ნიკო ცხვედაძე (1845-1911)
ავტორი: ვარლამ ქაჯაია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის ნიკო ცხვედაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ილია ჭავჭავაძის თაობის დიდ საზოგადო მოღვაწეთა ბრწყინვალე პლეადის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნიკო ცხვედაძე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუღალავად და უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენში საერთოდ კულტურისა და, განსაკუთრებით, სახალხო განათლების დანერგვისა და განვითარება-გაუმჯობესების საქმეს. ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაიბადა 1845 წლის 8 იანვარს სოფელ სოჭინში. ბავშვობის წლები მან სოფელ კავთისხევში გაატარა. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში; საშუალო ცოდნა – თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო უმაღლესი განათლება – მოსკოვის სასულიერო აკადემიაში (1865-1869). 1869 წელს შეუდგა ნიკო ცხევდაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი დაინიშნა მასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იმ დროს მოღვაწეობდა სახელგანთქმული ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი. ნიკო ცხვედაძე სემინარიაში პედაგოგიური მუშაობის დაწყებისთანავე დაუმეგობრდა იაკობ გოგებაშვილს და მისი ერთ-ერთი საიმედო და ბოლომდე მტკიცე თანამებრძოლთაგანი გახდა. ამ სემინარიის ცნობილი რევიზიის შედეგად, რომელიც სინოდის მიერ სპეციალურად, საგანგებო დანიშნულებით გამოგზავნილმა რევიზორმა კერსკიმ ჩაატარა (1873-1874), სემინარიიდან მოხსნილ იქნა ჩვენი სასიქადულო პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი იმ პროგრესული იდეების გამო, რომლებსაც იგი მოსწავლეებს შთააგონებდა, და ნიკო ცხვედაძეც იძულებული შეიქნა სამუდამოდ დაეტოვებინა სემინარია. სასულიერო სემინარიიდან გამოძვებეული და ექსორიაქმნილი ნიკო ცხვედაძე ერთხანს კერძო გაკვეთილებით ცხოვრობდა. ბოლოს იგი დაინიშნა ისტორიის, გეოგრაფიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად თბილისის საქალებო ინსტიტუტში, სადაც ინსპექტორად ბესარიონ ღოღობერიძე მუშაობდა. ამავე დროს ნიკო ცხვედაძე მასწავლებლობდა თბილისის ყოფილ წმინდა ნინოს სასწავლებელშიც. ამ სასწავლებლებში პედაგოგიურ სარბიელზე ნიკო ცხვედაძემ სრული 27 წელი (1874-1901) იმუშავა კეთილსინდისიერად და ამ დამსახურების საფუძველზე მიიღო კუთვნილი პენსია და თავი გაანება მთავრობის სკოლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას. ნიკო ცხვედაძე თავიდანვე დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, იაკობ გოგებაშვილს და მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლების სხვა გამოჩენილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს და მათთან ერთად ჩაება დიდი მასშტაბის საზოგადოებრივ საქმიანობაში. დასახელებულ პირებთან ერთად იგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი, საზოგადოების გამგეობის მუდმივ წევრი 1879 წლიდან და თავმჯდომარის (ილია ჭავჭავაძის) უცვლელი ამხანაგი (მოადგილე) 1907 წლამდე. ამ საზოგადოების მრავალმხრივად ნაყოფიერი