იაკობ ცინცაძე (ია ეკალაძე) (1872-1933)
პედაგოგი, მწერალი და რედაქტორ-გამომცემელი, იაკობ ცინცაძის მოღვაწეობის მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ სამი ნაკადისაგან შედგებოდა. სამწერლო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მის იგამოჩენა მაშინვე იქნა შემჩნეული. მისი მხატვრული სიტყვა და ენერგიული საქმე დროის შესაფერი იყო.
ეს ის დრო იყო, როცა ქართველი ხალხის ცხოვრებას ახალი შუქი ეფინებოდა. განახლების გზაზე შემდგარი მშრომელთა საზოგადოება უკვე ახლო ხედავდა მოახლოებულ ბედნიერ მერმისს, ნამდვილი, რევოლუციური სიტყვა არა მარტო პუბლიცისტიკაში, არამედ მხატვრულ მწერლობაშიც იყო ნათქვამი. ამ მოქმედებისა და იდეების ქარიშხლიანი ჭიდილისა და ბარიკადების პერიოდში ქართველი მკითხველის ყურადღებას იქცევდა ლიტერატურის სფეროში ნაყოფიერი სახელები: „თომაანთ კობა”, „ფარსმან-ფარუხი” და ბოლოს დიდად პოპულარული „ია ეკალაძე”. ყველა ესენი იაკობ თომას ძე ცინცაძის ლიტერატურული ფსევდონიმები იყო, რომელთაგან ია ეკალაძე იმდენად პოპულარული შეიქნა, ლამის მისი მეორე სახელი და გვარი გახდა.
იაკობ ცინცაძე დაიბადა 1872 წლის 25 მარტს (ძვ. სტ.) ჩრდილოეთ კავკასიაში, თერგის ოლქის სოფელ ციმისში, სადაც მაშინ მამა მომავალი მწერლისა, გურული – ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხიდან წასული – თომა ცინცაძე მთავარ-დიაკვნად მუშაობდა. მღვდლობის პერიოდში ის სოფელ ჯავაში ცხოვრობდა და პატარა იაკობიც იქვე, სამრევლო სკოლაში სწავლობდა.
1881 წელს უკვე 9 წლის იაკობი მშობლებმა გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მან ექვსი წელი დაჰყო. აქ მისი მასწავლებელი, ხელმძღვანელი და მფარველი იყო ჩვენი ცნობილი ხალხოსანი მწერალი და პედაგოგი სოფრომ მგალობლიშვილი, რომელიც ამ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ამ საგნის სწალების კარგად დაყენების შედეგად მოსწავლეებმა გატაცებით შეიყვარეს ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოში ისტორია. 1885 წელს მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაარსდა ხელნაწერი ჟურნალი „შრომა”, რომლის რედაქტორ-გამომცემელნიც თვითონ მოსწავლეები იყვნენ. სოფრომ მგალობლიშვილი მოგვითხრობს, რომ ამ ჟურნალის ყველაზე ნიჭიერი და ნაყოფიერი თანამშრომლები ყოფილან: იაკობ ცინცაძე, შიო ჩიტაძე, ნილა კასრაძე, დავით დავითაშვილი და სხვ. მაგრამ ბელეტრისტული თხზულებით იაკობი ყველაზე უფრო დაწინაურებულა.
იაკობ ცინცაძემ 1887 წელს წარჩინებულად დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებლის კურსი და იმავე წლის სექტემბერს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
სემინარიაში მას მეტად აუტანელი და სულშემხუთავი ატმოსფერო დაუხვდა. 1886 წლის 24 მაისს სემინარიელი იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორის დეკ. ჩუდეცკის მოკვლის შემდეგ იქ ისეთი რეჟიმი დამყარდა, რომ მოსწავლეებს სანატრელი გაუხდათ მანამდე არსებული წესებიც კი, რომლის წინააღმდეგ ისინი იბრძოდნენ. ამ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სემინარიიდან უკვე გაერიცხათ მოწინავე მოსწავლეები. ეგზარქოს პავლეს უშუალო ხელმძღვანელობით რექტორის თანამდებობის აღმასრულებელ იაკობ სტეფანოვსა და მის ინსპექტორს პავლე პოტოცკის სემინარია და მისი ბურსა ისეთ საპყრობილედ ექციათ, რომ იგი სიბნელით მოცულ საპატიმროს დამსგავსებოდა, სადაც სკოლის გარეშე საკითხავი წიგნისა და რაიმე პერიოდული გამოცემის შეტანა ყოვლად შეუძლებელი იყო.
