იოსები ცხვედაძე (1855-1934)
იოსებ ზებედეს ძე ცხვედაძე დაიბადა 1855 წელს 20 მარტს სოფელ კავთისხევში. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მიღების შემდეგ ის თავის ძმების, ნიკოლოზისა და ალექსანდრეს კვალს გაჰყვა და სრლიად ახალგაზრდა შეუდგა მასწავლებლობას.
სემინარიაში ყოფნის დროს იგი დაუახლოვდა მოწინავე იდეებით გამსჭვალულ ახალგაზრდებს და მათთან ერთად გადაწყვიტა მშრომელი ხალხისათვის სამსახური გაეწია. მასწავლებლობა ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე საუკეთესო გზას წარმოადგენდა. ერთი ცნობით, პედაგოგიური მუშაობას მას პირველად დაუწყია საგარეჯოში. დანამდვილებით ვიცით, რომ ის კარგა ხანს მასწავლებლობდა სოფელ ხოვლეს კერძო სკოლაში, რომელიც ქართველ ინტელიგენტთა ერთი ჯგუფის მიერ იყო გახსნილი მარიამ იოსების ასულ ჯავახიშვილის სახელზე.
მთავრობის საწინააღმდეგო აზრების ქადაგების გამო იოსებ ცხვედაძე ხშირად დევნიდნენ. მას ხშირად უხდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, ბევრი შევიწროებისა და შეურაცხყოფის გადატანაც, მაგრამ ერთხელ არჩეული გზისათვის მას მაინც არ უღალატია და ბავშვებთან მეცადინეობა არ შეუწყვეტია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თუმცა თვითმპყრობელობის დროს სახელმწიფო სკოლებში წერა-კითხვისა და საგნების სწავლება ოფიციალური განკარგულების თანახმად, რუსულ ენაზე წარმოებდა, მაგრამ მოწინავე ქართველი მასწავლებლები ამ შემთხვევაშიც, პირადი ინიციატივით, ხშირად სწავლებას ქართულ ენაზე ატარებდნენ.
ასე იქცეოდა იოსებ ცხვედაძეც კავთისხევის სკოლაში, სადაც მას მასწავლობლობა 1878-79 წლებში დაუწყია.
აღნიშნულ სკოლაში იოსებ ცხვედაძე დიდხანს დარჩენილა. 1894-95 სასწავლო წელს კავთისხევის სკოლა შეუმოწმებია თბილისის გუბერნიის მეორე რაიონის სახალხო სკოლების ყოფი ინსპექტორს. იმის გამო, რომ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა, მას გლისწყრომა გამოუთქვამს და იოსებ ცხვედაძისთვის ძლეირ უარყოფითი დახასიათება მიუცია.
აი, რას წერს თავის სარევიზიო ანგარიშში რუსიფიკატორი ინსპექტორი: „სკოლას ხელმძღვანელობს უკიდურესად ჩამორჩენილი, მცირემცოდნე ბატონი ცხვედაძე; სკოლაში სულ ორი უმცროსი განყოფილებაა, რომლებშიც მასწავლებელი სწავლებას მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე აწარმოებს. ბავშვებს სრულებით არ ესმით ყველაზე უფრო უბრალო კითხვებიც კი რუსულ ენაზე.
...ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში დანიშნულია მონდომებული და განვითარებული მასწავლებელი კანდელაკი, სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლე, რომელსაც წინადადება მიეცა ყველა საგანი სკოლაში რუსულად ასწავლოს”.
მაგრამ სრულიად სხვანაირი შეფასება მისცა ქართულმა პრესამ იოსებ ცხვედაძის კავთისხევის კოლიდან მოხსნის ფაქტს. ენერგიული მასწავლებლის შევიწროებამ სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში.
ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია” ამ ფაქტთან დაკავშირებით აღშფოთებით წერდა: „კავთისხევიდან გვატყობინებენ, რომ იქაური სკოლის მასწავლებელი ბ-ნი იოსებ ცხვედაძე სამსახურიდან დაუთხოვნიათ. იოსებ ცხვედაძის თაოსნობით და მეცადინეობით ჩვიდმეტის წლის წინათ დაარსდა სოფელ კავთისხევში სახალხო სკოლა და დაარსებიდგანვე შეიქნა ამ სკოლის მასწავლებლად.
