‍ვახტანგი თულაშვილი (1834-1910)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

0165 vakhქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელთაგანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი დაიბადა 1834 წლის 6 ნოემბერს სოფელ ზირბითში. მშობლების ხელმოკლეობის გამო ვახტანგ თულაშვილს კავკასიის სამიჯნო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია. ეს სკოლა ამზადებდა გამმიჯვნელ-მიწისმზოემელებსა და ტოპოგრაფებს. აღნიშნულ სასწავლებელში ვახტანგ თულაშვილი წარჩინებით სწავლობდა და თავის სპეციალობას საუკეთესოდ დაეუფლა.

ნიჭიერ ახალგაზრდას სასწავლებლის ხელმძღვანელებმა ყურადღება მიაქციეს და მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1859 წლიდან, როდესაც სამიჯნო სკოლასთან ე. წ. საკვირაო სკოლა ჩამოყალიბდა, აქ ვახტანგ თულაშვილი და მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი სხვებთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდნენ და ახალგაზრდებს მონდომებით ასწავლიდნენ.

ამავე დროს ვახტანგ თულაშვილი საზოგადოებრივ სალიტერატურო ასპარეზზეც მოღვაწეობდა და ილია ჭავჭავაძის წრეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბეში” (1863), დროგამოშვებით აქვეყნებდა წერილებს თბილისის ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. მან 1862 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანთან ერთად შეადგინა და გამოსცა ქართულ ენაზე არითმეტიკის სახელმძღვანელო, ფოგელის რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით.

ვახტანგ თულაშვილი სხვებთან ერთად 1870-იანი წლებიდან ენერგიულად იღვწოდა ისეთი საზოგადოების დაარსება-ჩამოყალიბებისათვის, რომელსაც ქართველ ხალხში სწავლა-განათლება უნდა შეეტანა და სკოლები გაეხსნა. ამ სურვილის განხორციელება მოწინავე საზოგადო მოღვაწეთა წრემ მხოლოდ 1879 წელს შეძლო, როდესაც ოფიციალურად დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

ვახტანგ თულაშვილი მთელი რიგი წლების მანძილზე ამ საზოგადოების წევრი იყო და სარევიზიო კომისიაში მუშაობდა.

ვახტანგ თულაშვილი გარდაიცვალა 1910 წლის 9 დეკემბერს, თბილისში. სამწუხაროდ, უფრო ვრცელი ბიოგრაფიული ცნობები ვახტანგ თულაშვილის შესახებ არ მოგვეპოება. არც მისი ღვაწლია სათანადოდ დაფასებული. მისი ცხოვრების შესწავლა კი მე-19 საუკუნის ბევრ საინტერესო საზოგადოებრივ საკითხს მოჰფენს ნათელს. კერძოდ, ეს ითქმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების შესახებ.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსდა 1879 წლის 31 მარტს (ამ თარიღითაა დამტკიცებული ოფიციალურად საზოგადოების წესდება). აღნიშნულმა საზოგადოებამ საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა. მისი მთავარი მიზანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის, განათლების გავრცელება, სკოლების გახსნა, სახელმძღვანელო წიგნებისა და პედაგოგიური და სხვა ხასიათის ლიტერატურის გამოცემა.

უდიდეს გამარჯვებას წარმოადგენდა წესდების მე-3 მხლით მოპოვებული უფლება, რომლის მიხედვითაც „საზოგადოების” სკოლებში მთელი დაწყებითი განათლება დედა-ენაზე წარმოებდა. ეს მუხლი წესდების მთავარი მუხლია და მისი შინაარსი ამართლებდა საზოგადოების შექმნასა და არსებობას. იგი შესაძლებლობას ქმნიდა კოლონიური პოლიტიკის შედეგად ასე რიგად შელახულ დედა-ენას კანონიერი უფლებანი მოეპოვებინა კერძო სკოლებში მაინც. თავის მხრივ, ეს ნაბიჯი აღვივებდა იმედს და ხალხს კიდეევ მეტად რაზმავდა გონივრულ საფუძველზე მოწყობილი სკოლების გასახსნელად, სადაც საგნების სწავლება მშობლიურ ენაზე იწარმოებდა.

დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე და ვახტანგ თულაშვილი იყვნენ ის პირნი, რომელთაც ყველაზე მეტი ღვაწლი დასდეს ამ საზოგადოებას. საზოგადოების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში იმდენად დიდი იყო, რომ მისი დაარსების ისტორიის, საქმიანობისა და გავლენის შესწავლა მრავალმხრივაა საინტერესო.

კერძოდ, ეს ითქმის იმ მოსამზადებელ პერიოდზე, რომელიც&ნბსპ; წინ უძღოდა ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას.

ამ საკითხზე ჩვენ საკმაო ლიტერატურა მოგვეპოვება. უმთავრესი მათ შორის არის იაკობ გოგებაშვილის წერილი „როგორ დაარსდა წერა-კითხვის საზოგადოება”. რადგანაც იაკობ გოგებაშვილის ამ წერილს ეყრდნობა თითქმის ყველა მკვლევარი, ჩვენც ჯერ ამ წერილის მიხედვით წარმოვადგენთ ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების მთავარ მომენტებს.

“შემდეგ ბატონყმობის გადავარდნისა, – წერს „დედა-ენის” სახელოვანი ავტოი, – საქართველოში 1864 წელს ქართველ საზოგადოებაში დაიბადა და აღიზარდა ის აზრი, რომ ეს რეფორმა მხოლოდ მაშინ მოიტანს სანატრელს ნაყოფს, როცა გლეხობა განთავისუფლდება სიბნელისა და უმეცებისაგანაო. ვისგან უნდა მოელოდეს ჩვენი გლეხობა ამ მეორე განთავისუფლებასაო? რასაკვირველია, არა ბიუროკრატისგან, რომელიც&ნბსპ; ამისათვის თავს სულაც არ გაიცხელებს, არამედ ქართველი დაწინაურებული საზოგადოებისაგანაო... ამ მოსაზრებამ დაბადა წადილი „წერა-კითხვის საზოგადოების” დაარსებისა, მაგრამ წადილის განხორციელებას ესაჭიროებოდა პროპაგანდა საზოგადოებაში, მოძრაობის დაბადება და გაძლიერება. ამას ხელი მოუმართა იმ გარემოებამ, რომ მაშინ, სამოციანს წლებში, ზოგი ქართული ოჯახები ნამდვილს ცენტრებს წარმოადგენდნენ, სადაც იკრიბებოდნენ ძველის და ახალის თაობის საუკეთესო წარმომადგენელნი.

ამგვარ ოჯახთა შორის თვალსაჩინოდ განირჩეოდა ოჯახობა იოსებ მამაცაშვილისა. აქ მესამოცე წლების მეორე ნახევარში იკრიბებოდნენ, ქართველ ინტელიგენტთა გარდა, პროგრესიული რუსები და ზოგი გაქართველებული სომხებიცა.

...აქ დარბაისლური საუბარი ხშირად გადაიქცეოდა ხოლმე კამათად სხვადასხვა საკითხების შესახებ, იკითხებოდა რეფერატები, რჩეული სტატიები და წიგნები და იმართებოდა დებატები... ამ წრეს 1870 წელში მოემატნენ ორნი განათლებულნი ახალგაზრდა ქართველნი... ნიკო ცხვედაძე და გიორგი იოსელიანი.

სწორედ ამ წრეში დაიბადა და აღიზარდა აზრი წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებისა. სულ თავდაპირველად ამ საზოგადოებას ჰონდა კერძო წრის ხასიათი. ყოველს წევრს ამ წრისას კასაში შეჰქნდა განსაზღვრული ფული, რომლითაც უნდა დააარსებლუიყვნენ კერძო სკოლები სოფლად. პირველი კერძო სკოლა დავაარსეთ სოფელს ხოვლეში იოსებ მამაცაშვილის ასულის მარიამის სახელობაზე, რომელიც&ნბსპ; მეუღლედ ჰყავდა ხოვლელს მემამულეს თავადს გიორგი ჯავახიშვილსა... ჩვენ გვსურდა, სამაგალითო სკოლა დაგვეარსებინა, რომლისთვისაც უნდა მიებაძნათ ყველა სოფლის სკოლებსა; მაგრამ სამოსწავლო ბიუროკრატიამ მეტად დააკოჭლა ჩვენი სკოლა, ნაყოფიერება მისი საგრძნობლად შემაცირა და დაუკარგა მიმზიდველობის ძალა. ამიტომ სკოლამ ვერ იბარყა და დარჩა ობლად...