საქმიანობის ძირითადი სიმძიმე ნიკო ცხვედაძეს აწვა, რადგან ფაქტიურად მას უხდებოდა საზოგადოების მთელი მუშაობის წარმოება, და ისიც ამ მოვალეობას უმწიკვლოდ და პირნათლად ასრულებდა ათეული წლების მანძილზე. ნიკო ცხვედაძის უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული საზოგადოების ქართული სკოლები მაშინდელ პერიოდში ისეთ განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებში, როგორიც იყო კავკავი, ბაქო და ბათუმი, სადაც ქართველი მოსახლეობა სრულიად მოკლებული იყო მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების მიღების ყოველგვარ საშუალებას და უსასტიკეს ეროვნულ შევიწროებას განიცდიდა. შემდეგშიაც არ მოკლებია ამ სკოლებს ნიკო ცხვედაძის მზრუნველობა და მეგობრული დახმარება. იაკობ გოგებაშვილის მოწმობით, ნიკო ცხვედაძემ შეუდგინა პირველი სასწავლო პროგრამები ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია წინამძღვარიშვილის ინიციატივით 1883 წელს სოფელ წინამძღვარიანთკარში დაარსებულ სამეურნეო სასწავლებელს, რომელსაც საკმაო ისტორიული დამსახურება მიუძღვის ჩვენს დაწყებითი სასოფლო-სამეურნეო განათლების გავრცელების საქმეში. ნიკო ცხვედაძე ითვლებოდა თბილისის ქართული გიმნაზიის გამეგ-კომიტეტის წევრად, თავმჯდომარის (კ. მამაცაშვილის) ამხანაგად და მრავალი წლის მანძილზე ენერგიულად ხელმძღვანელობდა ამ სასწავლებლის მთელ მუშაობას. აქაც იგი სასწავლებლის ფაქტიური ხელმძღვანელი იყო. იგი უაღრესად მეგორბულ და გულთბილ დამოკიდებულებას იჩენდა გიმნაზიის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ და მათ ერთგულ მფარველად ითვლებოდა ყველა საჭირო შემთხვევაში. ცნობილია, რომ ნიკო ცხვედაძემ დროულად დააფასა გიმნაზიის მასწავლებლის ზაქარია ფალიაშვილის დიდი მუსიკალური ნიჭი და, თუმცა სასწავლებელს არასაკმარისი თანხები ჰქონდა, მაგრამ მას სტიპენდია მაინც დაუნიშნა უმაღლესი მუსიკალური განათლების მისაღებად. ამის გამო მაწავლებლების საყვედურის საპასუხოდ, – როგორც პედაგოგი ალ. მიქაბერიძე გადმოგვცემს თავის მოგონებაში, – ნიკო ცხვედაძეს უთქვამს: „ზაქარია ფალიაშვილს ისეთი ბუნებრივი ნიჭი შესწევს, რომ იგი დიდ საქმეს შექმნის საქართველოში. ვინ იცის, შეიძლება ამ ნიჭიერი ახალგაზრდის წყალობით ჩვენი მოზარდი თაობა ერთ დროს დატკბეს ქართული სიმღერებისა და მუსიკის სცენიდან მოსმენით. მე ღრმად მწამს, რომ ეს ასე მოხდეაბ და კიდევაც ამიტომ დავუნიშნეთ სტიპენდია”. ასე აფასებდა და ეხმარებოდა იგი ყოველ ნიჭიერ და შრომა-საქმიანობის მოყვარულ ადამიანს. ნიკო ცხვედაძე ქართველი საზოგადოებისაგან 1889-1892 წლებში არჩეული იყო თბილისის ქალაქის ხმოსნადაც, აქტიურად მონაწილეობდა მის სასკოლო კომისიაში, რომელმაც მიიღო განსახორციელებლად ნიკო ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციისა, რითაც საფუძველი ჩაეყარა თვითმმართველობის (საქალაქო) სკოლების მუშაობის გარდაქმნის საქმეს. თავის მოხსენებაში «Записки о положении городских начальных школ и Иофлисскогогородского Михайловского ремесленного училища и о мерах к наилучшей постановку в них учебного дела», რომელიც 1892 წელს ცალკე წიგნაკად გამოქვეყნდა, ნიკო ცხვედაძემ მდიდარი პედაგოგიური გამოცდილების საფუძველზე ყველასათვის უდავო ფორმით ჩამოყალიბა ქალაქის დაწყებითი სკოლებისა და სახელოსნო სასწავლებლის მუშაობის გაუმჯობესების ძირითადი ღონისძიებაი: სასკოლო შენობების ჰიგიენურად მოწყობა. მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვა, ფიზიკური ვარჯიშობანი, ქალ-ვაჟთა საერთო სწავლა, ოსწავლეთა გადაუტვირთველობა სასწავლო საგნებით, საწარმო პრაქტიკის სწორ ნიადაგზე დამყარება, სასწავლო საგნების პრაქტიკის საშუალებით შეთვისება, თვალსაჩინოების პრინციპის გამოყენება სწავლებაში და სხვ. ქალაქის საბჭომ ნიკო ცხვედაძის პედაგოგიურად ყოველმხრივ დასაბუთებული მოხსენება ერთხმად მიიღო და მის შედეგად ქალაქის თვითმმართველობის სკოლების მუშაობა 1892 წლიდან ოქტომბრის დიდ სოციალისტურ რევოლუციამდე ნიკო ცხვედაძის მიერ შემუშავებული პრინციპების საფუძველზე წარმოებდა. ყველაზე დიდი სამსახური სამშობლოსა და ხალხს თავის პარქტიკულ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ნიკო ცხვედაძემ გაუწია იმით, რომ მან 1898 წლიდან თავს იდვა თბილისის ქართული გიმნაზიისათვის საკუთარი ახალი შენობის აგების უძნელესი და ურთულესი საქმე და მისი მეტად ნაყოფიერი სიცოცხლის უკანასკნელი 12-13 წელი ამ საშვილიშვილო წამოწყების განხორციელებას შესწირა. ნიკო ცხვედაძემ წინასწრა დაისახა მიზნად, რომ თბილისის ქრათული გიმნაზიის შენობის საფარქვეშ ისეთი ბინა აეგო, რომელშიაც თავისუფლად მოთავსდებოდა მომავალი ქართული უნივერსიტეტი, რომელსაც იგი უახლოეს დროში მოელოდა. ნიკო ცხვედაძე თავისი სამართლიანი და ქართველი საზოგადოებისათვის საჭირო საქმის (იდეის) უდიდესი ენთუზიასტი და ფანატიკოსი ყო. „საწყალი ნიკო! – წერდა თავის მოგონებებში იაკობ მანსვეტაშვილი, – ფანტაზიორს ეძახდნენ, გიჟს, ჭკუაზე შეშლილს. რად? რად და იმად, რომ ოცნებობდა ქართულ უნივერსიტეტზე. თავადაზნაურობა გაიძახოდა: „სწორედ გიჟია ეგ ვიღაც ცხვედაძეა, გადარეულა, ლამის მთელი ბანკის შემოსავალი სულ იმ შენობაში ჩაგვაყრევინოს”. ილიას უსაყვედურებდნენ: შენ აქებ იმ ვიღაც ცხვედაძეს და ისიც, რასაც უნდა, ჩადის. ჩვენ ათასი გაჭირვება გვაქვს, ჩვენ ყველაფერზე უარს გვეუბნები და იქ კი უანგარიშოდ აბნევთ აუარებელ ფულს. ილია ცოტა არ იყოს, შეკრთებოდა ხოლმე და გასაგლეჯად გამზადებულ თავადაზნაურობას ცხვედაძეს მიუგდებდა. – ნიკო! მოდი კრებაზე, შენ თვითონ მიეცი პასუხი და ანგარიში, – ეტყოდა ხოლმე ილია ნიკოს. ცხვედაძეს უარის უთქმელად გამოვიდოდა, თუმცა კარგად იცოდა, რამდენი უსიამოვნება მოელოდა გაბრაზებული ყრილობისაგან. მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს აღელვებული ხალხი ერთბაშად მიჩუმდებოდა ხოლმე, როდესაც თვალწინ წარმოუდგებოდა გულკეთილი, გულუბრყვილო, მუდამ მომღიმარი კაცი და დაიწყებდა ლაპარაკს ტკბილად, როგორც მოკეთე, თან გატაცებული იმ აღმაფრენის რწმენით, რომ ეს საქმე საშვილიშვილოა, საჭიროა მთელი ქართველებისათვის და ხარჯს არ უნდა შევუშინდეთ, საქმეს არ ეღალატებაო... დაგვიჯერეთ, არ ინანებთ, მალე მადლობასაც გვეტყვით. აგერ ხმები ისმის და იქნებ კიდეც ამართლდეს, რომ თბილისში უნივერსიტეტის გახსნის ნებას გვაძლევენო. დეე, შენობა მზად გვქონდეს, იქნება, როდისმე