ლავრენტი წულაძე (1867-1923)
ავტორი: დ. ნაცვალაძე ილია ჭავჭავაძის „ივერიის” თანამშრომელი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” აქტიური წევრი, მწერალი, პედაგოგი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ლავრენტი ივანეს ძე წულაძე დაიბადა 1867 წელს სოფელ ჭანჭათში, ოზურგეთში. 1876 წელს, როცა ლავრენტი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, უკვე კარგად იცოდა ქართული და რუსული ენები და წარმატებით სწავლობდა. რელიგიური მოძღვრება, რომელსაც სასწავლებელში ასწავლიდნენ, მას ნაკლებად აინტერესებდა და გატაცებით კითხულობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურთა ნაწერებს. 1883 წელს ლავრენტი წულაძემ წარმატებით დაამთავრა სასწავლებელი და საკუთარი სკოლა დააარსა სოფელ სურებში (ჩოხატაურის რაიონი). ლავრენტი წულაძემ თავიდანვე მიიპყრო მაშინდელი მოწინავე ინტელიგენციის ყურადღება. 1886 წელს, როცა ილია ჭავჭავაძემ ჟურნალი „ივერია” ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა, ლავრენტი წულაძე ამ გაზეთის კორესპონდენტი გახდა და ხშირად ათავსებდა წერილებს დათიკო ვერმიცანაშვილის ფსევდონიმით. მეტად საყურადღებო ცნობებს გვაწვდიან ლავრენტი წულაძის მიერ „ივერიაში” მოთავსებული წერილები გურიის მაშინდელი სკოლების შესახებ. „ივერიის” 1886 წლის 251-ე ნომერში იგი საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს სურების სკოლის შენობის აგებაზე. იგი გულისტკივილით აუწყებდა მკითხველებს ოზურგეთის მაზრის სოფელ ამაღლების სკოლის მდგომარეობის შესახებ. თურმე იქ მოზარდებს სწავლა უხდებოდათ „ბუხარჩამოშლილ, მინებჩამტვრეულ, ფარღალალა და... თითქმის დაუხურავ” შენობაში. წერილში ლავრენტი წულაძე მოითხოვს, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აუცილებლად იზრუნონ „ამ ყოვლად უპატრონო და ხელშეუწყობელ” სკოლის საქმეზე. ლავრენტი წულაძე ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, რომ გვერდში ამოდგომოდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშეებს და თავისი წვლილი გაეღო ქვეყნის მომავალ აღორძინებაში. ლავრენტი წულაძე თავის ნაწერებში სასტიკად ამათრახებდა ცხოვრების ისეთი უარყოფით მხარეებს, როგორიც იყო მექრთამეობა, მლიქვნელობა, სასამართლოში ცრუმორწმუნოება, ყაჩაღობა და მისთ. იგი ამხელდა სამღვდელოების წარმომადგენლების მუქთახორობას. სოციალური და პოლიტიკური ჩაგვრის პირობებში გლეხობისათვის დახშული იყო სკოლის კარები და სოფლიდან წამოსული უმიწაწყლოდ დარჩენილი ქართველი ახალგაზრდობა მძიმე შრომით ლუკმა-პურს ძლივს შოულობდა. ლავრენტი წულაძე ხედავდა, რომ უაღრესად შევიწროებული ყოფით ნადგურდებოდა ახალგაზრდობის „ზნეობრივი და გონებრივი კეთილდღეობა”. გულშემატკივარი მასწავლებელი მოითხოვდა, რომ გლეხს მისცემოდა საშუალება შვილი სკოლაში გაეზარდა და ამ უკანასკნელს მამის დანგრეული მეურნეობა ფეხზე დაეყენებინა. 1892 წლის № 61 „ივერიაში” ლავრენტი წულაძე გადაჭრით მოითხოვდა, რომ მთავრობას მეტი მზრუნველობა გამოეჩინა სოფლის სკოლებისა და ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლისადმი, რომლებშიც გლეხის რამდენიმე ბავშვი სწავლობდა. ამავე დროს ლავრენტი წულაძე თავის წერილებში მკითხველს უხატავდა მაშინდელი გურიის სოფლების ჩამორჩენილობას, სწავლა-განათლების დონეს და მოითხოვდა ოზურგეთში გახსნილიყო წიგნის მეორე მაღაზია, სტამბა, საჯარო წიგნსაცავი და ვაჟთა სასწავლებელი. ლავრენტი წულაძე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც გადაჭრით დააყენა გურიაში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი. ქართველი გლეხის დანგრეული და ჩამორჩენილ მეურნეობის შველას იგი ამ სასწავლებლის მეოხებით მოელოდა. ამ შემთხვევაში ლავრენტი წულაძე იზიარებდა იაკობ გოგებაშვილის იდეებს, მან ხომ სამეურნეო სკოლის დაარსებას ხალხის განათლების საქმეში „ახალი ნაბიჯი” უწოდა. 1893 წლის № 63 „ივერიიდან” ვგებულობთ, რომ ლავრენტი წულაძე სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხის გამო ჩაბმული ყოფილა კამათში, რომელიც იმ დროს წარმოებდა „ივერიისა” და „კვალის” ფურცლებზე. ლავრენტი წულაძე უდიდეს ყურადღებას აქცევდა სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეს და ამ საკითხში პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდა. მას უნდოდა სოფლის ახალგაზრდობა დასდგომოდა რეალური განათლების გზას, იგი აყენებდა საკითხს, რომ ახალგაზრდობას სკოლაში მიღებული ცოდნა გამოეყენებინა თავისი ჩამორჩენილი მეურნეობის გასაუმჯობესებლად. ლავრენტი წულაძე ილაშქრებდა მცონარა და ამპარტავანი ინტელიგენტების წინააღმდეგ, როლებსაც სოფლის მეურნეობის დარგში პრაქტიკული საქმიანობა „ზნეობრივ სიკვდილად” მიაჩნდათ. თავისი ქვეყნისა და ხალხის მოსიყვარულე მასწავლებელი მოითხოვდა, რომ ახალგაზრდობას მიეღო თავის „ნიადაგსა და მიწა-წყალთან შეფერებულ-შეხამებული სწავლა-ცოდნა მეურნეობისა”, რომ იგი ცხოვრებაში გამობრძმედილი, უნარიანი, გამრჯე იყოს და საკუთარი ოფლითა და ცოდნით აპოხიერებდეს სამშობლო ქვეყნის მიწა-წყალს, იმ მიწა-წყალს, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა თავიანთი სისხლისა და ხმლის შემწეობით შეგვინარჩუნეს. ყოველივე ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ლავრენტი წულაძე წინააღმდეგი იყოს კლასიკური განათლებისა, არა, იგი ილაშქრებდა კლასიკურად განათლებული ისეთი პირების წინააღმდეგ, რომლებსაც შრომა სათაკილოდ მიაჩნდათ და „კოლეჟსკი რეგისტრატორის” თანამდებობის მიღების მოლოდინში ატარებდნენ დღეებს. განსაკუთრებით ჰკიცხავდა მეშჩანური და ობივატელური აზრებით გამსჭვალულ ქალებს, რომლებიც ამთავრებდნენ გიმნაზიებს, პროგიმნაზიებს, საფერშლო სასწავლებლებს და რჩებოდნენ ქალაქში უშრომელი და მუქთახორული ცხოვრების მაძიებელნი, მაშინ, როცა „ერთი ბებია ქალი სანთლით მოსაძებნი” იყო სოფელში. 1894 წლის სექტემბრიდან ლავრენტი წულაძემ ქ. ფოთში დააარსა სამრევლო სკოლა, რომელშიც პირველად სამოცდაათზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. „ფოთის გონებრივი წარმატების გზაზე” ხსენებული სკოლის გახსნას ლავრენტი წულაძე „პატარა ფარნის ანთებას” უწოდებდა და 1894 წლის №236 „ივერიაში” საზოგადოებას აუწყებდა, რომ სკოლაში მთავარი ყურადღება ქართული ენის სწავლებას მიქცეოდა. მოსწავლეთა განათლებისა და აღზრდის საფუძვლად მას მშობლიურ ენაზე სწავლება მიაჩნდა და ძალიან აწუხებდა, რომ ცარიზმის აგენტები სდევნიდნენ და ავიწროებდნენ სამეგრელოს სკოლებში ქართულ ენას, რითაც ხელს უწყობდნენ ქართველი ხალხის დაქუცმაცებას. ლავრენტი წულაძე აღიარებდა, რომ დედაენა უპირველესი ფსიქიკური ძაფებით არის შეერთებული ამა თუ იმ ერის აზროვნების ბუნებასა და სულიერ მდგომარეობასთან. პოლიტიკური თავისუფლების დამკარგავი ერი ყოველთვის ისე იბრძვის ენისათვის, როგორც საკუთარი ხორცისა და სისხლისათვის. ამავე დროს ლავრენტი წულაძე უდიდეს ყურადღებას აქცევდა რუსული ენის შესწავლის საქეს. მას ღრმად სწამდა, რომ ქართველი მოზარდებისათვის აუცილებელი იყო რუსული ენის ცოდნა. ლავრენტი წულაძე სასტიკად ილაშქრებდა მაშინდელი სწავლა-აღზრდის წესების წინააღმდეგ, რადგან სწავლების პროცესი დამყარებულ იიყო უსასტიკესი ფიზიკური დასჯის რეჟიმზე. ლავრენტი წულაძე გაზეთ „სიტყვაში” გამოაქვეყნა ლექსი სათაურით: „ანუ მე და ანუ ის”, რომელშიც მეფის ხელისუფლებას დაუდნობელ ბრძოლას უცხადებდა. 1917 წლამდე ლავრენტი წულაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ფოთის ქალთა გიმნაზიაში და სამოქალაქო სასწავლებელში, კორესპონდენტობას განაგრძობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. განსაკუთრებით ხშირად ათავსებდა წერილებს სახალხო განათლების საკითხებზე ჟურნალ „განათლებაში”. ლავრენტი წულაძე იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კარგი მცოდნე, მის ღრმა ცოდნასა და პედაგოგიურ გამოცდილებას აფასებდნენ საქართველოს გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. ლავრენტი წულაძე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ფოთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე. მის პირად არქივში ფრიად მნიშვნელოვან საკითხებზე შემონახულია მიმოწერა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან – ნიკო ნიკოლაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, ექვითმე თაყაიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, გ. ყაზბეგი და ს. გორგაძე. ლავრენტი წულაძესთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და ფოთში მის ოჯახში ხშირად ყოფილან გამოჩენილი ქართველი მწერლები: ვაჟა-ფშაველა, იროდიონ ევდოშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ჭოლა ომთათიძე, ია ეკალაძე და იოსებ იმედაშვილი. 1917 წელს ლავრენტი წულაძე ფოთიდან მშობლიურ სოფელში გადადის და განაგრძობს მასწავლებლობას აკეთის უმაღლეს-დაწყებით სკოლაში. იგი იყო ამ სკოლის გამგე. ლავრენტი წულაძე გარდაიცვალა 1923 წლის ნოემბერში.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968