, დიდად შეიყვარა ქართული ლიტერატურა და პედაგოგიური საქმე.
1892 წელს გაზეთ „შრომაში” ჯერ კიდევ სტუდენტმა ვოლსკიმ მოათავსა წერილი სათაურით „თორმეტი შავი დაღი”. ამ წერილში იგი გვევლინება მშობლიური ქართული ენის გაბედულ ქომაგად და დაუნდობლად ილაშქრებს იმ გადაგვარებული თავადაზნაურობის წინააღმდეგ, რომლებმაც თავისი სამარცხვინო საქციელით შეურაცხყვეს „თავისი წმინდა წინაპართა ენა”.
გრიგოლ ვოლსკი იბრძოდა ახალი ქართული ლიტერატურული ენის განმტკიცებისა და დანერგვის, ენის სიწმინდის დაცვისა და ქართულ ენაში ჟარგონებისად ა ბარბარიზმების გაბატონების წინააღმდეგ. ვოლსკი გადაგვარებისაგან იცავდა ახალ სალიტერატურო ქართულს, დამკვიდრებულს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის მიერ. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს გაზეთ „დროებაში” (1880, №68) დაბეჭდილი წერილი, რომელშიც იგი გამანადგურებელი ირონიით მიმართავდა ყველას, ვინც უსულგულოდ ეპყრობოდა მშობლიურ ენას.
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთის ჯარმა ქართველთა აქტიური მონაწილეობით თურქეთის ბატონობის უღლიდან გაათავისუფლა სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი – აჭარა.
თურქების მონობისაგან აჭარლების განთავისუფლება გადაიქცა ქართველი ხალხის დიდ ეროვნულ ზეიმად. ის შრომა, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა მოწინავე ინტელიგენციამ გასწია აჭარის შემოერთებისათვის, ნაყოფიერი აღმოჩნდა. აჭარის შემოერთება საქართველოსთან კიდევ უფრო აათკეცებდა მოწინავე ქართველი ინტელიგენციის ზრუნვას ახალგამოხსნილი კუთხისადმი.
მოწინავე ქართველმა ინტელიგენციამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით აჭარის ეკონომიკურ-პოლიტიკური და კულტურული დაწინაურების უმთავრეს პირობად მიიჩნია იქ სწავლა-განათლების შეტანა. სწორედ ამ დროს გრიგოლ ვოლსკიმ ბათუმს მიაშურა.
გრიგოლ ვოლსკის ინიციატივითა და მისივე თავმჯდომარეობით ბათუმში დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” განყოფილება. გრიგოლ ვოლსკი აირჩიეს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველო კომიეტტის თავმჯდომარედ და ხელმძღვანელობდა ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც ატარებდა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია აჭარის კულტურული წინსვლისათვის.
ბათუმის ქართული სკოლის სასარგებლოდ ვოლსკის თაოსნობით ხშირად იმართებოდა წარმოდგენები, მაგრამ იქიდან შემოსული ფული მასწავლებლებსაც ვერ ისტუმრებდა. საჭირო გახდა სხვა საშუალების გამონახვა.
“ვოლსკიმ და მესხმა გადაწყვიტეს ყოველწლიურად თოთხმეტ იანვარს – ნინოობას, სასწავლებლის სასარგებლოდ განსხვავებული საღამოს გამართვა”, – წერს დ. კლდიაშვილი თავის „მემუარებში”.
გრიგოლ ვოლსკი ასეთ საღამო-წარმოდგენებზე ხშრიად იწვევდა ქართველ მოღვაწეებს, განსაკუთრებით ილიასა და აკაკის.
გრიგოლ ვოლსკი იბრძოდა იმისათვის, რომ სკოლას საკუთარი შენობა ჰქონოდა, რისთვისაც იგი მიწერ-მოწერას აწარმოებდა ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან – ნიკო ცხვედაძესთან.
“კეთილი განზრახვით მიმართული სიტყვა კეთილად დამთავრდა... მეორე წელიწადს სასწავლებელს მზად ჰქონდა სამაგალითო დიდი შენობა მშვენივრად მოწყობილი და ცალკე ბინები მასწავლებლებისთვის” (დ. კლდიაშვილი, მოთხრობები და პიესები, 1947, გვ. 692-693).
როგორც ქალაქის თვითმმართველობის გამგეობსი წევრი, ქალაქის თავის მოადგილე, გრიგოლ ვოლსკი გამგეობის სხდომაზე ხშირად იხილავდა ბათუმის სკოლების მუშაობის საკითხს და სწავლა-აღზრდის გაუმჯობესებისათვის მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებდა. 1889 წლის გაზაფხულზე გრიგოლ ვოლსკის შეუმოწმებია ბათუმის ქართული სკოლა და მისი მუშაობის შესახებ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვი” გაუგზავნია ვრცელი საანგარიშო მოხსენება, საიდანაც ირკვევა, რომ გრიგოლ ვოლსკი კმაყოფილი არ დარჩენილა სკოლის მუშაობით. განსაკუთრებით უმოქმედია მასზე სკოლებში აჭარელი მოზარდების რიცხვის შემცირებას: „როგორც ამ სიიდან შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომელიც რვეულებთან ერთად წარმოვადგინე და რომელშიც მოთავსებული გახლავთ მთელი სამოსწავლო წლის ნიშნები მოწაფეთა წარმატების აღსანიშნავად სწავლასა და ყოფაქცევაში, მაჰმადიანთა რიცხვი, სამწუხაროდ, შედარებით მცირეა ბათუმის სკოლაში. მწუხარება მით უმეტესია, რომ აგერ ათი წელიწადია, რაც გამაჰმადიანებული საქართველო შემოუერთდა დედანიადაგს და ჩვენი ბათუმის სკოლა მხოლოდ – ერთადერთი ქართული სკოლაა მთელს სამაჰმადიანო საქართველოს მხარეში. ამგვარდ, ეს კოლა თითქოს ვერ ეწევა სასურველად თავის პირდაპირს დანიშნულებას. უნდა უმატოთ ცოდნას, რომ მოვიგოთ მაჰმადიან მოძმეთა გული და განვუცხოველოთ საერთო სამშობლოს სიყვარული”, – წერდა იგი (საიტორიო არქივი, ფონდი 481, საქმე №208, ფურ. 35-38, 40).
გრიგოლ ვოლსკის ღრმად ჰქონდა შეგნებული, რომ მომავალი თაობა ერთადერთი საიმედო ძალა იყო. ამიტომ ამ მომავალი ადამიანების აღზრდა, მომზადება შეგნებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მას დიდ, საქვეყნო მნიშვნელობის საქმედ მიაჩნდა. პედაგოგობას გრიგოლ ვოლსკი დიდ პასუხსაგებ მოვალეობად თვლიდა და წერდა: „მან უნდა იცოდეს (ლაპარაკია პადაგოგზე – დ. ნ.), რომ მას ადევნებს ყურადღებას და მოსთხოვს ზნეობითს ანგარიშს ყველა, სამშობლო ქვეყნის წარმატების მსურველი”.
გრიგოლ ვოლსკის გული სტკიოდა იმაზე, რომ სკოლებს არ გააჩნდათ ერთიანი სასწვლო პროგრამა და სახელმძღვანელოები. „ამჟამად სასულიერო სასწავლებელში რაც გარკვეული პროგრამაა და არც გარკვეული სახელმძღვანელო, არც სისტემატური მასალა და გამოცდილება”, – წერდა ვოლსკი 1883 წელს გაზეთ „დროებაში” (№189). ასეთ პირობებში იგი ხაზგასმით აღნიშნავდა სასწავლებლის მუშაობის სიძნელეზე და პედაგოგობის დაწყებას „მძიმე თანამდებობის კისრად დებად” თვლიდა.
გრიგოლ ვოლსკი ჩიოდა სახელმძღვანელოების უვარგისობაზე და აღშფოთებული იყო იმ მდგომარეობით, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის იბეჭდებოდა სავსებით უვარგისი წიგნები, რომლებიც თუ ვნებას არა, სარგებლობას ვეარფერს მოუტანდა.
პატრიოტული აღზრდის უდიდეს საშუალებად გრიგოლ ვოლსკის მიაჩნდა ისტორიის სწავლება და საჭიროდ თვლიდა მოსწავლე-ახალგაზრდობას კარგად სცოდნოდა თავისი ქვეყნის წარსული, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები და ისტორიული პიროვნებების ღვაწლი სამშობლოს კეთილდღეობისათვის ბრძოლაში.
სამშობლოს გულშემატიკვარ მოღვაწეს საჭიროდ მიაჩნდა, რომ შექმნილიყო საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მეცნიერთა წრე, რომელიც ახალგაზრდობას დაეხმარებოდა თავისი ქვეყნის ისტორიის შესწავლაში. ამ საქვეყნო საქმის შესრულებას გრიგოლ ვოლსკი ავალებდა ახალგაზრდა, მაგრამ მოწინავე ინტელიგენტებს: „მეცნიერული შრომა და ყველაზე უწინარეს ისტორიულად ჩვენი წარსულის შესწვლა და გაგება უპირველესი ვალია, რომელიც კისრად სდევს ჩვენს დაწინაურებულ ახალგაზრდობას”, – წერდა იგი ჟურნალ „კვალში”.
გრიგოლ ვოლსკი იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი და მის საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
დ. კლდიაშვილის ცნობით, გრიგოლ ვოლსკის, ი. მესხისა და ლ. ასათიანის თაოსობით ბათუმში გაიხსნა მრავალ კუტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება. განსაკუთრებით დიდი ჯაფა დასჭირდათ მათ ბათუმის გიმნაზიისა და საქალაქო სასწავლებლის დაარსებისათვის. გრიგოლ ვოლსკის და ლ. ასათიანის დაუღალავი შრომის შედეგად ორივე სასწავლებლისათვის ააგეს კარგი შენობა, რომელიც დღესაც ამშვენებს ქლაქს. გრიგოლ ვოლსკის ინიციატივით ბათუმში სხვადასხვა ერის ხალხებისათვის დაარსდა რამდენიმე დაბალი ტიპის სკოლა. „უეჭველი და შეურყეველია ის ფაქტი, რომ თუ ბათუმისა და მისი მიდამოების კულტურულ ზრდა-განვითარებაში ქართველებს უპირველესი ადგილი უჭირავთ, ეს გრიგოლ ვოლსკის წყალობით”, – წერდა გაზეთი „დროება” 1909 წელს (№225).
გრიგოლ ვოლსკი იყო ხალხის კეთილდღოებისათვის გაბედული მებრძოლი. სწორედ ამიტომ მეფის მოხელეებმა აიძულეს, რომ ბათუმი დაეტოვებინა. 1907 წლის ზაფხულში იგი საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში.
1908 წლიდან გრიგოლ ვოლსკის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც იგი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ქართველი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.
გრიგოლ ვოლსკი ქართული ენისა და ლიტერატურის ზედმიწევნით მცოდნე ჩინებული ორატორი და ენამოსწრებული იყო. საქართველოში იშვიათად ტარდებოდა ისეთი ლიტერატურული შეკრება-საღამოები, რომლებშიც მას მონაწილეობა არ მიეღო.
გულისხმიერი პედაგოგი განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებდა მოსწავლეთა შორის, მისმა ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერმა შრომამ თვალსაჩინო კვალი დააჩნია გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას.
უსამართლობის წინააღმდეგ გამუდმებულმა ბრძოლამ, მოუსვენარმა და დაუცხრომელმა შრომამ გატეხა გრიგოლ ვოლსკის ჯანმრთელობა.
იგი გარდაიცვალა ქ. თბილისში 1909 წლის 5 ოქტომბერს.
გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალებას ქართული ჟურნალ-გაზეთები ფართოდ გამოეხმაურნენ.