ქართულ უნივერსიტეტსაც ვეღირსოთ”,1 – ასე ამშვიდებდა ნიკო ცხვედაძე მისი დიდებული წამოწყების წინააღმდეგ აჯანებულებს და თვითონ კი თავის საქმეს ენერგიულად და შეუნელებლად განაგრძნობდა. ნიკო ცხვედაძე ამ შენობის მშენებლობას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე უშუალოდ ხელმძღვანელობდა და ამ ხნის განმავლობაში ამ დიდი იდეის განხორციელების უზრუნველყოფისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის მიზნით მა არ დაუტოვებია არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება, ასზრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებანი და კერძო შეძლებული ქველმოქმედი პირები (დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები და სხვანი), რომელთათვისაც არ მიემართა და რომელთაგანაც ფაქტიურად მნიშვნელოვანი თანხები არ მიეღო. ამის გამო ხშიად მას თავისებურ ბანდიტსაც უწოდებდნენ. „მართალია, მას არ ჰქონდა რევოლვერი და ჯერ ვერ შეჩვეოდა გამოთქმას „ხელები ზევით!” მაგრამ დანარჩენს სხვას ყველაფერს, რაც ხმარებაში ჰქონდათ ნამდვილ ბანდიტებს, ნიკოლოზ ზებედეს ძე მათზე ნაკლებად არ იყენებდა. მან შექმნა „ბანდიტიზმის” ისეთი კატეგორია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თესავდა მხოლოდ ბედნიერებასა და სიხარულს”.2 მართლაც, ნიკო ცხვედაძე ასე რომ არ მოქცეულიყო, მარტო ბანკის დახმარებით ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებდა ამ უზარმაზარი შენობის აგებას. ნიკო ცხვედაძემ აიტანა მრავალი გაჭირვება, დაცინვა და ბრძოლა, მაგრამ მუშაობა მაინც არ შეანელა და დაწყებული საქმე თავის სიცოცხლეშივე თითქმის ბოლომდე მიიყვანა. და დღეს, როდესაც ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევლუციის გამარჯვების შედეგად ნიკო ცხვედაძისა და მთელი ქართველ მშრომელთა იდეალი აღსრულდა და იმ შენობაში, რომელიც მისი დაუღალავი და შეუნელებელი მოღვაწეობის შედეგად არის აშენებული, უდიდეს სასწავლო-სამეცნიერო მუშაობას აწარმოებს მთელს საბჭოთა კავშირში საკმაოდ ცნობილი დიდი სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მადლიერი ქართველი ხალხი დიდი პატივისცემით იხსენიებს ამ თავდადებულ საზოგადო მოღვაწეს. ნიკო ცხვედაძის მოღვაწეობა სახალხო განათლების დარგში მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მუშაობით არ ამოიწურებოდა. მას თავისი წვლილი შეჰქონდა ქართულ სამეცნიერო მწერლობასა და პედაგოგიკურ აზროვნებაშიაც კი. იგი 70-80-იან წლებში ჩვენი პრესის აქტიური თანამშრომელი იყო. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საყურადღებო საჟურნალო და საგაზეთო სტატია-ნარკვევი. ნიკო ცხვედაძის საისტორიო ხასიათის ნარკვევი „მისვლა-მოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1492-1664 წლამდის”, რომელიც დაიბეჭდა ნ. ავალიშვილის ჟურნალ „მნათობის” 1871 წლის მე-5 და მე-6 ნომრებში, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის პრობლემა ეხება და იმ უდავო დებულებას ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარება და ქართველი ხალხის გადარჩენა შეუძლებელია რუსეთთან და დიდ რუს ხალხთან მჭიდრო კავშირისა და ურთიერთობის