საქმის მდგომარეობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენის მიზნის და წადილის მისაღწევად კერძო წრე უძლურია, და საჭიროა ფართო საზოგადოება, ჯეროვანი წესდებულებით, რომელიც&ნბსპ; მთავრობის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული და დაკანონებულიო. ჩვენ ვთოვეთ ვახტანგ თლაშვილს, დაებარებინა რუსეთიდან თავისი სიმამრის შუამავლობით ნორმალური წესდება წერა-კითხვის საზოგადოებისა. მანაც დაიბარა, მაგრამ მიღება დაგვიანდა რაღაც მიზეზის გამო. ამ ხანობაში მე მძიმე ავადმყოფი შევიქენი”.

იაკობ გოგებაშვილი სამკურნალოდ გაემგზავრა ჯერ სოხუმში, შემდეგ ვარიანში. როდესაც თბილისში დაბრუნდა, ვახტანგ თულაშვილისაგან წესდება მიიღო და ნიკო ცხვედაძესთან ერთად დიმიტრი ყიფიანთან მივიდა. „გადავწყვიტეთ: ყოველ შაბათს საღამოს შევკრებილიყავით მასთან და შეგვემუშავებინა წესდებულება წერა-კითხვის საზოგადოებისა ქართველთა შორის. გაჩაღდა შაბათის კრებები. ჩემდა სამწუხაროდ, მე დავესწარი მხოლოდ რამდენსამე კრებას; ზამთრის სიცივემ ისევ ამიშალა ფილტვების ავადმყოფობა და შინ დამამწყვდია.

...ნიკო ცხვედაძე თვისი ჩვეულებრივი ენერგიით შეუდგა ამ საქმესა და ყოველ შაბათს საღამოს დაიარებოდა დიმიტრი ივანეს ძესთან და მხოლოდ ეს ორი ქართველი ადგენდა წესდებულებას ახალის ქართულის საზოგადოებისა”.

იაკობ გოგებაშვილმა გამოჯანრმთელების შემდეგ, როდესაც წესდება მთლიანად შემუშავებული იყო, მასში შეიტანა ცნობილი მესამე მუხლი, რომლითაც გათვალისწინებული იყო სკოლებში სწავლების წარმოება დედა-ენაზე. ეს ჩვენი დიდი პედაგოგის უდიდეს დამსახურებას წარმოადგენს.

ბესარიონ ღოღობერიძეს დაევალა წესდებაზე საზოგადოების დამფუძნებელ წევრთა ხელის მოწერის ჩატარება. თანაშემწეებად მას დაუნიშნეს ილია ჭავჭავაძე და ვახტანგ თულაშვილი.

“ვისაც კი წესდებულება მიუტანეს, – წერს იაკობ გოგებაშვილი, – ყველამ სიამოვნებით მოაწერა ხელი და არც ერთს შიში არ გამოუთქვამს ჩემ მიერ ჩამატებულის მუხლის შესახებ, რადგანაც მოხსენებიდან ყველანი ხედავდნენ, რომ იგი დამყარებული იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ს რესკრიპტზედა.

დიმიტრი სტაროსელსკიმ არ დააგვიანა საქმე და ნამესტნიკს დაუყოვნებლივ დაამტკიცებინა”.

იაკობ გოგებაშვილის ამ წერილიდან მოკლედ ასეთი სურათი იხატება:

I. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ქართველ საზოგადოებაში გაძლიერდა აზრი გლეხობაში სწავლა-განათლების დედა-ენაზე შეტანისა და ამ მიზნით, წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებისა.

II. ეს აზრი განსაკუთრებით მომწიფდა იოსებ მამაცაშვილის ოჯახში, სადაც იკრიბებოდნენ მოწინავე ქართველები: დიმიტრი ბაქრაძე, დიმიტრი მუსხელიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, გეგე მაღალაშვილი, ვახტანგ თულაშვილი, ანტონ ფურცელაძე და სხვანი. ამ ჯგუფს 1870 წლიდან შეემატნენ ნიკო ცხვედაძე და გიორგი იოსელიანი.