მიუხედავად ამგვარი სისასტიკისა, სულიერ საზროდს მოწყურებული მოწინავე „ბურსაკები” მაინც ახერხებდნენ ჯურნალ ლ”სოვრემენიკის” ძველი ნომრების, ქართული პერიოდული პრესის (“დროება”, „ივერია”, „იმედი”) და სხვადასხვა რუსული და ქართლუი გამოცემების წაკითხვას, რაც ბურსაში ყოველდღიურ ჩხრეკასა და ამა თუ იმ მოსწავლის დასჯას იწვევდა. მაგალითად,&ნბსპ; 1893 წლის თებერვალში 33 მოსწავლეს დაუწერეს ყოფაქცევაში ნიშანი 2, მათ შორის იაკობ ცინცაძესაც იმის გამო, რომ ის შენიშნულ იქნა ემგობრობაში ნიკო კურდღელაშვილთან, რომელიც სემინარიიდან გარიცხული იყო როგორც არაკეთილსაიმედო.
მაგრამ ჭაბუკი იაკობი არ შეუშინებია ამას. იგი ერტი აქტიური მონაწილეოთაგანი გახდა სემინარიელთა იმ საყოველთაო გამოსვლებისა და გაფიცვისა, რომელიც 1893 წლის 1-4 დეკემბერს მოხდა. გაფიცულთა მოთხოვნების ძირითადი მუხლი იყო შემოღებლუი ყოფილიყო სემინარიაში ქართული ლიტერატურა, მისი ისტორიისა და საქართველოს ისტორიის სწავლება როგორც სრულუფლებიანი საგნებისა. ამჟამად დოკუმენტურად დადგენილია, რომ მოსწავლეებს სემინარიის მმარველობისადმი მისართმევი ამ პეტიციის შედგენის დროს ილია ჭავჭავაძის კონსულტაცია მიუღიათ.
სემინარიის ადმინისტრაციამ არათუ შეიწყნარა მოსწავლეთა ეს სამართლიანი მოთხოვნა, პირიქით, სემინარიის უფროსი კლასები დროებით მიხურა, რადგან მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა გარიცხულ იქნა და საქმე გამოსაკვლევად გადაეცა ჟანდარმერიას. იაკობ ცინცაძე მაშინ მე-6 კლასის მოსწავლე იყო, რომელიც პირველი კატეგორიის დამნაშავეთა ჯგუფში მოყვა და ლადო კეცხოველთან (მე-2 კლასელი), ილია აგლაძესთან, იპოლიტე ვართაგავასთან, ივანე ახალშენიშვილთან, კირ. არველაძესა და სხვებთან ერთად გარიცხულ ინა სეინარიიდან სინოდის 1894 წლის 31 იანვრის განკარგულებით. სემინარიიდან გარიცხული იაკობ ცინცაძე 1894 წელს გაზეთ „ივერიაში” ბეჭდავს „თომაანთ კობას” ფსევდონიმით თავის პირველ მოთხრობას „ილიკო ბედენაძე”, რითაც ის მკითხველი საზოგადოებისა და განსაკუთრებით კი „ივერიის” რედაქტორ ილია ჭავჭავაძის ყურადღებას იმსახურებს. „ილიკო ბედენაძეს” მოჰყვა კიდევ რამდენიმე საინტერესო ესკიზისა და ნოველის გამოქვეყნება და მათი ავტორის მიწვევა რედაქციის მუდმივ თანამშრომლად. იაკობ ცინცაძეს თითქოს აღუსრულდა სანუკვარი ოცნება. ის მოექცა იმ წრეში, სადაც თავს იყრიდნენ და აქტიურად თანამშრომლობდნენ მეველე (დ. მიქელაძე), გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი ლასხიშვილი, ილია აღლაძე, ივანე ახალშენიშვილი, არტემ ახნაზაროვი (ჩიორა), განდეგილი, გრიგოლ აბაშიძე და სხვანი, როგორც გაზეთის უახლოესი თანამშრომლები რედაქციის ამ წრესთან დაახლოებული იყვნენ აგრეთვე გამოჩენილი ქარველი პოეტი აკაკი წერეთელი, დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი, მწერლები ანტონ ფურცელაძე, ნიკო ხიზანიშვილი, კიტა აბაშიძე, გ. ჟურული, გრიგოლ ვოლსკი და სხვანი.