გარეშე. ნიკო ცხვედაძის მეორე საისტორიო ნარკვევი „დასავლეთ ევროპის გონებითი და ეკონომიკური მოძრაობა თავისი მიზეზებით მე-16 საუკუნეში”, რომელიც გიორგი წერეთლის „კრებულის” 1872-1873 წლების ნომრებშია დაბეჭდილი, არკვევს ამ საუკუნეში ევროპის ეკონომიკური და გონებრივი გამოცოცხლების მნიშვნელობას საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ნიკო ცხვედაძეს ეკუთვნის ფრიად მნიშვნელოვანი პედაგოგიური ხასიათის ნაშრომი „ჩვენი ხალხის განათლება, ხელსნობა და მეურნეობა”, რომელიც ილია ჭავჭავაძის „ივერიაში” დაიბეჭდა 1877 წელს და რომელშიც ავტორი, ანიჭებს რა უდიდეს მნიშვნელობას ზოგადი შინაარსის სახალხო განათლებას ჩვენი ხალხისათვის, იმ დასკვნამდე მიდის, რომ მის საფუძველზე ჩვენს ახალგაზრდობას უნდა მიეცეს სპეციალური სამეცნიერო ცოდნა-მომზადებაც. ნარკვევი მთავრდება ავტორის შემდეგი სიტყვებით: „დრო არის, თვითონ ჩვენ ხელი ჩავჭიდოთ ხელი განათლების, ხელოსნობისა და მეურნეობის გავრცელებას და ყოველ ნაბიჯზე ვიგულისხმოთ, რომ ცოდნა არის საძირკველი ხალხის კეთილდღეობისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყურის წაყრუება და სხვისი იმედი ჩვენ ხეირს არ დაგვაყრის”. ასე აფასებდა ნიკო ცხვედაძე სწავლა-განათლების მნიშვნელობას ჩვენი ხალხისათვის და ამიტომ დაწერა დიდმა ილიამ ნიკო ცხვედაძის მისამართით თავის „ორ-ხმიან საახალწლო ოპერეტში” შემდეგი: “საჭირო არის წრთვნა, სწავლა, სწავლა-აღზრდის დაყენების მდგომარეობის საფუძვლიანად შესასწავლად ნიკო ცხვედაძემ 1878 წელს საგანგებოდ იმოგზაურა დასავლეთ ევროპაში და თავისი მოგზაურობის შედეგები დაწვრილებით აღწერა „ივერიის” ამავე წლის ნომრებში სათაურით: „მოკლე შენიშვნები საზღვარაგრეთიდან”. ნიკო ცხვედაძემ თავიდანვე აღიარა თავისი კრედო და გულწრფელად აღნიშნა: „მე ისეთი სიყვარული მაქვს ჭეშმარიტებისა და პატივისცემა კაცისა, რომ უმჯობესად შევრაცხავ მარჯვენა მოვიჭრა და წყალში გადავუძახო, მანამ განგებ რამე ტყვილი გამოურიო ჩემს ნაწერებში” და მართლაც, მის არც ისე მრავალრიცხოვან, მაგრამ ფრიად საყურადღებო თხზულებებში გამოთქმულია ის აზრი, რასაც მათი ავტორი გულწრფელად გრძნობდა და განიცდიდა; ამაში მათი ძალა და ღირსება. ნიკო ცხვედაძე თავისი ქვეყნისა და ხალხის უდიდესი პატრიოტი იყო. მას ღრმად სწამდა ქართველი ხალხის ნიჭი და ძალა, მისი დიდი მომავალი და ღირსება და ამიტომ იგი ენერგიას და თვით სიცოცხლესაც არ ზოგავდა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისათვის. იგი მტკიცე ხასიათის და შეუდრეკელი ნებისყოფის მქონე ადამიანი იყო და ამის შედეგია ის, რომ დაწყებული საქმეები ყოველთვის გამარჯვებით დააგვირგვინა. ნიკო ცხვედაძე ფართო ჰორიზონტისა და პერსპექტივის მაატრებელი საზოგადო მოღვაწე იყო. საზოგადოებრივი მუშაობა იყო მისი სტიქია. ამ გარემოებამ იგი ნაადრევად იმსხვერპლა. ხანგრძლივი და მეტად ანყოფიერი მოღვაწეობით დაქანცული ნიკო ცხვედაძე გარდაიცვალა 1911 წლის 30 ოქტომბერს. ქართველმა საზოგადოებამ იგი დიდი პატივით მიაბარა მიწას დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953
ვითა ფარ-ხმალი ბრძოლისა,
სჯობს ყოლა უწრთვნელის ძაღლის
უწრთვნელი შვილის ყოლასა”.