III. წრემ გაადგა პრაქტიკული ნაბიჯი და ხოვლეში მარიამ იოსების ასულ ჯავახიშვილის სახელზე გახსნა სოფლის სკოლა, სადაც სამი წლის განმავლობაში სწავლება ქართულ ენაზე უნდა წარმოებულიყო, ხოლო მეოთხე წლიდან რუსულ ენაზე გადადიოდნენ. იაკობ გოგებაშვილის აზრით, რაკი სწავლების მეოთხე წელიც ქართულ ენაზე არ წარმოებდა, სკოლას ფრთები შეეკვეცა და „ვერ იბარტყა”.

IV ამის გამო წრემ გადაწყვიტა უფრო დიდი საზოგადოების დაარსება და წესდების ნიმუშის შოვნა დაავალა ვახტანგ თულაშვილს, რომელმაც რაღაც მიზეზების გამო რუსეთიდან დაგვიანებით მიიღო წესდება.

V. ეს წესდება იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ მიიტანეს დიმიტრი ყიფიანთან გადასამუშავებლად.

იაკობ გოგებაშვილის ავადმყოფობის გამო წესდება შეიმუშავა მხოლოდ ორმა ქართველმა – დიმიტრი ყიფიანმა და ნიკო ცხვედაძემ.

VI. იაკობ გოგებაშვილის დაჟინებითი მოთხოვნით წესდებაში შეტანილ იქნა მე-3 მუხლი იმ რედაქციით, რომელსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ. ამ მუხლს წინააღმდეგობა არ გამოუწვევია და ის მეფის ნაცვალს დაუყოვნებლივ დაუმტკიცებია.

იაკობ გოგებაშვილის ამ წერილს უკომენტაროდ იყენებენ მკვლევარები: ვარ. აჯაია, ი. ლ. ბოცვაძე, პროფ. გ. თავზიშვილი, პროფ. დ. ლორთქიფანიძე, სოლ. ცაიშვილი და სხვ. საქმის ვითარება კი მთლად ასე არ არის. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ისტორიის ზოგიერთი საკითხის უფრო ზუსტად გასაშუქებლად ჩვენ ოგვეპოვება ვახტანგ თულაშვილის მეტად საინტერესო წერილი, რომელიც&ნბსპ; გამოქვეყნდა ჟურნალ „მოამბის” 1895 წლის მეხუთე ნომერში, სახელწოდებით „შენიშვნა”. ვახტანგ თულაშვილის „შენიშვნისათვის” მკვლევარებს რატომღაც ყურადღება არ მიუქცევიათ, მაშინ როდესაც დასახელებული წერილიდან ბევრი რამ ისეთიც ირკვევა, რაც იაკობ გოგებაშვილისათვის არ ყოფილა ცნობილი.

ვახტანგ თულაშვილის „შენიშვნა”, როგორც თვითონ ავტორი აცხადებს, შემდეგ გარემოებას გამოუწვევია: „მოამბის” მეოთხე ნომერში დაბეჭდილია ბ-ნ ნიკოლოზ ყიფიანის წერილი: „დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება”. რადგან ამ წერილის ავტორი არის დიმიტრი ყიფიანის შვილი, ამიტომ ბევრი საინტერესო რამ არის ხსენებულს წერილში ამ გამოჩენილი და განთქმული კაცის ცხოვრების შესახებ. მაგრამ ირკვევა, რომ „ამ წერილში ზოგიერთი შეცდომებიც არის, რის გასწორება, ჩემის აზრით, საჭიროდ მიმაჩნია. ეს შეცდომილება ოსვლია ავტორს დიმიტრი ყიფიანის იმდროინდელ მოღვაწეობის შესახებ, როდესაც ცოტაოდენად წინ წაწევის ნიშნები, სწავლა-განათლებისათვის ზრუნვა და სხვა ამისთანა მკეთილი სურვილი აღიძრა ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ, ვგონებ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ იყო ნამდვილად საქმე: ვინ იცის, იქნება ჩვენის ქვეყნის ისტორიკოსმა როდისმე გამოიყენოს ეს მაშინდელ გარემოებათა დანამდვილებული ცოდნა”.

რა შეცდომებზე მიუთითებს ვახტანგ თულაშვილი ნ. ყიფიანს? მთავარი, რაც ჩვენ ამჟამად გვაინტერესებს ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას ეხება.