თავის მასწავლებლობის დროს სახალხო სკოლების დირექციისა და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დახმარებით უყიდა სკოლას ცარიელი ადგილი და აქ ააშენა მთელი გუბერნიის სადირექციოში ერთი უკეთესთაგანი სადგომი. ამ ხუთის წლის წინათ შეადგინა სამეურნეო განყოფილების პროექტი, რომელიც მოწონებული იქნა საოლქო მზრუნველისაგან და ეს განყოფილება დააარსა სკოლასთან.
ამ სამეურნეო განყოფილების შესახებ გაზეთებში არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი. თვით მთავრობის გაზეთ „კავკაზიც” წერდა, რომ სოფელ კავთისხევის სიმშვენიერეს და მის სიამაყის საგანს ჭეშმარიტად რომ შეადგენს მისი პირველდაწყებითი სასწავლებელი სამეურნეო განყოფილებით. თვით სკოლის შენობა, რომელიც არის აშენებული გლეხებისაგან მასწავლებლის მეცადინეობითა და დირექციის დახმარებით, როგორც გეგმით და სილამაზით, ისე ყოველგვარის შესაფერის მოწყობილობით, ჩაითვლება თავანკარ სკოლად მთელი ტფილისის გუბერნიის სახალხო სკოლებში.
...სწორედ სამწუხარო ამბავია, რომ ამგვარად მოწყობილ საქმის პატრონს იძულებულს ხდიდნენ ხელი აიღოს იმაზედ, რაც ჩვიდმეტის წლის განმავლობაში საზრუნველად და საფიქრებლად ჰქონია”.
მიუხედავად ამისა, იოსებ ცხვედაძე სახალხო განათლების დარგში მაინც მთელი ენერგიით განაგრძობდა მუშაობას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის მზრუნველობა, რომელიც იოსებ ცხვედაძემ გამოიჩინა ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სოფელ წინარეხში გახსნილი სკოლისადმი.
დიდხანს ეს სკოლა კერძო ბინაში იყო მოთავსებული და სივიწროვეს განიცდიდა. მოსახლეობის მონდომებისა და ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების დახმარების შედეგად აშენებულ იქნა ახალი სასკოლო შენობა.
წინარეხის სკოლის მზრუნველი იოსებ ცხვედაძე 1890 წლის თებერვლის 6-ს „წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობას აცნობებს: „მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს მოვახსენო მმართველობას, რომ ეხლა წინარეხის სკოლის შენობა, კაი კოპწია რამ გამოვიდა: მასწავლებელი და მოსწავლენი განთავისუფლდნენ სკოლაში ტალახის ზელას. ამ შენობას მხოლოდღა აკლია სახურავის შეღებვა, ოთახების გალესვა და ლამფის აგკვა და თ უეს ნაკლიც შეუსრულდა (რომელზეც დაიხარჯება არა უმეტეს 50 მანეთისა), მაშინ თქვენ საზოგადოებას ექნება ძალიან ლამაზი და კოხტა შენობა, რომელიც გარედან მტერს დაუყენებს თვალებს და შიგნიდან მოკეთეს გაამხიარულებს, გაამხნევებს”.
იოსებ ცხვედაძე სხვებთან ერთად მხურვალე მონაწილეობას იღებდა კავთისხევის, მეტეხის, ხოვლის, ახალქალაქის, ქვემოგომისა და წინარეხის პირველდაწყებითი სკოლების დაარსებაში. ამავე დროს ის გლეხებში ტრიალებდა და ადვილადგასაგები საუბრებით მათში განათლების შუქი შეჰქონდა. 1880 წელს იოსებ ცხვედაძეს სოფელ კავთისხევში „დეპო”, ანუ სამომხმარებლო კოოპერატივი დაუარსებია; იგი ხელს უწყობდა აგრეთვე ადგილობრივი სათეატრო დასის ჩამოყალიბებას და წარმოდგენების გამართვას, რასაც თავის დროზე სოფლის ცხოვრებაში სიხალისე და განათლება შეჰქონდა.
იოსებ ცხვედაძე კორესპონდენციებსაც ათავსებდა ქართულ გაზეთებში და სკოლისა და სოფლის ცხოვრების მტკივნეულ საკითხებს ეხებოდა.
ღრმად მოხუცებული იოსებ ცხვედაძე გარდაიცვალა 1934 წელს.