იაკობ ცინცაძე 1894 წლიდან იწყებს მასწავლებლობას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ამასთან ზედიზედ დაიბეჭდა „ივერიაში” მისი მოთხრობები და ნოველები. 1896 წლის „ივერიაში” (№№ 39, 40, 41) ფელეტონებად გამოქვეყნდა მისი საინტერესო, ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები „სურათები მოსწავლეთა ცხოვრებიდან”. მასწავლებელი დაუნდობლად იყო მხილებული თბილისის სასულიერო სემინარიაში გამეფებული დრაკონისებური რეჟიმი, მოსწავლეებისადმი ადმინისტრაციის არაპედაგოგიური და მტრული დამოკიდებულება, ჯაშუშობა, ფიზიკური დასჯა, „ტუზემცების” დამცირება, შოვინიზმი, სწავლების სქოლასტიკური სისტემა, უაზრო ზეპირობა, კარჩაკეტილობა. ეს მოთხრობა ყუმბარასავით გასკდა. სასულეირო წრეების კატეგორიული მოთხოვნით მთავრობამ გაზეთი „ივერია” დახურა 1896 ლის 17 მაისს.
მარტო გაზეთის დახურვით არ დაკმაყოფილებულა მეფის მთავრობა. „გათავხედებული მწერალი” ადმინისტრაციული წესით გადასახლებულ იქნა ლენქორანში სამი წლის ვადით. 1899 წელს იაკობ ცინცაძე სამშობლოში დაბრუნდა. მისი მოთხრობები ია ეკალაძის ხელმოწერით უხვად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში, ცხოვრებსი სახსარს კი სხვადსხვა დაწესებულებებში (რკინიგზა, დამზღვევი საზოგადოება, ბანკი) უბრალო თანამდებობაზე სამსახურით ეძებდა. ამგვარმა პრაქტიკულმა საქმიანობამ, ცხოვრებსი სხვადასხვა ფენებისა და დარგის გაცნობამ გაუმდიდრა მწერალს გამოცდილებისა და მხატვრული აზროვნების არე.
1905 წელს ია ეკალაძემ კვლავ გაზეთი „ივერიის” რედაქციაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ არც ამის შემდეგ უცოცხლია დიდხანს „ივერიას”. 1905 წლის დიდ ამბეებთან დაკავშირებით იგი მალე დაიხურა. იმ ხანებში შემნილი ვითარებით იაკობი იბრუნებს სემინარიაში წართმეულ უფლებას და 1906 წელს, 34 წლის ასაკში მყოფი შედის ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელსაც 1911 წლის იანვაში ამთავრებს.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა იაკობ ცინცაძე მუშაობას პედაგოგიურ ასპარეზზე. 1911-12 სასწავლო წლიდან ის მასწავლებლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ მისი დაუდგრომელი ბუნება მარტო პედაგოგიური შრომით როდი განისაზღვრა. მან აქვე დაიწყო ყოველდღიური გაზეთის „ქართლის” გამოცემა, რომლის რედაქტორად თვითონვე იყო. ეს გაზეთი ორი წლის განმავლობაში, ვიდრე იაკობი გორში ცოვრობდა, რეგულარულად გამოდიოდა. მისი აქტიური თანამშრომლები იყვნენ ცნობილი ქართველი მწერლები და მოღვაწენი ვაჟა-ფშაველა, შიო არაგვისპირელი, იროდიონ ევდოშვილი, კ. ყიფიანი, იოსებ გრიშაშვილი, ს. ერთაწმინდელი და სხვა. იაკობ ცინცაძის გორიდან წასვლის შემდეგ, 1914-15 წლებში ამ გაზეთს „ახალი ქართლის” სახელწოდებით გამოსცემდა დავით კარიჭაშვილი.
1913 წელს იაკობ ცინცაძე გადავიდა ქუთაისში. იქ ის დაინიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში. ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში იგი ენერგიულად მოღვაწეობდა ამ სასწავლებლებში, როგორც მაღალკვალიფიციური მასწავლებელი და მოწინავე იდეებით გამსჭვალული პედაგოგი.
ამავე დროს იაკობი სამწერლო ასპარეზზე განაგრძობდა ნაყოფიერ მუშაობას. ის სისტემატურად თანამშრომლობდა მაშინ ქუთაისში არსებლ გაზეთ „იმერეთში” და თბილისურ ჟურნალ-გაზეთებში (“სახალხო გაზეთი, „განათლება”, ალმანახი „გრდემმლი”, ჟურნალი „კლდე”, „საქართველო” და სხვა). 1915 წელ იაკობ ცინცაძემ თვითონვე გამოსცა ყოველდღიური გაზეთი „სამშობლო”, რომელსაც ყოველკვირეული სურათებიანი დამატებაც ახლდა.
რევოლუციის გამარჯვებითა და თვითმპყრობელობის დამხობით აღფრთოვანებული იაკობი პროვინციისაკენ ეშურება სამუშაოდ. იგი მთელი თავისი ენერგიით ჩაება ახალი სკოლის მშენებლობაში. 1918-22 წლებში ის ჩოხატაუის გიმნაზიის დირექტორია, 1923-27 წლებში პედაგოგიურ მუშაობას ეწევა ლანჩხუთში, ხაშურში, ონსა და თელავში, საიდანაც იაკობი კვლავ დედაქალაქში ბრუნდება დ ებმება როგორც პედაგოგიურ, ისე ლიტერატურულ მუშაობაში.
უკვე სახელმოხვეჭილი ბელეტრისტი ია ეკალაძე პედაგოგიურ ლიტერატურაშიც ცნობილია, როგორც რამდენიმე საყურადღებო ნაშრომის ავტორი – იაკობ ცინცაძე. ამ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია სახელმძღვანელოები: 1. „სამართლის მეცნიერება”, რომელიც ავტორმა შეადგინა ნაციონალიზაციის გზაზე ახალშემდგარი ქართლუი გიმნაზიების, რეალური და კომერციული სასწავლებლებისათვის, 2. თეორია სიტყვიერებისა” წიგნი პირველი, ზოგადი ნაწილი, ქუთაისი, 1919, რომელმაც ერთგვარი სამსახური გაუწია ქართულ სკოლას მისი გაეროვნულობის პირველ წლებში. ავტორის აზრით, საუკუნის განმავლობაში ცარიზმის განუკითხავმა თარეშმა და ბიუროკრატიულმა რეჟიმმა ლამის გადააშენა ქართული სკოლა. ამიტომ აუცილებელია მივაწოდოთ ქართულ სკოლებს ისეთი წიგნები და სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნლუი გრძნობის გაღვივებასა და მშობლირუი ენისა და ლიტერატურის უფლებების აღდგენასო.