ნიკოლოზ ყიფიანის სიტყვით, ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების იდეა დიმიტრი ყიფიანის მარშლობის დროს ჩაისახა ქართველ საზოგადოებაში და მის დამაარსებელთა შორის მითითებულია კონსტანტინე მამაცაშვილზე, ილია ჭავჭავაძზე, ბესარიონ ღოღობერიძეზე, ვახტანგ თულაშვილსა მიხეილ ყიფიანზე. ამათ რიცხვში დასახელებული არ იყვნენ იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე, ხოლო კონსტანტინე მამაცაშვილსა და მიხეილ ყიფიანს საზოგადოების დაარსებაში მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული.

ამიტომ ვახტანგ თულაშვილი მოკლედ გადმოგვცემს ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ისტორიას:

აი, როგორ დაარსდა ეს საზოგადოება: ჯერ ისევ ადრე, ე. ი. 1870 წლებში, შევიყარენით რამდენიმე ახალგაზრდა კაცი (ზოგი ქალებიც ერია), რომლებსაც ყოველთვეს შემოჰქონდათ კასაში თითო მანეთი (ზოგს მეტიც). ამნაირად მოგროვილის ფულით დავაარსეთ სკლა ს. ხოვლეს, გორის მაზრაში, სადაც თავადნი ჯავახიშვილნი სცხოვრობენ. სკოლა იყო ქ-ნ მარიამ, თ-დ გიორგი ჯავახიშვილის მეუღლის სახელობაზე დაარსებული, ხოლო საჭირო ფულს ჩვენის კასიდან ვიხდიდით. შემდეგ ამ სკოლას თ-დ ჯავახიშვილებმა სახლის ალაგიც შესწირეს... რადგანაც ამ ჩვენს პატარა კრებულს სურვილი დიდი ჰქონდა და ღონისძიება იმდენი არა, რომ თავისი სურვილი განეხორციელებინა, ამიტომ დაიბადა აზრი დაგვეარსებინა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. სხვადასხვა აზრი გამოითქვა ამ საგნის შესახებ. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ მთავრობა ნებას არ მოგვცემს ამ საზოგადოების დაარსებისასაო.

დადგა 1877 წელიწადი და, როგორც მკიღხველსაც ეხსომება, დაიწყო რუს-ოსმალთ ომი. ამ წლის აპრილის პირველ რიცხვებში გამოვიდა რუსეთის მთავრობისაგან მოწოდება ქართველი ერის მიმართ. მთავრობა ამ მოწოდებაში იხსენიებდა, რომ საქართველო მუდამ რუსეთის მთავრობის ერთგული ყოფილა და ქართველთა ტომი განთქმულია თვისის ვაჟკაცობითა და სხვადასხვა ამისთანა ქება ჩვენის სამშობლოსი და მისი ერისა. ვიფიქრე, რომ ეს დრო სწორედ კარგი დროა ჩვენის აზრის განსახორციელებლადა-მეთქი”.

ამის შემდეგ ვახტანგ თულაშვილის „შენიშვნა” იძლევა განმარტებას, თუ რამ გამოიწვია წესდების მიღების დაგვიანება. ვახტანგ თულაშვილს პირველად მიუმართავს პეტერბურგისათვის, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ წერილი გაუგზავნია ხარკოვში, მაგრამ წესდების გამოგზავნაზე იქიდანაც უარი შემოუთვლიათ, მხოლოდ ურჩევიათ, სად სეია მისი შოვნა და ამ მიწერ-მოწერის შედეგად ხაარკოვის წერა-კითხვის საზოგადოების წესდების ასლისათვის მიუკვლევია თბილისში, ზაქარია ერისთავის ოჯახში.

მაგრამ უმჯობესია მოვუსმინოთ თვითონ ვახტანგ თულაშვილს: „გაზეთებში მქონდა წაკითხული, რომ პეტერბურგში მოქმედობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტი... მივწერე ამ კომიტეტს, რომ თავისი წესდება გამოეგზავნა ჩემთვის. მივიღე პასუხი, რომ ჩვენი წესდება თქვენ არ გამოგადგებათ და გირჩევთ, ხარკოვს მიჰმართოთ, სადაც დაწესებულია იმისთანა საზოგადოება, როგორიც თქვენა გსურთ და გამოგადგებათო. მე ხარკოვის საზოგადოებასაც მივმართე. იქიდგან მოიწერეს, რომ დაბეჭდილი ეგზემპლარი ჩვენის საზოგადოების წესდებისა ამ რამდენიმე წლის წინად ტფილისს თ-დ ზაქარია გიორგის ძე ერისთავს გავუგზავნეთო..

