ვასილ ბარნოვი (ბარნაველი) (1856-1934)
“დიდ შემოქმედს თვის არსებაში ყოველი ქმნილების სამარადო სახეები ახატული აქვსო”, – ამბობს ვასილ ბარნოვი ერთ თავის მშვენიერ ნოველაში – „ძვირფასი თვალი”. ჩვენ ამ „ძვირფას თვალად” და „დიდ შემოქმედად” მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის მიწურულისა და მე-20 საუკუნის ორათეულის ქართულ პროზაში ვასილ ბარნოვი მიგვაჩნია.
მართალია, ვასილ ბარნოვის პოეზიამდე აყვანილმა პროზამ და ჯადოსნურმა კალამმა მეოცე საუკუნის პირველი ორი ათეული მიჯნაც გადმოაბიჯა, მაგრამ იგი თავისი განწყობით, სამწერლო სამკაულებითა და სუნთქვით მთლიანად მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობას ეკუთვნის.
მისი პოეზია ძველი დიდების „ნაშთების” გაცოცხლებას დასტრიალებს თავს, ის წარსულის „განასკვილი სიმის”, „ისნის ცისკრისა” და „არქეოლოგიური ნაშთების” რომანტიკოსია. მაგრამ ეს რომანტიზმი მარტო წარსულით არ სულდგმულობს. მწერლის ფილოსოფიური ჭვრეტა წარსულიდან მოავლისაკენ ჰფენს სხივებს.
ვასილ ბარნოვის დიდი ისტორიული რომანები ქართველი ხალხის გმირულ წარსულს ხატავენ შეუდარებელი ფერებითა და პოეტური სახეებით. ფაქტიური მხარე ბარნოვის რომანებში ყოველთვის და ყველგან ურყევად არის დაცული, როგორც ფაბულარულად, აგრეთვე სიუჟეტურადაც, ხოლო მათი კომპოზიციური აღნაგობა ისეა შეკრული, რომ მკითხველი განცვიფრებაში მოყავს მწერლის თვალსა და გრძნობას. ასე გგონიათ, მწერალი ამ ისტორიულ გმირთა გალერეას პირადად იცნობდა, მათთან უსაბრია, უმოქმედია, მათი ცხოვრების ყოველი დეტალი შეუსწავლია და შემდეგ დიდი ხელოვანის კალამს „ფერად-ფერადად” ტილოზე გადაუტანია.
მაგრამ ეს გადატანა უბრალო ლაბორატორიული და მარტო ისტორიისა და ფილოსოფიის დიდ ცოდნაზე დამყარებული შრომით როდია შესრულებული. ვასილ ბარონოვი არ არის ისტორიულ ამბავთა ციკლის ჩვეულებრივი პროზაიკოსი, ამბის მხატვრულად გადმომცემი, – იგი პოეტია, მისი პროზა რიტმულ წყობილსიტყვაობით არის ნაგები, უფრო სწორად, – ურითმო ლექსით დაწერილი. ამ მხრივ, ვასილ ბარნოვი თავიის განსაკუთრებული ჟანრით, წერის მანერითა და გემოვნებით თითქმის განმარტოებულად დგას ქართულ მწერლობაში.
ასეთივე გრძნობით გამთბარი, უანგარო და დაუღალავი იყო ის, როგორც პედაგოგი. ვინ მოთვლის, რამდენი ახალგაზრდა გამოუზრდია, კეთილ გზაზე დაუყენებია და მეგობრული გრძნობით გაუთბია. ვისაც ვასილ ბარნოვი მასწავლებლად ჰყოლია, ვერასოდეს ვერ დაივიწყებს იმ წუთებს, როცა შემოქმედების ცეცხლით აგზნებული მწერალი-მასწავლებელი ლიტერატურის გაკვეთილებს უხსნიდა. ვინ იქნებოდა ისეთი, რომ მისი გაკვეთილი ბეჯითად არ ესწავლა? ასევე ვირტუოზულად და ცეცხლოვანი განცდებით შლიდა და ამუშავებდა ის სასკოლო გაკვეთილების ყოველ წვრილმანსაც კი, როგორც თავის საყვარელ რომანებსა და ნოველებს.
მართლაც, საკვირველია ისეთი დიდი სიყვარული და გატაცება მხატვრული სიტყვისადმი და შემოქმედების ცეცხლი ასე ბოლომდე შენარჩუნება, როგორც ეს ვასილ ბარნოვმა განიცადა. მან სამარის კარამდე მიიტანა თავისი საყვარელი კალამი და უანგარო შრომისმოყვარეობა. სიცოცხლის უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გულის მანკით დაავადებულმა მხცოვანმა მწერალმა, რომელსაც ხელები უკანკალებდა და წერა არ შეეძლო, მთელი რიგი ახალი და დიდად საინერესო ისტორიული რომანები (“ალექსანდრე ბატონიშვილი”, „გიორგი სააკაძე”, „თამარ მეფე” და სხვ.) დაასრულა კარნახით.
ამ მრავალმხრივი და მრავალხნოვანი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების გზის მოკლედ მაინც აღნუსხვა ასეთი იქნება: ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი დაიბადა 1856 წლის მაისში, სოფელ კოდაში (ქვემო ქართლი, თბილისის მაზრა), მღვდლის ოჯახში. მწერლის წინაპრები მესხეთიდან (სოფელი ბარნავი) გადმოსახლებულან. მათი ნამდვილი გვარი ბარნაველი რუსეთის ცარიზმის დამყარების შემდეგ ბარნოვად გადაკეთებულა. – ამგვარად, ფორმით გარუსებული გვარი მეც ბოლომდე შემრჩაო, – წუხს მწერალი ერთ თავის მოგონებაში. დედა თავისი დროისათვის შესაფერად განსწავლული ქიზიყელი იაშვილის ქალი ყოფილა, რომლისგან ისწავლა პატარა ვასომ ქართული წერა-კითხვა. 8 წლის ვასო მიაბარეს თბილისის სასულიერო სასწავლებეში, სადაც აუტანელი ატმოსფერო იყო შექმნილი მოსწავლეების მიმართ. „მაგრამ უკანასკნელ წლებში, – იგონებს მწერალი, – სასწავლებლის ზედამხედველად ჩვენი დიდი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის დანიშვნის შემდეგ ადამიანური მოპყრობაც ეღირსათ მოწაფეებს.
“იაკობ გოგებაშვილი სასწავლებლის ზედამხედველად რომ მოვიდა, მესამე კლასში ვიყავი, – გადმოგვცემს ვასილ ბარნოვი, – მაშინ ჯერ შხეპლა ისევ მეფობდა. დაბალ კლასებში, საცა წვრილფეხობა იყო, ყველა გაკვეთილზე გამოისმოდა ბღავილი და ღრიალი. დღის განმავლობაში ნახევარი კლასი მაინც დაიშხეპლებოდა. რაც კლასი უფრო ზევით იყო, იმდენად იშვიათად იცემებოდა, თუმცა სულ ზემო კლასსაც დანაშაულის დროს არ ასცდებოდა ეს. კონების მოტანა დავალებული ჰქონდათ იმ შეგირდებს, რომლებიც განაპირა ცხოვრობდნენ, ბაღების ახლო. იმ ბაღებიდან იპატარავდნენ წკეპლებს და კლასში მოჰქონდათ, იქვე ინახებოდა მერხებში. შიშით ვინ ახლებდა ხელს, ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ცემა, რომ თუნდ ეგზარხი მოსულიყო კლასებში დასავლელად, მასწვლებლები თავისას არ იშლიდნენ.
– გოგებაშვილი! გოგებაშვილი! – გაისმა ხმა, – ჩვენს ზედამხედველად რომ დანიშნეს, ისა! წამოსადექი კაცი გამოდგა. ბეწვის საყელოიანი გვაბანაკი ესხა. ჩამოიარა ყველა კლასი, ხელი ჩამორთვა მასწავლებლებს, შეგირდებსაც გადმოუგდო ზოგი რამ სიტყვა.
– კაცო! კაცო! ახალ ზედამხედველს შხეპლა და შიმშა გადაუგდია. უთქვამს, ვერ მოვითმენ, რომ შეგირდებს ლახავდნენო.
მართლაც და, იმ დღიდან შეწყდა კლასში მოსწავლის გალახვა, დაჩოქებით დასჯასაც უკვე ერიდებოდნენ მასწავლებლები, ალბათ, ამასაც არ იყაბულებსო. ისე ერთბაშად გადავარდა ფიზიკური დასჯა, როგორც წისქვილს წყალი გადაუგდო და ბორბალი შედგეს... ესე დალოცვილი გახდა მისი შემოსვლის დღე...”
ეს გრძელი ამონაწერი ნათლად ახასიათებს იმდროინდელ სკოლას, როცა ვასილ ბარნოვი სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა (1864-1872) და ამ სკოლაში გაბატონებული აღზრდის უხეში მეთოდების წინააღმდეგ აშკარად გამოსულ ახალგაზრდა პედაგოგ იაკობ გოგებაშვილსაც, რომელმაც მისი ამ პირველი ნაბიჯებიდან დაწყებული მთელი ნახევარი საუკუნე იბრძოდა პედაგოგიკის მოწინავე იდეების განხორციელებისათვის. ეს სიტყვები ნათელი გამოხატულებაა აგრეთვე თვით ვასილ ბარნოვის განწყობილებისა, რომელიც აგრეთვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა ქართულ სკოლას, როგორც საუკეთესო მასწავლებელი, შეუდარებელი მეთოდისტი და გულისხმიერი აღმზრდელი.
თბილისის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებულად დასრულების შემდეგ ვასილ ბარნოვი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იმ ხანებში, როგორც თედო სახოკია გადმოგვცემს, აბუჩად აგდებული იყო მშობლიური ენა და შექმნილი იყო აუტანელი ატმოსფერო. მხოლოდ „ერთი ნათელი სხივი, რომელიც შემოანათა მის მოსწავლეობას, სასულიერო სასწავლებლის უკანასკნელ კლასში ყოფნის დროს, იყო ჩვენი დიდი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი”, მაგრამ ეს სხივი სემინარიაში კვლავ მიმქრალი დახვდა ახალგაზრდა ბარნოვს, რომელსაც მთელი ხუთი წლის გატარება მოუხდა ამგვარ ატმოსფეროსა და ვითარებაში. მაგრამ მტკიცე ნებისყოფა, სწავლის შეძენის სურვილი და პედაგოგიურ სარბიელზე მომზადებული გამოსვლა ვასილ ბარნოვს მატებდა ძალას მოეთმინა სასწავლებელში გამეფებული რეჟიმი.
1877 წელს ვასილ ბარნოვმა სასულიერო სემინარიაც წარჩინებულად დაამთავრა, რის გამოც ის აკადემიაში უნდა მიევლინებინათ, მაგრამ რაკი ქართველი იყო, მისი კანდიდატურა მოხსნილ იქნა. მომდევნო წლის განმავლობაში მასწავლებლობს თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1878 წელს ის თვითონ გაემგზავრა მოსკოვს და სასულიერო აკადემიაში მისაღები გამოცდების ბრწყინვალედ ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა ისტორიულ ფაკულტეტზე.
1882 წელს აკადემიის კურსიც წარჩინებულად დაამთავრა და კვლავ თავის საყვარელ საქმეს – პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. მასწავლებლობდა ახალსენაკში (ცხაკაიაში), თელავსა და საბოლოოდ თბილისში – სასულიერო სემინარიაში. 1918 წელს მიწვეულ იქნა სახალხო უნივერსიტეტის ლექტორად, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი პირველ მუშათა ფაკულტეტზე მისებური ხალისით უკითხავდა ქართული ლიტერატურის ლექციებს.
ვასილ ბარნოვი, როგორც ბელეტრისტი სამწერლო სარბიელზე 1879 წელს გამოჩნდა გაზეთ „დროებაში”. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მას თავიდანვე ლექსებშიც უცდია კალამი. მისი 1875 წელს დაწერილი ლექსი „ქართველ ქალს” 1879 წელს დაიბეჭდა „დროებაში”. ეს პოეტური განწყობილება მწერალმა შემდეგ თავის უზარმაზარ პროზაში გადაიტანა, რისი უტყუარი ფაქტიც მთლიანად მისი შემოქმედებაა.
ვასილ ბარნოვის ხანგრძლივი მოღვაწეობაც ამ შემოქმედების განუწყვეტელი ჯაჭვია. მას დარჩა 96 სახელწოდების ნოველა, ისტორიული რომანი (ნაწილი ჯერაც დაუბეჭდავია), მონოგრაფიები, ქართული ლიტერატურის გაკვეთილები (ორ ნაწილად), საქართველოს შესახებ ევროპელ მოგზაურთა (შარდენი, დიუბუა, გამბა) ნაწერების თარგმანები და სხვა.
ვასილ ბარნოვის ნაწერების დღემდე გამოცემულთა შორის აღსანიშნავია: „საკვირველი ხე” (1888), „მიმქრალი შარავანდედი” (1915), „გველის ზეიმი” (1919), „არსენა” (მონოგრაფია, 1921), „ამქრის მშვენება” (1923), „არმაზის მსხვრევა” (1926), „ვარდ-ფანჯები” (1929), „ტფილისის აჩრდილები” (1929), „ფერად-ფერადი” (1934), „სახიფათო სიყვარული”, „ხაზართა სასძლო”, „ნათელმოსილნი”, „ტრფობა წამებული”, „ისნის ცისკარი” და სხვ.
1929 წელს ვასილ ბარნოვის სამწერლო და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი ზეიმით აღინიშნა.
ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წლის 4 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, დაკრძალულია დავითის მთაზე, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.