იაკობ ცინცაძის „თეორია სიტყვიერებისა” მოკლედ და გასაგებად განუმარტავდა მოსწავლეეებს, თუ რას წარმოადგენდა თავისი არსით სიტყვა, მეტყველება და სიტყვიერება, მხატვრული სიტყვა და ხელოვნება, პროზა და პოეზია. ლიტერატურა, თხზულება და მისი შემადგენელი ნაწილები, თხზულების გარეგნული სახე და მოთხოვნილებანი მწერლისადმი, სადაც განსაკუთრებით მითითებულია ენის სიწმინდეზე. ავტორის აზრით, ნაწარმოების ენა უნდა იყიოს ყვლასათვის გასაგები, დახვეწილი, თავისუფალი ყოველგვარი სახის არქაიზმისა და პროვინციალიზმისაგან. მისი კითხვის დროს წამდაუწუმ სიტყვის ლექსიკონში ძებნა არ უნდა გვჭირდებოდესო. ამავე დროს იგი სასტიკი მტერია ყოველგვარი ბარბარიზმისა.
1827 წელს ია ეკალაძემ გამოსცა ქართული მწერლობის ანთოლოგიის I ტომი, რომელშიც მოაქცია V-XII საუკუნეების გამოჩენილ ქართველ მწერალთა თხზულებებიდან შერჩეული საუკეთესო ნიმუშები. როგორც I ტომის წინასიტყვაობაშია აღნიშნული, ანთოლოგია მიზნად ისხავდა ქართველი მკითხველისათვის, განსაკუთრებით კი საბჭოთა ახალგაზრდობისათვის, მიეწოდებინა იმგვარი ხასიათის წიგნი, რომელიც თვალწინ გადაუშლიდა მკითხველს ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ფართო ჰორიზონტსა და მისი მასაზრდოებელი ფესვების სიღმეს, „უჩვენებდა იმ შემოქმედებით ძალასა და კეთილ ზრახვა-იდეალების&ნბსპ; მარადიულობას, რომლებიც ჩამარხულია ჩვენი მწერლობის წიაღში...” ეს ტომები მიზნად ისახავდა, ახალი ეპოქის სხივზე გაშუქებლიყვნენ ის ძველი ქართველი მწერლები, რომელთაც თავიანთი შემოქმედებითი წვით დიდი ამაგი დასდეს ქართველი ერის ისტორიულ ცხოვრებას და შექმნეს ქართული კულტურის უმდიდრესი საგანძური. ამავე დროს ამ წიგნების შედგენას, გადა ანთოლოგიური მიზნებისა, საფუძვლად უდევს პედაგოგიური მოსაზრებებიც. საბჭოთა ქართული სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის საასწავლო პროგრამებთან შეთანხმებით შედგენილი ეს ტომები მდიდარი და რჩეული მასალებით დატვირთული სახელმძღვანელოები იყო ძველი, საშუალო და ახალი საუკუნეების ქართული ლიტერატურისა. წლების მანძილზე ისინი ქართული ლიტერატურის ქრესტომათიების როლსაც ასრულებდნენ.
ანთოლოგიის I ტომს დართული აქვს პროფესორ იუსტინე აბულაძის მოკლე მიმოხილვა ქართული ლიტერატურისა მეხუთე საუკუნიდან მეცამეტე საუკუნემდე და თვით რედაქტორის – ია ეკალაძის შესავალი წერილი. შესავალ წერილში აღნიშნულია, რომ ის ანთოლოგიის შედგენას მიუდგა, „როგორც საშუალო სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მდაბიო მასწავლებელი, რომლის დიდი ხნის ოცნება იყო, რომ მის მოსწავლეებს, მოზარდ თაობას, მომავალ მწერლებსა და, საზოგადოდ, წიგნის მოყვარულ კაცს, ხელში ჰქონოდა საკმაო და ერთად თავმოყრილი მასალა არა მარტო ძველი თუ ახალი ქართლუი ლიტერატურის შესასწავლად, არამედ იმის დასამტკიცებლად და ნათელსაყოფად, რომ „ფესვებგამოჭრილი ხე ნაყოფს ვერ გამოიღებს”.