მაშინვე მივმართე ამ დიდად პატივცემულ პირს, რომელმაცა ხარკოვის საზოგადოების წესდება.

...ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და მე შევუარენით და ვთხოვეთ დიმიტრი ყიფიანს მონაწილეობა მიეღო ამ სასარგებლო საქმეში.

...დიმიტრი ყიფიანმა წინაპირველად არ ისურვა მონაწილეობა მიეღო ამ საქმეში, მაგრამ შემდეგ ჩვენი აზრი მოეწონა, დაგვეთანხმა და კვირაში ერთხელ, ხანდახან ორჯელაც ვიკრიბებოდით ხოლმე იმის სახლში წესდების შესადგენად.

...წესდების შედგენას თითქმის მთელი 1877 წლის ზამთარი და 1878 წლის იანვარი მოუნდა. ვიდრე გავათავებდით მის შედგენას, ზევით მოხსენებულთა გარდა, არავის მონაწილეობა არ მიუღია”.

1878 წლის 20 იანვარს გრიგოლ ორბელიანის ბინაზე თავი მოუყრია ყველა იმათ, ვისც მონაწილეობა უნდა მიეღო საზოგადოების დაფუძნებაში. დიმიტრი ყიფიანს წაუკითხავს წესდების პროექტი, რასაც შემდეგ მოჰყოლია ცხარე კამათი, თუ რა სახელწოდება უნდა მიეცათ საზოგადოებისათვის.

საქმე იმაშია, რომ გამოთქმა წერა-კითხვის საზოგადოება ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მანამდისაც (ე. ი. ამ კრებამდისაც) არსებობდა, მაგრამ უნდა განსაზღვრულიყო, თუ ვისთვის იყო ეს საზოგადოება, ვის უნდა მომსახურებოდა ის. ვახტანგ თულაშვილის სიტყვით, „გრიგოლ ორბელიანი იმ აზისა იყო, რომ ის სახელი გვეწოდებინა, რომელსაც ამჟამად ვუწოდებთ”, ე. ი. გრიგოლ ორბელიანის წინადადებით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წინ უნდა დამატებოდა „ქართველთა შორის”. ამი წინააღმდეგ წასულა დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც უთქვამს: „ეგ სახელი ვერ გამოვა რიგიანი, რადგანაც სომეხთ, ამ ჩვენთა მოძმეთა და მეზობელთა წილი აღარ დაედებათ იმათში, რომელთა შორისაც უნდა ვრცელდებოდეს წერა-კითხვა”. დიმიტრი ყიფიანს მიმხრობია გიორგი რომანოზის ძე ერისთავი. კრება კომპრომისულ გზას დასდგომია. ახალ საზოგადოებას გრიგოლ ორბელიანის წინადადებით უწოდეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, ხოლო იმ სომხებს, რომელთაც სურდათ, შეეძლოთ ხელი მოეწერათ წესდებაზე.

დაიწყო წესდებაზე ხელის მოწერა: „თითქმის ოთხი თვე ვატარებდი ამ წესდებას ხელის მოსაწერათ იმათთან, ვინც კი ტფილისში სცხოვრობდა, – წერს ვახტანგ თულაშვილი. – შემდეგ წესდება გადავეცი დიმიტრი ყიფიანს და 24 ივნისს 1878 წელს წარდგენილ იქნა იგი მთავრობის წინაშე დასამტკიცებლად... თუმცა ბევრს ვცდილობდით, მაინც დამტკიცებამ ძალიან დაიგვიანა – ცხრა თვეზე მეტმა გაიარა (დამტკიცდა 31 მარტს, 1879 წ)”.

დაგვიანება გამოიწვია წესდებაში იაკობ გოგებაშვილის მიერ შეტანილმა ცნობილმა მესამე მუხლმა. ამ მუხლის წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია როგორც მეფის ნაცვლის სამმართველოს, ისე კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველსაც.

