‍პეტრე უმიკაშვილი (1838-1904)

ავტორი: გიორგი იოსელიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0164 umikXIX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შორის თავისი დაუცხრომელი ენერგიით, შრომისმოყვარეობითა და საზოგადოებრივ-სალიტერატურო დარგში მოღვაწეობით პეტრე იოსების ძე უმიკაშვილს თვალსაჩინო ადგილი უკავია.

იგი დაიბადა თბილისში 1838 წლის 23 ოქტომბერს. ხუთი წლისა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და მამით დაობლებული პეტრეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა ტვირთად.

პირველდაწყებითი სწავლა პეტრემ მიიღო კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში. ამის შემდეგ სწავლობდა კომერციულ გიმნაზიაში, რომელიც 1854 წელს პირველ გიმნაზიას შეუერთდა. გიმნაზიის კურსი პეტრე უმიკაშვილმა დაასრულა 1859 წელს და გადაწყვიტა უნივერსიტეტში შესვლა, მაგრამ სიღარიბის გამო ეს განზრახვა პირველ ხანებში ვერ განახორციელა. 1860 წელს თავის დღიურში პეტრე ნაღვლიანად წერს: „წასვლას უნივერსტიტეტში არ ვიცი, რით მოვახეხებ... არ ვიცი რა ვქნა, არ ვიცი, რა იქნება ჩემი ბოლო, ნეტავი გარიბალდი ახლოს იყოს, იქნება იმისკენ თავი მეკრა; სულ არაფერი, თუ მოვკვდები კეთილი საქმისათვის მოვკვდები მაინცა”.

დედა-შვილი დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ. პეტრეს სამსახური უნდა დაეწყო და ასეთი ადგილიც, როგორც იქნა, გამოძებნა ვინმე აკოფოვის პანსიონში. ის მეთვალყურე მასწავლებლად დანიშნეს. რამდენიმე ხნის შემდეგ სამსახურს თავი გაანება, მაგრამ მალე იმავე პანსიონში მიიწვიეს ქართული ენის მასწავლებლად. 1864 წელს პეტრე უმიკაშვილი ნასესხები ფულით გაემგზავრა პეტერბურგში და შევიდა უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლის შემოდგომამდე სწავლობდა.

პეტრე უმიკაშვილის ბიოგრაფი პროფესორი ფ. გოგიჩაიშვილი ამ პერიოდის შესახებ წერს: „უნივერსიტეტში აღმოსავლეთის ფაკულტეტზე მან ჩააბარა გამოცდა ქართული ენის მასწავლებლისა (იმ დროებაში ქართული ენის მასწავლებლობისათვის უნივერსიტეტის მოწმობა იყო საჭირო). 1867 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა ტფილისში და შემდეგი წლიდან დაინიშნა ქართული ენის შტატის მასწავლებლად პირველ გიმნაზიაში. იმ დროს ყველა კლასში ქართული ენა სავალდებულო საგნად ითვლებოდა. ეს წესი შეიცვალა 1874 წელს, როდესაც ქართული ენა „არასავალდებულო საგნად” იქნა გამოცხადებული და განიდევნა საგიმნაზიო პროგრამიდან. ქართული ენის მასწავლებელსაც ჯამაგირი გაუნახევრეს. ამ დროიდან დაწყებული ქართულ ენას ასწავლიდნენ მხოლოდ პროგიმნაზიულ კლასებში, ხოლო უმაღლეს კლასებში მაშინთუ მშობლები და მოწაფეები მოისურვებდნენ. და პეტრე უმიკაშვილი უკვე მოხუცებაში შესული, გულისტკივილით მოიგონებდა ხოლმე იმ ქართველ მშობლებსა და მოწაფეებს, რომელთაც, რახან ქართული ენა სავალდებულო აღარ იყო, არ სურდათ ქართულის სწავლა და მას წერილობით თუ სიტყვიერად უცხადებდნენ: ქართულს მერეც მოვესწრებითო”.

გიმნაზიაში ქართულ ენას პეტრე უმიკაშვილი 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა (1868-1893). ქართული ენის გაკვეთილები მას ჰქონდა აგრეთვე ქალთა ინსტიტუტშიც და ცოდნას და ენერგიას არ იშურებდა, რათა საგნის სწავლება სათანადო დონეზე ყოფილიყო დაყენებული.

1893 წლიდან მან თავი დაანება მასწავლებლობას და მუშაობა დაიწყო ნიკოლოზ ღოღობერიძესთან,რომ ოც მარგანეცის დამუშავებას აწარმოებდა.

1897 წელს დაბრუნდა ისევ თბილისში და ამის გამო მეტისმეტად გახარებული ერთ კერძო წერილში წერდა: „რა ჰაერია ტფილისში! ვეღარ გავმძღარვარ სუნთქვით და ჭამით. ვხედავ გზაზე ჩემს ნამოწაფრებს პირველი გიმნაზიისას. პატარები დავტოვე. ახლა დავაჟკაცებულან ამ 4 წელს და სიყვარულით, პატივისცემით მეხვევიან გარს. ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის”.

სიკვდილის წინა წლებში მსახურობდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკში. იგი გარდაიცვალა 1904 წლის 28 მაისს.

პეტრე უმიკაშვილმა მწერლობა გიმნაზიის დასრულებისთანავე დაიწყო. მისი პირველი ლიტერატურული ნაშრომი (თარგმანი) „მწერალს რა ეჭირვება” დაიბეჭდა 1860 წელს „ცისკრის” დეკემბრის ნომერში. 1864 წელს მან შეადგინა და დაბეჭდა „ქართული ანბანი”, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა. 1866 წელს თბილისში გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წიგნი: „ძველი ხალხების ცხოვრება. ინდოელები და ეგვიპტელები”.

მაგრამ ნამდვილი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა პეტრე უმიკაშვილმა რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

წერდა ორიგინალურ პიესებს, პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, აგროვებდა და ბეჭდავდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, გამოსცემდა ქართველ კლასიკოსთა თხზულებებს, რედაქტორობდა „სასოფლო გაზეთს” 1874 წლიდან 1880 წლამდე, აწარმოებდა მთარგმნელობით მუშაობას და სხვა.

მისი რედაქტორობით (ზოგჯერ თანარედაქტორობით) დაიბეჭდა დ. გურამიშვილის „დავითიანის” I ნაწილი (1870), 1894 წელს აგმოვიდა „დავითიანის” სრული კრებული, რომელსაც პეტრე უმიკაშვილის საფუძვლიანი გამოკვლევა აქვს დართული („დავით გურამიშვილი და იმის წინა დროება”), „ვისრამიანი” (1884), „დასტურლამალი” (1886), ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვახტანგ ორბელიანისა და სხვათა ლექსების კრებულები და ა. შ.

თავის წერილებში, შენიშვნებსა და წიგნებში პეტრე უმიკაშვილი ეხებოდა ქართული კულტურისათვის თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს (ისტორია, პოლიტიკური მდგომარეობა, ლიტერატურა, სასოფლო მეურნეობა, თეატრი, სწავლა-განათლება და სხვ.).

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ის ქართული ენის მდგომარეობას, სკოელბს და, საერთოდ, სახალხო განათლების საკითხებს.

მას უაღრესად უყვარდა თავისი სამშობლო საქართველო. 1860 წლის 31 დეკემბერს „დღიურში” აღნიშნავდა: „შარშან ამ დროს მთაზე გავაცილე ძველი წელიწადი და ახალს დავუხვდი... ლხინივით მაგონდება მაშინდელი მგზავრობა, მთაზე რომ მივდიოდი ღუღუნით, რომ გულიანად ვლოცულობდი საქართველოსათვის”. სამშობლოს წინმსვლელობისათვის იმედს კი მამულიშვილები აწრმოადგენდნენ. „თუმცა კი ჯერ ცოტანი არიან მამულის სიკეთისათვის მზათა... განათლებაა ჩვენთვის საჭირო, საახლხო განათლება”, – წერდა პეტრე უმიკაშვილი.

1900 წელს მან ჟურნალ „მოამბის” პირველ ნომერში გამოაქვეყნა წერილი „ქართული თეატრი და ლიტერატურა”. ავტორი მიმოხილვას უკეთებდა განვლილი წლების მანძილზე მოპოვებულ წარმატებებს და ნაკლოვანებებს და აღნიშნავდა: „ყველაზე წინ ამ საერთო გამოლაპარაკებაში სწავლა-განათლების სურვილია, გადაათვალიერეთ გაზეთები. რა რიგად დრტვინავს ხალხი უმეცრებაზე, უსკოლობაზე...

...პედაგოგიურ და პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურამ ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისეთი ადგილი ვერ დაიჭირა, როგორც ჟურნალ-გაზეთებმა.

...ეს ფრიად დიდი ნაკლია და ამის შევსება ერთი დიდად საჭირო საგანა მომავლის შრომისათვის”.

თვითონ პეტრე უმიკაშვილი ახალგაზრდობიდანვე შეძლებისდაგვარად ცდილობდა არსებული ხარვეზის შევსებას. ამ მიზნით შეადგინა მან „ქართული ანბანი” (პირველად გამოიცა 1854 წ., მეორე 1865 წ., მესამედ 1866 წ.). „დედანი ქართული წერისა” (სხვათა შორის, ეს არის ქართული წერის პირველი დედანი) და სხვა. რასაკვირველია, ამ წიგნებს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც ახლდა, მაგრამ თავის დროზე მათ საკმაო სამსახური გაუწიეს ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდობას.

წიგნების გამოცემებისა და ბეჭდვის დაუცხრომელი მქააგებელი იყო პეტრე უმიკაშვილი. მას კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ ლიტერატურის სისტემატური კითხვა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საერთო დონის ამაღლებას და ზნეობრივი აღზრდის გაუმჯობესებას. იგი მოსწავლეთა მშობლებს ურჩევდა თავიანთი შვილებსი აღზრდაში მეტი მონაწილეობა მიეღოთ და, კერძოდ, მიუთითებდა კითხვის დიდ სარგებლობაზე.

„რიგიან ოჯახებში, – წერდა პეტრე უმიკაშვილი, – შვილებისათვის წლოვანების მიხედვით ყიდულობენ შესაფერის წიგნბს, თანდათან უმატებენ ამისთანა სამკითხველოებს, ინახავენ და ერთი შვილისათვის ნაყიდი მეორეს გამოადგება, მეორე – მესამეს და ამგვარად, ერთხელ დაფუძნებული ნელ-ნელა შეუმჩნევლად დიდდება, საოჯახოდ მთელი კრება წიგნებისა გროვდება, არ იფანტება. დედ-მამა ყმაწვილებს წიგნების მოვლასა და შენახვას ასწავლის, წიგნების შერჩევასა და კითხვას აჩვევს. ამგვარი ხელის შეწყობა ყმაწვილებს უღვივებს თვითმოქმედების, თვითგამჭრიახლობის ძალას და ეხმარება, რომ ყმაწვილმა სასწავლებელშიაც უმეტესი მხნეობა, გასჯა და ხალისი გამოიჩინოს”.

დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ ის დიდი მზრუნველობა, რომელსაც პეტრე უმიკაშვილი იჩენდა „ქართველთა შორის წერა-კითხვსი გამავრცელებელი საზოგადოებისადმი”. როგორც ცნობილია, ეს საზოგადოება ძირითადად არსებობდა საწევრო ანარიცხებითა და სხვადასხვა პირთა ნებაყოფლობითი შემოწირულებებით. ქართველ მოღვაწეებს კარგად ჰქონდათ შეგნებული ის გარემოება, თუ რა უდიდეს საქმიანობას აწარმოებდა თვითმპყრობელობის მძიმე და სულისშემხუთველ პირობებში ჩვენი მოზარდი თაობის სწავლა-აღზრდისათვსი წერა-კითხვის საზოგადოება.

ამიტომაც იყო, რომ პეტრე უმიკაშვილი ყოველ შეაძლებლობას იყენებდა, რათა პირადად თვითონ ან სხვისი შემწეობით ზეგავლენა მოეხდინა ამა თუ იმ შეძლებულ პირზე დ წერა-კითხვის საზოგადოებისათვის შემოწირულება გამოეთხოვა.

ამ მხრივ, მეტად საინტერესოა პეტრე უმიკაშვილის ის წერილი, რომელიც პროფესო ფ. გოგიჩაიშვილმა გამოაქვეყნა და მიმართულია 1903 წელს ფლორენციაში მიმავალ ნიკოლოზ ღოღობერიძისადმი. „მანდ ფლორენციაში, როგორც გამიგონია, ალექსანდრე ზუბალოვი თუ მანდ არის, უეჭველია, ნახავ. რას შვრება ეგ კაცი? ამბობენ, კარგი დიდი კოლექცია შეუკრებია ანტიკვარული. რა ოხრად უნდა, თავისი მდიდარი ძმისწულებისთვის? ეგები სიტყვა გაუტარო და ანდერძი გააკეთებინო „წერა-კითხვსი” მუზეუმის სასარგებლოდ... ცუდი არ იქნება, შენი ანდერძიც გააცნო მაგ პირქუშს, ეგებ რამე გამოდნეს. აქედამ მანდ მდიდარ ქვეყანას უნდა შემატოს და ჩვენ ღარიბ ქვეყანას უნდა გამოაკლოს აქ ნაშოვნი? აქ ყოფნის დროს ვითომ რაღაცეებს ფიქრობდა „წერა-კითხვის საზოგადოებისათვის” შენობაზე და მერე კი მიჩუმდა. ეგ ცოტა დუნე კაცია და კარგი ჩიჩინი უნდა. კარგა მოელაპარაკე შენებურად, ეგებ რამე გააკეთოს. ცოტა რბილი ლაპარაკის შუა სუსხადაც რომ ელაპარაკო, ცუდი არ იქნება”.

მისი უმწიკვლო მოღვაწეობის გამო პეტრე უმიკაშვილი გულწრფელად უყვარდა ქართველ საზოგადოებას.

კერძოდ, დიდად აფასებდა მას ილია ჭავჭავაძე. ჩვენი სახელგანთQმული მწერალი 1890 წლსი 31 მარტს პეტრე უმიკაშვილს წერდა:

„ძმაო პეტრე! ჩემდა საოცრად მე შევიტყვე, რომ შენ რაღაცაზე ხარ ჩემზე გაჯავრებული და ეს მით უფრო შესაწუხებელია ჩემთვის, რომ ვერ მომისაზრებია, რა უნდა იყოს ამის იზეზი, შენგან მიკვირს, რომ თუ რამ მიზეზი გაქვს, აქამომდე პირდაპირ არ მითხარი. ამას თხოულობს ჩვენი დიდი ხნის მეგობრობა, თუ გიყვარდე და ჩემი მცირეოდენი პატივისცემა შეგრჩენია, ამაღამ ჩემთან მოდი გასახსნილებლად. აქ ყმაწვილები იქნებიან, „ივერიაზე” გვექნება ლაპარაკი და მინდა, რომ შენც დაესწრო და შენი რჩევა გავიცნო. თუ სამუდამოდ ჩემი შემოწყრომა და ჩემზე ხელის აღება არ გინდა, გეხვეწები უარი არ მითხრა და უსათუოდ მოხვიდე”.

ეს პირადი წერილიც ერთხელ კიდევ ადასტურებს, თუ რამდენად საპატიო ადგილი ეკავა ქართველ მოღვაწეთა შორის პეტრე უმიკაშვილს, რომელიც თვითმპყრობელობის დროს 30 წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ჩვენს ნროჩ თაობას.