ანთოლოგიის II ტომი გამოიცა 1928 წელს. მასწავლებელი შევიდა XV-XVIII საკუნეების ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობა, ხოლო III ტომში, რომელიც 1930 წელს გამოიცა, მოთავსებულია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ნიმუშები. სამივე ტომს დართული აქვს თითოეულ მათგანში შესული მწერლები სმოკლე ბიოგრაფიები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან დაზღვეული შეცდომებისაგან, მაინც საგრძნობ დახმარებას უწევენ მკითხველს მწერლის ცხოვრების გაცნობაში. ამგვარად, ია ეკალაძე – იაკობ ცინცაძის მიერ შედგენილი და გამოცემული ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის ეს სამი ტომი, რომელიც თავის დროზე დამხმარე სახელმძღვანელოების როლსაც ასრულებფა, საგულისხმო შენაძენად დარჩა ქართული ლიტერატურის ფონდში.
ია ეკალაძე, როგორც ბელეტრისტი, მოწინავე იდეების მატარებელი სიტყვის ოსტატი და ჩაგრულთა გულის მესაიდუმლე მწერალი, შესამჩნევ ადგილს იკავებს ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში. მის ბელეტრისტული თხზულებებიდან, რომლებიც ასე უხვად&ნბსპ; არის გაფანტული ქართულ პერიოდულ და ერთდროულ გამოცემებში, ცალკე წიგნებად არის გამოცემული: „თევდორე მღვდელი” (1895), აგებული საქართველოს ისტორიაში ცნობილ ისტორიულ ეპიზოდზე; „რას იცინი” (ამბავი, 1896), თხზულებათა კრებულის I წიგნი 1428 გვერდიანი, 1903; მოთხრობათა კრებულის II წიგნი, 1917 – ქართველ მოსწავლეთა ბიბლიოთეკის სერიაში, რჩეული ნაწერები (1934) და თხზულებათა რჩეული კრებული, 1951.
კარგი სტილისტი იაკობ ცინცაძე მთარგმნელობასაც ეტანებოდა ხშირად. მის კალამს ეკუთვნის რენანის ცნობილი ნაშრომის „ცხოვვრება იესოსი” თარგმანი, რისთვისაც ეკლესიამ და სამღვდელოემბა მკაცრად გაკიცხეს ია, როგორც მწვალებელი და ურწმუნო. მასვე ეკუთვნის არტურ მნოცლერის „ფერხულის” თარგმანი, ია ეკალაძის წინასიტყვაობითვე გამოცემული 1907 წელს, ჰენრიხ იბსენის დრამის „მოჩვნების” თარგმანი, რომელიც 1904 წლის ჟურნალ „მოამბეში” (7, 8) დაიბეჭდა და სხვა.
ია ეკალაძე ერთი იმ ქართველ ინტელიგენტთაგანი იყო, რომელმაც ოქტომბრის რევოლუცია უყოყმანოდ მიიღო. იგი საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე ჩაება ყოველგვა კულტსაგანმანათლებლო საქმიანობაში როგორც მწერალი, პედაგოგი და რედაქტორი, რომელმაც საკმაო სახელი, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა თავის მოსწავლეებში, მეგობრებსა და მშრომელ ხალხში. 61 წლის ასაკში იგი ჯერ კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეზე ფიქრობდა ახალი ეპოქის ღირსეული ნაწრმოებების შექმნაზე ოცნებობდა, როცა მოულოდნელად შეწყდა მისი გულის ცემა. 1933 წლის 11 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ლენინის ქუჩაზე, იქ, სადაც ახლა გაზეთ „კომუნისტის” რედაქციაა, გზად მიმავალი ია ეკალაძე უეცრივ გარდაიცვალა გულის შეტევით.
ია ეკალაძე როგორც მწერალი სათანადოდ არის გარჩეული და შეფასებული ქართული ლიტერატურის კრიტიკოსების მიერ. ია ეკალაძის თხზულებათა უმრავლესობა ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. როგორც სამართლიანად აღნიშნავდნენ მისი კრიტიკოსები. ქართულ ლიტერატურაში პირველად მან სცადა ინტელიგენციის ცხოვრების ასახვა, პირველად მის მოთხრობებსა და ნოველებში გამოვლინდა ინტელიგენტი – პროლეტარების ტიპები. ამგვაი გმიების ცხოვრებისა და მათი სულიერი მოძრაობის დახატვა მანამდელი ქართლუი ლიტერატურისათვის უცხო იყო.
“როდის, ნეტა როდის მოეღება ბოლო ამ უკუღმართობას, როდის იქნება, ყველა მაძღარი და კმაყოფილი იყოს თავის ბედითო”, – ეკითხება თავისთავს ილიკო ბედენაძე – ია ეკალაძის ერთ-ერთი ესკიზის გმირი, ბედენაძის მიერ ა დასმული კითხვა მთელი იმ ეპოქის კითხვა იყო, რომელიც ია ეკალაძის შემოქმედების ძირითად მოტივად იქცა. მისი საუკეთესო მოთხრობები და ესკიზები „ილიკო ბედენაძე”, „თეო”, „კრებაზე”, „ოღონდაც”, „ჩვენი ცხოვრების სურათები”, „ჩემი ცოდვა გქონდეს”, „წერილები”, „მოდი, მე წავალ იმ მუშასთან” და მრავალი სხვა ძირითადად ამ მოტივზეა აგებული. მისი ნაერების პერსონაჟები ორ უმთავრეს ჯგუფად იყოფა. ერთი მხრით, მჩაგველები, გაიძვერები, ამორალური ადამიანები, მაგრამ მაძღრები მეორე მხრით, დაჩაგრულები, პატიოსნები, მაგრამ მშივრები, რომელთაც აწმყოსადმი რწმენა და სასოება სრლუიად დაკარგვიათ, გაქრობიათ და მხოლოდ მომავალს შესცქერიან იმედით.
მწერალი ერთ საინტერესო ესკიზში „მთაო მაღალო”, რომელსაც ის ლექსისებურს უწოდებს, ასე გადმოგვცემს თავის განწყობილებას:
“კი თავი მოგაქვთ მით, რომ ღამით საბნადა გხურავს
ღრუბლად ქცელუი გაჭირვებული ოფლი და ცრემლი,
განთიადისას სარკედ ხმარობ ცისა ციაგსა
და სავარცხლადა – ამომავალ მზისა სხივებსა,
მაგრამ... არამად შეჭმლუი მუშის ოფლი ერთხელაც იქნება
ცაში იგრგვინებს, ძირს წამოვა შხაპუნა წვიმით,
სულ ჩამორეცხავს მაგ შენ კალთებს, გაგანადგურებს
და მუშის მტარვალს, მუშის მჩაგვრელს შიშის ზარს დაგცემს...”
ყურადღების ღირსია ია ეკალაძის დრამა „№ 21 ჯვრით”, რომელიც 1918 წელს დაიწერა. მასში საკმაოდ მკვეთრად არის ასახული რევოლუციონერთა არალეგალური მუშაობა და მუშათა აუტანელი ცხოვრება. პიესამ დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში და ქართული თეატრების რეპერტუარსაც ის დიდხანს შერჩა.
ია ეკალაძემ ჯერ კიდევ „ივერიაში” დაბეჭდილ ფელეტონებში (“სურათები მოსწავლეთა ცხოვრებიდან) და ერთ თავის საინტერესო მოთხრობაში (“ანდრია ავყიაშვილი) დამაჯერებლად ასახა იმდროინდელი სკოლის საასწავლო-სააღმზრდელო ღონისძიებანი და მისი შედეგები, კერძოდ, სემინარიის ცხოვრება.
დიდი სტალინი, რომელიც სწორედ იაკობ ცინცაძის გარიცხვის მეორე წელს შევიდა თბილისის სემინარიაში, აღნიშნავს, რომ „სემინარიაში გამეფებული” იყო „დამამცირებელი რეჟიმი და იეზუიტური მეთოდები. თვალთვალი, ჯაშუშობა, სულში ჩაძვრომა, აბუჩად აგდება” (ტ. 13, გვ. 119) და სხვ. იგი იმას უსვამს ხაზს, თუ როგორ ჩხრეკდნენ და აწიოკებდნენ ყოველდღიურად „ბურსასა” და „ბურსაკებს”.
სხვაგვარად როგორ უნდა მოქცეულიყო ის კაცი, რომელსაც „თექვსმეტი წლის განმავლობაში საზოგადოება არ ენახა. იყო გამომწყვდეული სასწავლებლის ოთხ კედელს შუა და ცხოვრებისათვის უმნიშვნელო საგნებს ატეხდა თავს. ერთი რიგიანი მასწავლებელი, დამრიგებელი და გულშემატკივარი აღმზრდელი არ ჰყავდა, რომ იმათ მაინც დაეყენებინათ კარგ ზაზე, ქვეყნის ავკარგიანობა ესწავლებინათ, რაიმე მიმართულბა მიეცათ...” ავტორის თქმით, „უაზროდ, უსაფუძვლოდ შესწავლილ-გაზეპირებული სიტყვები გულს არ ეკარებოდა, სიტყვები სიტყვებადვე რჩებოდა და ზნეობრივი ზემოქმედება კი არა ჰქონდათ რა”. მოთხრობაში დამაჯერებლად არის გადმოცემული ისიც, რომ ხანდახან ნიჭიერი ვინმე სიზარმაცის მსხვერპლი ხდებოდა. პირველები მარტო ცარიელ ფრაზებს იზეპირებდნენ, მეორენი იმასაც ვერ ახერხებდნენ. ამასთანავე ისე შეძულებული ჰქონდათ სწავლა, რომ რაც უნდა საყურადღებო საგანი ყოფილიყო, თუკი „პარაგრაფიდან პარაგრაფამდე” იყო დანიშნული მოსწავლეები ჭირივით ერიდებოდნენ იმ საგანს და თუ სწავლობდა ვინმე, ისიც ისე „ნიშნებისათვის”. ასე აერივ-დაერიათ მოსწავლეებს ჭკუა-გონება, ასე გაერყვნათ მათ გემოვნება და ჩაეთუთქათ ყოველი კეთილი მისწრაფება”.
ამგვარი აღზდა ჰქონდა მიღებული სწორედ იმ ანდრია ავყიაშვილს, რომელსაც ერთ დროს „ლიტუღიკის” მასწავლებელი შიშის ზარს ჰგვრიდა და ახლა თვით გამოდის ამავე როლში. მასაც თავისი აღმზრდელებივით „გულში ზამთარი ედვა და თავში ქარბუქი”.
ია ეკალაძეს ჰყავს აგრეთვე ისეთი კეთილშობილი, ხალხის მოყვარული და გონებაგახსნილი გმირებიც, როგორიც არიან თეო და ზურა. ისინი ხალხის სამსახურის იდეით გატაცებულნი თავიანთი ინიციატივით ახერხებენ გახსნან სასოფლო სკოლა და იბრძოლონ სახალხო განათლების გავრცელებისათვის. მწერალს გაკიცხული ჰყავს ყველა ფუქსავატი, უსაქმო, ფრაზიორი და ზედმეტად მოლაყბე, ეგოისტი, მოვალეობის სიმაღლეზე არმდგარი და მშობლიურ ენაზე გულაცრუებული ნაცარქექია ინტელიგენტი. ამ მხრივაც, ია ეკალაძე საპატიო ადგილს იკავებს ქართული ლიტერატურისა და სახალხო განათლების ისტორიაში.