დასამტკიცებლად წარდგენილი წესდება მეფის ნაცვლის სამმართველოს გადაუგზავნია კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისათვის. მზრუნველის მოვალეობას ასრულებდა ნ. ლ. მოძალევსკი. ნ. მოძალევსკის მოუთხოვია მესამე მუხლის შეცვლა. „ამიტომ, – აღნიშნავს ვახტანგ თულაშვილი, – ჩვენ, წესდების შემდგენლები, იძულებულნი ვიყავით ზოგიერთი რამ დაგვეთმო მესამე მუხლში მოხსენებულიდან და ამ მიზეზით წესდების ზოგიერთი ფურცლის გააწერა დაგვჭირდა. შემდეგ მოძალევსკიმ ორჯერლ კიდევ მოითხოვა ამავე მუხლის გადაკეთება, მაგრამ ჩვენ აღარ დავთანხმდით და პირდაპირ ვუთხარით, რომ შეგიძლიანთ თქვენი აზრი წარუდგინოთ მთავრობას და, თუ ის არ დაამტკიცებს, დაე, ნუ დაამტკიცებს, ჩვენ კი მაგ მუხლს ვეღარ შევცვლით, რადგანაც მაგ მუხლის შეცვლით საზოგადოებას წაერთმევა ღონისძიება თავისი დანიშნულება აღასრულოსო და სხვ.

ცოტა ხნის შემდეგ კავკასიის ნამესტნიკის მთავარ-სამმართველომ თავის მხრივაც მოითხოვა ამ მესამე მუხლის შეცვლა. ამაზე დიმიტრი ყიფიანმა 25 მარტს 1879 წ. წარადგინა ჩვენ მიერ შედგენილი განმარტების ქაღალდი და არ გავიდა ერთი კვირა (31 მარტი), რომ წესდება დამტკიცდა”.

ასეთია ვახტანგ თულაშვილის მიერ წარმოდგენილი საქმის ვითარება ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისა. ამ ცნობების მიხედვით შემდეგ ახალ მომენტებს ვეცნობით:

I. წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებისათვის პრაქტიკულად ნაბიჯის გადადგმა ჩვენმა მოწინავე მოღვაწეებმა შეუფარდეს გარკვეულ მომენტს – რუსეთ-თურქეთის ომს, როდესაც თვითმპყრობელობამ ძალაუნებურად „გაღიმებული სახით” გადმოხედა ქართველ ხალხს. ამ ომს ადგილი ჰქონდა 1877 წელს. მაშასადამე, საზოგადოების სანიმუშო წესდების მოპოვებისათვის ღონისძიება მიღებულ იქნა 877 წლის გაზაფხულის შემდეგ და არა 1876 წელს.

II. წესდების გამოგზავნის თხოვნა ჯერ პეტერბურგში გაგზავნეს, შემდეგ ხარკოვში. არც ერთი დასახელებული ადგილიდან წესდება არ ყოფილა მიღებული. მიწერ-მოწერაში დრო გავიდა, რამაც გამოიწვია დაგვიანებით მისი შოვნა. საბოლოოდ, ხარკოვის წერა-კითხვის საზოგადოების წესდების ასლს ვახტანგ თულაშვილმა მიაკვლია თბილისში, ზაქარია ერისთავის ოჯახში.

III. წესდების გადამუშავებაში მონაწილეობას იღებდა არა მარტო დიმიტრი ყიფიანი და ნიკო ცხვედაძე, როგორც ეს მიღებულია ამჟამად, არამედ დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ვახტანგ თულაშვილი. მათ ეკუთვნით წესდების საერთო გადამუშავება და მთლიანი სახის მიცემა, ხოლო წესდების უმთავრესი, ცენტრალური, მესამე მუხლი მასში შეტანილია იაკობ გოგებაშვილის კატეგორიული მოთხოვნით.

IV. ახალ საზოგადოებას შემდეგში ცნობილი მისი ოფიციალური სახელწოდება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” ეწოდა გრიგოლ ორბელიანის წინადადებით 1878 წლის 30 იანვარს, პოეტის სახლში გამართულ მოწინავე ქართველთა კრებაზე.

V. წესდება უმტკივნეულოდ და უბრძოლველად არ დამტკიცებულა. თვითმპყრობელობის აგენტები და კავკასიის სასწავლო ოლქის ბიუროკრატი მესვეურები გააფთრებით მოითხოვდნენ წესდების მესამე მუხლის მთლიანად შეცვლას, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს და წესდების წარდგენიდან 3 თვის შემდეგ, 1879 წლის 31 მარტს, ის დამტკიცებულ ინა. ამ დროიდან იწყებს თავის ოფიციალურ არსებობას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამ საზოგადოების დაარსებაში სხვებთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის ვახტანგ თულაშვილს. ის ძალ-ღონეს არ ზოგავდა, რომ სწავლა-განათლების გავრცელების ეს უდიდესი კერა ჩამოყალიბებულიყო და თვითმპყრობელობის ბატონობის მძიმე პირობებში ქართული სკოლები გახსნილიყიო, სადაც ქართველ ბავშვებს საშუალება ექნებოდათ მშობლიურ ენაზე საწავლა-განათლების მიღებისა.

ზევით აღვნიშნეთ, რომ ვახტანგ თულაშვილი რამდენიმე წელს მასწავლებლობდა კავკასიის სამიჯნო სასწავლებელში და ამ სასწავლებელთან არსებულ ე. წ. საკვირაო სკოლაში. მისი მუშაობა ამ მხრივაც სათანადო დაფასებას მოითხოვს.

ვახტანგ თულაშვილმა კავკასიის სამიჯნო სასწავლებელთან არსებულ საკვირაო სკოლაში მასწავლებლობა დაიწყო 1859 წლიდან. ამ სკოლის ქართული განყოფილება გაყოფილი იყო ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ქართველები და მათ ხელმძღვანელობდა და ქართულ ენას ასწავლიდა დიმიტრი გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი. ქართული განყოფილების მეორე ჯგუფს, რომელშიც არაქართველი ეროვნების ახალგაზრდები სწავლობდნენ, ამეცადინებდა ვახტანგ თულაშვილი. მაგრამ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქართულ ჯგუფსაც და ყოველმხრივ ცდილობდა, ქართველ მოსწავლეებს მეცადინეობის ნორმალური პირობები ჰქონოდათ.

სწორედ ამ მდგომარეობამ გამოიწვია ვახტანგ თულაშვილისა და მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ ქართულ ენაზე არითმეტიკის სახელმძღვანელოს შედგენა. მათი განზრახვის განხორციელებას ხელს უწყობდა სამიჯნო სასწავლებლისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელთა ჰუმანური და გამამხნევებელი დამოკიდებულება მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მასწავლებლებთან.

ვახტანგ თულაშვილის სიტყვით, „რადგანაც იმ დროს ქართულ ენაზე არ მოიპოვებოდა არითმეტიკის არც ერთი სახელმძღვანელო, რაც მეცადინეობას ძლიერ აბრკოლებდა, ამიტომ გ. ნოსოვიჩის, პ. რერბესკის და პ. პავლობის წინადადებით მიღებულ იქნა დადგენილება, ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი და გამოცემული ყოფილიყო ფოგელის არითმეტიკა, რომელიც&ნბსპ; იმ დროს საკეთესო სახელმძღვანელოდ ითვლებოდა დაწყებითი სკოლებისათვის. ხოლო რადგანაც მისი გადმოთარგმნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა ქართულ ენაზე სხვადასხვა სპეციალრუი ტერმინების უქონლობის გამო, ამიტომ მე და მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ფოგელის მიხედვით ქართულ ენაზე შევადგინეთ არითმეტიკა, რომელიც&ნბსპ; თავისი სახსრებით გამოსცა საკვირაო სკოლამ”.

საერთოდ, სამიჯნო სასწავლებელსა და საკვირაო სკოლაში მასწავლებლობის პერიოდს ვახტანგ თულაშვილზე წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვებია და მას დიდი კმაყოფილებით იგონებდა. საუკეთესო შეფასებას აძლევდა ის აგრეთვე დასახელებული სკოლების ხელმძღვანელებსაც.

“მათი მხურვალე და გულწრფელი თავდადება ამ წმინდა საქმისადმი (იგულისხმება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმე, – მ. კ.) არა მარტო სურვილს უღვივებდა მეცადინეობისადმი ბიჭუნებსა და ჭაბუკებს, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა, არამედ გვაღფრთოვანებდა და იმავე გზაზე გვაყნებდა ჩვენც, იმ დროს ჯერ კიდევ ძლიერ ახალგაზრდა მასწავლებლებს”.

ვახტანგ თულაშვილი იყო ქართული კულტურის წყნარი და თავმდაბალი მუშაკი, რომელიც&ნბსპ; თავისი სპეციალობის გამო თუმცა სამიჯნო უწყებაში მუშაობდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენს საზოგადოებრივ საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას და სახალხო განათლების საქმეს შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა.